Friday, June 20, 2014
ჭეშმარიტსა ვიტყვი - წმ. მღვდელმთავარი გაბრიელ ქიქოძე
ჭეშმარიტსა ვიტყვი: დასუსტდა ჩვენ შორისცა კეთილი ზნეობა, არა სჩანს ღვთისმსახურება, განირყვნა სოფელი. შევხედავ რა რომელთამე პირთა, ვკითხავ ჩემს თავს: ვინ არიან იგინი, მორწმუნენი, თუ ურწმუნონი? რით ვსცნა, რომ იგინი არიან ქრისტიანენი? რა ნიშანი აქვსთ, რით შეეტყობა, რომ იგინი აღიარებენ სჯულსა ქრისტესსა? სად ანუ როდის მივხვდეთ, რომ მათ ახსოვსთ თვისი წოდება? ეკკლესიაში რომ ხელს აქნევენ და ვითომც პირზეც ჯვარს გამოისახვენ, ეს თავის თავად დიდი არაფერია! შენს სახლში, შენს ოჯახში, შენთა მეზობელთა შორის, შენს საქმეში და სიტყვაში, შენს მისვლა-მოსვლაში - იქ მაჩვენე ქრისტიანობა შენი; იქ გიყურებ შენ და ვხედავ, რომ არაფერი არ გაჩნია ქრისტიანობისა; იქ ვერაფრით გაგარჩევ შენ ურწმუნოთაგან; ლაპარაკში ნახევარი შენი სიტყვა ან სიცრუე არის, ან მტრობა და ცილის-წამება; ხშირად ისმის შენი პირითგან გინება, ფიცი და უშვერი სიტყვა; ყოფა-ქცევაში და საქმეში უმეტესად ვხედავ, რომ შენ სიმართლეს არ ეძიებ, მხოლოდ შენი თავი გახსოვს და შენი მოყვასი არა-რად მიგაჩნია, ხშირად ეჩხუბები მეზობელს, აიწროებ შენს ძმას, პატივს არა სცემ დედ-მამასა, არ გებრალება კაცი გაჭირვებული, ნახევარი მონაგები შენი უსჯულოდ გაქვს მოტაცებული. ერთი სიტყვით, არ ვიცი, რით გაგარჩიო შენ ურწმუნოთაგან, რომელი ნიშანი გამოაჩენს, რომ შენ ხარ მორწმუნე ქრისტიანე? რომელს შემთხვევაში გამოჰჩნდება უმჯობესობა შენი ურწმუნოთა კაცთა-ზედა?
No comments:
Post a Comment