Friday, March 1, 2019

რას ამბობს წმ. წერილი მამათმავლობის შესახებ?

The Destruction of Sodom and Gomorrah, john martin, 1852
ჰომოსექსუალიზმი - ნორმან გაისლერი

სექსთან დაკავშირებული საკითხები შესაძლოა ორ ნაწილად გაიყოს: ჰომოსექსუალიზმი და ჰეტეროსექსუალიზმი. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანთა უმეტესობა გადაჭრით ეწინააღმდეგება ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს, ზოგიერთები იცავენ მას როგორც ბიბლიური, ასევე არაბიბლიური არგუმენტებით. განვიხილოთ მხარდაჭერის ორივე სახე.

არგუმენტები ჰომოსექსუალიზმის სასარგებლოდ

ჰომოსექსუალიზმის მომხრეები გვთავაზობენ არგუმენტთა ორ რიგს საკუთარ ქმედებათა მხარდასაჭერად. მათგან ქრისტიანული ორიენტაციის მქონენი მიმართავენ როგორც წმინდა წერილს, ასევე სხვა სოციალურ და მორალურ ფაქტორებს. პირველ რიგში განვიხილავთ ბიბლიურ არგუმენტებს.

ბიბლიური არგუმენტები ჰომოსექსუალიზმის სასარგებლოდ

კარგად ნაცნობი ბიბლიური მუხლების ზოგადი ჰეტეროსექსუალური გაგებანი უარყოფილია ჰომოსექსუალისტების მიერ. განვიხილოთ ის მთავარი ტექსტები, რომლებიც გამოყენებულია ჰომოსექსუალისტური პრაქტიკის მხარდასაჭერად:

* სოდომის ცოდვა არ იყო ჰომოსექსუალიზმი − ისინი ამტკიცებენ, რომ სოდომისა და გომორის ცოდვა იყო არა ჰომოსექსუალიზმი, არამედ არასტუმართმოყვარეობა. ეს მოსაზრება ეფუძნება ქანაანურ ადათს, რომელიც უზრუნველყოფდა პიროვნების სახლის ჭერქვეშ შემოსულთა დაცვას. ლოტი სწორედ ამას გულისხმობდა, როდესაც თქვა: „…იმ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი“ (დაბ.19:8). ამგვარად, ლოტმა მომხვდურებს თავისი ქალიშვილები შესთავაზა, რათა დაეკმაყოფილებინა განრისხებული ბრბო და დაეცვა სტუმართა სიცოცხლე, რომლებიც მის ჭერქვეშ იყვნენ შემოსულები, ე.ი. საჭირო იყო ასეთი სექსუალური დაშოშმინება სტუმართა სიცოცხლის გადასარჩენად. ამტკიცებენ, რომ ჰომოსექსუალიზმი არც ყოფილა გაცხადებული ქალაქის კაცთა მოთხოვნაში „შეეცნოთ“ ლოტის ამხანაგები, რადგანაც ეს ებრაული სიტყვა (იადჰა) უბრალოდ „გაცნობას“ (დაბ. 19:5) ნიშნავს. ის აქა-იქ გვხვდება ძველ აღთქმაში და უმეტესად მას არასექსუალური თანმდევი მნიშვნელობა აქვს (იხ. ფს. 13:1). ამგვარად, დასკვნა ასეთია, რომ სოდომის ცოდვა იყო არა ჰომოსექსუალიზმი, არამედ არასტუმართმოყვარეობა.

* სოდომის ცოდვა იყო ეგოიზმი − სოდომის ცოდვა დამარცვლულია შემდეგ სიტყვებში: „აჰა, ეს იყო შენი დის, სოდომის დანაშაული: ამპარტავნება, ღორმუცელობა და უდარდელობა მისი და მისი ასულებისა; ღარიბ-ღატაკს ხელს არ უმართავდნენ“ (ეზეკ. 16:49). არსად არ არის ნაგულისხმევი ჰომოსექსუალიზმი ანდა რაიმე სექსუალური ცოდვა. ისინი გაკიცხულნი არიან უბრალოდ იმიტომ, რომ იყვნენ ეგოისტები და არა ჰომოსექსუალისტები.

* ლევიანთა რჯული უკვე აღარ არის გამოსადეგი − მთავარი ადგილი ძველ აღთქმაში, რომელიც კიცხავს (გმობს) ჰომოსექსუალიზმს, ლევიანთა რჯულშია ჩაწერილი (ლევ. 18:22). ლევიანთა რჯული ასევე კიცხავს ღორის ხორცის და კრევეტის ჭამას. ჩვენ ვიცით, რომ ეს ცერემონიალური კანონები გაუქმდა (საქმ. 10:15). ამიტომ, აღარ არსებობს მიზეზი, რომლის მიხედვითაც ჰომოსექსუალისტური ქმედების ამკრძალავი კანონები კვლავაც ძალაში რჩებოდეს.

* უნაყოფობა უბედურება იყო ებრაელი ქალისთვის − ებრაული რწმენის მიხედვით უშვილობა დიდი სირცხვილი იყო (დაბ. 16:1; 1მეფ. 1:3-8). ბავშვები კურთხევა იყო უფლისგან (ფს. 126:3), ღვთის კურთხევა დამოკიდებული შვილიანობაში გამოიხატებოდა (დაბ. 15:5). სინამდვილეშიც, იმედი ებრაელი ქალისა აღთქმული მესიის შობა გახლდათ ( დაბ. 13:15; 4; 2:25). შვილების ყოლის ასეთი ძლიერი სურვილის ფონზე არ არის გასაკვირი, რომ ძველი აღთქმის კანონი ამრეზით უყურებდა ჰომოსექსუალისტურ ურთიერთობას, რომლის შედეგადაც ბავშვები არ იბადებოდნენ. მიუხედავად ამისა, გასაგებია, რომ ეს არანაირად არ გმობს ჰომოსექსუალისტურ ქმედებებს და ის არც მათ მიერ იგმობა, რომლებიც არ იზიარედნენ ამ ებრაულ მოლოდინს.

* ჰომოსექსუალიზმი დაკავშირებული იყო კერპთაყვანისმცემლობასთან − ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ბიბლიური გაკიცხვანი, რომლებიც გამოიყენება ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ, სუსტდება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ მუხლების მიზანი არის კერპთაყვანისმცემლობის აკრძალვა, ვინაიდან ტაძრების საკულტო პროსტიტუცია გაიგივებული ჰომოსექსუალისტურ ქმედებებთან, ის იგმობოდა კერპთაყვანისმცემლობასთან ერთად (2 რჯლ. 33:17). მიუხედავად ამისა, მომხრეები ამტკიცებენ, რომ ჰომოსექსუალიზმი, როგორც ასეთი, არ იგმობოდა, არამედ გაკიცხული იყო ჰომოსექსუალიზმის ის სახე, რომელიც გაიგივებული იყო კერპთაყვანისმცემლობასთან, როგორც საკერპო პროსტიტუციის შემთხვევაში ( 3მეფ. 14:24).

* პავლეს გაკიცხვანი მხოლოდ კერძო მოსაზრება გახლდათ − ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ მიმართული ახალი აღთქმის ადგილთა უმეტესობა მოციქულ პავლეს ეკუთვნის, რომელიც მხოლოდ თავის პირად აზრს გამოთქვამდა ( 1კორ. 7:25). ფაქტია, რომ პავლე ამბობდა : „… არა მაქვს ბრძანება უფლისგან…“ და „… ვეუბნები მე (მე და არა უფალი)…“ ეს არის იმავე წიგნის წინამორბედ თავში, სადაც პავლე კიცხავს ჰომოსექსუალისტებს (1კორ. 6:9). ამგვარად, პავლეს აზრი მსგავს სექსუალურ საკითხებზე, მისივე აღიარებით, არ გვავალდებულებს. პავლე ასევე კიცხავდა კაცის გრძელთმიანობას. ჰომოსექსუალიზმის მომხრეთა მიხედვით, მოციქულ პავლეს მოსაზრებათა უმეტესობა, აშკარად, კულტურული რელატიურობის საგანი უფრო იყო. მაგალითად, კორინთელთა მიმართ 1-ლ წერილში მოციქული იმასაც ფიქრობდა, რომ „მამაკაცის გრძელთმიანობა სამარცხვინოა მისთვის“ (11:14), მაგრამ, რადგანაც ეს იყო აშკარა კულტურული რელატიური ცნება, არ არსებობს მიზეზი იმისათვის, რომ ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ მიმართული პავლეს მოსაზრებანი მივიჩნიოთ აბსოლუტურ მორალურ აკრძალვად.

* 1 კორინთელთა 6:9 მხოლოდ დამნაშავეების წინააღმდეგ ქადაგებს − ზოგიერთი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ 1კორ. 6:9 ლაპარაკობს მხოლოდ ჰომოსექსუალისტი დამნაშავეების (მოძალადეების) წინააღმდეგ და არა ჰომოსექსუალიზმზე, როგორც ასეთზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს მუხლი მიუთითებს იმ ჰომოსექსუალისტურ ქმედებებზე, რომელთა დროსაც წესრიგი ირღვევა და არა მამათმავალთა ჰომოსექსუალისტურ, ნებაყოფლობით ურთიერთობებზე. აქედან გამომდინარეობს, რომ პავლეს აშკარა გაკიცხვაში უნდა დავინახოთ წესიერი ჰომოსექსუალისტების ურთიერთობათა მოწონება, რომელსაც იგი გულისხმობდა.

* ჰეტეროსექსუალიზმი არაბუნებრივია ჰომოსექსუალისტებისათვის − ზოგიერთი ამბობს, რომ, როდესაც პავლე საუბრობს იმის წინააღმდეგ რაც „არაბუნებრივი“ იყო რომაელთა მიმართ წერილის 1:26-ში, ის არ აცხადებდა იმას, რომ ჰომოსექსუალიზმი მორალურად მცდარი იყო, არამედ მიუთითებდა იმაზე, რომ ჰეტეროსექსუალური ურთიერთობები არაბუნებრივია ჰომოსექსუალისტებისათვის ანუ „არაბუნებრივი“ გამოყენებულია სოციოლოგიური (და არა ბიოლოგიური) თვალსაზრისით. ამგვარად, ამტკიცებენ რომ ჰომოსექსუალისტური ურთიერთობების გაკიცხვაზე მეტად რომაელთა წერილის ეს ადგილი იწონებს ამ ურთიერთობათ. თითოეულმა პიროვნებამ უნდა იმოქმედოს თავისი საკუთარი სოციოლოგიური ტენდენციების მიხედვით, მიუხედავად იმისა, ჰეტეროსექსუალურია ეს ტენდენციები თუ ჰომოსექსუალური.

* ესაია სასუფეველს უწინასწარმეტყველებდა ჰომოსექსუალისტებს − ესაია 56:3-5 აცხადებს, რომ საჭურისები წაყვანილ იქნებიან ღვთის სასუფეველში. უფალმა თქვა: „მივცემ ჩემს სახლში და ჩემს კედლებს შორის ძეგლს და სახელს, ჩემს ვაჟებსა და ასულებზე უკეთესს, საუკუნო სახელს მივცემ, რომელიც არ წაიშლება“. ეს ადგილი აღებულია იმის მისანიშნებლად, რომ ესაია წინასწარმეტყველებდა იმ დღეზე, როცა ჰომოსექსუალისტები მიღებულნი იქნებიან ღვთის სასუფეველში, რომლის აღსრულებაც, ზოგიერთ ჰომოსექსუალისტის მტკიცებით, ახლა იწყება.

* დავითი და იონათანი ჰომოსექსუალისტები იყვნენ − მეფეთა 1-ლი წიგნის მე-18-20 თავები მოგვითხრობს იმაზე, თუ რა ძლიერად უყვარდათ დავითსა და იონათანს ერთმანეთი. ზოგიერთები ამ ადგილს მიიჩნევენ იმის მაჩვენებლად, რომ ისინი ჰომოსექსუალისტები იყვნენ და ხაზს უსვამენ იმას, რომ იონათანმა „შეიყვარა“ დავითი (18:3), რომ იონათანმა გაიხადა დავითის იქ ყოფნისას (18:4), რომ ისინი კოცნიდნენ ერთმანეთს (20:41), და რომ ისინი „უზომოდ განიცდიდნენ“ (20:41), გამოყენებულია ეაკულაციის აღსანიშნავად აღებული ტერმინი. ქალებთან წარმატებული ურთიერთობების დავითისეული უკმარისობაც მოხმობილია მისი ჰომოსექსუალისტური მიდრეკილების საჩვენებლად.


სხვა არგუმენტები ჰომოსექსუალიზმის სასარგებლოდ

ბიბლიიდან ამოკრებილი ამ არგუმენტების გარდა არსებობს სოციალურ და მორალურ მიზეზთა საერთო კატეგორია ჰომოსექსუალიზმის სასარგებლოდ.

* არ უნდა არსებობდეს სექსუალური შეზღუდვები ზრდასრულ ადამიანებში − მრავალი ამტკიცებს, რომ არ უნდა არსებობდეს სექსუალური აკრძალვები ზრდასრულ ადამიანებში, მაშინ, როდესაც იძულებითი სექსი ან სექსუალური შეურაცხყოფა ბავშვებში დანაშაულია. მრავალი ჰომოსექსუალისტი აცხადებს, რომ თავისუფალ სექსუალურ გრძნობათა გამოხატვის აკრძალვა მათი თავისუფლების ხელყოფაა, ორი პიროვნების სექსუალური და თავისუფალი ქმედებაა, ეს მათი პირადი საქმეა, მხოლოდ სხვისი თავისუფლების ხელყოფაა მცდარი და ამ ზღვარს იქით პიროვნებას უფლება აქვს თავის სხეულს ისე მოექცეს, როგორც თავად სურს.

* პირადულობის უფლება იცავს ჰომოსექსუალიზმს − უზენაესმა სასამართლომ მკაფიოდ ჩამოაყალიბა ქალთა პირადულობის უფლება საკუთარ სხეულზე. ხაზგასმულია, რომ ეს კონსტიტუციური უფლება ეხება აგრეთვე ჰომოსექსუალისტურ ურთიერთობებსაც. ქალს თუ აქვს უფლება საკუთარ სექსუალურ გრძნობებთან დაკავშირებით, ისე, რომ მას შეუძლია მოიცილოს განაყოფიერების შედეგი, მაშინ რატომ არა აქვს ჰომოსექსუალისტს უფლება საკუთარ სექსუალურ გრძნობებთან დაკავშირებით, რასაც არ მოსდევს განაყოფიერება? პირადულობა კონსტიტუციური უფლებაა, ამიტომაც ჰეტეროსექსუალისტთა უმრავლესობას არა აქვს უფლება თავისი მორალური ნორმები თავს მოახვიოს ჰომოსექსუალისტურ უმცირესობას.

* ჰომოსექსუალისტებსაც გააჩნიათ სამოქალაქო უფლებები − ერთი-ერთი არგუმენტი, რომელსაც ძალიან ხშირად იყენებენ ჰომოსექსუალისტები, ისაა, რომ ჰომოსექსუალისტებსაც, სხვა უმცირესობათა მსგავსად, აქვთ სამოქალაქო უფლებები. მხოლოდ იმიტომ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ირჩევს იყოს ჰეტეროსექსუალი, არ ამართლებს მათ წარმავალ კანონებს, რომლებიც ჰომოსექსუალი უმცირესობის წინააღმდეგ არის მიმართული. რატომ უნდა მოაკლდნენ უმცირესობანი თავიანთ კონსტიტუციურ უფლებებს მხოლოდ პირადი არჩევანის გამო? ეს დისკრიმინაციაა; დისკრიმინაცია კი მორალურადაც და სოციალურადაც მცდარია.

* სექსუალური ტენდენციები მემკვიდრეობითია − მრავალი ჰომოსექსუალისტი ამტკიცებს, რომ მათ არ შეუძლიათ შეცვალონ საკუთარი სექსუალური მიდრეკილება ისევე, როგორც არ შეუძლიათ შეიცვალონ თვალის ფერი. ისინი ამტკიცებენ, რომ სექსუალური მიდრეკილებანი მემკვიდრეობითია და არა შეძენილი. აქედან გამომდინარე, პიროვნება არ უნდა გაკიცხონ იმისთვის, რომ ის ჰომოსექსუალია, ისევე, როგორც არ შეიძლება გაკიცხვა იმის გამო, რომ ადამიანი დაბალია, ანდა წითური. ე.ი. ჩვენ უბრალოდ ვიქნებით ისინი, რანიც ვართ ბუნებით, ასევე ჰომოსექსუალებიც იმადვე დარჩებიან, რანიც არიან.

* მორალი დროთა განმავლობაში იცვლება − მიუხედავად იმისა, რომ ჰომოსექსუალისტური ურთიერთობები იგმობოდა ძველ დროშიც, ისინი ამტკიცებენ, რომ დღეს უკვე აღარ არსებობს რაიმე მიზეზი მათი გაკიცხვისთვის. ასევე ქორწინებამდე სექსიც არ იყო დაშვებული ძველ დროში, მაგრამ დღეს ეს ჩვეულებრივი ამბავია. მრავალი სხვა ტაბუც, სექსუალური თუ არასექსუალური, მოდის წარსულიდან, უფრო პურიტანულ კულტურათაგან, თუმცა უფრო თანამედროვე და უფრო განათლებული პიროვნებები უარყოფენ მსგავს შეზღუდვებს. ასევე უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება ჰომოსექსუალისტების მიმართ.

* ბევრი სხვა მამრიც ჰომოსექსუალისტია − ამ არგუმენტის მიხედვით, ბუნება იწონებს ჰომოსექსუალისტურ ურთიერთობებს, ვინაიდან სხვა მამრებიც აკეთებენ ამას და თუ ჰომოსექსუალისტური ქმედებანი არ არის არაბუნებრივი სხვა ცხოველებს შორის, მაშინ აღარ არსებობს მიზეზი იმისათვის, რომ ეს უცნაურად ჩავთვალოთ ადამიანურ არსებებს შორის.


პასუხი ჰომოსექსუალიზმის მხარდამჭერ არგუმენტებს

ჰომოსექსუალისტური ურთიერთობების სასარგებლოდ ზემოთ ჩამოთვლილი არგუმენტების საპასუხოდ, ყურადღებას იმსახურებს გარკვეული კრიტიკა. განვიხილოთ იგი.


პასუხი ბიბლიიდან მოტანილ არგუმენტებს

ბიბლიიდან აღებული თითოეული ზემოხსენებული არგუმენტი დაფუძნებულია წმინდა წერილის მცდარ გაგებაზე ან მცდარ ინტერპრეტაციაზე. განვიხილოთ თითოეული მათგანი.

