Monday, October 20, 2014

შეურაცხმყოფელია თუ არა ქალისთვის „ნეკნისგან“ შექმნა? - დეკანოზი თამაზ ლომიძე

შევეცდები, რაც შეიძლება მარტივად ავხსნა. „ნეკნისგან“ შექმნას უწოდო „მეორადი სოციალური დაკანონება“, მცდარი და სუბიექტური გაგებაა იმისა, რაც ბიბლიურ ევას შექმნაში იგულისხმება ადამის „ნეკნიდან“.

ჯერ ერთი: მცდარია აზრი, რომ ადამის გასართობად შექმნა ღმერთმა ევა. არა გასართობად, არამედ იმისთვის, რომ ბედნიერები ყოფილიყვნენ და ერთად უფრო საამური ყოფილიყო მათთვის ცხოვრება. დღესაც ასეა ეს: ქალთან ერთად ბედნიერია კაცი და პირიქით ქალიც ბედნიერია თავის კაცთან.

მეორე: „ნეკნი“ არის თარგმანი ძველებრაული სიტყვისა „zela“ რომელიც გვერდს, მთავარ ნაწილს, გულის-გულს ანუ ყველაზე მნიშვნელოვანს გულისხმობს ადამიანში. „ნეკნისგან“ ან „გვერდისგან“ შექმნა სიმბოლოა მხოლოდ იმისა, რომ სამყაროს შექმნის შემდეგ (რომელშიც ადამის მსგავსი არ იყო არცერთი სულდგმული) ღმერთს სურდა ბუნებით ზუსტად მისი მსგავსი არსება შეექმნა და ამიტომაც გვერდი - გულისგული აიღო ამისთვის მამაკაცისგან. ბუნებრივია, რომ იმ დროს, როცა ბიბლიის პირველი წიგნი დაიწერა ადამიანებს თითქმის არ ჰქონდათ წარმოდგენა ანატომიაზე და მწერალს უნდა გამოეყენებინა ისეთი სიტყვა, რაც ყველაზე მეტად ასახავდა ამ მსგავსებას. ანატომიური გაგებით „ნეკნი“ მოგვიანებით დამკვიდრდა თარგმანებშიც (ლათინურ Vulgata-ში) და ადამიანების გონებაშიც. ადრეულ ადამიანებს კი სხვა რამ ესმოდათ ამაში. შესაბამისად, ნეკნისგან შექმნა არ არის შეურცხმყოფელი ქალებისთვის. პირიქით, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მამაკაცს და დედაკაცს ერთნაირი ბუნება აქვთ და გენდერული თანასწორობის მომხრეებს ეს უნდა უხაროდეთ კიდეც.

მესამე: თუ ვინმე ეკლესიაში ან ერში ამას თავისი მახინჯი წარმოდგენებისთვის ბოროტად იყენებს, ეს არ ნიშნავს, რომ ეკლესიის სწავლებაა ასეთი. თქვენ უნდა იცოდეთ სწორად და ასწავლოთ სხვებსაც.

წყარო

No comments:

Post a Comment