გველი ძველი ბერძნებისთვის სიბრძნის სიმბოლო იყო. „იყავით გონიერნი, როგორც გველნი“ - მოგვიწოდებს იესო ქრისტეც. რაში მდგომარეობს გველის სიბრძნე და როგორ შეიძლება ადამიანი იყოს გონიერი როგორც გველი? რომელია
გველის ის თვისება, რომლისკენაც მოგვიწოდებს ქრისტე?
ქრისტიანობის
პირველ საუკუნეებში გავრცელებული იყო ბერძნული საბუნებისმეტყველო წიგნი სახელად „ფიზიოლოგოსი“ (ორიგ. φυσιολόγος). იგი აღწერდა მცენარეების, ფრინველების და
ცხოველების თვისებებს და მოუწოდებდა ქრისტიანებს მიებაძათ მათთვის, სულის გადარჩენის გზაზე. წიგნი
აღწერს გველის თვისებებსაც, რომელთაგან ორი
თვისება, ალეგორიულად გაგებული, ადამიანისთვის მარადიულად აქტუალურია.
რას
ნიშნავს „იყავით გონიერნი, როგორც გველნი“?
გველის
პირველი თვისება, ეს არის მისი ინსტინქტი - თავდასხმის
დროს გაუფრთხილდეს თავს, როგორც სიცოცხლისათვის აუცილებელ ორგანოს. ცნობილია, რომ საფრთხის
დროს გველისთვის სულერთია მისი სხეული. გველი
შეიძლება შუაზე გაწყვიტონ, მაგრამ მაინც იცოცხლებს. მთავარია გველს არ დაუზიანდეს თავი. ასევე ბრძენი ადამიანისთვისაც თავი უნდა იყოს უმთავრესი, ანუ ადამიანის გონება, მისი მრწამსი, აზროვნება,
შემეცნება, ყველაფერი ის, რაც ადამიანისთვის
თავია ან თავშია. როგორც გველი უფრთხილდება თავს, ასევე ადამიანიც ვალდებულია დაიცვას საკუთარი თავი და გონება სიბნელისა და უძრაობისაგან, ბოროტებისაგან,
ფუჭი ინფორმაციისაგან, სიცრუისა და ილუზიებისაგან.
თავის ამ მნიშვნელობას ზუსტად გვიდასტურებს ქართული ენაც: მაგალითად, როცა ადამიანმა
სიკვდილი აიცილა, ჩვენ ვამბობთ, რომ მან თავი
გადაირჩინა. როცა თავს გვესხმიან, ჩვენ
ვამბობთ: დაიცავი თავი. ენამ ზუსტად იცის, რომ სიცოცხლე თავშია, რომ ჩვენი სიცოცხლე ჩვენს თავთან
და გონებასთან არის დაკავშირებული.
გველის მეორე თვისებაა განახლება. ამ თვისებასთან
შეიძლება პარალელის გავლებაც მათეს სახარებიდან,
როცა ქრისტე ამბობს: „შედით ვიწრო კარით“. რას ნიშნავს ვიწრო კარი, ან რა საჭიროა ვიწრო კარში შესვლა? ვიწრო კარი აუცილებელი პირობაა განახლებისთვის. გველი
მუდმივად განაახლებს საკუთარ სხეულს, იმით, რომ იცვლის დაბერებულ ტყავს. როცა გველი „დაძველდება“, ანუ დაბერდება და მოუვა განახლების
დრო, იგი ეძებს წვეტიან კლდეებს, ქვიან ადგილებს და ვიწრო გასაძრომებს კლდეში. იპოვის
„ვიწრო კარს“ და დიდი გაჭირვებით გადის მასში.
გაძრომის დროს წვალებით იშორებს ძველ ტყავს და გამოდის იქიდან ახალი და განახლებული.
ეს არის გველის მეორე და მთავარი სიბრძნე. ასევე, ბრძენი ადამიანიც მოწოდებულია მიჰბაძოს გველს და ვიწრო კარში გასვლით, რაც ალეგორიულად ნიშნავს, შრომით, წვალებით, განსაცდელით, ინტენსიური ფიქრით,
სწავლით, შემოქმედებით და ხშირად გაჭირვებითაც, მოიშოროს ყველაფერი დაძველებული და უსარგებლო, განიცადოს ცვლილება და ამით განახლდეს.
მაშასადამე,
იესო ქრისტეს სიტყვები - „იყავით გონიერნი, როგორც გველნი“ - ნიშნავს, რომ ადამიანებმა ერთი მხრივ შევინარჩუნოთ ნათელი გონება და ყველა გაგებით ჯანსაღი
თავი, ხოლო მეორე მხრივ, ორიენტირებულნი ვიყოთ ცვლილებებზე, ყველა საქმეში გვწყუროდეს
ახლის
და უკეთესის აღმოჩენა და ამ გზით ყველაფრის
განახლება ჩვენში და ჩვენს გარშემო.
დეკანოზი თამაზ ლომიძე - ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მიუნხენში
No comments:
Post a Comment