* სოდომის ცოდვა იყო ჰომოსექსუალიზმი − მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა „ცნობა“ (იადჰა) აუცილებლად არ ნიშნავს „სექსუალური კავშირის დამყარებას“, სოდომისა და გომორის შესახებ ტექსტის კონტექსტში მას ზუსტად ეს მნიშვნელობა აქვს. ეს, ცხადია, რამდენიმე მიზეზის გამოა. თორმეტიდან ათ შემთხვევაში ეს სიტყვა გამოიყენება დაბადების წიგნში და ის ეხება სექსუალურ კავშირს (იხ. დაბ. 4:1-25). ეს ნიშნავს − „იცნობდე სექსუალურად“ ზუსტად ამავე თავში, როდესაც ლოტი ამბობს თავის ქალიშვილებზე, რომ მათ მამაკაცი არ „იციან“ (19:8). სიტყვის მნიშვნელობა გასაგები ხდება იმ კონტექსტით, რომელშიც გამოყენებულია იგი, ხოლო კონტექსტი აქ გარკვეულად გულისხმობს სექსუალურ კავშირს, როგორც ამას ვხედავთ ამ ქალაქის გარყვნილი სახის დანახვისას (თავი მე-18) და იმ ფაქტით, რომ ქალწულებს სთავაზობს ლოტი მათ საკუთარ სექსუალურ ვნებათა დასაკმაყოფილოებლად (19:8). ამ კონტექსტში „ცნობა“ შეუძლებელია უბრალოდ „გაცნობას“ ნიშნავდეს, რადგანაც ის უთანაბრდება ბოროტებას (მუხლი მე-7). რატომ უნდა შესთავაზო ქალიშვილები დასაკმაყოფილებლად იმათ, ვისი ზრახვანიც არ არის სექსუალური?!

* სოდომის ცოდვა მხოლოდ არასტუმართმოყვარეობა არ იყო − სოდომის ცოდვა მხოლოდ ეგოიზმი კი არა, ჰომოსექსუალიზმიც იყო. ეს ცხადი ხდება რამდენიმე ფაქტზე დაყრდნობით. უპირველეს ყოვლისა, როგორც ახლახან აღვნიშნეთ, დაბადების მე-19 თავის კონტექსტი ნათელს ხდის, რომ მათი გადახრა სექსუალური იყო. მეტიც, ეგოიზმი, ნაგულისხმევი ეზეკიელის 16:49- ში არ გამორიცხავს ჰომოსექსუალიზმს. ფაქტია, რომ სექსუალური ცოდვები ეგოიზმის ფორმებია, ხორცის სურვილების დაკმაყოფილება. ეზეკიელის მომდევნო მუხლი (მუხლი 50-ე) გვიჩვენებს, რომ მათი ცოდვა სექსუალური იყო და ამას „სისაძაგლეს“ უწოდებს იგი. ეს იგივე სიტყვაა, რომელიც გამოიყენება ჰომოსექსუალური ცოდვების აღსაწერად ლევიანთა წიგნში (18: 22). ამის კიდევ ერთი მაჩვენებელია ის, რომ სწორედ ეს სექსუალური გადახრებია გაცხადებული სიტყვა „სოდომის“ წარმომავლობასა და გამოყენებაში და იგი სწორედ სოდომიდან მოდის. წმინდა წერილი როცა ხაზს უსვამს სოდომის ცოდვას, ეს სწორედ სექსუალურ გადახრას აღნიშნავს. იუდას წერილიც მათ ცოდვას „მეძაობას“ უწოდებს (მუხლი მე-7).

* აკრძალვა ჰომოსექსუალიზმის მიმართ მორალურია და არა ცერემონიალური − მხოლოდ იმიტომ, რომ ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ მიმართული მოსესმიერი აკრძალვანი იგულისხმება ლევიანთა წიგნში, არ ნიშნავს იმას, რომ ეს წარმოადგენდა ცერემონიალური რჯულის ნაწილს, რომელიც გაუქმდა. ეს რომ ასე იყოს, მაშინ არც გაუპატიურება, არც ინცესტი და არც ცხოველთმავლობა (ბესტიალიზმი) იქნებოდა მორალურად მცდარი, ვინაიდან ეს ცოდვები დაგმობილია იმავე თავში, სადაც ჰომოსექსუალური ცოდვებია დაგმობილი (ლევ. 18:6-14; 22-23). ჰომოსექსუალურ ცოდვას ღმერთი წარმართთა შორისაც გმობს, რომლებსაც არ გააჩნიათ ცერემონიალური რჯული. ზუსტად ამ მიზეზის გამო იყო, რომ ღმერთმა განსაჯა ქანაანელები (18:1-3, 25). ლევიანთა რჯულშიც ებრაელებისთვის არსებობდა განსხვავება სასჯელში ცერემონიალური კანონების დარღვევისთვის. კერძოდ, ღორის ხორცისა და კრევეტების ჭამისთვის სასჯელი რამდენიმედღიანი იზოლაცია გახლდათ, ხოლო ჰომოსექსუალიზმი კი სიკვდილით ისჯებოდა (18:29). იესომ შეცვალა ძველი აღთქმის „დიეტური“ კანონები (მარკ. 7:18; საქმე. 20:12), მაგრამ ჰომოსექსუალიზმის აკრძალვანი ახალ აღთქმაშიც მეორდება (რომ. 1:26-27, 2 კორ. 6;9; 1ტიმ. 1:10; იუდ.7). უნაყოფობა არ არის ის მიზეზი, რის გამოც ჰომოსექსუალიზმი ცოდვად მიიჩნევა. წმინდა წერილში არსად არაა მინიშნება, რომ ჰომოსექსუალური კავშირი ცოდვილ ქმედებად ბავშვების არყოლის გამოა აღიარებული, თუ ჰომოსექსუალისტები იმის გამო ისჯებოდნენ, რომ უნაყოფონი იყვნენ, მაშინ რა გამოსავალი იქნებოდა მათი სიკვდილი?.. ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ სასჯელი მხოლოდ ებრაელებისთვის არ იყო დაწესებული, ეს წარმართებსაც ეხებოდა (ლევ. 18:24), რომელთა კურთხევაც არ იყო დამოკიდებული მემკვიდრის ყოლაზე ისრაელის მიწის დასამკვიდრებლად. უნაყოფობა თუ ღვთის სასჯელი იყო, მაშინ მარტოხელობა ცოდვა იქნებოდა, თუმცა ორივე, იესოც (მათ. 19:11-12) და პავლეც (1კორ. 7:8) პატივს მიაგებდნენ მარტოხელობას თეორიულადაც და პრაქტიკულადაც.

* ჰომოსექსუალიზმი მანკიერია კერპთაყვანისმცემლობის გარეშეც − ჰომოსექსუალისტური ურთიერთობანი ბიბლიაში გაკიცხულია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის მჭიდროდ უკავშირდებოდა კერპთაყვანისმცემლობას. მისი გაკიცხვა კერპთაყვანისმცემლობასთან რაიმე აშკარა მითითების გარეშეც ხშირად ხდება (ლევ. 18:22; რომ. 1:26-27) (ადიულტერიც ცოდვად არის მიჩნეული ქალთა საკულტო პროსტიტუციის გარეშე). ჰომოსექსუალიზმი კერპთაყვანისმცემლობასთან როცა ასოცირდება (როგორც სატაძრო, საკულტო პროსტიტუცია), ეს არ არის არსობრივად დაკავშირებული ერთმანეთთან. ეს მხოლოდ თანმხლები და არა ეკვივალენტური ცოდვაა. სექსუალური ღალატი ხშირადაა გამოყენებული კერპთაყვანისმცემლობის საილუსტრაციოდ (მაგ. ოსია 3:1; 4:12), მაგრამ ის აუცილებლად ჰომოსექსუალიზმთან არ არის დაკავშირებული. კერპთაყვანისმცემლობას შეუძლია გვიბიძგოს ამორალურობისკენ (რომ. 1:22-27), თუმცა ისინი ერთმანეთისაგან განსხვავებული ცოდვებია. თვით ათი მცნებაც განასხვავებს კერპთაყვანისმცემლობასა (გამოსვ. 20:3-4) და სექსუალურ ცოდვებს (გამოსვ. 20:14-17).

* პავლეს სწავლება ღვთაებრივად ავტორიტეტულია − პავლეს მიერ ჰომოსექსუალიზმის გაკიცხვა ღვთაებრივად ავტორიტეტულია კორინთელთა მიმართ პირველ წერილშიც კი. ფაქტობრივად, პავლესმიერი ჰომოსექსუალიზმის გამოკვეთილი გაკიცხვა რომაელთა წერილის პირველ თავშიც გვხვდება, რომლის ღვთაებრივ ავტორიტეტსაც არ ათავსებს ეჭვქვეშ არც ერთი ქრისტიანი, რომელიც აღიარებს წმინდა წერილის ღვთივსულიერებას. პავლეს მოციქულებრივი რწმუნებულება მკაფიოდაა ჩამოყალიბებული წმინდა წერილში. გალატელთა მიმართ წერილში ის აცხადებს, რომ გამოცხადებანი მას „… არ მიუღია და არ უსწავლია ადამიანისაგან, არამედ იესო ქრისტეს გამოცხადებით“ მიიღო (1:2). კორინთელთა მიმართ მე-2 წერილში პავლე აცხადებს: „მოციქულის ნიშნები გამოჩნდა თქვენ შორის ყოველგვარი მოთმინებით, ნიშნებით, სასწაულებით და ძალებით“ (2კორ. 11:12). თვით კორინთელთა მიმართ პირველ წერილშიც, სადაც პავლეს ავტორიტეტი რამდენჯერმე დააყენეს ეჭვქვეშ მისმა კრიტიკოსებმა, მისი ღვთაებრივი ავტორიტეტულობა ცხადი ხდება სამგზის. ის ამ წერილს იწყებს განცხადებით: „ამას ვლაპარაკობ არა ადამიანთა სიბრძნით შესწავლილი სიტყვებით, არამედ სულიწმინდისგან შესწავლილით“ (1კორ. 2:13). ის წერილს ამთავრებს დასკვნით: „…რასაც გწერთ თქვენ, უფლის მცნებაა“ (14:37). თვით საკამათო მეშვიდე თავშიც, სადაც პავლე ამბობს, რომ გვაწვდის თავის აზრებს, რომლებიც არაა შთაგონებული, ბოლოს მაინც აღნიშნავს: „…მეც მაქვს ღვთის სული“ (მუხლი მე-40). მართლაც, როდესაც ის ამბობს: „მე და არა უფალი“, არ ნიშნავს იმას, რომ მისი სიტყვები უფლისგან არ არის, რადგან ეს იმ ყოველივეს საწინააღმდეგო იქნება, რაც კი მას აქამდე უთქვამს. მეტიც, ეს ნიშნავს იმას, რომ იესოს არ ულაპარაკია ზუსტად ამ საგანზე, სანამ ის დედამიწაზე იყო, მაგრამ იესო შეჰპირდა თავის მოციქულებს, რომ ის გამოგზავნიდა სულიწმინდას, რომელიც შეუძღვებოდა მათ „ყოველ ჭეშმარიტებაში“ (იოან. 16:13). პავლეს სწავლებაც კორინთელთა წერილებში ამ დანაპირების ასრულება იყო.

* ჰომოსექსუალიზმი დანაშაულია − როდესაც კორინთელთა მიმართ 1-ლი წერილის 6:9 ლაპარაკობს „ჰომოსექსუალისტ დამნაშავეთა შესახებ“, ეს ნიშნავს ჰომოსექსუალიზმის დანაშაულს და არა ჰომოსექსუალისტის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, რომელიც უპირისპირდება დანაშაულის არჩამდენს. „ჰომოსექსუალისტი“ ნიშნავს “დამნაშავეს (დამრღვევს)“ და არა პირიქით, ის მიუთითებს დანაშაულის სექსუალურ ხასიათზე და არა ჰომოსექსუალისტის დანაშაულებრივ ფორმაზე, თუ მხოლოდ ჰომოსექსუალისტური ქმედების დანაშაულებრივი (ძალადობრივი) ფორმებია მცდარი, მაშინ რაღა ვთქვათ მრუშობისა და კერპთაყვანისმცემლობის მიმდევრებზე, რომელთა წინააღმდეგაც იმავე თავშია საუბარი? განა უნდა დავასკვნათ, რომ მრუშობისა და კერპთაყვანისმცემლობის მხოლოდ დანაშაულებრივი ფორმებია მცდარი? წმინდა წერილის ვერსად ვერ ვიპოვით აზრს იმის შესახებ, რომ ჰომოსექსუალიზმის დანაშაულებრივი ფორმებია მცდარი; ის თითქმის ყველგანაა გაკიცხული, როგორც ასეთი (ლევ. 18:22; რომ. 1:26-27; 1ტიმ. 1:10; იუდ. 7).

* ჰომოსექსუალიზმი და გრძელი თმა ერთი და იგივე არ არის − ბიბლია არსად არ განსაზღვრავს ჰომოსექსუალისტურ ცოდვებს მხოლოდ კულტურულ კონტექსტში, როგორიცაა, მაგალითად, ვარცხნილობის სტილი. ეს არ გულისხმობს იმას, რომ ვარცხნილობის სტილი შეუძლებელია დაუკავშირდეს მორალურად აშკარად წამხდარ ცხოვრებისეულ სტილს, როგორიც გააჩნიათ მეძავებს. ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ ბიბლიას არსად არ დაჰყავს ჰომოსექსუალისტური ცოდვა კულტურული გემოვნების ნიშნულამდე. ეს არგუმენტი ერთმანეთში არ ურევს მორალურსა და კულტურულ შეხედულებებს. „რაც არის“ არ არის ყოველთვის ის, რაც უნდა იყოს. იმავე ლოგიკით არ უნდა არსებობდეს ობიექტური მორალური აკრძალვანი, ისეთების ჩათვლით, როგორიცაა: სისასტიკე, ბავშვთა დამცირება, გაუპატიურება ანდა სისხლის აღრევა. პავლეს არასდროს უთქვამს: გრძელთმიანები ჯოჯოხეთში წავლენო, თუმცა მან განაცხადა, რომ „ჰომოსექსუალისტური დანაშაულის მიმდევრები ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს“ (1კორ. 6:9). პავლეს არც ის უთქვამს, რომ გრძელი თმა ეკლესიიდან განკვეთის საფუძველია, თუმცა ის გვასწავლიდა, რომ სექსუალური ცოდვები არის ამისი საფუძველი (1კორ. 5:1-5). პავლე ამბობდა, რომ მოცემულ ბუნებრივ წესრიგში „მამაკაცის გრძელთმიანობა სამარცხვინოა მისთვის“ (1კორ. 11: 14). მას ამასთან დაკავშირებით არ უთქვამს, რომ ეს ღვთის უპატივცემულობაა, რაც თქვა ჰომოსექსუალობაზე (რომ. 1:21-27), მან აღნიშნა, რომ ეს სამარცხვინოა მამაკაცისთვის, ვინაიდან ეს მას დედაკაცს ამსგავსებს.

* ჰომოსექსუალისტური ცოდვები ბუნების საწინააღმდეგოა − წმინდა წერილი როცა აცხადებს, რომ ჰომოსექსუალისტური ურთიერთობანი „ბუნების საწინააღმდეგოა“ (რომ. 1:26), ის გულისხმობს არსობრივ ბუნებას და არა სოციოლოგიურს. აქედან გამომდინარე, ეს ადგილი შეუძლებელია გამოვიყენოთ ჰომოსექსუალიზმის გასამართლებლად იმ საფუძველზე, რომ ჰეტეროსექსუალური ქმედებები ჰომოსექსუალთა ბუნებრივ მიდრეკილებებს ეწინააღმდეგება. არსებობს რამდენიმე მიზეზი ამ დასკვნისთვის. ბიოლოგიურად სექსი ბიბლიაში დასაწყისიდანვეა დადგენილი. დაბადების 1-ლ თავში წერია, რომ ღმერთმა შექმნა „მამაკაცი და დედაკაცი“ და შემდეგ უთხრა მათ “ინაყოფიერეთ და გამრავლდით“ (მუხ. 27-28). ეს გამრავლება შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთმანეთს დაუკავშირდებოდნენ ბიოლოგიური კაცი და ქალი. სექსუალური ორიენტაცია გაგებული იყო ბიოლოგიურად და არა სოციოლოგიურად, როდესაც ღმერთმა თქვა „ამიტომ მიატოვებს კაცი დედ-მამას და მეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთ ხორცად იქცნენ“ (დაბ. 2:24). ფრაზა „ერთ ხორცად“ ლაპარაკობს ფიზიკურ ქორწინებაზე. რომაელთა მიმართ წერილის ის ადგილი, რომელიც ამბობს, რომ მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს, ცხადად გვიჩვენებს, რომ ეს ცოდვილი ქმედება ბუნებით ჰომოსექსუალისტური იყო (1:27); რასაც ისინი აკეთებდნენ, არაბუნებრივი იყო მათთვის, ანუ „შეცვლილ ბუნებრივ წესს “ წარმოადგენდა (მუხ. 26-ე). ასე რომ აშკარაა შედეგი: ღმერთი გმობს სექსუალურ ცოდვებს ერთსა და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენელთა შორის.

* ესაიას წინასწარმეტყველება შეეხებოდა საჭურისებს − ზოგიერთი ჰომოსექსუალისტის მტკიცების საწინააღმდეგოდ, ესაიას არ უწინასწარმეტყველებია მათი ყოფნის შესახებ ღვთის სასუფეველში. წინასწარმეტყველება (ეს. 56:3) შეეხება საჭურისებს და არა ჰომოსექსუალისტებს. საჭურისები კი ასექსუალები არიან და არა ჰომოსექსუალები. ესაიას წერილში ნახსენები „საჭურისები“, როგორც ჩანს, სულიერნი არიან და არა ფიზიკურნი. იესო ლაპარაკობდა სულიერ „საჭურისებზე“, რომლებმაც დათმეს ქორწინების შესაძლებლობა ღვთის სასუფეველის გულისათვის (მათ. 19:11-12). ეს არის კლასიკური მაგალითი პიროვნების მრწამსის წაკითხვისა ტექსტში (ეიზეგეზა), უფრო მეტად ვიდრე მნიშვნელობის წაკითხვისა ტექსტის გარეთ (ეგზეგეზის), ზუსტად ის, რასაც ჰომოსექსუალისტები აბრალებენ ჰეტეროსექსუალებს წმინდა წერილთან დამოკიდებულებაში.

