Saturday, August 23, 2014

იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი, როგორც პედაგოგი - იაკობ გოგებაშვილი

გერასიმე ქიქოძე, ბერობაში გაბრიელი, დაიბადა დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის პირას და წარმოშობით ეკუთვნის სასულიერო წოდებას. სემინარიული განათლების შემდეგ, რომელიც დაიწყო თბილისში და დამთავრდა პეტერბურგში, ის შევიდა პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში, რომელიც დაამთავრა ერთ-ერთ პირველ მაგისტრად. პირდაპირ, სასკოლო სკამიდან, 1849 წელს ის დანიშნულ იქნა თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორად, მაგრამ სამშობლოში ჩამოვიდა არა მარტოკა, არამედ ახალგაზრდა ცოლთან, მაშინდელი პეტერბურგის მთავარეპისკოპოს ვლადიკინის ქალიშვილთან ერთად, რომელიც, როგორც ჩანს, სიყვარულით შეირთო. შეუდგა თუ არა ინსპექტორის თანამდებობის შესრულებას, მან გააუქმა დისციპლინის ყველა წვრილმანი წესი, უფრო ნათლად, მკვეთრად და კატეგორიულად განსაზღვრა კეთილგონივრული ყოფაქცევის მნიშვნელოვანი და არსებითი წესები, რომელთა შესრულებას ის მთელი მგზნებარებით მოითხოვდა. კეთილი, ჯანსაღი და ზნეობრივი ცხოვრების საუკეთესო საშუალებად ის თვლიდა გონებრივი და ფიზიკური შრომის ერთმანეთთან შენაცვლებას. ამ წესს ის თვითონაც მკაცრად იცავდა. თავის ინტენსიურ გონებრივ შრომას ის ცვლიდა შეშის დაჭრით, რასაც ყოველდღე მიმართავდა რეგულარულად, განსაზღვრულ საათებში. მოსწავლეები ბაძავდნენ თავიანთ ინსპექტორს და თვითონაც ხშირად ჭრიდნენ შეშას, მონაწილეობდნენ სამეურნეო სამუშაოებში და ამით უმსუბუქებდნენ მსახურთ ფიზიკურ შრომას.

წინათ თამაშობას სემინარიაში უყურებდნენ როგორც გარდუვალ ბოროტებას და ყოფაქცევის მხრივ მაღლა აყენებდნენ იმ მოსწავლეებს, რომლებიც თამაშობაში სრულებით არ მონაწილეობდნენ და თავი მოჰქონდათ მშვიდ და უწყინარ არსებად.

გერასიმე ქიქოძემ სულ სხვა თვალსაზრისი დაამყარა. ის თამაშობას თვლიდა უცილობლად სასარგებლო მეცადინეობად არა მარტო სხეულისათვის, არამედ სულისთვისაც, და ეჭვით უყურებდა იმ აღსაზრდელებს, რომლებიც უქმად ატარებდნენ დროს, როცა მათი ამხანაგები მხიარულად თამაშობდნენ სემინარიის ეზოში. ყოველდღე, ნასადილევს, რამდენიმე საათის განმავლობაში ეს ეზო წარმოადგენდა ფრიად მრავალგვაროვან, მაგრამ სავსებით წესიერ თამაშობათა ასპარეზს და ჰაერში გაისმოდა მოთამაშე ბავშვთა თავისუფალი წკრიალა ხმები. ინსპექტორი ამ დროს ან შეშას აპობდა მოთამაშეთა ახლოს, ანდა აივნიდან უყურებდა ბავშვებს, აქებდა იმათ, ვინც თამაშობაში უფრო მეტ მოხერხებულობასა და ღირსებას იჩენდა. ყველასთვის ცნობილ, მკაცრად განსაზღვრულ მომენტში სემინარიის ეზოში თამაშობა წყდებოდა, სრული სიწყნარე მყარდებოდა და მოსწავლეები კვლავ იწყებდნენ მეცადინეობას. რამდენიმე ხნით თამაშობა კვლავ ტარდებოდა ვახშმის შემდეგ, განსაკუთრებით, ნათელ მთვარიან ღამეებში.

