Wednesday, December 31, 2014

ახალი წლისათვის - წმ. მღვდელმთავარი გაბრიელ ქიქოძე

მოგილოცავ, ძმანო ქრისტიანენო, ახალსა წელსა და ვსთხოვ ღმერთსა, რომ თქვენ ყოველთა მშვიდობით და ბედნიერად გატაროთ იგი.

გარნა, რაი არს ბედნიერება, საიდგან მოუვა, ანუ საიდგან მიეცემა იგი კაცს? ღირს, რომ ამაზე ჩვენ ვსთქვათ ორიოდე სიტყვა, მეტადრე დღეს, როდესაც ყოველნი ერთმანეთს მიულოცავთ და ვუსურვებთ ბედნიერებას.

ჩვენ ყოველთა საზოგადოდ, შეცდომილნი აზრნი გვაქვს ამ საგანზე. თუ ვინმე კარგად და წარმატებით სცხოვრებს, თავისი ყოველი საქმე კარგად მიჰყავს - ბედნიერი კაცი არისო; თუ ვინმემ ცუდად წაიყვანა თავისი საქმე, ხშირად უკმაყოფილება და მწუხარება შეემთხვევა - ბედი არა აქვსო, რაღაც უბედური არისო, იტყვიან იმაზე. ცხადია, რომელ, ვინც ასე ჰფიქრობს, ან იტყვის, იმას ჰგონია, რომ ბედი და უბედურება, არის რაღაცა ბრმა და ყრუ არსება, დადის ქვეყანაზე, და ვისაც უცბად პირველად შეჰხვდება, თავზე დააყრის ყოველს ბედს და სიკეთეს; და რომელსაც მეორედ შეეყრება, იმას იგი სულ წაახდენს, უბრალოდ და უმიზეზოდ. არა, ძმანო ჩემნო, თუ კარგად დაუკვირდებით კაცის ცხოვრებას ქვეყანაზე, მაშინ ცხადად დაინახავთ, რომ კაცის ბედი დამოკიდებულია მის ხასიათზე და ყოფაქცევაზე, და ბუდობს უმეტესად კაცის სულში და გულში, ვიდრეღა გარეგანსა მის გარემოებასა და მდგომარეობასა შინა. თუ გული და სული აქვს კაცს აშფოთებული, დაუწყნარებელი, აღელვებული და მოუსვენებელი, მაშინ იგი ვერ იქნება ბედნიერი, თუ გინდა ურიცხვი სიმდიდრე ჰქონდეს და პატივი; წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც გული აქვს დამშვიდებული და დაწყნარებული, როდესაც იგი კმაყოფილი არის თავის მდგომარეობაზე, და ჰმადლობს ღმერთს, მაშინ, თუგინდ ღარიბიც იყოს და მრავალი რაიმე აკლდეს, იგი უფრო ბედნიერი არის ყოველთა მდიდართა კაცთა ზედა. კაცი მხნე, შრომის მოყვარე, წმიდა სინიდისის მექონი, რომელიც, ამასთანავე, არ ეძიებს მრავალსა, არამედ მცირედითაც კმაყოფილია - უთუოდ ბედნიერი იქნება, რაოდენადაც შეიძლება კაცისათვის ამ წუთს სოფელში; ხოლო კაცი ხარბი, მოუსვენებელი, გაუმაძღარი, ავი სინიდისის მექონი, ვერაოდეს ვერ შეემთხვევა ბედნიერებას, ვინაიდგან სადაცა არ არის მშვიდობა, მუნ არცა ბედნიერებაა.

მაშასადამე, პირდა-პირვე უნდა ვსთქვათ, რომელ ჭეშმარიტი ბედნიერება არის ნაყოფი ჭეშმარიტისა ქრისტიანობისა, ვინაიდგან წმინდა სინიდისი, გული დამშვიდებული და შინაგანი კმაყოფილება, მიეცემა მხოლოდ ნამდვილსა ქრისტიანესა, ამისთვის იგი მხოლოდ იქნება ნამდვილ ბედნიერი, თუგინდ გარეგანი მისი მდგომარეობა იყოს ძნელი და მწუხარე. მაგრამ, როდესაც ჩვენ ვიტყვით დამშვიდებულ გულზე, დაწყნარებულ და კმაყოფილ ხასიათზე, ნუ იფიქრებთ, ძმანო ჩემნო, რომელ ჭეშმარიტი ქრისტიანე არის დაძინებული, უსაქმო და მცონარე. სრულიად არა! წინააღმდეგ ამისა, მხოლოდ კაცი მხნე, შრომის მოყვარე აღვსებული ცხოველითა სულიერითა მოძრაობითა, იქნება ახლო შესაძლებელი ბედნიერებისა. აქ მხოლოდ ის განსხვავება არის, რომ კაცი, სოფლის მოყვარე, მარადის არის აშფოთებული და აღელვებული თავის შრომაში და მეცადინეობაში, გარნა ქრისტიანის გული, არის დამყარებული კლდესა ზედა იესო ქრისტეს სარწმუნოებისასა, და ამისთვის მას აქვს გულში ის ღვთაებრივი მშვიდობა, რომლითაც ღმერთი შეჰზღუდავს კაცის სულსა: „მშვიდობამან ღმრთისამან, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა, შეჰზღუდენინ გულნი თქვენნი და გონებანი თქვენნი ქრისტე იესოს მიერ“ (ფილ. 4,7). ამინ.