* დავითი და იონათანი არ ყოფილან ჰომოსექსუალისტები − წმინდა წერილში არ არსებობს იმის მაჩვენებელი, რომ დავითი და იონათანი ჰომოსექსუალისტები იყვნენ. პირიქით, საკმაოდ თვალშისაცემია, რომ ისინი არ ყოფილან ჰომოსექსუალისტური ორიენტაციის. დავითის ლტოლვა ბათ-შებაყის მიმართ (2მეფ. 11) ააშკარავებს, რომ მისი სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალური იყო და არა ჰომოსექსუალური. ფაქტობრივად, თუ მისი ცოლების რიცხვის მიხედვით ვიმსჯელებთ, ჩანს, რომ დავითს საკმარისზე მეტი ჰეტეროსექსუალურობა ჰქონდა! დავითის „სიყვარული“ იონათანისადმი იყო არა სექსუალური (ეროტიკული), არამედ მეგობრული (ფილეო). მესამე, იონათანს მთელი ტანსაცმელი არ შემოუძარცვავს დავითის თანდასწრებით, არამედ მხოლოდ თავისი შესამოსელი და სამეფო მოსასხამი (1მეფ. 18:4). ე.წ. „კოცნაც“ მისალმების წესი იყო კაცებს შორის იმ დროს. მეტიც, მათ ერთმანეთისთვის არ უკოცნიათ მაშინ, როდესაც იონათანმა გადასცა დავითს თავისი შესამოსელი; არამედ ეს შემთხვევა აღწერილია წიგნის მომდევნო თავში (2:41). ბოლოს, ის ემოციები, რომლებიც მათ გამოხატეს, იყო ტირილი (მუხლი 41-ე) და არა ორგაზმი. ტექსტი ამბობს, „მერე გადაკოცნეს ერთმანეთი და ტიროდნენ ერთად. დავითი უფრო მეტს ტიროდა“ ( 20:41).

პასუხი ჰომოსექსუალიზმის მხარდამჭერ სხვა არგუმენტებს

ჰომოსექსუალიზმის გასამართლებლად გამოყენებული ბიბლიური არგუმენტების გარდა არსებობს აგრეთვე მორალური, სოციალური და სამოქალაქო არგუმენტები.

* ზრდასრულთა ორმხრივი შეთანხმება არ აქცევს ამ შეთანხმებას სწორ ქმედებად − ის არგუმენტი, რომ ზრდასრულ ადამიანთა შეთანხმებული ქმედება მორალურად გამართლებულია, მცდარი არგუმენტია, რადგან მათ შეუძლიათ შეთანხმდნენ ბანკის გაძარცვაზე, ბავშვის გატაცებაზე ანდა პრეზიდენტის მოკვლაზე. მათი შეთანხმება ქმედებას არ აქცევს სწორ გადაწყვეტილებად; თუნდაც იმ შემთხვევაში, როცა საკითხი მხოლოდ ამ ორი ადამიანის სხეულს ეხება, შეთანხმება არ შეიძლება ჩაითვალოს გამართლებულად, როცა ისინი ერთმანეთს ეხმარებიან თვითმკვლელობაში, ან სხეულის დამახინჯებაში. ორმხრივი შეთანხმება ავტომატურად არ ამართლებს ქმედებას. ეს არგუმენტი მცდარად მიიჩნევს, რომ პიროვნება არის საბოლოო სტანდარტი იმისა, თუ რა არის სწორი და რა − მცდარი და რომ არ არსებობს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა, გარდა საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებებისა. ეს მსჯელობა ეწინააღმდეგება იმ ფაქტს, რომ ჩვენ ქმნილებანი ვართ და არა საკუთარი თავის შემოქმედნი და, როგორც ქმნილებებს, მორალური ვალდებულება გვაქვს ჩვენი შემოქმედის მიმართ, რომელმაც გვიბრძანა, არ გამოვიყენოთ ჩვენი სხეულები გაუკუღმართებული სექსუალური სურვილების დასაკმაყოფილებლად.

* პირადულობის უფლება არ ნიშნავს ამორალურობის უფლებას − პირადულობის ჩვენი უფლებები არ ვრცელდება არაეთიკურ ქმედებებზე. მაგალითად, ჩვენ არ გვაქვს უფლება ნება-სურვილისამებრ გავაუპატიუროთ ანდა მოვკლათ ვინმე. ლოგიკა მოითხოვს, რომ ამორალური ქმედებანი არ ჩავთვალოთ მორალურად ადგილმდებარეობის გადანაცვლების შედეგად; ანუ თუ მცდარია ჯგუფური ორგიის მოწყობა, მაშინ ასევე მცდარი იქნება, გააკეთო ეს კერძოდ. ამორალური ქმედების ადგილმდებარეობის შეცვლა არ ცვლის ამ ქმედებისგან მორალური კანონის დარღვევას. ცხადია, არც საპირისპირო რამ არის სიმართლე. მაგალითად, მხოლოდ იმიტომ რომ ცოლ-ქმრული სექსი კარგია კერძოდ, არ ნიშნავს იმას, რომ ის კარგია საჯაროდაც. ბოლოს, არსებობს განსხვავება კერძო სექსუალური ქმედების განხორციელებასა და მისი აკრძალვის სიძნელეს შორის, თუმცა მის საწინააღმდეგოდ აკრძალვების დაჩქარება, ასევე არ არის მორალურად სწორი.

* ჰომოსექსუალისტური ტენდენციები არ არის მემკვიდრეობითი − ჰომოსექსუალური ქმედებანი ვერ გამართლდება იმ საფუძველზე, რომ ისინი მემკვიდრეობითია. გარკვეულ მიზეზთა გამო არ არსებობს უდავო სამეცნიერო სიცხადე იმ განცხადების გასამყარებლად, რომ ჰომოსექსუალისტური მიდრეკილებანი გენეტიკურია. ამას ცხადყოფს ქცევის შესწავლის ყოველი მონაცემი. არსებობს დასწავლის პრაქტიკა, რომლის შედეგადაც ადამიანი სწავლობს ჰომოსექსუალისტური აქტის განხორციელებას და თუნდაც არსებობდეს მემკვიდრეობითი ტენდენცია ჰომოსექსუალიზმისკენ, არც ეს გაამართლებს ჰომოსექსუალისტურ ქმედებას. ზოგიერთები ამბობენ, რომ აქვთ მემკვიდრეობითი მიდრეკილება ალკოჰოლისკენ, მაგრამ ეს ვერ ამართლებს მათ ლოთობას. ბიბლია ამბობს, რომ ჰომოსექსუალიზმი „არაბუნებრივია“ და ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ვინმე ტოვებს თავის ბუნებრივ მიდრეკილებას (რომ. 1:26-27). ბიბლია გვასწავლის, რომ ჩვენ ყველას მემკვიდრეობით მიღებული გვაქვს მიდრეკილება ცოდვისკენ (ფს. 50:4; ეფეს. 2:3), თუმცა ჯერ კიდევ პასუხისმგებლობა გვაკისრია ცოდვის ჩადენისთვის.

* მორალურობა არ იცვლება − ძირითადი მორალური პრინციპები არ იცვლება; რაც იცვლება ეს ამ პრინციპების ჩვენეული გაგება და განხორციელებაა. იმის თქმა, რომ მორალური კანონები თავისთავად იცვლება, მცდარია მრავალი მიზეზის გამო. ეს ერთმანეთში ურევს უცვლელ მორალურ ფასეულობებსა და ცვალებად მორალურ ქცევებს. ეს მორალისა და ნორმების ერთმანეთში აღრევაა. ეს აბსოლუტურ მორალურ ბრძანებას ურევს ამ ბრძანების ჩვენეულ აღქმაში. სიყვარულის ჩვენეული აღქმა იცვლებოდა ბოლო 50 წლის მანძილზე, თუმცა თავად სიყვარული არ შეცვლილა. იმის მტკიცება, რომ მორალს შეუძლია შეიცვალოს, ერთმანეთში ურევს ფაქტებსა და ფასეულობებს. მიზეზი იმისა, რომ ჯადოქრებს ერთ დროს ხოცავდნენ, მაგრამ ახლა ამას აღარავინ აკეთებს, მორალურობის შეცვლა როდია, არამედ, სინამდვილეში, დამოკიდებულებაა ჯადოქრობისადმი. იმ მდგომარეობის გამო, რომ მორალური პრინციპები აირეკლავს ღვთის ბუნებას, არ შეიძლება მათი შეცვლა, რადგან ღმერთს არ შეუძლია შეცვალოს თავისი ძირითადი მორალური ხასიათი (მალაქ. 3:6; ებრ. 6:18).

* ცხოველთა ქცევა არ არის ნორმატიული ადამიანისთვის − არსებობს რამდენიმე მოსაზრება ჰომოსექსუალისტურ ურთიერთობათა გმართლებლად ცხოველთა ქცევის მოხმობის გზით. უმეტეს შემთხვევაში, ჰომოსექსუალისტური ქმედებანი მამლებს შორის შემთხვევითი და დროებითია და არა ჩვეულებრივი და ხანგრძლივი; ანუ ცხოველთა ქცევის მოხმობა ჰომოსექსუალისტური ცხოვრების წესის გასამართლებლად, საფუძველსაა მოკლებული. ზოგიერთი ადამიანური ჰომოსექსუალისტური ქმედებების განსჯა იმ გაუკუღმართებათა და დარღვევატა მეშვეობით, რომლებიც ცხოველებს შორის გვხვდება, ცუდი შედარებაა. ცხოველთა ქცევა არ არის ნორმატიული ადამიანისათვის. ადამიანი არ უნდა ფიქრობდეს, რომ ცხოველების ქცევა მაგალითი უნდა იყოს ადამიანური ქცევისთვის, ცხოველები არ არიან რაციონალურად და მორალურად პასუხისმგებელი ქმნილებანი, ჩვენ კი ვართ. ისინი მოქმედებენ ინსტინქტებით, ადამიანები კი შექმნილნი არიან ღვთის ხატად და პასუხისმგებელნი არიან იმოქმედონ ღვთის და არა ცხოველების მსგავსად.

არგუმენტები ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ
ჰომოსექსუალიზმის საწინააღმდეგო არგუმენტები შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ: ბიბლიურად და სოციოლოგიურად.


ბიბლიური არგუმენტები ჰომოსექსუალიზმის საწინააღმდეგოდ

მრავალი ბიბლიური არგუმენტი მეტყველებს ჰომოსექსუალიზმის საწინააღმდეგოდ და ეს არგუმენტები გვხვდება ნაგულისხმევი სახითაც და ცხადადაც. ნაგულისხმევი არგუმენტი გამომდინარეობს იქიდან, რომ ღმერთმა ჰეტეროსექსუალური ქმედებები (და არა ჰომოსექსუალური) ქორწინების ფარგლებში დაადგინა.

* ღმერთმა დაადგინა ჰეტეროსექსუალიზმი და არა ჰომოსექსუალიზმი − ღმერთმა ჰეტეროსექსუალური ურთიერთობანი დაადგინა მაშინ, როცა შექმნა „მამაკაცი და დედაკაცი“ და უბრძანა მათ გამრავლება (დაბ. 1:27-28). სექსი დასაწყისიდანვე ოჯახის კონტექსტში იქნა მოცემული. ღმერთმა თქვა: „მიატოვებს კაცი დედ-მამას , მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთ ხორცად იქცნენ “ (დაბ. 2:24). პავლე კონკრეტულად ამბობს, რომ „ერთ-ხორცობა“ გულისხმობს სექსუალურ შერწყმას (1კორ. 6:15-17). ებრაელთა მიმართ წერილის ავტორი აცხადებს, რომ „ყველას ცოლ-ქმრობა იყოს პატიოსანი და სარეცელი შეუბილწავი; მეძავებსა და მრუშებს კი ღმერთი განიკითხავს“ (ებრ. 13:4). მართლაც, ათი მცნება აცხადებს: „არ იმრუშო“ და „არ ინდომო შენი მოყვასის ცოლი“ (გამოსვლ. 20:14-17 ), ეს ადგილები ნათლად გვიჩვენებს, რომ ღმერთმა სექსი დაადგინა ორ სქესს − მამაკაცსა და დედაკაცს შორის ურთიერთობის ფორმად, ჰეტეროსექსუალური ქორწინების ჩარჩოებში.

* სოდომი და გომორაც იყვნენ გაკიცხულნი − სოდომისა და გომორას ცოდვა ლეგენდარული იყო. დღესაც სიტყვა „სოდომის“ ზუსტი მნიშვნელობა არის ამ ქალაქისათვის დამახასიათებელი ცოდვის მაჩვენებელი. ზემოთ როგოგც აღვნიშნეთ, მათი ცოდვა უბრალოდ ვნება და არასტუმართმოყვარეობა კი არ ყოფილა, არამედ ჰომოსექსუალიზმი. იმ ქალაქის კაცებმა უთხრეს ლოტს: „სად არიან ის კაცები, წუხელ რომ გესტუმრნენ? გამოიყვანე ჩვენთან, უნდა შევიცნოთ“ (გვინდა სექსი გვქონდეს მათთან). ლოტის მცდელობა, ჩაეცხრო მათი სექსუალური მოთხოვნილება თავისი გასათხოვარი ქალიშვილებით, წარუმატებლად დამთავრდა და ღმერთმაც გაანადგურა ეს ქალაქები. იუდა ამატებს, რომ „როგორც სოდომი და გომორა და მათი მოსაზღვრე ქალაქები მეძაობდნენ და აედევნენ უცხო ხორცს“, აქედან გამომდინარე, ბიბლია აცხადებს, რომ ისინი „საუკუნო ცეცხლით დასჯის მაგალითებად არიან დადგენილნი“ (იუდ. 7).

* მოსეს რჯული კიცხავდა ჰომოსექსუალიზმს − სოდომიაც და ბესტიალიზმიც გაკიცხულია ძველი აღთქმის რჯულში. ღმერთმა თქვა: „მე ვარ უფალი. არ დაწვე მამაკაცთან დედაკაცური წოლით. ეს სისაძაგლეა. არანაირ ცხოველთან არ იქონიო კავშირი, რათა არ გაუწმინდურდე მისგან “ (ლევ. 18:21-23). ის ამატებს: „ეს სიბილწეა“ (მუხლი 23-ე). ჰომოსექსუალიზმი მხოლოდ ებრაელებისთვის არ ყოფილა ცოდვა, ზუსტად ეს იყო მიზეზი, რისთვისაც ღმერთმა დასაჯა ქანაანელები. მოსე აგრძელებს, „არც ერთი ამ სისაძაგლით არ გაიუწმინდუროთ თავი, რადგან ყოველივე ამით არიან გაუწმინდურებული ის ხალხები, რომლებიც უნდა განვდევნო თქვენგან. გაუწმინდურდა მიწა და მე დავხედე მათ უკეთურებას და ამოანთხია მიწამ თავისი მკვიდრნი“ (მუხლ. 24-25). რჯულში ასევე ვკითხულობთ: „ამ სისაძაგლეთა ჩამდენნი მოიკვეთებიან თავისი ხალხის წიაღიდან“ (მუხლ. 29-ე). მკაცრი შეფასება (სისაძაგლე, უწმინდურება, სიბილწე…) და სიკვდილით დასჯა მიანიშნებს, რომ ღმერთი ჰომოსექსუალისტურ ცოდვას სერიოზულად ეკიდება და ამის გამო მხოლოდ ებრაელებს კი არა წარმართებსაც ატეხდა თავის რისხვას.

* ჰომოსექსუალური სატაძრო პროსტიტუციაც იგმობოდა − ჰომოსექსუალიზმი იგმობოდა აგრეთვე, როგორც ნაწილი სატაძრო საკულტო პროსტიტუციისა. მოსე წერდა: „არ იყოს მეძავი ქალი ისრაელის ქალებს შორის და მეძავი კაცი ისრაელის ვაჟებს შორის… რადგან ორივე ეს სისაძაგლეა უფლის, შენი ღმერთისთვის.“ (რჯლ. 23:17-18). ჰომოსექსუალისტური ქმედებანი დაგმობილია არა იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში დაკავშირებულია კერპთაყვანისმცემლობასთან, არამედ იმიტომ რომ საქორწინო ჰეტეროსექსუალური ურთიერთობებისგან გადახვევად გვევლინება და გაუკუღმართებულ სექსს წარმოადგენს.

* ჰომოსექსუალიზმი დაგმობილია მსაჯულებშიც − ერთ-ერთი ყველაზე გროტესკული და საშინელი ცოდვა ძველ აღთქმაში ჰომოსექსუალისტების მიერ იქნა გამოწვეული, როდესაც გიბელმა კაცმა შეიპატიჟა მოგზაური სახლში, „…ქალაქის მცხოვრებნი, გარყვნილი ხალხი, გარს შემოერტყნენ სახლს, კარზე აბრახუნებდნენ და ეუბნებოდნენ ბერიკაცს: გამოგვიყვანე შენს სახლში რომ კაცია, უნდა შევიცნოთო (სექსი გვქონდესო მასთან)“ (მსაჯ. 19:22 ). სახლის პატრონი ცდილობდა შეეგონებინა ბრბოსთვის, რომ არ ჩაედინათ უზნეობა (მუხლ. 23-ე). შემდგომ მასპინძელმა მათ შესთავაზა თავისი გასათხოვარი ქალიშვილი და თავისი სტუმრის ხარჭა. მომხდურებმა შეცვნეს ხარჭა და მთელი ღამე აუპატიურებდნენ მას (მუხლ. 25-ე) და როცა, მეორე დილით, პატრონმა იპოვა იგი კარის ზღურბლთან დავარდნილი, დაჭრა 12 ნაწილად და ისრაელის 12 შტოს თითო ნაწილი გაუგზავნა. ყველამ, ვინც ეს ნახა, თქვა: „მსგავსი არაფერი ყოფილა და არაფერი ნახულა ისრაელში იმ დროიდან მოყოლებული, რაც ისრაელიანები ეგვიპტიდან გამოვიდნენ დღევანდელ დღემდეო. ჩაუკვირდით, ითათბირეთ და თქვით“ მუხლ. 30-ე). ძნელია წარმოიდგინო ჰომოსექსუალისტების მიერ ჩადენილი, ამაზე დიდი სიბილწე, მაგრამ, რა საშინელიც არ უნდა ყოფილიყო გაუპატიურება და მისი შედეგი, ლევიანმა კაცმა ნაკლებ ბოროტებად მიიჩნია თავისი ხარჭის ბრბოსთვის გადაცემა, ვიდრე ჰომოსექსუალიზმი (მუხლ. 24-ე).