ამის შედეგად აშკარად შემცირდა ბავშვთა საიდუმლო ბიწიერებანი, რომლებიც ასე გავრცელებული იყო დახურულ სასწავლებლებში; შემცირდა აგრეთვე დაავადებათა რიცხვი, ბავშვები უფრო ჯანმრთელად გამოიყურებოდნენ; ძლიერ ამაღლდა მოსწავლეთა წარმატება. მოსწავლეთა წარმატების ამ ამაღლებას უმთავრესად ხელი შეუწყო მეცადინეობის ახალმა სისტემამ, რომელიც ახალგაზრდა ინსპექტორმა შემოიღო. მანამდე სასულიერო სასწავლებლებსა და სემინარიაში გამეფებული იყო გამოყეყეჩებული ზეპირობა, ზუთხვა. იშვიათად ესმოდა რომელიმე მოსწავლეს მექანიკურად გაზეპირებული გაკვეთილების შინაარსი. იშვიათად, თუ ვისმეს შეეძლო რამდენადმე მაინც თავისუფლად გამოეთქვა აზრი რუსულად, სემინარიის კურსის დასასრულს, 12-14 წლის სწავლების შემდეგაც კი. სახელმძღვანელოების შინაარსის მექანიკური, უაზრო გაზეპირება - აი, ასეთი იყო მაშინ თითქმის მთელი სწავლება. ზუთხვის აღმოსაფხვრელად ახალმა ინსპექტორმა შემოიღო შემდეგი რადიკალური ზომა. მან გამოუცხადა მოსწავლეებს, რომ მის საგნებში სახელმძღვანელოები არ შეეძინათ, გაკვეთილები კლასში არ ჩაეწერათ, არამედ ყურადღებით მოესმინათ მისი ახსნა-განმარტება კლასში და მასალა შეეთვისებინათ მისი სიტყვებით. ის გაკვეთილს ხსნიდა მთელი სიმარტივით, ზედმეტი სიტყვებისა და გამოთქმების გარეშე, გაიმეორებდა მას რამდენიმეჯერ და შემდეგ კი იმასვე გაამეორებინებდა საუკეთესო მოსწავლეებს, ვიდრე გაკვეთილი მთლიანად არ იქნებოდა შეთვისებული. გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ეს მოსწავლეები, თავის მხრივ, ვალდებული იყვნენ ისევ ცოცხალი სიტყვის საშუალებით აეხსნათ გაკვეთილების შინაარსი დანარჩენი ამხანაგებისათვის კლასში შესწავლილი მასალის სრულ შეთვისებამდე. თითოეული მერხის თავში, რომელიც იტევდა 7-8 მოსწავლეს, იჯდა ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე, რომელიც პასუხისმგებელი იყო თავისი ჯგუფის წარმატებისათვის. ამ სისტემამ, მართალია, მოითხოვა პროგრამის თითქმის სანახევროდ შეკვეცა, მაგრამ სამაგიეროდ ყოველივე მნიშვნელოვანს, ყოველივე არსებითს კლასი ითვისებდა მთელი შეგნებით, ნათელი, ცოცხალი გაგებით. განსაკუთრებით მშვენიერი გავლენა მოახდინა ამან ყურადღების აღზრდაზე, რაც სკოლის უპირველესი და უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს. მოსწავლეებმა კარგად იცოდნენ, რომ მასწავლებლის ცოცხალი სიტყვა ერთადერთი წყაროა გაკვეთილის შესათვისებლად, რომ სახელმძღვანელოებზე არ შეიძლება არავითარი იმედის დამყარება, ამიტომ ისინი სმენად და ყურადღებად იქცეოდნენ კლასში და ეჩვეოდნენ დაძაბული ყურადღებით ყოფილიყვნენ მთელი გაკვეთილის განმავლობაში... ცოცხალი სწავლების ეს ხერხი გადაიღო ზოგმა სხვა ახალგაზრდა მასწავლებელმაც და ძველი მკვდარი ზუთხვა გაუქმდა.

