„მე ვისურვებდი, მესაუბრა თქვენთან თუ როგორ მოხდა, რომ მე ინგლისელი ადამიანი შევუერთდი მართლმადიდებელ ეკლესიას. ისტორია იწყება, როდესაც მე ვიყავი 17 წლის, 1952 წელს. თითქმის პატრიარქის წლოვანების ვარ. მე ბავშვობიდან მიმიყვანეს ინგლისის ეკლესიაში, ანგლიკანურ ეკლესიაში, ინგლისელი ხალხის ეროვნულ ეკლესიაში. მშობლებმა მიმიყვანეს ეკლესიაში, მასწავლიდნენ ლოცვას და ბიბლიის კითხვას. როდესაც ვიყავი 17 წლის და ჯერ კიდევ სკოლაში დავდიოდი, თუმცა ვემზადებოდი უმაღლესში ჩასაბარებლად, ერთ-ერთი შაბათი დღის საღამოს ვსეირნობდი ლონდონის იმ ნაწილში, სადაც არასოდეს ვყოფილვარ. დავინახე უცნობი ეკლესია, მივაწექი კარს და გავაღე, შევედი შიგნით და პირველი შთაბეჭდილება იყო, რომ ეკლესია იყო სრულიად ცარიელი. იყო რამდენიმე სკამი, იყო მხოლოდ გაპრიალებული იატაკის დიდი სივრცე. გარეთ არაჩვეულებრივი ზაფხულის შუადღე იდგა, ხოლო შიგნით – ბნელი და მოღუშული. როცა თვალები შეეჩვივნენ სიბნელეს, აღმოვაჩინე, რომ ეკლესია სრულიად ცარიელი არ იყო. მე მივხვდი, რომ ამ ეკლესიაში, რომელშიც არასოდეს შევსულვარ, გარშემო ყველა კედელზე ეკიდა ხატები მათ წინ დანთებული კანდელებით. შემდეგ შევამჩნიე მცირე რაოდენობის ხალხი, მეტი წილი მოხუცები, რომლებიც იდგნენ კედლების სიახლოვეში და არ დამინახავს სად, მაგრამ მესმოდა გუნდის გალობა. ფაქტიურად მე მოვხვდი ლონდონის რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. იქ მიმდინარეობდა შაბათის მწუხრის ლოცვა. ჩემი პირველი შთაბეჭდილება, რომ ეკლესია იყო სრულიად ცარიელი ახლა შეიცვალა სავსებით სხვა შთაბეჭდილებით. მე ვგრძნობდი რომ ეკლესია იყო არა ცარიელი, არამედ სავსე უჩინარი მლოცველებით. უეცრად ვიგრძენი, რომ ჩვენ მცირედი ხილული მრევლი მონაწილეები ვიყავით გაცილებით დიდი მსახურებისა. მე მქონდა განცდა, რომ ეს მცირეოდენი მრევლი აღტაცებული იყო ეკლესიის მსახურებაში სასუფეველში. მე მომიცვა ყოვლისმომცველმა რწმენამ, რომ წმინდანები არიან აქ, ანგელოზები არიან აქ და ჩვენთან ერთად გალობენ, ღვთისმშობელი არის აქ და თვით ქრისტეა აქ. ასე რომ, შაბათის იმ საღამოს, ლონდონის რუსულ ეკლესიაში მე მივიღე ეკლესიის მსახურების გამოცდილება როგორც სასუფევლისა დედამიწაზე. წმინდა გერმანოზ კონსტანტინეპოლელი, რომელმაც VII საუკუნეში დაწერა წმინდა ლიტურგიის განმარტება, თხზულების დასაწყისში ამბობს: „ეკლესია არის სასუფეველი დედამიწაზე, რომელშიც მაღალი ღმერთი მკვიდრობს და მოქმედებს“. ჩემი რაციონალური გონებით მე არ მესმოდა მსახურების ერთი სიტყვაც კი, რადგან ყველაფერი იყო სლავურ ენაზე. მაგრამ ამას მნიშნვნელობა არა ჰქონდა, მე ვგრძნობდი წმინდანთა თანაზიარებას და სასუფევლისა და დედამიწის ერთობას. არ ვიცი რამდენი ხანი ვიდექი ლოცვაზე, რაც მახსოვს არის ის, რომ როდესაც გამოვედი ეკლესიიდან გარეთ ზაფხულის საღამო დღეს, და უეცრად მომესმა ცენტრალური ლონდონის ტრანსპორტის ხმაური, მივხვდი, რომ ტაძარში ყოფნისას