* წინასწარმეტყველები კიცხავდნენ სოდომიას − ჰომოსექსუალისტური ქმედებანი მთელს ძველ აღთქმაში იგმობა. მეფეთა წინასწარმეტყველი და მწერალი (შესაძლოა, იერემია) ლაპარაკობს ჰომოსექსუალიზმის უკეთურებაზე. მან დაწერა: „როსკიპნიც იყვნენ ქვეყანაში, სჩადიოდნენ იმ ხალხების ყოველგვარ სიბილწეს, რომელნიც აყარა უფალმა ისრაელიანებისგან“ (3 მეფ. 14:24). მოგვიანებით, ასამ განახორციელა რეფორმები და „გაყარა როსკიპები ქვეყნიდან“ (15:12). მსგავსადვე, იოშაფატმა „როსკიპ კაცთა ნატამალი, მისი მამის ასას დროიდან რომ იყვნენ დარჩენილნი, აღგავა პირისაგან მიწისა“ (1 მეფ. 22: 47). მეფე იოშიამ როცა დაიწყო რეფორმების განხორციელება, მან აგრეთვე დაანგრია უფლის ტაძართან მდგარი როსკიპთა სახლები (4 მეფ. 23:7). წინასწარმეტყველი ეზეკიელი ლაპარაკობდა სოდომის გრძნობისმიერი ცოდვების საწინააღმდეგოდ. უწოდებდა მათ სისაძაგლეებს“ (ეზეკ. 16:50). ეს იგივე სიტყვაა, რომელიც გამოიყენება ლევიანთა წიგნში (18:22-23) და, რომელიც აღწერს ჰომოსექსუალისტურ ქმედებას.

* რომაელთა მიმართ წერილის 1-ლი თავი გმობს ჰომოსექსუალიზმს წარმართებში − ყველაზე ნათლად გამოკვეთილი ადგილი ჰომოსექსუალისტურ ქმედებებზე ბიბლიაში დაწერილია რომაელთა წერილის 1-ლ თავში. პავლე უწოდებს მას ისეთ ცოდვას, რომლისთვისაც „ცხადდება ზეციდან ღვთის რისხვა“ (მუხლ. მე-18). ჰომოსექსუალიზმის ცოდვის აღწერა, ფაქტობრივად, ყოველთვის ჭარბობს წერილში. ის სახელდებულია, როგორც „უწმინდური გულისთქმა“, „შებილწვა“, „სიცრუე“, „ავხორცობა“, „სამარცხვინო ვნება“, „ცდუნება“, „ბუნების საწინააღმდეგო წესი“ და შედეგად ამ უკეთური ქმედებებისა ღმერთმა ისინი გადასცა უკუღმართ გონებას დაუწესებლის საკეთებლად და ისინი „აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, ბოროტებით, ანგარებით და სიავით“ (მუხლ. 29-ე). წერილი ამბობს: „რადგან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი შეიცვალეს ბუნების საწინააღმდეგოთი. ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალის ბუნებრივი წესი და გახურდნენ ავხორცობით ერთიმეორის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს და მიიღეს საკადრისი საზღაური თავიანთი ცდუნებისათვის“ (მუხ. 26-27-ე). სიტყვები „შეცვალეს“ და „მიატოვეს“ მიუთითებს, რომ ეს იყო მათი მხრიდან თავისუფალი არჩევანი იმისათვის, რათა ჩართულიყვნენ უკუღმართ ქმედებაში. ეს უარყოფს იმ მტკიცებას, რომ განსაზღვრული პიროვნებები იბადებიან ჰომოსექსუალისტებად და მათ არ შეუძლიათ ამის შეცვლა. ასევე საყურადღებოა, რომ ჰომოსექსუალისტური ურთიერთობები „ბუნების საწინააღმდეგოა“ (მუხლ. 26-ე). ისინი უპირისპირდებიან იმ ბუნებრივ კანონს, რომელიც ღმერთმა მათ „გულებში დაწერა“ (რომ. 2:15). ამგვარად, ჰომოსექსუალისტების ცოდვა არა მხოლოდ ბიბლიური ეთიკის დარღვევაა, არამედ ეს არის ღვთის მიერ ყველა ადამიანისათვის დადგენილი ბუნებრივი, მორალური სტანდარტის დარღვევა, ვინაიდან „ისინი, ვინც რჯულის (მოსეს რჯულის) გარეშე შესცოდეს, რჯულის გარეშე დაიღუპებიან… ისინი აჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულებში უწერიათ“ (2:12-15).

* ჰომოსექსუალისტები არ არიან ღვთის სასუფეველში − კორინთელთა მიმართ 1-ლი წერილის 6:9-ის მიხედვით: „ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი… ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს“. ცხადია, რომ აქ ყურადღება გამახვილებულია ურწმუნოებზე, ვინაიდან პავლემ უთხრა კორინთოელ მორწმუნეებს: „ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი“ (მუხლ. მე-11). სხვა სიტყვებით, შეუძლებელია რომელიმე მორწმუნე ეწეოდეს ასეთ ცხოვრებას. ცხადია მორწმუნეები შესაძლოა ჩაცვივდნენ რაიმე ცოდვაში, მაგრამ ის, ვინც განაგრძობს ჰომოსექსუალისტურ ცხოვრებას, არ იწოდება მორწმუნედ.

* ტიმოთეს მიმართ პირველი წერილი გმობს ჰომოსექსუალიზმს − ამ წერილშიც არის ადგილი, რომელიც გმობს ჰომოსექსუალიზმს. პავლე ამბობს, რომ რჯული (კანონი) მოცემულია „…კაცისმკვლელთათვის, მეძავთა და მამათმავალთა, კაცისმპარავთა და ცრუთა, ფიცის გამტეხთა და ყველა სხვათათვის, რაც საღი მოძღვრების საწინააღმდეგოა“ (1ტიმ. 1:9-10). სიტყვა „მამათმავალი“ (სექსუალური გაუკუღმართება) ფართოდ გამოიყენება და სხვა სექსუალურ ცოდვებსაც აღნიშნავს, სიტყვა „მეძავისგან“ განსხვავებით. ის აღნიშნავს ჰომოსექსუალურ ქმედებებს.

* იუდა ჰომოსექსუალიზმს უცხო ხორცს უწოდებს − იუდა აცხადებს, რომ ღმერთმა გაასამართლა შემცოდე ანგელოზები, დაადო მათ საუკუნო ბორკილები და შეინახა განკითხვის დიადი დღისთვის, ის ასევე ამბობს: „როგორც სოდომი და გომორა და მოსაზღვრე ქალაქები, მათ მსგავსად რომ მეძაობდნენ და აედევნენ უცხო ხორცს (გაუკუღმართებას), საუკუნო ცეცხლის დასჯის მაგალითებად არიან დადგენილი“ (მუხ. მე-7). „ასევე დაემართებათ იმ მეოცნებეთაც, რომლებიც ბილწავენ ხორცს, უარყოფენ უფლებით“ (მუხლ. მე-8). ეს ადგილები მცირე ეჭვს თუ ტოვებს სოდომური ცოდვის სექსუალურ ბუნებაზე ანდა მათ მიერ ჩადენილი ჰომოსექსუალური ქმედებებისადმი ღვთის დამოკიდებულებაზე. ბიბლიის დასაწყისიდან მის დასასრულამდე სოდომის ცოდვა თანმიმდევრულად და მკაცრადაა დაგმობილი. უბრალოდ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის დასამტკიცებლად, რომ ჰომოსექსუალიზმი მისაღები „ალტერნატიული ცხოვრების სტილია“.


სხვა არგუმენტები ჰომოსექსუალიზმის საწინააღმდეგოდ

ბიბლიური არგუმენტების გარდა, არსებობს აგრეთვე მყარი მორალური და სოციალური მოსაზრებანი სექსუალურ გადახრათა მცდარი ბუნების შესახებ.

ჰომოსექსუალიზმი არაბუნებრივია ბიბლიურ მცნებათა გარეშეც. ბუნება თავისთავად გვიჩვენებს, რომ ჰომოსექსუალიზმი მცდარია. ეს პიროვნების სექსუალურობის ბუნებრივი ხასიათის საწინააღმდეგოა. სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს, 2-4 % -ს აქვს ჰომოსექსუალური მიდრეკილებანი. არსებობს ყოფილ ჰომოსექსუალისტთა დამოწმებები, რომლებიც ამბობენ, რომ მათ ცხოვრების ასეთ წესს ხელი მიჰყვეს საკუთრი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე და მათ დატოვეს ჰეტეროსექსუალური კავშირები და ზოგიერთმა ოჯახიც კი.
არც ერთი საზოგადოება არ გამყარებულა ჰომოსექსუალისტური პრაქტიკით. საზოგადოება თავისი საწყისიდანვე დამოკიდებულია ჯანსაღ, ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებზე. ცხადია, რომ არავინ დაბადებულა ჰომოსექსუალისტური კავშირების შედეგად. ჰეტეროსექსუალიზმი აბსოლუტურად არსებითია მემკვიდრეობითი ხაზის გასაგრძელებლად.

ჰომოსექსუალიზმი საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს. არავისთვისაა ახალი, რომ შიდსი ძირითადად ჰომოსექსუალისტური ურთიერთობების შედეგად ვრცელდება. ამ ვირუსის პირდაპირი და არაპირდაპირი გადაცემის შედეგად სნეულებამ ეპიდემიურ მასშტაბებს მიაღწია მთელს მსოფლიოში.

ზოგიერთი შეკამათება

ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ეს არგუმენტები ჰომოფობიის საფუძველია. ჰომოსექსუალიზმის საწინააღმდეგო მოსაზრების მქონე კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს წარმოქმნის არაბუნებრივ და უსაფუძვლო შიშს ჰომოსექსუალისტების წინააღმდეგ და ამბობენ, რომ ეს ემოციებზე დაფუძნებული ისტერიაა. ამის საპასუხოდ უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ემოციებზე დაფუძნებული გაკიცხვა, არამედ იგი ეყრდნობა წმინდა წერილსა და ფაქტებს. ჰომოსექსუალისტური ქცევის საწინააღმდეგოდ მიმართული არგუმენტების მიჩნევა ისევე არ შეიძლება ჰომოფობიისათვის ხელშეწყობად, როგორც ქურდობის საწინააღმდეგოდ მიმართულ არგუმენტებს ვერ მივიჩნევთ კლეპტოფობიის წახალისებად.

ეს ქმნის დისკრიმინაციულ გარემოს ჰომოსექსუალისტებისათვის. ამ არგუმენტთან დაკავშირებით არსებობს ორი ძირითადი შეცდომა. პირველი, ის არ ასხვავებს ჰომოსექსუალიზმსა და ჰომოსექსუალისტებს ერთმანეთისაგან. (ნასვამ მდგომარეობაში მართვის საწინააღმდეგო კანონები მაინცდამაინც მსმელთა დისკრიმინაციისათვის არ არის შემოღებული. პიროვნება შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს ალკოჰოლიზმს და არა ალკოჰოლიკებს, ჩვენ უნდა განვასხვავოთ პიროვნება პრაქტიკისაგან. მიუღებელია ჰომოსექსუალისტური ქცევა, რაც არ გულისხმობს, რომ მიუღებელნი არიან ჰომოსექსუალისტები, როგორც პიროვნებები). მეორე, ეს შეკამათება არასწორად ვარაუდობს, რომ ყველანაირი დისკრიმინაცია მცდარია. ეს დისკრიმინაციაა დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ფაქტობრივად, დისკრიმინაცია კარგი ტერმინია, რადგან ყველა გონიერი ადამიანი ახდენს დისკრიმინაციას, ანუ განასხვავებს. სწორედ ამიტომაა, რომ შხამზე მითითებულია თავის ქალა, რაც საშიშროებაზე მიგვითითებს, ან სიგარეტის კოლოფზე არსებული წარწერა: „მოწევა კლავს!“ ჩვენ დისკრიმინაციას ვახდენთ ასევე სოციალურად საშიში ქცევის საწინააღმდეგოდ სასჯელითა და პატიმრობით. არ მოვახდინოთ დისკრიმინაცია (შეზღუდვა) სოციალურად არასასურველი ქცევის საწინააღმდეგოდ, ეს იგივეა, რომ არ მოვახდინოთ რეაგირება ძალადობაზე და განვაცხადოთ, რომ მოძალადის დაპატიმრებით ჩვენ ვავლენთ დისკრიმინაციას მის მიმართ.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ არგუმენტებში არ არის საკმარისი ქრისტიანული სიყვარული ადამიანის მიმართ. ეს შეკამათება მიიჩნევს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გვიყვარდეს ცოდვილი, მაშინ, როდესაც გვძულს მისი ცოდვა. არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც ჩვენ ვერ შევძლებთ გვიყვარდეს ლოთი და გვძულდეს ლოთობა. მსგავსადვე, ჩვენ შეგვიძლია გვიყვარდეს ჰომოსექსუალისტები, მაგრამ გვძულდეს ჰომოსექსუალიზმი. ყველასთვის ცნობილია, რომ ყველა ქრისტიანი ვერ ახორციელებს თანმიმდევრულად ამ დამოკიდებულებათ. მრავალი ადამიანი უარს ამბობს საკუთარ შვილებზეც კი, როდესაც ისინი „ზღვარს სცილდებიან“. ეს ტრაგიკული შეცდომაა. ეს არც ქრისტიანული საქციელია და არც შველაა გზას აცდენილთათვის. ეს ეწინააღმდეგება ქრისტეს სულს, რომელიც მოვიდა მებაჟეთა და ცოდვილთა გადასარჩენად. არც არავის უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ უარყოფით დაიბრუნებს მათ; თუ ისინი რწმენის აღმსარებლები და ეკლესიის წევრები არიან და ამავდროულად ეწევიან ჰომოსექსუალურ ცხოვრებას, მათ მიმართ უნდა იქნას გამოყენებული საეკლესიო დისციპლინა (1კორ. 5). მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა გამოვიჩინოთ სიყვარული მათდამი, როგორც მეგობრებისა და ახლობლებისადმი, რათა დახმარება აღმოვუჩინოთ. მათი, როგორც პიროვნებათა, სრული უარყოფა უფრო მეტად უბიძგებს მათ ცოდვილ ქმედებათაკენ. სიყვარული დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე, მათ შორის მსგავსი ცოდვის ჩამდენზეც და ხელს არ ჰკრავს მათ. ჰომოსექსუალებს, როგორც პიროვნებებს, თანადგომა სჭირდებათ და არა გაკიცხვა და უარყოფა.


შეჯამება და დასკვნა

ღმერთმა დაადგინა, რომ სექსი დასაშვებია მონოგამიურ, ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობათა კონტექსტში. ჰომოსექსუალისტური პრაქტიკა ეწინააღმდეგება ადამიანებისათვის ღვთისგან დადგენილ ნიმუშს. დამატებით, ბიბლია გამოკვეთილად და მყარად ლაპარაკობს ჰომოსექსუალისტურ ურთიერთობათა წინააღმდეგ. ძველი აღთქმა ამას მძიმე დანაშაულად მიიჩნევს, ხოლო ახალი აღთქმა მას განკვეთის საფუძვლად ადგენს. ბიბლიაში ჰომოსექსუალისტური პრაქტიკა სახელდებულია არაბუნებრივად, სიბილწედ, სისაძაგლედ, სამარცხვინოდ, უკუღმართად და სხვ.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ, როგორც ქრისტიანებს, უნდა გვიყვარდეს ცოდვილი, თუნდაც საძულველი იყოს მისი ცოდვა. ჩვენ ვალდებულნი ვართ გამოვიჩინოთ სიყვარული მათდამი, რათა შევიძინოთ ისინი ქრისტესთვის, მისთვის, ვისაც უყვარს ისინი და ვინც თავი გასწირა მათთვის ჯვარზე.

წყარო 

ნორმან გაისლერი

Thursday, November 10, 2016

ნაცარქექიას აპოლოგია - ზურაბ კიკნაძე

ელექტრონულ ვერსიას ვუძღვნი ბ-ნ მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას

ნაცარქექიას აპოლოგია

ჩვეულებრივ საუბარში ამბობენ: "ეს ზღაპარია". და ის, რაზედაც ამბობენ, რომ ზღაპარია, მიაჩნიათ, რომ განუხორციელებელი ოცნებაა, ან სინამდვილის საპირისპიროა, ან ტყუილია და ამიტომაც მასზე ფიქრისთვის არ უნდა მოცდეს გონიერი კაცი...

ნამდვილად სიტყვა "ზღაპარი" არ იმსახურებს იმას, რომ ის დავუპირისპიროთ სიმართლეს, ჭეშმარიტებას. ამ სინამდვილეს კი ნამდვილად უპირისპირდება. რადგან ზღაპარი ეწოდა ისეთ ამბავს, რომელიც გვაუწყებს ყოველდღიური სინამდვილის ძლევით მასზე აღმატებულის დამკვიდრებას. განა ტყუილი დაერქმევა იმ გზას, რომლის ბოლოს აბსოლუტური დასასრულია, როცა უკან არის მოტოვებული ყველა განსაცდელი, მეტიც: განსაცდელის წყარო - ბოროტება აღმოფხვრილია, განქარებულია უკანასკნელი მტერი, და მთელი ყოფიერება მარადიული ქორწილით ახალ საფეხურზე ადის, სადაც არის ახალი ცა და ახალი მიწა... ამ გზის გამკაფავი არის ზღაპრის გმირი, რომელიც გადის მამის სახლიდან, რათა გამარჯვებული და გამდიდრებული კვლავ დაუბრუნდეს მას...
აჰა, გადის ბიჭი, ახალგაზრდა, მზეჭაბუკი თუ გლეხის შვილი. ის არ იცნობს არც საკუთარ თავს, არც გარესამყაროს. ის იქნებ თავის თვალშიც არარაობაა, უსუსურია, ყარიბია, მაგრამ არც კომბალი უჭირავს ხელში, არც სხვა რამ იარაღი თავის დასაცავად. მაგრამ საკმარისია გადააბიჯოს კარის ზღურბლს, აღმოჩნდეს პირველ განსაცდელში, რომელიც მას ელის გარეთ, იმ წამსვე წამოიმართებიან თითქოს არარაობიდან მის საშველად... მაგრამ ყველა შემხვედრს როდი ეშველებიან ისინი. მხოლოდ მათ ეშველებიან, ვინც კაცთაგან უვალს და გაუთელელ გზას ადგანან. ეს ბიჭი - ყარიბი, გასული იდუმალის საძიებლად, იმ გზაჯვარედინს გაცილებული, სადაც სწერია "აქეთ წახვალ, ვეღარ დაბრუნდები" - ის სწორედ ამ გზას ადგას, რადგან ყველა სხვა გზა ფუჭი და ამაოა (დაე, ჭკვიანმა ძმებმა იარონ იმ გზებზე, რომლებიც ტყუიან), - სავსე რწმენითა და ნდობით ყოველი არსებისადმი, მზადმყოფი გასცეს უკანასკნელი, თვით ისიც, რაც დიდი განსაცდელის გავლით აქვს მოპოვებული, - ეს ბიჭი ღირსია იმისა, რომ მის მხარეზე იყოს მთელი ხილული და უხილავი სამყარო... და ის გამარჯვებული ბრუნდება. მისი გზა-სავალი ისეთია, რომელსაც "ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან".

ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან იმ კაცის ფიქრებსაც, კერიის წინ რომ ჩამჯდარა და ქექავს ნაცარს. ეძებს რასმე? იქნებ ეძებს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რას ეძებს და ვერც დავინახავთ, რასაც მოიძევს. ამ კაცის სახელი სალანძღავ და საკიცხველ სიტყვად იქცა. "რას დამჯდარხარ ნაცარქექიასავით!" მაგრამ განა შეძლებს ყოველი უსაქმური ნაცარქექიასავით ჯდომას? 

დაე, დასცინოდნენ მას იმ საგნების გამო, რომელიც მან მოითხოვა სახლიდან გასვლისას, როცა გარეთ აგდებდნენ. რა არის ჭყინტი ყველი, რა არის სადგისი, რა არის ერთი გუდა ნაცარი? ნივთები, რომლებიც მხოლოდ სახლში შეიძლება გამოადგეს კაცს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს კაცი, რომელსაც აიძულებენ დასტოვოს კერა, არ გამოიყენებს ამ საგნებს მათი პირდაპირი დანიშნულებისამებრ. ის არ შეჭამს ყველს (ვერც ხანგრძლივად შეინახავს, ის ჭყინტია), სადგისით არ გახვრეტს ტყავს, ნაცრით არ გახეხავს ქვაბს. ის აღმოაჩენს მათში იმაზე მეტს, რასაც ისინი ასრულებენ ყოველდღიურ ყოფაში, ან რაც მათთვის დაუკისრებია ადამიანის ჭკუას. დასცინიან მას? მაგრამ ის თავად დასცინებს მათ, ვინც ვერ იხედება საგანთა უკან, საგანთა სიღრმეში, საგანთა ზემოთ, რომელთა ჭკუა ერთგანზომილებიანია, ამიტომაც ყოველდღიურობას მიჯაჭვული... 

ის აერთებს თავის თავში ორი ტიპის ადამიანს, რომელთაგან ერთი ჭვრეტს - მჭვრეტელია, მეორე მოქმედებს - მოქმედია... ერთი შინ არის, მეორე - გარეთ. სოფელი მათ გარეშე წარმოუდგენელია, ისინი ერთმანეთს ავსებენ. ერთიც აუცილებელია და მეორეც. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ერთის წილი - მჭვრეტელისა, რომელიც ზის, გამორჩეულია. მჭვრეტელი, იდუმალის მსმენელის წილი ქრისტემ გამოარჩია, როცა უთხრა ბეთანიელი ლაზარეს დას: "მართა! მართა! შენ ბევრ რამეზე ზრუნავ და წუხხარ, საჭირო კი მხოლოდ ერთია..." (ლუკა, 10:41-42). 

ასე ზის კაცი კერიაში - სახლისა და სამყაროს შუაგულში და იჩხრიკება, და მას ნაცარქექიას ეძახიან; მისი ქცევა გარეშე თვალისთვის ისევე დაცლილია აზრისაგან, როგორც ნაცარი - ცეცხლისაგან. მაგრამ ნაცარქექიამ ცნობიერად თუ ქვეცნობიერად იცის, რომ ნაცრის ჩხრეკა ცეცხლის არსის, მისი საფუძვლის ჭვრეტის სიმბოლოა. ის ხილულში უხილავს ეძებს. მან იცის, რისი დანატოვარია ნაცარი და ნაცრიდან რას შეიძლება მისწვდეს მისი მჩხრეკელი... 

დაე, დასცინოდნენ მას ამ საქმიანობისთვის, მაგრამ მოვუსმინოთ, რას ამბობს მგოსანი:

მაგრამ რომ გაჰქექ ცივ ნაცარს

და გამოუქექ მას ძირსა,

იქ ნახავ ობოლ ნაკვერცხალს,

მიმალულს-მივიწყებულსა;

და იმ ნაკვერცხლით აანთებ,

ააგუგუნებ კერასა,

სახლიც გათბება და ბნელი

ნათელს ვერ ავნებს ვერასა...

3 სექტემბერი, 2016 წ.

Sunday, July 10, 2016

შერეული ქორწინების შესახებ - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

ამონარიდი სტატიიდან: „ქორწინება და ევქარისტია“ - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

„ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა, კანონიკურ სამართალში ეკლესიური ქორწინების პირობაა. „ლაოდიკიის (წესი 10 და 31), კართაგენის (წესი 21), ქალკედონის (წესი 14) და ტრულის (წესი 72) კრებები კრძალავენ მართლმადიდებელსა და არამართლმადიდებელს შორის ქორწინებას და განსაზღვრავენ, რომ საჯარო კანონების მიხედვით შემდგარი მსგავსი ქორწინებები ეკლესიის მიერ დარღვეული უნდა იყოს, რაც არის პირობა საეკლესიო საიდუმლოებათა მისაღებად.

მაგრამ, რა თქმა უნდა, აქ საკითხი ვერ გადაიჭრება მხოლოდ ფორმალურად: ის ეხება არა კანონებისა და წესების დაცვას, არამედ, სწორედ რომ, ქრისტიანული ქორწინების ბუნებას. მეგობრობა, საერთო ინტერესები, ფსიქოლოგიური ურთიერთგაგება, ხასიათთა შეთავსებულობა, და, რა თქმა უნდა, შეყვარებულობა სრულიად შეუძლებელია იმის გარეშე, რომ ორივე მხარე ერთ ეკლესიას ეკუთვნოდეს. მაგრამ კითხვა სწორედ ისაა, შესაძლებელია თუ არა ადამიანის სიყვარული ღვთის სასუფევლის სიხარულად გარდაიქმნას, თუ არ არსებობს საფუძველის საერთო გაგება და განცდა, ანუ არ არსებობს რწმენის ერთიანობა? შესაძლებელია კი ცხოვრება „ერთ სხეულად“ ქრისტეს სხეულთან და სისხლთან საერთო ზიარების გარეშე? შესაძლებელია კი „ქრისტესა და ეკლესიის მიმართ“ ქორწინების საიდუმლოების მიღება, თუკი საღვთო ლიტურგიის საიდუმლოებაში ერთობლივი მონაწილეობა არ ხდება?

ყოველივე ეს არის არა „ფორმალური“ საკითხი, არამედ სწორედ ის საკითხები, რომლებიც არსობრივად ეხება ქრისტიანობას. ცნობიერი ქრისტიანი, რომელიც „შერეულ“ ქორწინებაში შედის, ვერ გაექცევა მათ, სახარება კი, საერთოდ, მხოლოდ მათთვისაა დაწერილი, ვინც მას ცნობიერად ეკიდება.

რა თქმა უნდა, ადვილი გამოსავლის პოვნა შესაძლებელია კონფესიონალურ რელატივიზმში, რომელიც დღესდღეობით ძალიან პოპულარულია (თითქოს ეკლესიებს შორის არ არისო „დიდი განსხვავება“), ანდა ეკლესიურ ცხოვრებაში ევქარისტიის ცენტრალურობის უარყოფაში. არაა შემთხევითი, რომ სწორედ მას შემდეგ, რაც ქორწინების რიტუალი ევქარისტიას გამოეყო (X საუკუნეში), „შერეულ“ ქორწინებათა აკრძალვამ აბსტრაქტულ-ფორმალური მნიშვნელობა შეიძინა. „შერეული“ ქორწინების შეუძლებლობა უკვე იმით იყო ცხადი ჭეშმარიტება ადრეული ეკლესიის ყოველი წევრისთვის, რომ ქორწინება ყოველთვის საკრამენტულად მთავრდებოდა ერთობლივი ზიარებით: თუ შეუძლებელი იყო ზიარება, მაშინ შეუძლებელი იყო ეკლესიური ქორწინებაც.

დღესდღეობით, პროტესტანტული ეკლესიები უშვებენ და მიესალმებიან კიდევაც დაყოფილი ქრისტიანების ერთობლივ ზიარებას რწმენის საკითხებში წინასწარი თანხმობის გარეშე. ევქარისტიის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მორწმუნეთა ცნობიერებაში კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის შერეულ ქორწინებებთან დაკავშირებულ საკითხებს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ამას ღვთისმეტყველებისა და პრაქტიკული ცხოვრების ქაოსი ემატება, რომელიც ახლა კათოლიციზმში ბატონობს, იმის მერე, რაც ვატიკანის მეორე კრების შემდეგ „ინტერკომუნიონი“ (განსხვავებული კონფესიების ქრისტიანთა ევქარისტიული ურთიერთობა) გახდა დაშვებული. პრაქტიკულად, ეს იმას ნიშნავს, რომ ევქარისტია აღარ განიხილება როგორც ჭეშმარიტების სისავსეში ურთიერთობა, როგორც საპასუხისმგებლო და პირადი მონაწილეობა ქრისტეს ხილული ერთიანი სხეულის ცხოვრებაში და მხოლოდ და მხოლოდ ადამიანური ძმობის სიმბოლოდ იქცევა: ზიარების აქტი გაიგება არა როგორც ქრისტიანული რელიგიური გამოცდილების მთლიანობის ცენტრი, არამედ დამატებითი „რიტუალი“, მაშინ როცა თვით ქრისტიანობის რეალობა ზექვეყნიური მისტიციზმის სფეროში გადაიტანება, ანდა, პირიქით, ამა სოფლის მსახურების პრაქტიკულ ფორმებს უიგივდება.

„ინტერკომუნიონის“ უარყოფით, რა თქმა უნდა, მართლმადიდებლური ეკლესია არ უარყოფს ყველა მათგანის შინაგანი ერთიანობის ფაქტს, ვისაც ქრისტე სწამს, და არ უარყოფს ქრისტიანთა თანამშრომლობასა და ძმობას. პირიქით, ის გზას ათავისუფლებს სრული და ჭეშმარიტი ერთიანობისაკენ იმით, რომ დევნის ყოველივე იმას, რაც ამ ერთიანობას ზედაპირული და წმინდად ადამიანური სუროგატებით ჩაანაცვლებს. სწორედ ასევე, ქორწინების საიდუმლოში ეკლესიაც იმისკენ მიისწრაფვის, რომ მექორწინეთა ერთიანობა სრული ქრისტესმიერი ერთიანობა იყოს. ამიტომ, ეს გვიცავს ამ ერთიანობის ჩანაცვლებისგან, ან ნებისმიერ შემთხვევაში, არასრული კავშირისგან, მხოლოდ და მხოლოდ როგორიც შეიძლება იყოს შერეული ქორწინება. ევქარისტიული ზიარებით განმტკიცებული ნამდვილი საიდუმლოება მხოლოდ ის ქორწინება შეიძლება იყოს, რომელშიც ორივე მხარე სრულადაა გაერთიანებული სიყვარულში, რწმენასა და ევქარისტიაში.

ჩვენს დროში ძალიან ბევრი შერეული ქორწინება ხდება. დასავლეთის ქვეყნებში, სადაც მართლმადიდებლები უმნიშვნელო უმცირესობას შეადგენენ, მათი რიცხვი მუდმივად იზრდება. რუსეთში კი, ხშირად მორწმუნე და არამორწმუნე მხარეთა შორის ქორწინებისას გარდაუვლად დგება იგივე პრობლემა ქრისტეს საერთო რწმენის გარეშე ნამდვილი „ქრისტესმიერი“ სიყვარულის შეუძლებლობის შესახებ. ძალიან ხშირად, შერეული ქორწინებები ადამიანური თვალსაზრისით საკმაოდ ბედნიერია, ვიდრე მრავალი ქორწინება ეკლესიის ნომინალურ წევრთა შორის, რომლებსაც არასოდეს გაუგიათ ქორწინების ქრისტიანული საზრისი და სერიოზულადაც არ მიუღიათ საკუთარი ქრისტიანული პასუხისმგებლობა. ამიტომ, უმართებულო იქნებოდა, კანონიკური ტექსტებისთვის აბსოლუტური მნიშვნელობის მინიჭებით ყველა შერეული ქორწინება სისტემურად აგვეკრძალა.

ცხადია, თუკი საეკლესიო სარგებელი ან ცალკეულ სულთა გადარჩენა, ან აბსოლუტური გარეგანი აუცილებლობა მოითხოვს, ეკლესიას შეუძლია და ვალდებულიცაა შეურიგდეს ქრისტიანობის ზნეობრივ ნორმათა ნაწილობრივ შესრულებას: სწორედ ეს არის ის, რასაც საეკლესიო „იკონომია“ ეწოდება. მაგრამ, ცალკეულ შემთხვევებში, დათმობას არ შეუძლია თვით ნორმა ჩაანაცვლოს. უფალი ჩვენ მოგვიწოდებს სრულყოფილებისაკენ და არა კომპრომისისაკენ: „იყავით თქვენ სრულყოფილნი, ისევე როგორც თქვენი ზეციური მამაა სრულყოფილი“ (მათ. 5.48). სრულყოფილებისაკენ სწრაფვის გარეშე არ არსებობს ჭეშმარიტი ქრისტიანობა. რელიგიური ინდიფერენტულობა და ნელ-თბილობა, ქრისტიანული რწმენის ზედაპირული აღქმა ჭეშმარიტ ქრისტესმიერ სიცოცხლესთან შეუთავსებელია. შერეული ქორწინებების დაშვებით ეკლესია არ ამბობს უარს ქრისტიანული ცხოვრების ახალაღთქმისეულ კრიტერიუმზე და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში იმედოვნებს, რომ საბოლოოდ არამართლმადიდებელი მხარე მართლმადიდებლობას მიიღებს, რითაც განახორციელებს რწმენის ერთიანობის სისრულეს და ამით, ქორწინების საიდუმლოების სისრულესაც.

ქრისტიანებს შორის შერეული ქორწინებების დაშვებით ეკლესიას არ შეუძლია მართლმადიდებელ და არაქრისტიან მხარეებს შორის ქორწინების კურთხევა: ღმერთის სახელის მოხმობა, ქრისტეს სახელით საიდუმლობის შესრულება მხოლოდ იქაა შესაძლებელი, სადაც არის რწმენა ღმერთისა და ქრისტესი. ამის გარეშე არა მხოლოდ თვით საიდუმლოება ხდება მკრეხელური, არამედ არამორწმუნე მხარის ღირსების შეურაცხყოფაც ხდება იმ რიტუალის აღსრულებით, რომელიც ურწმუნოსათვის აზრსმოკლებულია. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ ოჯახებზე, სადაც ერთი მხარე უკვე ქორწინების შემდეგ (რომელიც ეკლესიის გარეთ შედგა) იღებს ქრისტიანობას, პავლე მოციქული მოუწოდებს ოჯახური მშვიდობის შენარჩუნებისკენ: „თუ რომელიმე ძმასა ჰყავს ურწმუნო ცოლი, და ქალი თანახმაა იცხოვროს მასთან, არ უნდა მიატოვოს იგი. და ცოლიც, რომელსაც ჰყავს ურწმუნო ქმარი, და კაცი თანახმაა იცხოვროს მასთან, ნუ მიატოვებს მას. ვინაიდან ურწმუნო ქმარი მორწმუნე ცოლისაგან განიწმინდება, და ურწმუნო ცოლი – მორწმუნე ქმრისაგან. თორემ თქვენი შვილებიც არაწმიდანი იქნებოდნენ, ახლა კი წმიდანი არიან. ხოლო თუ ურწმუნოს გაყრა სურს, დე, გაეყაროს. ამ შემთხვევაში არც ძმა და არც და შეკრულნი არ არიან; ვინაიდან მშვიდობისთვის გვიხმო უფალმა“ (I კორ. 7.12-15).

ფორმალური წესი, რომელიც საჯარო კანონად იყო დამტკიცებული რევოლუციამდელ რუსეთში (და უახლოეს ხანებამდე მკაცრად იყო დაცული რომაულ კათოლიციზმში), იმის შესახებ, რომ შერეული ქორწინების შემთხვევაში ბავშვები აუცილებლად მართლმადიდებლობის სულით უნდა აღზრდილიყვნენ, მოძღვრულად და პრაქტიკულად ძნელად შესასრულებელია. ლეგალიზმი და ფორმალიზმი რთულად შეთავსებადია ქრისტიანული თავისუფლების პრინციპებსა და თავისუფლებასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობასთან. მხოლოდ ორი შესაძლებლობა არსებობს: ან მართლმადიდებელი მხარე საკმარის სულიერ ძალას ფლობს, რათა ბავშვები ეკლესიაში აღზარდოს, ან მას ეს ძალა არ გააჩნია და მაშინ, ფორმალური ხელწერილები და მოვალეობები საქმეს ვერ უშველის. სამოძღვრო სიმტკიცე იმ შემთხვევებში უფროა გამართლებული, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი არ მოითხოვს მართლმადიდებლურ ქორწინებას, და თანხმდება მართლმადიდებლობის მიღმა ქორწინებაზე: ეს სულიერი კომპრომისია და ძნელად თუ ვიტყვით, რომ ეკლესიის წევრობას ეთავსება.

შერეულ ქორწინებასთან დაკავშირებული მრავალი საკითხი თავისთავად გადაიჭრებოდა, თუკი ქორწინებასა და ევქარისტიას შორის ადრე არსებული კავშირის აღდგენა გახდებოდა შესაძლებელი: ორ მართლმადიდებელ მხარეს, ეკლესიის ორ წევრს შორის ქორწინება ქრისტეს სხეულსა და სისხლთან ზიარებით განმტკიცდებოდა, რითაც იგი შეიქმნებოდა ქორწინების საიდუმლოს მთელი საპასუხისმგებლო საზრისის გამომხატველ ქრისტესა და ეკლესიის მარადიულ სახეში. ევქარისტიის გარეშე ქორწინებების წესში კი შერეული (ასევე, მართლმადიდებელთა შორის განმეორებითი) ქორწინებების სხვაგვარად კურთხევა მოხდებოდა: ეს წესი ჩვენს თანამედროვე წესთან შედარებით უფრო ნათლად გამოხატავდა იმას, რომ შერეული და განმეორებული ქორწინებები არ ეთანხმება ქრისტიანულ იდეალს. გარდა ამისა, იმასაც აჩვენებდა, რომ რწმენის ერთიანობაში ქორწინება შესაძლებელი და მისაწვდომია მაშინვე, როგორც კი ორივე მხარე მზად იქნება, ერთად მიუახლოვდეს მაცხოვნებელ ბარძიმს“.