მანამდე ფიზიკაც კი სახელმძღვანელოების ზუთხვით ისწავლებოდა, ყოველგვარი ფიზიკური ცდის გარეშე, ვინაიდან სემინარიაში ფიზიკის კაბინეტი ჯერ კიდევ არ იყო. ქიქოძემ დაუყოვნებლივ დაიწყო ზრუნვა ფიზიკის ისეთი სრული კაბინეტის შესაძენად, რომლის მსგავსი მაშინ თბილისში არ იყო და რომლითაც დროგამოშვებით სარგებლობდნენ საერო სასწავლებლებიც კი.

მეტიც, შეძენილ იქნა ზოგიერთი ასტრონომიული ინსტრუმენტი, რომელთა დახმარებით ინსპექტორი, მაშინდელი რექტორის არქიმანდრიტ იზრაილის მონაწილეობით, სემინარიის აივნიდან საღამოობით აწარმოებდა ასტრონომიულ დაკვირვებებს.

სემინარიაში დაიწყეს აგრეთვე მიღება საუკეთესო საერო ჟურნალებისა, იწერდნენ უახლეს თხზულებებს ცოდნის სხვადასხვა დარგიდან, რის შედეგად გონებრივი საქმიანობა მოსწავლეთა შორის ფართოდ გაჩაღდა. ყოველ საღამოს სემინარიის აივანი წარმოადგენდა გაცხოველებული დავის ასპარეზს უფროსებსა და მასწავლებლებს შორის, რომლის დროს ახალგაზრდა ინსპექტორი ხშირად ამჟღავნებდა გურულ სიფიცხეს.

ეს გონებრივი საქმიანობა, რომელიც ხშირად მიმდინარეობდა მოსწავლეთა თვალწინ, ძალიან კეთილნაყოფიერ გავლენას ახდენდა მათზე და უღვიძებდა მათ ცნობისმოყვარეობას და ინტერესს გონებრივი შრომისადმი. ამასვე დიდად შეუწყო ხელი ქიქოძის ერთ-ერთმა რუსმა მეგობარმა ა. ა. პოზდნევმა, მსოფლიოს ისტორიის ბრწყინვალე მასწავლებელმა, უპატიოსნესმა და უკეთილშობილესმა პიროვნებამ, რომელიც ღრმა პატივისცემით სარგებლობდა როგორც ქართველების, ისე რუსების მხრივ.

ქიქოძის პიროვნების გავლენას მეტად შეუწყო ხელი აგრეთვე ერთმა თვისებამ, რაც უაღრესად დიდ კეთილ გავლენას ახდენდა აღსაზრდელთა ზნეობრივ მხარეზე. მისი სიტყვა და საქმე ყოველთვის ერთი იყო. ნამდვილი გულწრფელობა და სამართლიანობა ახასიათებდა ყველა მის ქცევას, მოქმედებას და მთელ მის ცხოვრებას. მის ბაგეს ერთი არამართალი სიტყვაც კი არასოდეს წამოსცდებოდა. ერთხელ, ერთმა მოსწავლემ იცრუა სემინარიის რექტორ არქიმანდრიტ იზრაილის წინაშე. რექტორი მოსწავლეს ეუბნებოდა: „როგორ არ გრცხვენიათ, ასე რომ ცრუობთ, აიღეთ მაგალითი თქვენი ინსპექტორისაგან, რომელშიც არავითარი სიყალბე არ არის“.

