Monday, July 21, 2014

ეკლესიამ უნდა შვას თავისუფალი ადამიანები - მსოფლიო პატრიარქი ათინაგორა

ქრისტიანობა თავისუფლების რელიგიაა. ქრისტემ უარყო ქვების პურად ქცევის იდეა, უარი თქვა ჯვრიდან ჩამოსვლაზე - ინება ბოლომდე დაემტკიცებინა ჩვენი თავისუფლება. თავისუფლება - ეს სახარებისეული ქადაგების არსია. რწმენა არა მხოლოდ გვათავისუფლებს ჩვენ შიშისაგან, სიკვდილისაგან, ძალაუფლებისაგან და ამა ქვეყნის ძლიერთაგან - იგი თავად წარმოადგენს თავისუფლების უმაღლეს აქტს. მე მივდივარ ქრისტესკენ, რადგანაც მიყვარს ის. არაფერი მაიძულებს ამ გზას - გარდა მისი სიყვარულის მოწმობისა. მაგრამ სიყვარული კი არ ავალდებულებს, ათავისუფლებს. აი სწორედ ამიტომ, ეკლესიის მთელი ცხოვრება უნდა გადიოდეს სიყვარულიდან თავისუფლებისკენ. ეკლესია არ უნდა იყოს რაღაც უმაღლესი ინსტანცია, რომელიც კრძალავს ან არ კრძალავს - მან უნდა შვას თავისუფალი ადამიანები, შესაძლებლობით თავისუფლად შექმნან საკუთარი ცხოვრება, სულიწმინდის ნათელში. და თავისუფლება აუცილებელია ყოველმხრივ. ქრისტიანის ყოფნა სოფელში გამსჭვალული უნდა იყოს მოწმობით, სიმტკიცით, თუ საჭიროა სისხლითაც (მოწამეობა) - იმის შესახებ, რომ სოფელი არ არის ღმერთი, რომ ცოცხალი ღმერთი უშუალოდ და პიროვნულადაა დაკავშირებული თითოეული ადამიანის სულთან. და მაშინ ეს მყოფობა დაიტევს ჭეშმარიტების განახლებას სულის თავისუფლებაში. ადამიანთათვის არაფერია იმაზე ფასეული, ვიდრე აზრისა და სიტყვის თავისუფლება, თუმცაღა მისით კანონიერად სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ სხვისი პატივისცემის პირობებში, ანუ მაშინ როდესაც მიისწრაფვი განთავისუფლდე საკუთარი ცრურწმენებისგან, საკუთარი ვნებებისგან.

წყარო

No comments:

Post a Comment