თარგმნა ელენე ლადარიამ (ჟურნალში შეცდომით მითითებულია ლევან აბაშიძე)

ჟურნალი „დიალოგი“, №1-2 (6-7), 2007 წ.


Thursday, July 7, 2016

ეკლესიისა და სასულიერო განათლების მდგომარეობა

ეტლი, რომელზეც მოკლეს ილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძე ჩვენი ერის უბედურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სულიერი ცხოვრებისა და თავად სასულიერო საქმის გაუკუღმართებას მიიჩნევდა. ჭეშმარიტი მართლმადიდებელი და წმიდა ეკლესიის ქომაგი მწერალი თავის პუბლიცისტურ წერილებსა და მხატვრულ შემოქმედებაში არაერთხელ შეხებია ამ მტკივნეულ პრობლემას. ისეთი თემები, როგორიცაა სასულიერო წოდების ღვაწლი, დანიშნულება და მოვალეობა, ეგზარქოსების საკითხი, ეკლესიური რეფორმები და სემინარიის მდგომარეობა, არაერთხელ გამხდარა ილიას კრიტიკული და გულმტკივნეული მსჯელობის საგანი.

„დიდი ყურადღების მიქცევა უნდა ჩვენს სასულიერო საქმეს... აქ უსათუოდ წამალი რამ უნდა დაედოს, თორემ ერს ლამის ქანცი გაუწყდესო“, – წერდა ის 1881 წელს „შინაურ მიმოხილვაში“ (88.506) და დიდ სიფრთხილესთან ერთად ტაქტიანობასაც იჩენდა ამ საკითხების მიმართ.

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, ქვეყნის ანექსიის შედეგად, საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია დაკარგა და „რწმენაში პირველწოდებული“ ქვეყანა რუსეთთან შეერთების შემდეგ მმართველი სინოდის „ახალი წამოწყებებისა“ და რეფორმების ტყვეობაში აღმოჩნდა.

საქართველოს ეკლესიის გამგებლად ეგზარქოსები დაინიშნა, რომლებსაც არც ძალა შესწევდათ და არც სურვილი მოსდგამდათ ქართველი პატრიარქების მსგავსად ერისათვის ეღვაწათ. პირიქით, ისინი ვერ ეგუებოდნენ ქართველი სამღვდელოების ხალხთან სიახლოვეს, ამიტომაც გააუქმეს საქართველოში 25 სამღვდელმთავრო კათედრა, უამრავი ეკლესია-მონასტერი დახურეს, ხოლო მოქმედ ტაძრებში აკრძალეს ქართულად ღვთისმსახურება.

ჩვენი სასულიერო წოდება მეტად გამოუვალ მდგომარეობაში მოექცა, ამის გამო სამღვდელოების უმრავლესობამ თანდათანობით შეწყვიტა მღვდელმთავრებისადმი მორჩილება, ეკლესიისადმი ერთგულება, თანდათანობით დასუსტდა და თავი დაანება მრევლზე ზრუნვას.

საქართველოში „რეფორმების“ შედეგად ისეთი სამღვდელო კადრები მზადდებოდა, რომელთა დიდი ნაწილიც თავიანთი უღირსი საქციელით აბრკოლებდა ხალხს.

ილია ჭავჭავაძე ერთ-ერთ თავის პუბლიცისტურ სტატიაში წერდა: „დღეს სამღვდელოებას თითქმის დავიწყებული აქვს ჩვენის უწინდელის სამღვდელოების ღვაწლი საქართველოს ეკლესიისა და ქვეყნისათვის. დღეს ყოველი საკუთარის სტომაქისთვისღა იღწვის და საკუთარი სარგებლობის დევნაშია გართული“ (88.171).

ჩვენი ტრადიციის მიხედვით, საქართველოში ყოველთვის დიდ პატივს სცემდნენ სასულიერო წოდებას, რომელიც თავის თავში მუდამ ადამიანის საუკეთესო სულიერ საწყისებს განასახიერებდა. ჩვენი მწყემსმთავრები და მამები ყოველთვის მზად იყვნენ ხალხისათვის მოთმინების, უბიწოების, სიკეთისა და თავგანწირვის მაგალითი ეჩვენებინათ. ამიტომაც იყო დიდი კრძალვა, მოწიწება და სიყვარული მათ მიმართ. სამღვდელოება ჭირსა თუ ლხინში გვერდით ედგა ხალხს, ომებში ლოცვა-კურთხევით მიუძღოდა წინ და ევნებოდა სამშობლოსა და რწმენისათვის.

მღვდლობა მოვალეობად უფრო აღიქმებოდა, ვიდრე უპირატესობად, მაგრამ მაინც ბევრი იყო მღვდლობის მსურველი.

ილია 1888 წელს გაზეთ „ივერიის“ №9-ში წერდა: „უწინ სასულიერო წოდებაში შესვლა და ყოფნა დიდ პატივად და დიდ ღირსებად მიაჩნდათ, დიდი გვარიშვილნი, მეფეთა ოჯახისანი და ძენიც - კი ბედნიერად რაცხდნენ თავს, თუკი ეღირსებოდნენ სასულიერო წოდების კაცად გახდომას, სასულიეროში შესვლას და სამსახურსა. ყველამ იცოდა, რა მძიმეა ჯვარი ქრისტესი, ჯვარი მამულისა და ეროვნებისა და სახელიც მოღვაწისა ამ სიმძიმეში იყო. ეს სიმძიმე აპატიოსნებდა ღვაწლსა, ეს ტვირთი ასხივოსნებდა სამსახურსა და ამ პატიოსნებასა და სხივოსნობაში იყო თავ-მოწონებაც და ჯილდოცა მოღვაწისა.“

1888 წლისათვის ძალზე დროული იყიო საზოგადოებისა და თავად სამღვდელოებისათვის ამის შეხსენება, რადგან ბევრს დავიწყებოდა წინაპართა ღვაწლი, დაჰკარგვოდა ერთგულება და სარწმუნოება და თავიანთი დანიშნულების განცდა ღვთისა და ერის წინაშე...

სარწმუნოება და რჯული, ეროვნებასთან შეერთებული და შესისხლხორცებული, მუდამ იყო შეულეწელი ფარი ქართველი ხალხისათვის. ეს კარგად იცოდნენ ძველ დროში და სამღვდელოება ქადაგებას იქითკენ მიმართავდა, რომ მამული და ეროვნება რჯულამდე გაეპატიოსნებინა და სარწმუნოებამდე აემაღლებინა. მწერალი აღნიშნავდა: „ამაში ჰპოულობდა უწინდელი სამღვდელოება თავის სულიერსა და ხორციელ ღონეს, თავის ძლიერებას; ამით გაამაგრა ამ პატარა ქვეყანაში სარწმუნოება ქრისტესი“, და ეს მაშინ, როცა გარშემო შემოხვეული ვეშაპი-მტრები ცდილობდნენ ქრისტიანობა ძირიანად ამოეგდოთ. „მამული და ეროვნება მიაშველა სამღვდელოებამ რჯულს, რჯული მამულსა და ეროვნობას და ეგრეთ მოძღვრებულმა ერმა ეს სამება წაიმძღვარა წინ, ათას ხუთასი წელიწადი ომითა და სისხლისღვრით გამოიარა და ქართველს ბინაც შეუნახა და ქართველობაცა.

ამ სამთა უწმინდესთა საგანთა შეერთებამ ასწია ჩვენი სამღვდელოება და დააყენა იმ მაღალ ხარისხზედ, სადაც ყოველი ბიჯი ღვაწლია და სამსახური ქვეყნის წინაშე“ (25).

ჩვენი მამა-პაპის სამღვდელოებაზე ითქმოდა, რომ ღვთის მსახური კაცი იყო ქვეყნისა და ერის მსახური, ჭირში მეშველი, უკეთესი მამა, გულშემატკივარი დამრიგებელი, მაღალი ზნეობის მაგალითი; გამკითხავი ყოველის ბოროტისა და უკეთურობისა, უშიშარი მქადაგებელი ჭეშმარიტებისა და სიმართლისა, თავდადებული და თავგამომეტებული სჯულისა და ერისათვის. „ჩვენი ისტორია სავსეა სახელოვანის მოღვაწეობითა იმ ნეტარხსენებული სამღვდელოებისა“, – წერდა ილია და თავის მხატვრულ ქმნილებაში, ისტორიულ პოემა „მეფე დიმიტრი თავდადებულში“ სწორედ ასეთი სასულიერო პირის სახე დაგვიხატა.

XVII საუკუნეში, ქართველთა მეფის, დიმიტრის გადაწყვეტილება, მონღოლთა ურდოში წასვლით მტრის აოხრებისაგან გადაერჩინა ქვეყანა, მხოლოდ მღვდელმთავარმა შეიწყნარა. იცოდა რა, რომ „მოყვასისთვის თავდადება ქრისტე ღმერთის ანდერძია“, სათათბირო კრებაზე, დარბაზის, სპასალარის, ხალხისა და თავისი დიდი პირადი ტკივილის მიუხედავად, მან ერთადერთმა აკურთხა ქართველთა მეფე თავდადებისა და თავგანწირვისათვის:

„ვსტირ და გირჩევ ღვთის სახელით,
ხორცი დასთმო სულისათვის,
უკვდავება არ დაკარგო
წუთის-სოფლის გულისათვის“. (84.238)

„წავიდნენ ის მამა-პაპანი და თან გაჰყვნენ ის სახელოვანი ღვთის მსახურნიცა, რომელთაც საქართველოს გაქრისტიანების დღიდან ამ საუკუნის დასაწყისამდე ხელთ ეპყრათ“ ქართველ მონარქებთან ერთად, ჩვენი ქვეყნის სიმტკიცე, სიწმინდე და ძლიერება (88.171), – ასე აფასებდა ილია ძველი დროის სამღვდელოების სამსახურს და შენატროდა წარსულს, გულშეძრული იმ რეალობით, რომელიც დასადგურებული იყო მის ქვეყანაში.

XIX საუკუნეში, ქართული ეკლესიის მწყემსმთავრებად დანიშნულ ეგზარქოსებს ასი წლის მანძილზე არაფერი უკეთებიათ სასიკეთო ქართული ეკლესიისა და ხალხისათვის, ისინი უცხონი იყვნენ, არ ესმოდათ მრევლის ენა, ზნე-ჩვეულება, საქართველოში ჩამოსვლამდე თითქმის არაფერი იცოდნენ ამ ქვეყანაზე. ილია გულისტკივილით შენიშნავდა: „ჩვენს ხსოვნაში ერთი მოხელე არ ვიცი, რომ აქაურობის ცოტაოდენი ცოდნა ჰქონოდეს და ამ ცოდნით აღჭურვილი შესდგომოდეს მისადმი მინდობილს თანამდებობის აღსრულებას. . . უმრავლესობა ყოვლად უცოდინარი არიან აქაურობისაო...“ (89.14)

ეგზარქოსების „მოღვაწეობა“ ჩვენს ქვეყანაში და მათი დაუღალავი „მუშაკობა“ ქართული ეკლესია-მონასტრების სიწმინდეების ძარცვა-რბევით გამოიხატებოდა. დოქტორი ერისთავ-შერვაშიძე თავის წიგნში „სამახსოვრო ჩანაწერები“ ქართველი ხალხის გასაჭირზე ამბობს: „ჩვენს წმინდათაწმინდა სალოცავებს, რომლებსაც ქართველი ხალხი გარდასულ დროთა განმავლობაში მთელი თავისი არსებით უფრთხილდებოდა და იცავდა, ამჟამად მოურიდებლად, დღისით, მზისით ურცხვად ძარცვავენ. ჩვენი ტაძრები, საუკუნეთა მსვლელობისას მხილველნი, დღეს მძარცველთა საკუთრებად ქცეულან; ხოლო გაუკაცრიელებულ მონასტრებში თანდათან წყვდიადი იმკვიდრებს. ისინი უბირი რუსი ბერებისაგან ხდებიან შებილწულნი. ვინ არიან დამტაცებელნი? რუსი ეგზარქოსები! ეგზარქოს ევსების დროს გაძარცვეს საქართველოს თითქმის ყველა მონასტერი. მონასტრებიდან, – ამბობს ქართული ეკლესიის ქომაგი, – გატაცებულია წმინდა საგანძური, რომელიც გადაურჩა თურქ-ოსმალოთა შემოსევას, თუმცა მარტო ამით როდი შემოიფარგლა შინაური მტრის მოქმედება. მან როგორც ურწმუნოების და ათეიზმის განსახიერებამ, ქართველი ხალხის ცნობიერებაში ეკლესიისადმი უპატივცემულობის ჩანერგვა იწყო. თავის აგრესიულად განწყობილ მოქმედებაში იგი ისეთი აგრესიული გახდა, რომ დაუფარავად აუკრძალა ხალხს წინაპართა ეკლესიებსა და მონასტრებში სიარული“ (15.9)

ცნობილია, რომ რუსი იერარქები დანიშვნის დღიდან დევნიდნენ ადგილობრივ მღვდელმთავრებს, ავიწროებდნენ მათ და აშორებდნენ ხალხს, ხშირად აქვეითებდნენ და ასახლებდნენ კიდეც... ქვეყანას კი ისე უყურებდნენ, როგორც მათთვის საძარცვავად მიცემულ ოლქს. საუკუნის დასაწყისიდანვე ეგზარქოსები თეოფილაქტე, ევგენი ბაჟენოვი, ისიდორე, ევსები ილინსკი, პავლე და სხვები დაკავებული იყვნენ მონასტერთა და სავანეთა გაპარტახებით, განძთსაცავების, შემოსავლების, ხატების, მიტრების ძარცვით, სამონასტრო მიწების გაყიდვით, ქართული ხელნაწერებისა და უძველესი წიგნების საქართველოდან გატანითა და განადგურებით.

შედარებით კეთილი სახელი დატოვეს იოანემ, მოსემ და იოანნიკემ, მაგრამ ეს მცირეოდენი გამონაკლისია.

მიუხედავად მათი „გულმოდგინე მუშაკობისა“, ეგზარქოსები ძალზე სწრაფად იცვლებოდნენ საქართველოში.

„რატომ ილტვიან ეგზარქოსები საქართველოდან?“ რა არის მიზეზი?“ –  უკითხავს ყოვლადსამღვდელო კირიონისათვის პრფ. ნ. ნ. გლუბოვსკის და მართალი პასუხიც მიუღია: იმიტომ რომ მათ არ ჰქონდათ კავშირი სამწყსოსთან, არ შეეძლოთ შეგუება მათთან, თანაც მათ მდიდარი რუსული ეპარქიებიც აცდუნებდნენ“ (15.50), –  ეს სრული სიმართლე იყო; არც ერთ მათგანს კეთილი კვალი საქართველოში არ დაუტოვებია და მათ ხშირ ცვლას ჩვენში სასიკეთო ძვრები არასოდეს მოჰყოლია.

მღვდელმთავრების ცვლილებას ილია ჭავჭავაძე პერიოდულ პრესაში ასე ეხმიანებოდა: „ძველის წასვლა იმიტომ გვიხარიან, რომ ერთგვარ განწყობილებაში, ძნელად, ძალიან ძნელად მოხდება ხოლმე, მოხელეს თავის სულიერ ძალ-ღონე ზედგამოჭრილი თანამდებობა ეჭიროს, თავის შესაფერის ადგილას იჯდეს: ტყუილად დედამიწას ამძიმებს და ადგილი დახაფრული აქვს. . . ამიტომაც მოხელეს, როცა ღვთის მადლით, აიბარგება, დიდის სიამოვნებით მივაძახებთ ხოლმე: „გზა მშვიდობისა! ღმერთმა აქეთ ნუ მოგახედოსო“. დავლოცავთ და მიდის კუდაკრეფილი! . . . სრულებითაც არ გვინახავს, რომ მოხელე ამ ლოცვა-კურთხევით არ გაეცილებინოთ“ (73.12).

1879 წელს გაზ. ივერიაში“ (№1) დაიბეჭდა ილიას ძალზე საინტერესო წერილი, რომელიც ახალი ეგზარქოსის იოანნიკეს დანიშვნას იუწყებოდა. ეგზარქოსმა იოანნიკემ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, შედარებით კეთილი სახელი დატოვა საქართველოში, რადგან თავი ეკლესია-მონასტრების ძარცვით არ გამოუჩენია.

წერილში ავტორი მიანიშნებდა, რომ ბოლო დროს სასულიერო წოდებაშიც მოხდა სანუგეშო ცვლილებები და რომ მათი მიზეზი იყო ახალი ეგზარქოსი ყოვლად სამღვდელო იოანნიკე. „სასულიერო წოდებასთან დაახლოებულმა პირებმა დაგვარწმუნა ჩვენ, რომ ამ რვა თვის განმავლობაშიც კი დაეტყო მაღალ წოდებას კეთილი გავლენა უფროსის მშვიდის და მაღალ-პატიოსანის ხასიათისა. იმ შურმა, უთანხმოებამ, ერთმანეთის ბეზღობამ, ჭორიკანობამ, რომელთაც ამ უკანასკნელ ოცი წლის განმავლობაში ღრმად მოიდგეს ფესვები, აშკარად თურმე იკლო. სამაგიეროდ უწინდებური ძმური პატივისცემა, ურთიერთობა და სიყვარული იღვიძებს თურმე სულიერ წოდებაში. ასეც უნდა იყოს. სამღვდელოების კეთილგანწყობა მეტად დიდი რამ არის იმ ღვაწლისათვის, რომელიც ვალად ჰდევს სამღვდელოებას ღვთისა და კაცის წინაშე“ (88.259).

