„ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“ (მათე 5:8). ღმერთის ხატებად შექმნილი ადამიანი ღვთაებრივის სარკეა. მან იცის ღმერთი საკუთარი თავის შეცნობით: როდესაც საკუთარ თავს უღრმავდება, ის ხედავს თუ როგორ აირეკლება ღმერთი მისი საკუთარი გულის სიწმინდეში. ადამიანის ღმერთის ხატებად შექმნის დოგმატი ნიშნავს, რომ თითოეულ პიროვნებაში, მის უჭეშმარიტეს და უშინაგანეს „მე“-ში, რასაც ხშირად „გულის სიღრმეს“ ან „სულის ფსკერს“ უწოდებენ, არის შემოქმედთან შეხვედრისა და ერთობის ადგილი. „სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს“ (ლუკა 17:21).
შინაგანი სასუფევლის ამგვარი ძიება ერთ-ერთი უმთავრესი თემაა ეკლესიის მამების ნაწერებში. „ყოველგვარ ცოდნას შორის უდიდესია საკუთარი თავის ცოდნა, რადგან ვინც შეიცნობს საკუთარ თავს, მას ეცოდინება ღმერთიც და მისი მსგავსი გახდება“ - წერს წმ. კლიმენტი ალექსანდრიელი. წმ. ბასილი დიდი კი წერს: „როდესაც ინტელექტი არ არის დაფანტული გარშემომყოფ საგნებში და მთელს გარესამყაროში გრძნობების საშუალებით, ის ბრუნდება საკუთარ თავში და ამაღლდება ღმერთამდე“. „ვინც თავის თავს შეიცნობს, მან ყველაფერი იცის“ - წერს წმ. ისააკ ასური, სხვაგან კი წერს: „გქონდეს მშვიდობა საკუთარ სულში და მაშინ ცასა და დედამიწას მშვიდობა ექნებათ შენთან. გულსმოდგინედ გამოიძიე შენში არსებული საგანძური და დაინახავ იმას, რაც ზეცაშია, რადგან ორივე მათგანს მხოლოდ ერთი შესასვლელი აქვს. კიბე, რომელსაც სასუფეველში აჰყავხარ შენს სულშია დამალული. გაექეცი ცოდვას, ჩაუღრმავდი შენს თავს და საკუთარ სულში აღმოაჩენ ზეცაში ასასვლელ კიბეს“.
ამ გამონათქვამებს შეგვიძლია დავუმატოთ ჩვენი თანამედროვეს, თომას მერტონის მოწმობაც: „ჩვენი არსების ცენტრში არის არარსობის წერტილი, რომელსაც ცოდვა და ილუზია არ შეხებია, ეს არის წმინდა ჭეშმარიტების წერტილი ანუ ნაპერწკალი, რომელიც მთლიანად ღმერთს ეკუთვნის და არასოდეს არ არის ჩვენს განკარგულებაში, რომლითაც ღმერთი ჩვენს ცხოვრებას განაგებს და მიუწვდომელია ჩვენი გონების წარმოსახვისა და ნების უხეშობისათვის. ეს პატარა წერტილი არარსობისა და აბსოლუტური სიგლახაკისა, არის ღმერთის წმინდა დიდება ჩვენში. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის ღმერთის სახელი დაწერილი ჩვენში, როგორც ჩვენი სიგლახაკე, უპოვარება, ღმერთზე დამოკიდებულება და მისი შვილება. ეს წერტილი წმინდა ბრილიანტივითაა, რომელიც ზეცის უხილავი ნათლით ბრწყინავს. ის ყველაშია და მისი დანახვა რომ შეგვეძლოს დავინახავდით სინათლის მილიარდობით წერტილს, რომლებიც იკრიბებიან მზის ბრწყინვალებაში და სრულიად ფანტავენ ცხოვრების სიბნელესა და სისასტიკეს... ზეცის კარიბჭე ყველგანაა“.
„გაექეცი ცოდვას“ - დაჟინებით იმეორებს წმ. ისააკ ასური და ეს სიტყვები განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია. თუ გვინდა ჩვენში ღმერთის სახე აირეკლოს, სარკე სუფთა უნდა იყოს. სინანულის გარეშე შეუძლებელია საკუთარი თავის შეცნობა და შინაგანი სასუფევლის აღმოჩენა. როდესაც მეუბნებიან „დაბრუნდი საკუთარ თავში, შეიცანი თავი შენი“, აუცილებლად უნდა გამოვიკვლიო: რომელი „მე“ უნდა აღმოვაჩინო? რა არის ჩემი ჭეშმარიტი „მე“? ფსიქოანალიზი გვიხსნის „მე“-ს ისეთ სახეობას, რომელსაც ხშირად არა „სასუფეველში მიმავალ“, არამედ იმ კიბისაკენ მივყავართ, რომელიც შლამიან და გველებით მოფუთფუთე სარდაფში ჩადის. „შეიცან თავი შენი“ ნიშნავს შეიცანი შენი თავი, როგორც ღმერთის მიერ შემქნილი და მასზე დამოკიდებული, შეიცანი შენი თავი ღმერთში“.
მართლმადიდებლური ასკეტური ტრადიციის თანახმად, ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ჩვენს ჭეშმარიტ „მე“-ს, რომელიც „ღმერთის ხატებაა“ მხოლოდ მაშინ აღმოვაჩენთ, როდესაც მოვაკვდინებთ ჩვენს ცრუ და დაცემულ „მე“-ს. „რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი ჩემთვის, მან პოოს იგი“ (მათე 16:25): მხოლოდ ის, ვინც ხედავს თავის ცრუ „მე“-ს, როგორიც ის სინამდვილეშია და უარყოფს მას, შესძლებს გაარჩიოს თუ რომელია მისი ჭეშმარიტი „მე“, რომელსაც ღმერთი ხედავს. წმ. ბარსანუფი ხაზს უსვამს ცრუ და ჭეშმარიტ „მე“-ს შორის განსხვავებას და წერს: “დაივიწყე შენი თავი და შეიცანი იგი“.
No comments:
Post a Comment