ადამიანებს წიგნებიდან ხშირად რჩებათ შთაბეჭდილება, რომ ტრფობა მთელი სიცოცხლე გაჰყვებათ, თუკი გულისსწორის შერჩევაში არ შეცდებიან. აქედან გამომდინარე, თუ ეს არ მოხდა, ფიქრობენ, რომ არჩევანში შეცდნენ და პარტნიორის გამოცვლა სჭირდებათ. ვერ კი შეუგვნიათ, რომ ახალი ტრფობაც თანდათან ჩაცხრება, ზუსტად ისე, როგორც პირველი. ცხოვრების ამ სფეროშიც, როგორც ყველა სხვაში, თავდაპირველი გზნება ბოლომდე არ გრძელდება. ბიჭს მღელვარება, რასაც პირველი გაფრენისას განიცდის, აღარ შერჩება, როცა ავიაციაში მივა და მართლა შეუდგება მფრინავის პროფესიის შესწავლას. აღფრთოვანება, რომელსაც თვალწარმტაც ადგილას მოხვედრისას განიცდით, თანდათან გადაგივლით, თუ იქ საცხოვრებლად დაბინავდებით. მაგრამ განა ეს იმას ნიშნავს, რომ მფრინავობა არ ისწავლოთ და ლამაზ ადგილას არ დასახლდეთ? არამც და არამც. ორივე შემთხვევაში, თუ პირველ სტადიას გაივლით, გზნების ჩანაცვლების საკომპენსაციოდ უფრო მშვიდი და მდგრადი ინტერესი დაგეუფლებათ. უფრო მეტიც (სიტყვები არ მყოფნის, თუ რა დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამას), მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც მზადაა, გზნების ჩაქრობას შეურიგდეს და გულდინჯ ინტერესს დასჯერდეს, შეუძლია განიცადოს ახალი გზნება, აღტაცება, ოღონდ სხვა რიგისა. კაცი, რომელიც დაეუფლა პილოტის პროფესიას და კარგი პილოტი გახდა, უცებ აღმოაჩენს, რომ ისმენს კოსმოსის მუსიკას. ის კი, თვალწარმტაც ადგილას რომ დასახლდა, ბაღის გაშენებაში ჰპოვებს სიხარულს.
მგონი, ნაწილობრივ ეს ჰქონდა მხედველობაში ქრისტეს, როცა თქვა, ნამდვილად ვერაფერი იცოცხლებს, თუ ჯერ არ მოკვდაო. არაფერია სასიკეთო იმაში, აგზნებულობა შევინარჩუნოთ. ამაზე უარესს ვერაფერს იზამთ. დაე, ჩაიაროს გზნებამ. დაე, ჩაკვდეს. გადაიტანეთ კვდომის ეს პერიოდი, გადადით მშვიდი ინტერესისა და ბედნიერების ხანაში და ნახავთ, რომ ახალ-ახალ აღტაცებათა სამყაროში ცხოვრობთ. მაგრამ, რაც უფრო შეეცდებით აღტაცება რეგულარულად იქონიოთ და ხელოვნურად გაიხანგრძლივოთ აგზნებულობა, მით მალე შემოგადნებათ იგი ხელში და დარჩენილ ცხოვრებას გაატარებთ როგორც თავმობეზრებული, იმედგაცრუებული ადამიანი. სწორედ იმიტომ, რომ ეს ცოტა ვინმეს აქვს შეგნებული, ბევრი საშუალო ასაკის ადამიანი მისტირის თავის ახალგაზრდობას, არადა, სწორედ ამ ასაკში მის წინ სულ ახალ-ახალი ჰორიზონტი უნდა იშლებოდეს და ყოველი მხრიდან ახალ-ახალი კარი ეხსნებოდეს. გაცილებით უკეთესია ცურვა ისწავლო, ვიდრე გაუთავებლად (და უიმედოდ) ცდილობდე დაიბრუნო ის ნეტარება, ბავშვობაში დგაფუნ-დგაფუნით პირველმა გაცურვამ რომ მოგანიჭა.
რომანებიდან და პიესებიდან კიდევ ის აზრი გვრჩება, რომ ტრფობა ისეთი რამეა, რასაც წინააღმდეგობას ვერ გაუწევ. იგი ისე შეგეყრება, როგორც, მაგალითად წითელა. და იმიტომაც, რომ ასე სჯერათ, ბევრი ცოლიანი მამაკაცი დაცვის მექანიზმს იხსნის და ადვილად ნებდება ახალ გატაცებას. მე მაინც მგონია, რომ ასეთი მძაფრი ვნებანი ცხოვრებაში უფრო იშვიათად გვხვდება, ვიდრე წიგნებში, ყოველ შემთხვევაში, ასაკსრულ ადამიანებთან მაინც. როცა ვხვდებით ადამიანს, რომელიც ლამაზია, ჭკვიანია და სიმპათიური, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მშვენიერმა თვისებებმა, გარკვეული აზრით, უნდა აღგვაფრთოვანოს და თავი შეგვაყვაროს. მაგრამ განა დიდწილად ჩვენს არჩევანზე არ არის დამოკიდებული, გავმიჯნურდებით თუ არა? ეჭვი არაა, თუ თავი რომანებით, პიესებით და სენტიმენტალური სიმღერებით გვაქვს გამოტენილი, ხოლო სხეული - ალკოჰოლით გაჯერებული, ყოველ ამგვარ მოწონებას მიჯნურობად ვაქცევთ. ეს იმას ჰგავს, გზის პირას არხს რომ გაიყვანთ და წვიმის მთელი წყალი მასში ჩავა ან ლურჯ სათვალეს რომ გაიკეთებთ და ყველაფერი ლურჯად გამოჩნდება. მაგრამ დამნაშავე ხომ ჩვენ ვართ.
No comments:
Post a Comment