წინა წლებში აღსაზრდელები ხანდახან აჯანყდებოდნენ ხოლმე, უწესობას სჩადიოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ არა მარტო მასწავლებლებს, არამედ უფროსებსაც კი. ასე მაგალითად, სცემეს ინსპექტორ ათანასეს, რომელიც ამის შემდეგ რუსეთში გადაიყვანეს. ინსპექტორ ქიქოძის დროს ახალი წესრიგის დამყარების შედეგად კი სემინარიაში ეს უწესობანი სავსებით შეწყდა და კვლავ განახლდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მან დასტოვა ინსპექტორის პოსტი ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში საღვთო სჯულის მასწავლებლად გადაყვანის გამო, ხოლო სემინარიაში შეინარჩუნა მასწავლებლის თანამდებობა. ქიქოძის პირველი მოადგილე კი, რომელსაც სამმა თავზეხელაღებულმა მოსწავლემ უხერხულ ადგილზე წაასწრო, იძულებული იყო მიეცა მათთვის წერილობითი ვალდებულება, რომ არავის არ გარიცხავდნენ სემინარიიდან მათთან შეუთანხმებლად. ხოლო თუ რა გამხრწნელი გავლენა უნდა ჰქონოდა ამ ფაქტს სასწავლებელზე, ეს განუმარტებლადაც გასაგებია.

შემდგომ ინსპექტორს მკაცრად სცემა ერთმა მოსწავლემ, რომელიც დასტოვეს სემინარიაში, ნაცემმა ინსპექტორმა კი ინსპექტორის ადგილი დაკარგა და რუსეთში გადაიყვანეს სამონასტრო სამსახურში.

საერთოდ, გერასიმე ქიქოძის საინსპექტორო და სამასწავლებლო მოღვაწეობა, რომელიც ყოველთვის მიზნად ისახავდა მნიშვნელოვანს და არსებითს და არ ხურდავდებოდა წვრილმანებად, უაღრესად ნაყოფიერი იყო და ღრმა კვალი დასტოვა სემინარიაში. პირადად ის სარგებლობდა ყველა აღსაზრდელის დიდი მოწიწებითა და პატივისცემით, მიუხედავად მისი ერთი დიდი ნაკლისა: გურული სიფიცხის გამო ის ხანდახან დამნაშავე მოსწავლეს პირადად სასტიკად უსწორდებოდა და სჯიდა, რასაც ის სხვას არავის აპატიებდა.

კიდევ უფრო მეტი ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა ქიქოძემ საქართველოს მაშინდელი ეგზარქოსის, მისი მაღალი უსამღვდელოსობის ისიდორეს წინაშე, რომლის უახლოესი მრჩეველიც ის იყო.

ასევე ეპყრობოდნენ მას სემინარიის რექტორი, რუსი და ქართველი მასწავლებლები, გარდა ერთი შურიანი ქართველისა, უძლური, წმინდა გველური სიბოროტის მონისა; მხოლოდ იგი ვერ ამჩნევდა ამ ქვენა გრძნობებს ქიქოძის სახარბიელო გულისხმიერების წინააღმდეგ, რომელიც სხვას ყველას მკვეთრად ხვდებოდა თვალში, - ვერ ამჩნევდა იმიტომ, რომ თავისი თავის მიხედვით მსჯელობდა სხვებზე და სავსებით როდი იყო მოკლებული წვრილმანობასა და პატივმოყვარეობას.

სრული ოჯახური ბედნიერებით სარგებლობდა ქიქოძე დაახლოებით მხოლოდ ექვს წელიწადს. მალე მას მოუხდა დაესაფლავებინა საყვარელი ცოლი და სამი ბავშვი, რომელთა ნიჭი ანცვიფრებდა ყველას, ვინც კი მათ იცნობდა. ადვილი წარმოსადგენია, თუ რა დიდი იყო ქიქოძის მწუხარება, რომელმაც დაასამარა თავისი ოჯახური ბედნიერება ახალგაზრდობის წლებში. შეუძლებელია დავიწყება იმ უსიტყვო და ღრმა მწუხარების განსახიერებისა, როგორსაც წარმოადგენდა მღვდელი ქიქოძე, როცა იგი, სასომიხდილი და მკვდარი, იდგა სემინარიის ეკლესიაში ახალგაზრდა მეუღლის კუბოსთან. შეუძლებელია ასეთი სურათის დავიწყება: მისმა უფროსმა შვილმა, ხუთი წლის პეტიამ დედის, ძმისა და დის სიკვდილის შემდეგ, მთელი თავისი სიყვარული მამაზე გადაიტანა და მისთვის სწუხდა. როცა მამა გაკვეთილებზე იყო, პეტია მალულად მიდიოდა სახლიდან, მიირბენდა სემინარიაში, წყნარად შედიოდა კლასში, გაკვეთილის დამთავრებამდე ჩუმად იჯდა კარების ახლოს და თვალს არ აშორებდა მამას. მაგრამ მამამ ეს უკანასკნელი თავისი იმედიც დამარხა და საბოლოოდ დაობლდა.

