ცოდვებზე დაუსრულებლად საუბარმა შესაძლოა, ისევე დააშოროს ადამიანის გონება ღმერთს, როგორც ჩადენილი ცოდვის მოქმედებამ. უმჯობესია, იფიქრო კეთილსულიერებასა და საღმრთო სიკეთეზე და მუდმივად გახსოვდეს, რომ ცოდვილი ხარ. ცოდვილობის განცდასა და ცოდვებზე ფიქრსა და მასზე დაუსრულებელ საუბარს შორის უმნიშვნელოვანესი განსხვავება ისაა, რომ ცოდვილობის განცდა და გააზრება უფლის მოწყალებას გამთხვევს, ხოლო ცოდვებზე დაუსრულებლად მოარულ გონებას, ცოდვის ქვეშევრდომობაში ატყვევებს. ასეთ დროს საკუთარ თავს სასოწარკვეთილების ქვემდებარეს ხდი, ხოლო ცოდვას - სუბსტანციურს. მეორე მხრივ, თუ სხვის ცოდვებს უთმობ შენს ყურადღებას, საუბრობ მის შეცოდებებზე, ნაკლსა და სისუსტეებზე, ასეთ შემთხვევაში ასამართლებ. ერთიც სასუფევლის მიღმა გტოვებს და მეორეც. ზნეობას, როგორც ფუნდამენტს, ურგებს ხდი და ექვემდებარები ყალბი მორალის პირმშო ამორალს. ვინც დაასრულებს სხვათა წარწყმედაზე საუბარს, სწორედ ის ჰპოვებს მარადიულ სიცოცხლეს. ცოდვა საკუთარ თავში შეიზიზღე. სხვის მიერ ცოდვის ჩადენის ხილვისას კი თვალზე ხელი აიფარე. თუ დაცემული ადამიანი ნამდვილად გიყვარს და მასში არსებულ ღვთის ხატებას ხედავ, ცოდვას გამოსტაცებს ხელიდან მოყვასისადმი არსებული შენი სიყვარული, რომელსაც აქვს ერთი სახელი - სხვისი დაცემით გამოწვეული წუხილი. ქრისტე საკუთარ არსებაში ჰპოვე, მეორე ადამიანში კი დაინახე!!! ცოდვის ჩადენისკენ თუ მოგიწოდებენ, ნუ აღელდები. შენს თავისუფალ ნებას ვინ აიძულებს რაიმეს?! ცოდვის ნუ გეშინია, მისი სიყვარულის კი გეშინოდეს, რამეთუ თავად სიყვარულის დამბადებელს გართმევს. ყოველი განსაცდელი უკეთესი მომავლისათვის ეგზავნება, როგორც ღვთის მაძიებელს, ასევე მის უძიებელს. ცოდვას შეხედე, როგორც განსაცდელს, როგორც უფლისა და ადამიანისადმი შენი სიყვარულის ხარისხის მსაზღვრელს და ერთგვარ მწვრთნელს. ყოველივე ეს უნდა გვახსოვდეს ვიდრე ჩავიდენთ და მაშინაც კი თუკი ჩავიდენთ. ამაზე ამბობს უფალი: „სადაც გამრავლდება ცოდვა, იქ აღემატება მადლი“. ცოდვის ჩადენა ზოგჯერ ღვთის მიერ ეშვება, რათა ამპარტავანი დამდაბლდეს, იმისათვის, რომ ამაღლდეს სინანულის ძალით. პავლე მოციქული საკუთარ უძლურებაში ხედავდა ღმერთის ძალას, ეს გვახსოვდეს! ადამიანები წმინდანებად არ იბადებიან, ქრისტეში წმინდანობას ეზიარებიან მას შემდეგ, რაც შეიცნობენ საკუთარ უძლურებას და მდაბლად უხრიან საკუთარ თავს შემოქმედ ღმერთს! არავინ წარწყმდება სხვის მიერ და არავინ ცხონდება სხვის მიერ. ყოველი ადამიანი საკუთარი თავისუფალი ნებით მოქმედებს.
No comments:
Post a Comment