ღმერთმა დასაბამიდანვე მრავალ ხერხს მიმართა, რათა ჩვენში სიყვარული დაენერგა. მან ყველას ერთი საერთო თავი - ადამი მოგვანიჭა. რატომ არ ვიშვით ყველანი მიწისაგან? მასავით ზრდასრულნი რატომ არ ვიბადებით? იმიტომ, რომ შობამ, აღზრდამ და ურთიერთისგან წარმომავლობამ ერთმანეთს მიგვაჯაჭვოს. ღმერთმა ცოლი მიწისგან ამის გამო არ შექმნა, რადგან ბუნების ერთობა ერთსულოვნებისთვის საკმარისი არ იქნებოდა, ერთი პირველმშობელი რომ არ გვყოლოდა. ამიტომ ასეც მოიმოქმედა. თუკი ჩვენ ამჟამად, მხოლოდ ადგილებით განყოფილნი, ერთმანეთისგან გაუცხოებულნი ვართ, მით უმეტეს ასე მოხდებოდა, ორი საწყისი რომ გვყოლოდა. ამიტომ ერთი თავით ერთგვარად მთელი კაცთა მოდგმის სხეული შეაერთა. ამგვარად, დასაბამიდან როგორც ვხედავთ, ორი პირი არსებობდა. დააკვირდი, როგორ შეაერთა და გააერთიანა ისინი ქორწინების გზით: „ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა“ (დაბ. 2, 24). მას არ უთქვამს: დედაკაცმა, არამედ: კაცმან, რადგან მასში მიჯაჭვულობა უფრო ძლიერია. ხოლო ძლიერი მიჯაჭვულობა მასში იმიტომ წარმოიშვა, რომ აღმატებული არსება ამ სიყვარულის ძალით მოედრიკა და სუსტს მიკვროდა...
ამონარიდი
No comments:
Post a Comment