ოჯახის დაკარგვაში მღვდელმა ქიქოძემ დაინახა განგების ხელი, რომელიც მას სულ სხვა, უფრო ფართო და ნაყოფიერი გზით წარმართავდა, რის გამო მალე აღიკვეცა ბერად საქართველოს მაშინდელი ეგზარქოსის ისიდორესა და ბევრ სხვათა გასახარებლად, რომელიც მას ახლოს იცნობდნენ და მასში ხედავდნენ საქართველოს ეკლესიის მომავალ მნათობს.

მიუხედავად თავისი 30-ზე ცოტა მეტი წლის ასაკისა და სამხრეთის მგზნებარე ტემპერამენტისა, ახალგაზრდა ბერმა, რომელიც ყოველთვის თავისი თავის სრული ბატონ-პატრონი იყო, თავიდანვე დაიწყო ისეთი მკაცრი უმწიკვლო ბერული ცხოვრება, როგორი სანიმუშო მეოჯახეც ის წინათ იყო. არქიმანდრიტმა ქიქოძემ, რომელიც განაგრძობდა თავის მეცნიერულ მუშაობას და ამთავრებდა თავის „ცდისეულ ფსიქოლოგიის საფუძვლებს“, მალე ეპისკოპოსობა მიიღო, საქართველოს ქორეპისკოპოსად (მაშინ 33 წლისა იყო) დაინიშნა, თავი მისცა უმთავრესად მქადაგებლურ მოღვაწეობას და თითქმის ყოველი წირვის დროს ისმოდა ძლიერებით, ტალანტითა და იშვიათი ცხოველმყოფელობით აღსავსე მისი ქადაგება.

ამასთან ერთად, ის დანიშნულ იქნა სამღვდელო და სადიაკვნო ადგილების მაძიებელთა გამომცდელად, რაც გამოიყენა ქართველი სამღვდელოების გონებრივი დონის ასამაღლებლად. მანამდე გამოცდები არც კი იყო, არამედ იყო მხოლოდ ძღვენი, რომელიც განაპირობებდა გამომცდელთა ნიშნებს. ადგილს ღებულობდა არა ის, ვინც მეტი იცოდა და უფრო ღირსი იყო, არამედ ის, ვისაც სახსრები ნებას აძლევდა მოეგო გამომცდელის გული.

გასაგებია, თუ რა გამხრწნელ გავლენას იქონიებდა ეს სამღვდელოებაზე, რა დამამცირებელი იქნებოდა. არქიმანდრიტმა გაბრიელმა შეიმუშავა არა რთული, მაგრამ ზუსტად განსაზღვრული საგამოცდო პროგრამა, რომელიც შეიცავდა მხოლოდ არსებითის შინაარსს; იგი მკაცრად მოითხოვდა ამ პროგრამის სრულსა და შეგნებულ ცოდნას. ამასთან ერთად, მან უჩვენა უფრო მოხერხებული და პრაქტიკული გზა ასეთი გამოცდისათვის მოსამზადებლად. ეს იყო ნასადილევს სემინარიის კლასებში ჩატარებული სამედავითნეო გაკვეთილები, რომლებსაც აძლევდნენ სემინარიის უფროსი კლასების საუკეთესო მოსწავლეები მცირეოდენი ჯილდოსათვის მედავითნეებისა და დიაკვნების მხრივ. ეს ჯილდო არ აღემატებოდა ძველი ძღვენის ღირებულებას, მაგრამ იძლეოდა საჭირო მომზადებას და არსებითი სარგებლობა მოჰქონდა სამღვდელოებისა და ხალხისათვის. ეს ღონისძიება სასარგებლო იყო სემინარიელებისთვისაც არა მარტო მატერიალური, არამედ გონებრივი მხრივაც; იგი აჩვევდა მათ საეკლესიო ამბების უბრალოდ და გასაგებად გადმოცემას, ჭეშმარიტ სარწმუნოებას და წარმოადგენდა საუკეთესო მოსამსაზედებლ სკოლას მომავალი სამრევლო მოღვაწეობისათვის. გადაჭრით უნდა ითქვას, რომ ვერც ერთი უღირსი ვეღარ ღებულობდა ადგილს, ვიდრე გამომცდელი იყო არქიმანდრიტი გაბრიელი, რომელიც გამომცდელად დარჩა საქართველოს ქორეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ. ასე ამაღლებდა, აცოცხლებდა და აუმჯობესებდა ის ყველაფერს, სადაც კი ხელი მიუწვდებოდა.