სრულიად დამავიწყდა გარესამყარო, მე გადაყვანილი ვიყავი რეალობის სრულიად სხვა საფეხურზე. ასე რომ, ეს გახლდათ მართლმადიდებელი ეკლესიის ჩემი პირველი გამოცდილება – არა წიგნების კითხვით და მართლმადიდებელ ხალხთან შეხვედრით, არამედ მართლმადიდებლური მსახურების გამოცდილებით. იმ მომენტში მე ვიგრძენი, რომ ეს ჩემი მშობლიური ჭეშმარიტი სახლია და ეს ის არის, რასაც მე რეალურად ვეკუთვნი. ასე რომ, ჩემი გადაწყვეტილება გავმხდარიყავი მართლმადიდებელი, მოხდა იმ ზაფხულის საღამოს, როცა ვიყავი 17 წლის. მაგრამ მაშინვე მართლმადიდებელი არ გავხდი, დავიცადე კიდევ 6 წელი. იმ დროს, მე ვსაუბრობ 60 წლის წინანდელ პერიოდზე, ძალიან ცოტა ხალხი იყო დასავლეთში, ვინც მართლმადიდებლები იყვნენ. ბერძენმა და რუსმა მღვდლებმა, რომლებსაც გავესაუბრე, მითხრეს, დავრჩენილიყავი იქ, სადაც ვიყავი. მათ მითხრეს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არის მხოლოდ ბერძნებისთვის და რუსებისთვის. მე ვუთხარი, რომ ჭეშმარიტად, მართლმადიდებელი ეკლესია არის ჭეშმარიტი ეკლესია. მათ კი მომიგეს: „კი ცხადია, ის ჭეშმარიტია, მაგრამ გირჩევთ, ნუ შეუერთდებით მას“. მაგრამ მე დაჟინებით მოვითხოვდი. დავიწყე კითხვა მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ და საუბარი მართლმადიდებელ ქრისტიანებთან და ამან მიმიყვანა მეორე რაღაცასთან, რამაც მიმიზიდა მართლმადიდებელ ეკლესიასთან. როდესაც მე ვკითხულობდი მართლმადიდებლობის შესახებ, მივხვდი, რომ ეს არის ეკლესია წმინდა ტრადიციისა (გადმოცემისა). მე ვიგრძენი, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არის ცოცხალი გაგრძელება მოციქულების დროინდელი ეკლესიისა. ვიგრძენი, რომ ეს არის ეკლესია ადრეული მამებისა და ეკლესია უძველესი კრებებისა. დასავლეთში ბევრი რამ მოხდა, რამაც გაწყვიტა უწყვეტი კავშირი პირველ ქრისტიანობასა და დღევანდელობას შორის. შუა საუკუნეებში იქ განვითარდა პაპობა და მას შემდეგ რეფორმაცია. მე ვგრძნობდი დიდ სიყვარულს ანგლიკანური ეკლესიის მიმართ, სადაც მიმიყვანეს. მაგრამ, ასევე ვგრძნობდი, რომ იქ იყო ძალიან ბევრი დარღვევა უწყვეტობაში, რაც ნიშნავდა, რომ ანგლიკანური ეკლესია ვერ აცხადებდა თავს ცოცხალი ტრადიციის ეკლესიად ისე, როგორც არის მართლმადიდებელ ეკლესიაში. ცოცხალი უწყვეტობა…მე ხაზს ვუსვამ სიტყვას „ცოცხალი“, ტრადიცია არ არის რაღაც მკვდარი რამ წარსულიდან. ტრადიცია აგრეთვე არის რაღაც ცოცხალი აწმყოში. ერთი ფრაზა, რომელმაც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ამოვიკითხე გამოჩენილ რუს ღვთისმეტყველთან ვლადიმერ ლოსკისთან. ის ამბობს, რომ ტრადიცია არის სულიწმინდის ცხოვრება ეკლესიაში. ასე რომ, ტრადიცია არ არის უბრალოდ ტომები, რომლებიც მტვერს აგროვებენ ბიბლიოთეკაში. ტრადიცია არის სიცოცხლე, და ტრადიცია არის სულიწმინდის არსებობა და სულიწმინდა ყოველთვის ახალია. როგორც ამბობს რუმინელი ღვთისმეტყველი დიმიტრი სტანილოე: „ტრადიცია არ არის უბრალოდ წარსულის ჩანაწერები, ტრადიცია არის ცოცხალი განცდა აწმყოში“. მე აგრეთვე შთამაგონა ღვთისმეტყველების ხედვამ, რომელიც აღმოვაჩინე სხვა რუსი ღვთისმეტყველის პროტოპრესვიტერ გიორგი ფლოროვსკის ნაწერებში. მისი ცნობილი სლოგანი, და მე დარწმუნებული ვარ უმეტესობა იცნობთ მას, იყო: „ახალი პატრისტიკული სინთეზი“. მართლმადიდებელი ეკლესია არის პატრისტიკული, დიახ, მაგრამ ის აგრეთვე ახალ პატრისტიკულია, რადგან განაახლებს მამების სულს ყოველ საუკუნეში. მამა (გიორგი) ფლოროვსკი ამბობდა, რომ ჩვენთვის საკმარისი არაა უბრალოდ ციტირება მოვახდინოთ მამების, ჩვენ უნდა მივწვდეთ მათ გონებას, მათ მენტალობას, ბერძნულად – ფრონიმა. ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა, არა უბრალოდ თუ რას ამბობდნენ მამები მეოთხე ან მეხუთე საუკუნეებში, არამედ თუ რას იტყოდნენ ისინი დღეს, ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ. კიდევ ერთი საკითხი, რაც ვისწავლე ლოსკისა და ფლოროვსკისგან, რომ მამებისთვის თეოლოგია გადაჯაჭვულია ლოცვასთან. ასე რომ ეს მეორე საკითხი – წმინდა ტრადიცია (გადმოცემა) დაკავშირებული იყო პირველთან, რომელმაც მე მიმიყვანა მართლმადიდებელ ეკლესიაში: ეკლესიის ლოცვითი გამოცდილება, როგორც სასუფეველი დედამიწაზე. მე ვგრძნობდი, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არის არა უბრალოდ რაღაც უძველესი, მე ვგრძნობდი, რომ ის არის დღევანდელი დღის ეკლესია. შემდეგ ნება მიბოძეთ ვახსენო მესამე რამ, რამაც მიმიყვანა მართლმადიდებელ ეკლესიაში. აგრეთვე გაითვალისწინეთ, რომ მე მოვედი მართლმადიდებელ ეკლესიაში ორმოცდაათიან წლებში, როდესაც სტალინი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მე ძალიან შემძრა, როდესაც წავიკითხე იმ დევნის შესახებ, რასაც განიცდიდა მართლმადიდებლობა 1917 წლიდან მოყოლებული. მართალია ისიც, რომ მართლმადიდებლების მსგავსად სხვა ქრისტიანებიც იდევნებოდნენ. მაგრამ დევნის მთავარი სიმძიმე დააწვა მართლმადიდებლობას. როდესაც წავიკითხე მართლმადიდებელი ქრისტიანების დევნის შესახებ საბჭოთა კავშირში 20-იან 30-იან წლებში, ძალიან შემძრა. მე ვიგრძენი, რომ მართლმადიდებლობა არის მოწამეთა და აღმსარებელთა ეკლესია. ჩემთვის ეს იყო რაღაც, რამაც მართლმადიდებელი ეკლესია ძალიან ახლოს დააკავშირა უძველესი დროის ეკლესიასთან. დასაწყისში ქრისტიანობა იდევნებოდა, ხოლო მეოცე საუკუნეში მართლმადიდებლობა იყო დევნილი. ეს ის სამი რამ არის, რამაც განსაკუთრებით მიმიყვანა მართლმადიდებელ ეკლესიაში: მსახურების, როგორც დედამიწაზე სამოთხის გამოცდილება; მართლმადებლობაში ცოცხალი ტრადიციის (გადმოცემის) გაგება; და მესამე: მოწამეობის და დევნის გამოცდილება თანამედროვე მართლმადიდებლობაში. ყოველ კვირას ცისკრის ლოცვისას ჩვენ ვგალობთ სიტყვებს, რომ ჯვრის საშუალებით ხსნა მოევლინა მთელ ქვეყანას. ეს არის ის რაღაც, რითაც მართლმადიდებლობა მეოცე საუკუნეში ცხოვრობდა განსაკუთრებულად ფუნდამენტური