ავტორის ეს იმედი და სიხარული მალევე შეიცვალა, ილიას სურვილი, იოანნიკე ჩვენს ხალხს მართლადა მწყემსად შექმნოდა – გაცრუვდა, ნაადრევი გამოდგა მისი შექება და „ტკბილმა იმედებმა ჩაილურის წყალი დალიეს!“

1881 წლის 1 იანვრის „შინაური მიმოხილვის მაგიერში“ თავის ამ განწყობაზე ილია ასე საუბრობს: „რა იმედით ვიყავით აღვსილნი, როცა. . . განათლების მოთავედ ახლადდანიშნული იყო ბატონი იანოვსკი და სამღვდელოების წინამძღვრად ყოვლადუსამღვდელოესი იოანნიკე. რა სიხარულით, რა იმედებით მივეგებენით ამ დანიშვნასა ჩვენ „ტვირთმძიმენი და დამაშვრალნი“. მადლობა ღმერთსაო, ვიძახდით გულში.

გვეგონა, რომ ბ-ნის ნევეროვისა და ნეტარხსენებულ ეგსარხოსის ევსევის სისტემები დაწუნებულ იქმნენ უმაღლეს მთავრობისაგანო და ახალნი კაცი მოიწვიესო. გვეგონა და გვიხაროდა, გვიხაროდა და გვეგონა! პირველ ხანში ჩვენს ადრეულ სიხარულს თითქო საბუთებიც მოეცა, ბოლოს კი, – ვაი, შენს მტერს!  ისევ შეჩვეული ჭირი გვანატრინეს. გამოვიდა, რომ სისტემა იგივეა და მარტო ხერხია სხვა. . . ღმერთო გვიხსენ!“ (88.422).

სისტემა, მართლაც, იგივე იყო, ხერხები იცვლებოდა შიგადაშიგ, ხან შემსუბუქდებოდა, ხანაც გაუსაძლისი ხდებოდა. ქვეყნისათვის, მისი მომავლისათვის სასიკეთოდ არაფერი იძროდა, პირიქით, თანდათანობით აიკრძალა ქართულად ღვთისმსახურება და სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება. ეს იყო ბევრი უბედურების, უკეთურებისა და ცოდვით დაცემის სათავე.

დაიხურა არაერთი ქართული მონასტერი, რომლებიც დროთა განმავლობაში გაპარტახდა და ნანგრევებად იქცა, თვით საქართველოს განმანათლებლის სავანე, ბოდბის მონასტერი რუსებმა დაიკავეს და ღვთის დიდება ქართულ ენაზე აკრძალეს. ამას თუ გულისხმობდა მწერალი, როცა ქართველებს წმიდა ნინოს მონასტრისადმი გულგრილობას საყვედურობდა და თვლიდა, რომ „ბევრი. . . რამ არის საკითხავი ჩვენში, მაგრამ პასუხს სირცხვილი გარეთ არ უშვებს...“ (89.276)

1882 წელს საქართველოში ეგზარქოსად დაინიშნა ყოვლადუსამღვდელოესი პავლე. ილია ამ დანიშვნას იმედებით არ შეხვედრია. ჟურნალ „ივერიის“ №10-ში დაბეჭდილი სტატია ახალი მწყემსთავრის დანიშვნას ეხება, უფრო კონკრეტულად, იმ მიზეზების გარკვევას, რამაც დააქვეითა ჩვენი სამღვდელოთა ყოდა და იმ საშუალებების ძიებას, რომელსაც შეეძლო მისი ამ მდგომარეობიდან თავდახსნა.

ილია ირონიულად შენიშნავდა: „ეს არის გასაკვირალი, – ახლის მოსვლა რაღად გვიხარიან. . . ამ სიხარულს არავითარი საბუთი არ მიუძღვის იმის მეტი, რომ ვფიქრობთ: „იქნება გვიბრალოს ღმერთმა და გამოსადეგი კაცი დაჯდეს უხეიროს მაგიერათო“ (89.13)

მან იცოდა, რომ ეს „იქნება“ მარტო დაჩაგრული გულის ძრახვა იყო, უფრო ნატვრასა ჰგავდა, ვიდრე საბუთსა და ასკვნიდა: „აი, ახლის მოსვლა, სწორედ იმიტომ გვიხარიან, რომ გზა ეხსნება მაგ ნატვრას, ნატვრის მიზეზი გვეძლევაო“.

წერილში ავტორი სარკაზმულ დამოკიდებულებას გამოხატავს უძლური, სხვის მაყურებლად გამხდარი, თვითმოქმედების უნარს მოკლებული ერისადმი: „ნატვრაცა და იმედიც ყოველთვის გაგვცრუებია, მაგრამ მაინც ჩვენ ჩვენსას არ ვიშლით. რას იზამ? ადამიანი ისეა შექმნილი, რომ ნატვრისა და იმედის მადა მით უფრო ეხსნება, რაც უფრო პირში ჩალაგამოვლებული რჩებაო“.

მწერალი ყურადღებით ადევნებდა გულისყურს მღვდელმთავარ პავლეს იმ სურვილით, რომ მის პირველ სიტყვასა თუ საქციელში დაენახა, თუ რა გეგმა ჰქონდა მას მოქმედებისათვის. ილიას სურდა, რომ ეს ეგზარქოსი მაინც ყოფილიყო „შორს ზოგიერთებზედ“ და მას ეზრუნა ერში სარწმუნოების ღრმად ჩანერგვაზე, მისი მადლის მოფენაზე ხალხში და არაფერი გაერია სარწმუნოების საქმეში თვინიერ სარწმუნოებისა.

ცნობილია, რომ ეგზარქოს პავლეს თავის მობრძანების დღეს, სვეტიცხოვლობისას, მცხეთის ტაძარში მიბრძანებით გამოუხატავს პატივისცემა ერის მიმართ და ტაძარში წარმოუთქვამს თავისი „გრძნობიერი, განათლებული, გულმტკივნეული და მშვენიერი სიტყვა: „რუსეთმა შემოიერთა ერნიო და იფარავს მათ სარწმუნოებას, მათ ჩვეულებასა და ენასაო“.

ილიას უნდოდა, რომ ეგზარქოსის სიტყვაში გამოხატული განწყობილება გულწრფელი და ნამდვილი ყოფილიყო, „ღმერთმა ქმნას აგრე იყოსო“. – წერდა ის „შინაურ მიმოხილვაში“ და ამ სიტყვით შეგულიანებულ იერარქს უნდა მიექცია ყურადღება, თუკი მის გულში ნამდვილად იდო განზრახვა რწმენის გაძლიერებისა და ქართული ეკლესიის აღორძინებისა.

სამღვდელოების სავალალო მდგომარეობა, მათი განათლებისა და ზნეობრივი ამაღლებისათვის ზრუნვა, სემინარიებში წესრიგი და სწავლების დონის ამაღლება, ქართული ენისა და ერის ზნე-ჩვეულებების პატივისცემა, სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის დანერგვა – ეს იყო ერთობლიობა ყველა იმ პრობლემური საკითხისა, რომლებიც თავმოყრილი იყო ამ წერილში და რომელთა იგნორირებამაც დასცა სარწმუნოება, ეკლესიის ავტორიტეტი და გააქრო ის მოწიწებული პატივისცემა სამღვდელოებისადმი, რომელიც ჩვენს ერს ოდესღაც გააჩნდა.

პირველი საკითხი, რომელშიც ილია ეგზარქოსს არ ეთანხმებოდა, იყო საკითხი მღვდელთა განათლების შესახებ.

ეგზარქოსი საეკლესიო საქმეში ზნეობას განათლებაზე უპირატესად თვლიდა და ასეც განმარტავდა: „თვითონ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ცხადად გვიჩვენა უპირატესობა კეთილის ცხოვრებისა მსოფლიო სიბრძნეზედა, აღირჩია რა თვისთა თანამშრომლად უმეცარნი, რომელთაც ჰსძლიეს მწიგნობარნი – ქრისტეს მეუფების მტერნი. ოღონდ მოძღვართა საქართველოს ეკლესიისათა იცხოვრონ ჭეშმარიტის ქრისტიანულის ცხოვრებითა და მცირედის ცოდნითაც სასარგებლონი იქნებიან თავიანთი ეკლესიისთვისაო“ (89.19).

ზნეობის უპირატესობაში, თავისთავად, საკამათო არაფერი იყო, მაგრამ ამ განაცხადით ახალი ეგზარქოსი გამოხატავდა თავის შემწყნარებლობას სამღვდელოების უვიცობისადმი, რაც სასულიერო ფენის წინსვლა-განვითარებას უთუოდ შეუშლიდა ხელს.

ილია ჭავჭავაძე მწერლობის მოვალეობიდან და „რწმენად გადაქცეული აზრიდან“ გამომდინარე ეკამათებოდა ეგზარქოსს: „მართალია, იესო ქრისტემ თავის მოწაფეებად აირჩივა მარტივნი და უმეცარნი, მაგრამ ვიდრე თვით არ გაანათლა, თავის დიდებულის მოძღვრებითა, იგინი არ გაგზავნა საქადაგებლად და ერის საწვრთნელად, ნურავინ იტყვის, რომ გაუნათლებელმა, განუვითარებელმა მოძღვარმა ჭეშმარიტი მოძღვრება გაუწიოს ერს... თუ ჩვენმა ეკლესიამ ჩვენამდე თავის სიწმიდით მოაღწია, ეგ იმის წყალობით მოხდა, რომ უწინდელი სამღვდელოება ჩვენი გაცილებით მაღლა იდგა ეხლანდელზედ განვითარებით, განათლებით და ცოდნითა, რაც იმ დროს შეეფერებოდა“.

სამღვდელოთა დაცემის პირველ მიზეზად ილია მათ გაუნათლებლობას მიიჩნევდა: „უცოდინრობა სამღვდელოებისა. . . სათავეა ყოველის უკეთურებისა, ავზნეობისა, ბოროტმოქმედებისა. ამ სენისაგან წარმომდგარია ჩვენი სამღვდელოების ყოველივე ნაკლოვანება და ის სამწუხარო გარემოება, რომ ჩვენი ერი მღვდელს უყურებს არა ისე, როგორც თავის ხელმძღვანელს, მოძღვარს ჭირსა თუ ლხინში, არა ისე, როგორც მწვრთნელსა და დამრიგებელს, ქრისტიანული ცხოვრების გზის მაჩვენებელს, არამედ როგორც უსარგებლო და მცონარე არსებას...“ (89.21).

მღვდელმთავარს, თავად „გონიერსა და განათლებულს“. უნდა სცოდნოდა, თუ რა მნიშვნელოვანი იყო ცოდნა და განათლება განსაკუთრებით მღვდელთათვის, ქრისტეს ჯვრის ერის წინაშე მზიდველთათვის. „უცოდინრობა გონების სიბრმავეა, თვალის სიბრმავეზედ უარესი და ბრმა სხვას თვალს ვერ აუხელს, წინ ვერ გაუძღვება“, – შენიშნავდა ილია და ამიტომაც ანამუსებდა ყოვლადუსამღვდელოეს პავლეს: „იმედი გვაქვს, რომ მის მიერ განძრახულს და აღნიშნულს მოქმედების გეგმაში უპირველესი ადგილი ეჭირება ჩვენი სამღვდელოების განათლებისათვის დაუძინარს და მედგარს მეცადინეობასო“.

მოვლენათა განვითარებამ გვიჩვენა, რომ ეგზარქოსის მიზნებში არ შედიოდა საქართველოში სარწმუნოების განმტკიცება და მღვდელთა განათლებისათვის ზრუნვა. თავისი მოღვაწეობის მანძილზე ის გაუგებარი რეფორმებითა და უძველესი ქართული საეკლესიო ხელნაწერების დაწვითა და განადგურებით იყო დაკავებული. ამ სიტყვით „წმინდა“, საქმით „გულმხურვალე“ და საეჭვო ზნეობის ადამიანმა ბოლოს დასწყევლა საქართველო და ამით დაასრულა თავისი „მოღვაწეობა“ ამ ქვეყანაში.

ამასობაში კი ქართულ სემინარიებში, ფაბრიკაციის მეთოდით, ისეთი სამღვდელო კადრები მზადდებოდა, რომელთა მსახურების მაგალითი დიდ საცდურად იქცა მოსახელობისათვის: ზოგიერთი მატერიალური გამორჩენისათვის იღვწოდა, ზოგი საეროზე უფრო დაცემული და მიწიერი მისწრაფებისა იყო, ზოგი საერთოდ ურწმუნოც კი...

ამგვარმა გარემოებამ ისედაც მისუსტებული სარწმუნოებრივი გრძნობა კიდევ უფრო დათრგუნა და შელახა.

ერთადერთ საწვრთნელად სამღვდელოებისა სასულიერო სასწავლებელი რჩებოდა, რომელიც, ილიასა და ქართველ მოღვაწეთა არაერთი მხილების მიუხედავად, კვლავ შურის, მტრობის, ბეზღობის, ათასგვარი ცილისწამებისა და გარუსების მცდელობის ატმოსფეროში ფუნქციონირებდა.

ილია წერდა: „ერთი სხვა უმთავრესი იარა სასულიერო წოდებისა და თავი მიზეზი მისი დაცემულობისა აქამდე ხელუხლებლად არის დარჩენილი – ტფილისის სასულიერო სემინარია და სასულიერო სასწავლებელი... ძველი ენები ისევ ისე ტვინს ულაყებენ და გონებას უხშობენ ყმაწვილებსა... ქართული ენა ისევ ისე იდევნება, როგორც იდევნებოდა გუშინ“ (88.262).

მწერლის მთავარი ტკივილი აუტანელ სასწავლო რეჟიმთან ერთად სასწავლებლიდან მშობლიური ენის განდევნა იყო.

როგორც ვითარება გვიჩვენებს, მდგომარეობა არც 1881 წლისათვის იყო შეცვლილი: „ჩვენი სამღვდელოება. . . იწვრთნება იმისთანა სემინარიაში, საცა დედა-ენას იმ ერისას, რომელ შორისაც ჩვენმა სემინარიელმა უნდა იმოძღვროს, სემინარიაში ისე ასწავლიან, რომ არ-სწავლება სჯობიან. . . ამისათვის ჩვენი უენო სამღვდელოება უქმია იქ, საცა დიდი შემწეობა ეგრე ადვილი შესაძლებელია. უქმია არამც თუ ერის სწავლა-განათლების საქმეში, არამედ ერის მოძღვრების საქმეშიც. დამუნჯდა ამის გამო ჩვენი ეკლესიის კათედრა, გაუქმდა ყოვლად ძლიერი ქადაგება, წაწყმდა სასოება სარწმუნოებისა და ამის გამკითხველი არავინ არის. თუ სემინარიის მმართველებმა ამ საგანს ასე ყური მოუყრუეს და სემინარიის პროგრამას არა უხერხეს-რა დედაენის სწავლების შესახებ, არამც თუ ჩვენს საქმეს სწავლა-განათლებისას გზა წარემართება, არამედ თვითონ მოძღვრობის საქმეც იქამდის მივა, რომ ჩვენი ერი იძულებული იქნება „პერევოჩიკის“ მეშვეობით გაენდოს ხოლმე თავის მოძღვარსა... „მოძღვრის ფარ-ხმალი ენაა, თუ ენა არ ეცოდინება, უქმია მისი თანამდებობა“ (88.480).

სამღვდელოების მმართველობა რასაც ფიქრობდა ამის შესახებ – ცხადზე ცხადია. თანდათანობით იძირკვებოდა ქართული ენის სახსენებელი საქართველოს სასულიერო სასწავლებლებიდან და სინოდის მიერ იმართებოდა ქართველთა გარუსების გეგმაზომიერი პოლიტიკა.

ილია, ისევ და ისევ, არ წყვეტდა ამ ტკივილიან საკითხზე მსჯელობას, ხედავდა რა, თუ როგორ ზიანს აყენებდა ქართველი ხალხის რწმენასა და საერთო მდგომარეობას ეკლესიიდან და სასწავლებლიდან მშობლიური ენის განდევნა. მონდომებით ახსენებდა სასულიერო იერარქებს, რომ ამით კვლავ სარწმუნოების საქმეს ადგებოდა ზიანი: „დედაენა, ჩვენი სამღვდელო და საეკლესიო ისტორია, ჩვენი გონებისა და გულის გამომეტყველი ლიტერატურა გამოდევნილია სემინარიიდან. ყოველივე ეს ერთად და განსაკუთრებით დედაენა, სხვადასხვა მიზეზით პატივაყრილი, მხოლოობითი, ერთადერთი ღონეა, რომ მოძღვარმა უმოძღვროს ერსა. სხვაგან ძალად ასწავლიან მოძღვარს იმ ენას, საცა უნდა იმოძღვროს და ჩვენში მცოდნესაც ცდილობენ დაავიწყონ. ენის უცოდინარი მოძღვარი უტყვია, მუნჯია ერისათვის და უტყვს, მუნჯს პირუტყვსაც არ ჩააბარებენ ხოლმე, არამც თუ მეტყველსა. . . სარწმუნოება მოძღვრებაა და, მაშასადამე, უენოდ, უსიტყვოდ ვერ დაითესება“ (89.22-23).

ამის ცხადი მაგალითი უკვე ქვეყანაში მრავლად იყო, სემინარიების კურსდამთავრებულებმა არ იცოდნენ საეკლესიო ტერმინები, რადგანაც საღვთისმეტყველო საგნები რუსულად ისწავლებოდა; უცოდინარ ქართველ მღვდლებს, რომელთა უმრავლესობასაც სემინარიაც არ ჰქონდა დამთავრებული, არ შეეძლოთ თავიანთი სამწყსოს განათლება. სამღვდელობა, თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, უძლური იყო ხალხამდე მიეტანა სიტყვა ღვთისა, ძლიერი ქადაგება მანუგეშებლად და მწვრთნელად ერისა. „დავმუნჯდით იმა სიტყვის გამოთქმისათვის, დავყრუვდით იმა სიტყვის სმენისათვის!“ – გოდებდა ილია. შედეგიც არ აყოვნებდა: წარყმდა სასოება სარწმუნოებისა და ამის გამკითხველი არ ჩანდა.

იმერეთის ეპისკოპოსმა, მეუფე გაბრიელმა, რომელიც ერთ-ერთი უგანათლებულესი იყო მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსმთავართა შორის, სცადა, ქუთაისში გაეხსნა ქართულენოვანი სემინარია მღვდლის შვილებისათვის, მაგრამ „რაპორტების“, ცილისწამებებისა თუ სხვა მიზეზთა გამო მან ეს ვერ შესძლო. სინოდის კანტორაში ბეზღობა ბეზღობაზე მიდიოდა ქართველი მღვდლებისაგან, ყოვლადსამღვდელომ ძალად გვაკისრებინა სემინარიის ხარჯიო. ირონიულად შენიშნავდა ილია: „ერთი სიტყვით, ყველაფერი გამოუვა ხელიდამ ეხლანდელს სამღვდელოებას. მქადაგებელნიც არიან, მწერალნიც, თავიანთი აზრების გამომთქმელნიც, თუ გაჭირდა მაბეზღარნიც. აბა, თუ ღმერთი გწამთ, რაღად ეჭირვებათ სემინარია?“ (88.601).