ეს ფაქტები ეპისკოპოს გაბრიელის ცხოვრებისა და მოღვაწეობისა იმერეთის კათედრაზე მის დანიშვნამდე, ახლანდელთან შედარებით უფრო მოკლედ და შემჭიდროებულად ნაამბობი მქონდა, მაგრამ მათ პროფესორებზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინეს. პროფესორებმა გაბრიელში დაინახეს მრავალმხრივი და ცნობისმოყვარე გონებით დაჯილდოებული, ჰუმანური გულისა და ძლიერი აქტიური ნაბისყოფის პიროვნება, აღჭურვილი ყველა მონაცემით ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის. ისინი განსაკუთრებით განაცვიფრა ღრმა სარწმუნოების შეთავსებამ მრავალმხრივ მეცნიერულ განათლებასთან, რაც ასე იშვიათ მოვლენას წარმოადგენს. მათ გადაწყვიტეს დაეწყოთ მასთან მიწერ-მოწერა ერთ-ერთი თავისიანის საშუალებით და, სხვათა შორის, შესთავაზეს მას დახმარება უცხო ენებზე დაწერილი საჭირო წიგნების მიწოდებით (ეპისკოპოსი გაბრიელი თავისუფლად ფლობდა ფრანგულ ენას, ესმოდა გერმანულიც თავისი მეცნიერული საქმიანობის დაუბრკოლებლივ განგრძობისათვის).

მაგრამ 1860 წელს იმერეთ-სამეგრელო-გურია-სვანეთის საეპისკოპოსო კათედრაზე დანიშვნის შემდეგ, რომელსაც მალე შეუერთდა აფხაზეთიც, ახალგაზრდა ეპისკოპოსის სამოღვაწეო სარბიელი ისე ფართო, რთული და ძნელი იყო, რომ მოითხოვდა მისი უხვად დაჯიდოებული ნატურის მთელი ძალ-ღონის დაძაბვას. მიუხედავად ამისა მან თავის მაღალ მოწოდებას ხელი მოჰკიდა მისთვის დამახასიათებელი კეთილშობილური გატაცებით და მთელი თავდადებით, ამასთან განაგრძობდა მეცნიერული საკითხების დამუშავებას, რაშიაც ის პოულობდა ჭეშმარიტ სიტკბოებას.