სახით. ასე რომ, ექვსი წლის შედმეგ მე მიმიღეს მართლმადიდებელ ეკლესიაში. რადგან ვფლობდი ბერძნულს და კარგად არ მესმოდა რუსული, მე შევუერთდი მართლმადიდებლობის ბერძნულ ნაწილს, მე მიმიღო მსოფლიო საპატრიარქომ. თქვენ შესაძლოა გაგიკვირდეთ, როდესაც მე ვსაუბრობ მართლმადიდებლობის შესახებ, მე ვსაუბრობ მხოლოდ ბერძნების და რუსების შესახებ. იმ დროს არცერთი რუმინული ეკლესია არ იყო ინგლისში, იყო რამდენიმე სერბული ეკლესია, არ იყო ქართული ეკლესია, ლონდონში პირველი ქართული ეკლესია გაიხსნა ამ წელს (2011 წ. – ზ.ო.). და მხოლოდ თანდათანობით შევისწავლე მართლმადიდებლური მსოფლიოს მრავალფეროვნების შესახებ. მართლმადიდებლობისკენ გზის პოვნაში ჩემზე ძალიან დიდი გავლენა იქონია ერთმა კონკრეტულმა წმინდანმა. ეს გახლდათ რუსი წმინდანი სერაფიმე საროველი, რომელიც მე ვფიქრობ არის მსოფლიოს წმინდანი, რადგან საქართველოს ყველა ეკლესიაში მე ვხედავ წმ. სერაფიმეს ხატებს. ქართულად კითხვა არ ვიცი, ეს ჩემთვის მისტერიაა, თუმცა მე ვცნობ წმ. სერაფიმეს სახეს. მე რომ შემეჯამებინა ის, თუ რა ვიპოვე მართლმადიდებელ ეკლესიაში, მე გამოვიყენებდი კონკრეტულ სიტყვას – „სისავსე“. სისავსე – ჩვენ არ უნდა ვთქვათ, რომ მართლმადიდებლობის გარეთ არაფერია და არის მხოლოდ სიბნელე. სხვა ქრისტიანები ასე თუ ისე სხვადასხვანაირად არიან ახლოს მართლმადიდებლობასთან. სხვა ქრისტიანებს აქვთ ჭეშმარიტების ნაწილი…სხვა ქრისტიანებს აქვთ ჭეშმარიტების ნაწილი, მაგრამ მხოლოდ მართლმადიდებლობაში ვიპოვე ჭეშმარიტების სისავსე. ანუ, ამ თვალსაზრისით მე მწამს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთი ჭეშმარიტი ქრისტეს ეკლესია დედამიწაზე. მართლმადიდებელ ეკლესიაში შვიდი წლის განმავლობაში ვიყავი მხოლოდ საერო პირი. ბერძენმა ეპისკოპოსმა, რომელმაც მიმიღო (მართლმადიდებლობაში – ზ.ო.), მითხრა: „გთხოვ გაიგო, რომ შენ ვერასოდეს გახდები მართლმადიდებელ ეკლესიაში მღვდელი, ჩვენ გვინდა მხოლოდ ბერძნები“. მე ვუპასუხე „კი ბატონო, მე მხოლოდ ის მინდა, რომ ვიყო მართლმადიდებლობაში“. სხვათაშორის ეპისკოპოსი იყო კეთილი ადამიანი და მან ეს მითხრა კეთილად, თუმცა მტკიცედ. მაგრამ შემდეგ დრო შეიცვალა და ახალი არქიეპისკოპოსი ჩამოვიდა ინგლისში და მან გამამხნევა ხელდასასხმელად. იმ დროს მართლმადიდებელ ეკლესიაში ბრიტანეთში იყო მხოლოდ ერთი ინგლისელი ადამიანი, რომელიც რუსულ ეკლესიაში მსახურობდა მღვდლად. მე ვიყავი პირველი, რომელიც აკურთხეს ბერძნულ ეპარქიაში. ამჟამად, 45 წლის შემდეგ, ბრიტანეთში არის დაახლოებით 80 ინგლისელი მართლმადიდებელი სასულიერო პირი. ასე რომ, მე უკვე აღარ ვგრძნობ თავს, გადაშენების გზაზე მყოფ სახეობად. ინგლისში გვყავს დაახლოებით 200 მართლმადიდებელი მღვდელი და მე ვიტყოდი, რომ ყოველ კვირას ინგლისში წმინდა ლიტურგია დაახლოებით 100 სხვადასხვა ადგილას აღევლინება. და როგორც ხედავთ, ჩვენი რიცხვი იზრდება. ყველაზე დიდი სამოძღვრო პრობლემა, რაც ბრიტანეთშია