მწერალი განათლების საჭიროებას არათუ მოძღვრებისათვის, მათი მეუღლეებისათვისაც აუცილებლად მიიჩნევდა: „ქალების უმეცრებას აქვს მეტად ცუდი ზემოქმედება სასულიერო წოდების მამრობით სქესზეო“, – წერდა ის. მისი სიტყვებით, საქართველოში ვერ მოიძებნებოდა ორი-სამი მღვდელიც კი, ვისაც ნასწავლი ცოლები ეყოლებოდათ. „ფოფოდიებში“ ძნელად შეხვდებოდით ხეირიანად წერა-კითხვის მცოდნესაც კი. ეს უმეცრება მღვდელს გონებას უმდაბლებდა და ჩქარა ავიწყებდა სემინარიაში მიღებულ „ნაგლეჯებს განათლებისას“.

„მღვდლისათვის ოჯახი დიდი რამ არის, – წერდა ილია, – ოჯახი უნდა დღემუდამ საზრდოს აწვდიდეს მის სულსა და გულსა რათა გონებითის და ზნეობითის ახალის ძალით შემოსოს ბოროტთან, მაცდურებასთან, უსამართლობასთან საბრძოლველად. ამის მომქმედი ოჯახში ცოლია მღვდლისა, რომელიც მართლა-და მეუღლედ მოწვეულია იმ დიდის ღვაწლისათვის, რომლის მძიმე უღელიც მღვდელს აწევს კისრად. გონებადახშული ქალი ვერ გაუწევს მღვდელს ამ მძიმე უღელს და თუ დღეს ჩვენი სამღვდელოება დაცემულია, ამისი თუ არა პირველი, უმთავრესი მიზეზი მაინც ის არის, რომ სამღვდელოთა წოდების ქალნი განათლებას მოკლებულნი არიან“ (88.260).

ტკივილს ტკივილი ემატებოდა, სამღვდელოთა მდგომარეობა სულ უფრო უნუგეშო ხდებოდა. ყოველი საკუთარი სარგებლობის დევნაში იყო გართული, ყოველი საკუთარი სტომაქისთვისღა იღვწოდა.

ილია კვლავაც აფხიზლებდა მათ, ახსენებდა მივიწყებულ მოვალეობებსა და დანიშნულებას: „ჭირია თუ ლხინი, ვიბადებით თუ ვიხოცებით, მღვდელი იქ პირველი უნდა იყოს. პირველი იმით კი არა, რომ ტაბლას მიაძღეს, არამედ ნუგეშისცემითა, ლოცვითა, კურთხევითა, ბოროტის დევნითა, სიმართლის აღდგენითა, კეთილის მოფენითა...“

ძალიან მრავალფეროვანია სარწმუნოებრივ საკითხებთან დაკავშირებით ილიას შეხედულებების ამსახველი მასალები. პუბლიცისტურ წერილებში ავტორი გამოკვეთილად აყალიბებს თავის ნააზრევს; ცალსახაა და ნეგატიური მისი განწყობილება თავის თანამედროვე სასულიერო წოდებისა და მათი მსახურების ხარისხისადმი.

ურწმუნო, ზნეობით ღირსებას მოკლებული, უმოქმედო და უცოდინარი, საკუთარ და ერის წარსულთან გაუცხოებული და აზრით ღატაკი სასულიერო წოდება ერის ძალ-ღონეს ვერ შეძრავდა, ვერ აამაღლებდა, წინ ვერ გაუძღვებოდა. ამ მტკივნეულ თემას ილიამ ვერც მხატვრულ ნაწარმოებებში აუარა გვერდი.

პოემა „აჩრდილში“, სადაც ერის სულიერი და ხორციელი დაცემის სურათია აღწერილი, სასულიერო პირთა უმოქმედობასა და უღონობას ილია ასე გადმოგვცემს:

„აგერა მღვდელნიც – ერთა მამანი,
რომელთა ქრისტესგან ვალად სდებიათ
ამა ერისა სულის აღზრდანი,
რარიგ გულ-ხელი დაუკრეფიათ!
სად არის სიტყვა დიდის სწავლისა
სიყვარულის და სამართალისა,
რომ მათ ბაგეთგან არ მომდინარებს
და ერს დაცემულს არ აღამაღლებს?
სად არის იგი მღაღადებელი
ქვეყნის ხსნისათვის ჭეშმარიტება?
სად არის იგი ბიწის მდევნელი
ჯვარცმულის ღმერთის მაღალი მცნება?“ (84.190)

როგორც ვხედავთ, პოემის ამ მონაკვეთში ნათლად ჩანს, თუ როგორ განიცდის მწერალი ღვთისმსახურთა სულიერ მიძინებასა და მათ მიერ საღვთო მცნებათა დავიწყებას.

გაუდაბურების შემზარავი სურათია აღწერილი პოემა „განდეგილის“ ფინალშიც.

მაცდური, რყვნილი და წარწყმედილი დროისაგან სიწმინდით გამორჩეული ადამიანი, ღვთის ტაძარს შეკედლებული, ქვეყნის ხსნისა და გადარჩენისათვის მლოცველი ასკეტი ბერი მძაფრი სულიერი ბრძოლების შედეგად მარცხდება და იღუპება.

ქართველთა უწმინდესი სალოცავი, ბეთლემის მონასტერი, ადგილი, სადაც უძველესი დროიდან ჩვენს წმინდა მამებს
„ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . უდიდებიათ
ღმერთი მსჯავრის და ჭეშმარიტების.
იქ სად უწირავთ უფლისა მიმართ
მსხვერპლი ქებისა და ღაღადების“, – საბოლოოდ ცარიელდება.

მწერლის ჩანაფიქრით, ქარის ქშუილისა და გამომფრთხალი ნადირის ამარა დარჩენილი, გაუდაბურებული სალოცავის ჩვენებას უნდა შეეძრა მკითხველი და გამოეფხიზლებინა.

საუკუნის დასასრულს ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან ბრძოლა კიდევ უფრო გაძლიერდა და არათუ ბეთლემი გამოცოცხლდა, მწერლის გულისტკივილიც არავის შეუსმენია.

მოხდა პირიქით – სიმძლავრემ ავკაცობისამ დაადუმა პოეტის ენა და ტყვიით განგმირა ბრძოლით დაღლილი გული.

„ ... და ამით საცნაურ ვიყვნეთ“ (I იოვანე 3-19), – ვკითხულობთ იოვანე მოციქულთან და, მართლაც, ბევრი რამ გვეცნაურება...

.................................................................

„გზა მართლისა“ (ნატო სიჭინავა), გამომც. „უნივერსალი“, თბილისი, 2007 წ., გვ. 181-200.

რედაქტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარიამ ნინიძე

რეცენზენტები: საქართველოს საპატრიარქოს მანგლისისა და წალკის ეპარქიის მმართველი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრის გამგე, პროფესორი, მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე)

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მაია ჯალიაშვილი

დამოწმებული სამეცნიერო ლიტერატურა და წყაროები:

15. დურნოვო ნ.ნ., „ბედი ქართული ეკლესიისა“ (თარგმანი გ. ტოტოჩავასი გაზ. „რუსსკი სტიაგის“ 1907 წლის პუბლიკაციებიდან)
25. „ივერია“ (გაზ.), 1888 წ., №9.
73. წმინდა ალექსი ბერის მოძღვრებანი, თბ. 2002 წ.
84. ჭავჭავაძე ილია, თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად, ტ. I, თბ. 1987 წ.
88. ჭავჭავაძე ილია, თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად, ტ. VI, თბ. 1997 წ.
89. ჭავჭავაძე ილია, თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად, ტ. VII, თბ. 2005 წ.

.................................................................

 აი, ამიტომ ეწოდა ილია ჭავჭავაძეს მართალი
 იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი, როგორც პედაგოგი
 ჩვენ უნდა გავხდეთ ჭეშმარიტი მართლმადიდებლები

Wednesday, July 6, 2016

ჩემთვის და ჩემიანისათვის ცხოვრების წესად იკონომია გამხდარა...

ფეისბუქზე წმინდა და დიდი კრების ჯგუფში გამოვაქვეყნე დეკანოზ იაკობ ჩიჩილიძის სტატუსი შერეული ქორწინების შესახებ, რამაც გამოიწვია მწვავე დისკუსია. ფეისბუქის ერთმა მომხმარებელმა თავის მხრივ პირად გვერდზე გააკეთა კომენტარი, მე კი მასთან შეთანხმებით ჩემ ბლოგზე განვათავსე, რადგან სხვისთვისაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია მისი წაკითხვა.

ვისაც არ გინახავთ, ჯერ დისკუსიას გაეცანით, შემდეგ კი ლუკა თორელის კომენტარს.

დისკუსიის ნახვა

„მოგესალმებით, ფბ-მეგობრებო. წმინდა და დიდი კრების შემდეგ სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროში არ ჩამქრალა ვნებათაღელვა და პოლემიკა სხვადასხვა საკითხებზე, რაც იმის დასტურია, რომ კრების საჭიროება მართლაც ყოფილა. ქრისტე არის ლოდი თავსაკიდურისა და ამ ლოდზე ჩვენ ვაშენებთ სულიერ კედლებს. მართლმადიდებლობისათვის კრებსითობა სწორედ იმისათვისაა აუცილებელი, რათა კრებსითი სულით, სულიწმიდის მადლით („მე ვარ თქვენს შორისო“) შევხედოთ, ხომ არ გამრუდდა ჩვენი ამოყვანილი კედელი, თორემ ქრისტე გუშინ, დღეს და იგივე თავადია უკუნისამდე.

პოსტებს გადავავლე თვალი და რიგ შემთხვევებში ყრუსა და მუნჯის პოლემიკის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა ცალ-ცალკე თითოეულ პოსტს თავის წილ სიმართლეს ვერ დაუკარგავ. მომიტევეთ, და მე „ლომების პარადში“ ანუ საღვთისმეტყველო წიაღსვლებში ვერ შევალ, რადგან შესაბამისი განათლება არ გამაჩნია, მაგრამ მინდა ჩემი საკუთარი მართლმადიდებლური აზრი და ხედვა დავაფიქსირო.

პირველი და აუცილებელი დაკონკრეტება რაც მინდა გავაკეთო... მართლმადიდებლური წესითა და ტრადიციით, ეკლესიის ყოველი რიგითი წევრი რომელიმე საეკლესიო თემს განეკუთვნებოდა და იქ გადიოდა მისი ცხოვრება ნათლისღებიდან ანდერძის-წესის აგებამდე. ეს გამორიხავდა ფორმალურ-ნომინალურ ქრისტიანობას და არც იყო წესი საიდანღაც მოსული უცნობი წყვილისათვის ჯვრისწერა, რადგან, კაცმა რომ თქვას, რას გაიგებ ნათელღებულნი არიან თუ არა, ან მერამდენე ქორწინებაა და ა.შ. თემი, საკრებულო გამორიცხავდა შემთხვევითობას, თორემ სხვა მხრივ ჩვენ ვვარდებით იმ მოჩვენებით ქრისტიანობაში, რასაც რუსები „ობრიადოვერიეს“ ეძახიან... ამას შეიძლება გაპრავებული ფარისევლობაც დავარქვათ. მით უმეტეს, რომ დაკარგულია ჯვრისწერის ლიტურგიკული სახე, რომლის ნაწილსაც თავის დროზე ეს საიდუმლო წარმოადგენდა.
დღეისათვის საეკლესიო თემი მოშლილია და ჯვრისწერასაც ოდენ რიტუალურ-სელფურ-ფოტოსესიური სახე შერჩენია.

მსოფლიოს გლობალიზაცია და მართლმადიდებელთა განთესვა დედამიწის ზურგზე ახალ რეალობებს ქმნის და ახალ მიდგომებსაც საჭიროებს, რაც ეკლესიურმა კრებსითობამ უნდა გადაწყვიტოს და აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ, კრების აუცილებლობა. თუმცა არაა აუცილებელი მას მსოფლიო კრება დავარქვათ, რათა მავანმა აპრიორი მწყრალად განწყობილმა ნაღმი არ გვესროლოს. ეს მავანი კი მშვიდად იღებს ფორმალობას და ხშირად კარგავს სულს. სულის გარეშე კი ნებისმიერი სხეული, მათ შორის ეკლესიურიც  მკვდარია.

ეს ერთი.
ახლა მეორე და, ჩემი აზრით, უმთავრესი.

უფალი ბრძანებს, რომ იგია გზა და ჭეშმარიტება. ეს გზა საღმრთო მცნებების აღსრულებას მოითხოვს.

ქრისტიანული ანთროპოლოგიით, ტრიხოტომიური სწავლებით, ადამიანი შედგება სულის, სამშვინველისა და სხეულისაგან. თითოეულ მათგანს თავისი ფილოსოფია აქვს და, აქედან გამომდინარე, სიყვარულიც სამგვარია  ხორციელი, მშვინვიერი და სულიერი. საზღვრები ხშირად პირობითია. ბერძნულად ეროსი, ფილია და აღაპი. მართლმადიდებლისათვის არაფერია უცხო და მიუკარებელი, მაგრამ არსებობს ღირებულებათა იერარქია, მშვინვიერი და სულიერი ვექტორები. ჩვენ პოეზიაც გვესმის, ეთიკაც და ესთეტიკაც. გალაკტიონიც პოეზიაა, დავით მეფსალმუნეც და „ქება-ქებათაც“, მაგრამ, მომიტევეთ და პირველს უკანასკნელთა წინ ვერ დავაყენებ, მაგრამ ქრისტიანობა არც მშვინვიერ ხიბლად უნდა იქცეს და არც მშრალ ფორმალობად, ანუ არ უნდა დაკარგოს სუნთქვა, სიცოცხლის სული. ქრისტიანობის გვირგვინია „აღაპი“ და ყველა გზა მისკენ უნდა მიდიოდეს. ესაა ქრისტიანთა ყველა კრების ამოსავალი წერტილი  წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი (სახარება)!.. ამას ემსახურება საეკლესიო დოგმატიკისა და კანონიკის შექმნაც. თუკი ჩვენ რეალობას გავუსწორებთ თვალს, დღევანდელი მართლმადიდებლები დიდად არ განვსხვავდებით სხვათაგან, ამიტომაცაა გამქრალი საღმრთო შური, ანუ მიმბაძველობითი ლტოლვა მართლმადიდებლობისაკენ. ჩვენი რჯულისმიერი დისკურსიც უფრორე ფილოსოფიურ კამათს ჰგავს.

მაჩვენე შენი მართლმადიდებლობა, მაჩვენე შენი ქრისტიანობა, მაჩვენე შენი „აღაპი“ და შეუიარაღებელი თვალითაც გამოჩნდება ჭეშმარიტი გზა და სარწმუნოება. მე ვიქნები შენი – ქრისტეში, მართლმადიდებლობაში, სიყვარულში  ეტყვის პროტესტანტი საპატარძლო მართლმადიდებელ სასიძოს, რომელშიც მზრუნველსა და თავის მსხვერპლად მიტანის უნარიან მამაკაცს დაინახავს ქრისტეში... პროტესტანტიზმი არ არის განაჩენი, თუკი ჭეშმარიტებას ეძებ, ისევე როგორც მართლმადიდებლობა რჩება ნომინალურ ქრისტიანობად და ტრადიციად, სანამ ცოცხალ და პიროვნულ ღმერთს არ მიეახლები.

იყო ერთი გერმანელი თავადის ასული, ელისაბედ თეოდორეს ასული, პროტესტანტი, რომელსაც რუსეთში ვინმე რომანოვზე დასწერეს ჯვარი. გამოხდა ხანი და შეგნებული (და არა ზერელე) პროტესტანტი გახდა შეგნებული მართლმადიდებელი, აღმსარებელი და ეკლესიის წმინდანი. მისი წმინდა და უხრწნელი ნაწილები დღეს იერუსალიმში, ზეთისხილის მთაზე, რუსულ მონასტერში განისვენებენ.

კანონიკურ პლანში დღეისათვის ჩვენში იკონომია კანონის დონეზეა ასული, თუმცა თავებში ერთთავად აკრიბია თუხთუხებს. ამიტომ მრევლთაგანთა და მოძღვართა სულიერი ცხოვრების წესი და აზროვნება-ქადაგება ხშირად ორ უკიდურეს პოლუსს წარმოადგენს, რასაც მხოლოდ ეკლესიურნი ვერ ამჩნევენ. ამიტომაც გვიყვარს თავისუფლება-თავაშვებულობაც და „დიდი და ბრძენი სტალინიც“!(?) მაგრამ, როგორც ერთი ჭკვიანი კაცი ამბობდა, ჩვენ სტალინი გვინდა სხვისთვის, მეზობლისთვის და არა ჩვენთვის, ჩვენი ოჯახისათვის!..

ჩემთვის და ჩემიანისათვის ცხოვრების წესად იკონომია გამხდარა, ხოლო სხვისათვის აკრიბიას მოვითხოვ.

დასავლეთისათვის პრობლემების დანახვაა დამახასიათებელი, ჩვენთვის კი  მიჩქმალვა. 

ადრე ამდაგვარ ხედვას პოპულარული დეფინიციით გამოხატავდნენ  საქართველოში ყველა ქალი პატიოსანია და ყველა მამაკაცს საყვარელი ჰყავსო!.. ჰოდა კრებაზეც არ წავედით!..

დასავლეთი „გალაითდა“, პრინციპში  ჩვენც!.. მაგრამ ჩვენ იხტიბარს არ ვიტეხთ, ამიტომაც ჩვენს ამპარტავნულ „არას“ თან ქრისტიანული გულისტკივილი არ ახლავს. „გულის მტკივნეულობა“ ანუ რუსულად „ბოლეზნენნოსტ სერდცა“ მოყვასის შეცდომა-გადაცდომებზე. აი, რა გვაკლია მათაც და ჩვენც. წმ. ბარსანუფი დიდი და სხვა მამებიც ამბობდნენ, რომ გულის მტკივნეულობა არის მართლმადიდებელის გამომარჩეველი თვისება და ნიშანი. ეს არ ჩანს ზემოხსენებული მოძღვრის წერილში, ამიტომაც, დიახ, იგი მართალია, მაგრამ რამდენად აღემატება მისი სიმართლე მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, თავად განსაჯეთ.

შემინდეთ და მომიტევეთ მრავალსიტყვაობისათვის“.

ლუკა თორელი