იმის მეოხებით, რომ განსვენებული მწყემსმთავარი 30 წლის დამოუკიდებელი საეპისკოპოსო მოღვაწეობის მანძილზე უხვად თესდა დასავლეთ საქართველოს მრავალრიცხოვან სამწყსოში მართლმორწმუნეობის, სახარების მაღალი ზნეობის, სასიცოცხლო ცოდნის თესლს, აგრეთვე მის მიერვე დაარსებული და კონტროლირებული მრავალრიცხოვანი სკოლების საშუალებით, დაუღალავი სამოციქულო ქადაგებით ქალაქებში, კიდევ უფრო ხშირად სოფლად, იმის მეოხებით, რომ იგი თავისი უმწიკვლო ცხოვრებით იძლეოდა სახარების ნამდვილი ზნეობის მაღალ მაგალითს, - მისი სამწყსო ამაღლდა ზნეობრივ-რელიგიური, გონებრივი და ეკონომიური მხრივ, რასაც ნათლად ადასტურებს ქუთაისის გუბერნიის გლეხთა მიერ რამდენიმე მილიონი მანეთის სანადელო მიწების შესყიდვა საკუთარი სახსრებით, მთავრობის დაუხმარებლად. ამ ფაქტს, სხვათა შორის, ბარონი ნიკოლაი თავის უკანასკნელ თხზულებაში თითქმის უმაგალითო მოვლენად აღიარებდა მსოფლიოს ისტორიაში. არაფერი ამის მსგავსი არ მომხდარა აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც ამჟამად იმდენად ჩამორჩა ყოველმხრივ დასავლეთ საქართველოს, რამდენადაც ის მასზე მაღლა იდგა 30-40 წლის წინათ.

ეს ნაყოფიერი მოღვაწეობაა მიზეზი განსვენებულის იმ გაღმერთებისა, რასაც ასე მჭევრმეტყველურად გამოხატავს დღეს დაობლებული სამწყსო და რასაც ასე ერთხმად ადასტურებენ ყველა გაზეთის, მათ შორის „კავკაზის“ კორესპონდენტები.

დიახ, სამწყსო ფეხზე დადგა, მაგრამ თვითონ თავგანწირულ მწყემსმთავარს, რომელმაც თავისი სამოციქულო მოღვაწეობის თითქმის ოთხი ათეული წლის განმავლობაში არ იცოდა რა იყო მოსვენება, ძვირად დაუჯდა ეს. იგი ისე იწვოდა ღვთისა და მოყვასის სიყვარულით, რომ არ შეიძლებოდა ნაადრევად არ დაფერფლილიყო. ასეც მოხდა. ცნობილია, რომ მწყემსმთავარმა გაბრიელმა, მიუხედავად თავისი მაგარი ჯანმრთელობისა, სრულიად დაკარგა ძილი, გადაიქცა ჩონჩხად და გარდაიცვალა საშინლად დაღლილი.

ამგვარად, მან ზუსტად შეასრულა მხსნელის რჩევა, რომელიც მოითხოვს, რომ კეთილმა მწყემსმთავარმა თავი დასდოს მისდამი რწმუნებულ სამწყსოსათვის.

განსვენებული მღვდელმთავრის დევიზმა: „ყველაფერი - სამწყსოსათვის და არაფერი - საკუთარი თავისათვის“, მშვენიერი გამოხატულება ჰპოვა მის სულიერ ანდერძშიაც, რომლითაც მან მთელი თავისი ქონება დაუტოვა სხვადასხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებს და გვერდი აუარა თავის მრავალრიცხოვან ნათესავებს, მიუხედავად მათდამი მამობრივი დამოკიდებულებისა. და ეს თავისი ამაღლებული საქმიანობა მან დაასაბუთა ამაღელვებელი თავმდაბლობით, რომლითაც გამოირჩეოდა მთელი მისი ცხოვრება და მოღვაწეობა. „მე არ მეკუთვნის რა, ყველაფერი ღვთისაა“ - წარუმძღვარა წინ თავის სულიერ ანდერძს ჩვენმა სამაგალითო მღვდელმთავარმა.

დიახ, საქართველომ დაჰკარგა უკეთილშობილესი შვილი, რომელიც ფლობდა სულის იშვიათ სიდიადეს. მაგრამ მას შეუძლია თავი ინუგეშოს იმით, რომ მის წრეში ასეთ უაღრესად დაჯილდოებულ პიროვნებათა გამოვლინება მისი მომავლის საწინდარია.

ამონარიდი

ი. გოგებაშვილი. თხზულებანი ტ. III. თბ. 1954, გვ. 36-46.
გაბრიელ ეპისკოპოსი იმერეთისა. ილია თავბერიძე. 2006, გვ. 72-78.

No comments:

Post a Comment