და ვფიქრობ, აქაც საქართველოში და საბერძნეთშიც წარმოადგენს სამოძღვრო პრობლემას, არის, თუ როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა ეკლესიაში. ზოგადი სიტუაცია ბრიტანეთში ღრმად სეკულარულია. ასე რომ, ჩვენი ახალგაზრდა მართლმადიდებელი ადამიანები და ბავშვები იზრდებიან სეკულარულ ატმოსფეროში და არსებობს საშიშროება, რომ ისინი დაშორდებიან ეკლესიას. ეს არის უდიდესი პრობლემა, თუ როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა, როგორ დავიზღვიოთ თავი მართლმადიდებელი ახალი თაობით. ჩვენ მუდმივად ვხსნით ახალ–ახალ სამრევლოებს, მაგრამ აგრეთვე ვაცნობიერებ, რომ ძალიან ბევრ ჩვენს ახალგაზრდას ვკარგავთ. დასასრულს ნება მიბოძეთ დავუბრუნდე იმას საიდანაც დავიწყე, ნება მიბოძეთ დავუბრუნდე მართლმადიდებლური მსახურების ჩემს პირველ გამოცდილებას, ნება მომეცით დავუბრუნდე იმ იდეას, რომ ეკლესია გახლავთ სასუფეველი დედამიწაზე. ვფიქრობ მრავალი თქვენგანი აპირებს, რომ გახდეს მღვდელი, ვილოცებ თქვენთვის, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც აღასრულებთ წმინდა ლიტურგიას, მიიღოთ იგივე გამოცდილება, რაც მე მივიღე რუსულ ეკლესიაში შაბათის ცისკარზე და მას შემდეგ მრავალჯერ, რომ ეკლესია ლოცვისას არის სასუფეველი დედამიწაზე. როდესაც თქვენ დგახართ წმინდა ტრაპეზის წინ როგორც მღვდლები, ყველაფერი რასაც ხედავთ თქვენი გულით, ესაა ქრისტე, რომელიც დგას თქვენს წინ მთელი ამ დროის განმავლობაში. იესო ქრისტე გახლავთ ახალი აღთქმის ერთი (ჭეშმარიტი) მღვდელმთავარი, ის არის მღვდელმთავარი ყველა წმინდა ლიტურგიაზე. ჩვენ, სასულიერო პირები და მრევლი ვართ მხოლოდ თანამსახურები მისი. მოდით გვახსოვდეს, თუ რა ითქმის ქერუბიმების გალობის და დიდი გამოსვლის წინ მღვდლის მიერ ქრისტესადმი აღვლენილი ლოცვისას. ბერძნულად: „სიგარი ო პროსფერომ კე პროსფერომენოს“ – „შენ ქრისტე ხარ ის, ვინც სწირავ და ვინც შეიწირები“. ქრისტე არის შემწირველი და ქრისტე არის შეწირული. ქრისტე არის მღვდელმთავარი და ქრისტე აგრეთვე არის მსხვერპლიც, რომელსაც ვწირავთ მისტიურად. ამიტომ, ყოველთვის, როდესაც აღასრულებთ ლიტურგიას როგორც მღვდლები, ყოველთვის ცხადად უნდა გრძნობდეთ გულით ერთი ჭეშმარიტი უხილავი მღვდლის, ჩვენი უფლის და თავად მაცხოვარი ქრისტეს დაუყოვნებელი მყოფობის მნიშვნელობას. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: ეს გახლავთ ქრისტე, ვინც განახორციელებს ყველაფერს, მღვდელი მხოლოდ ხელებს აღაპყრობს და გამოსცემს ბგერებს. ეს გახლავთ მცირე ისტორია ჩემს შესახებ და ქრისტემ დალოცოს ყველა თქვენგანი, რათა იყოთ წმინდა ლიტურგიის ერთგული მსახურნი, დაე გრძნობდეთ, რომ ეკლესია არის სასუფეველი დედამიწაზე, დაე მიიტანოთ დედამიწაზე სასუფევლის ეს შინაარსი იმ ადამიანებამდე, ვისაც ემსახურებით, მადლობა… მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თარჯიმანს“.
მიტროპოლიტი კალისტე უეარი
No comments:
Post a Comment