Tuesday, July 5, 2016

მართლმადიდებელი ეკლესია არის ცოცხალი გაგრძელება მოციქულების დროინდელი ეკლესიისა

2011 წელს, მიტროპოლიტი კალისტე უეარი დიდი დელეგაციით იმყოფებდა საქართველოში. 30 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიასაც ეწვია. ეს არის ამონარიდი მისი სიტყვით გამოსვლიდან, რომელიც მოამზადა წმ. პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრის წევრმა, ზაზა ოსმანოვმა.

„მე ვისურვებდი, მესაუბრა თქვენთან თუ როგორ მოხდა, რომ მე ინგლისელი ადამიანი შევუერთდი მართლმადიდებელ ეკლესიას. ისტორია იწყება, როდესაც მე ვიყავი 17 წლის, 1952 წელს. თითქმის პატრიარქის წლოვანების ვარ. მე ბავშვობიდან მიმიყვანეს ინგლისის ეკლესიაში, ანგლიკანურ ეკლესიაში, ინგლისელი ხალხის ეროვნულ ეკლესიაში. მშობლებმა მიმიყვანეს ეკლესიაში, მასწავლიდნენ ლოცვას და ბიბლიის კითხვას. როდესაც ვიყავი 17 წლის და ჯერ კიდევ სკოლაში დავდიოდი, თუმცა ვემზადებოდი უმაღლესში ჩასაბარებლად, ერთ-ერთი შაბათი დღის საღამოს ვსეირნობდი ლონდონის იმ ნაწილში, სადაც არასოდეს ვყოფილვარ. დავინახე უცნობი ეკლესია, მივაწექი კარს და გავაღე, შევედი შიგნით და პირველი შთაბეჭდილება იყო, რომ ეკლესია იყო სრულიად ცარიელი. იყო რამდენიმე სკამი, იყო მხოლოდ გაპრიალებული იატაკის დიდი სივრცე. გარეთ არაჩვეულებრივი ზაფხულის შუადღე იდგა, ხოლო შიგნით – ბნელი და მოღუშული. როცა თვალები შეეჩვივნენ სიბნელეს, აღმოვაჩინე, რომ ეკლესია სრულიად ცარიელი არ იყო. მე მივხვდი, რომ ამ ეკლესიაში, რომელშიც არასოდეს შევსულვარ, გარშემო ყველა კედელზე ეკიდა ხატები მათ წინ დანთებული კანდელებით. შემდეგ შევამჩნიე მცირე რაოდენობის ხალხი, მეტი წილი მოხუცები, რომლებიც იდგნენ კედლების სიახლოვეში და არ დამინახავს სად, მაგრამ მესმოდა გუნდის გალობა. ფაქტიურად მე მოვხვდი ლონდონის რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. იქ მიმდინარეობდა შაბათის მწუხრის ლოცვა. ჩემი პირველი შთაბეჭდილება, რომ ეკლესია იყო სრულიად ცარიელი ახლა შეიცვალა სავსებით სხვა შთაბეჭდილებით. მე ვგრძნობდი რომ ეკლესია იყო არა ცარიელი, არამედ სავსე უჩინარი მლოცველებით. უეცრად ვიგრძენი, რომ ჩვენ მცირედი ხილული მრევლი მონაწილეები ვიყავით გაცილებით დიდი მსახურებისა. მე მქონდა განცდა, რომ ეს მცირეოდენი მრევლი აღტაცებული იყო ეკლესიის მსახურებაში სასუფეველში. მე მომიცვა ყოვლისმომცველმა რწმენამ, რომ წმინდანები არიან აქ, ანგელოზები არიან აქ და ჩვენთან ერთად გალობენ, ღვთისმშობელი არის აქ და თვით ქრისტეა აქ. ასე რომ, შაბათის იმ საღამოს, ლონდონის რუსულ ეკლესიაში მე მივიღე ეკლესიის მსახურების გამოცდილება როგორც სასუფევლისა დედამიწაზე. წმინდა გერმანოზ კონსტანტინეპოლელი, რომელმაც VII საუკუნეში დაწერა წმინდა ლიტურგიის განმარტება, თხზულების დასაწყისში ამბობს: „ეკლესია არის სასუფეველი დედამიწაზე, რომელშიც მაღალი ღმერთი მკვიდრობს და მოქმედებს“. ჩემი რაციონალური გონებით მე არ მესმოდა მსახურების ერთი სიტყვაც კი, რადგან ყველაფერი იყო სლავურ ენაზე. მაგრამ ამას მნიშნვნელობა არა ჰქონდა, მე ვგრძნობდი წმინდანთა თანაზიარებას და სასუფევლისა და დედამიწის ერთობას. არ ვიცი რამდენი ხანი ვიდექი ლოცვაზე, რაც მახსოვს არის ის, რომ როდესაც გამოვედი ეკლესიიდან გარეთ ზაფხულის საღამო დღეს, და უეცრად მომესმა ცენტრალური ლონდონის ტრანსპორტის ხმაური, მივხვდი, რომ ტაძარში ყოფნისას სრულიად დამავიწყდა გარესამყარო, მე გადაყვანილი ვიყავი რეალობის სრულიად სხვა საფეხურზე. ასე რომ, ეს გახლდათ მართლმადიდებელი ეკლესიის ჩემი პირველი გამოცდილება – არა წიგნების კითხვით და მართლმადიდებელ ხალხთან შეხვედრით, არამედ მართლმადიდებლური მსახურების გამოცდილებით. იმ მომენტში მე ვიგრძენი, რომ ეს ჩემი მშობლიური ჭეშმარიტი სახლია და ეს ის არის, რასაც მე რეალურად ვეკუთვნი. ასე რომ, ჩემი გადაწყვეტილება გავმხდარიყავი მართლმადიდებელი, მოხდა იმ ზაფხულის საღამოს, როცა ვიყავი 17 წლის. მაგრამ მაშინვე მართლმადიდებელი არ გავხდი, დავიცადე კიდევ 6 წელი. იმ დროს, მე ვსაუბრობ 60 წლის წინანდელ პერიოდზე, ძალიან ცოტა ხალხი იყო დასავლეთში, ვინც მართლმადიდებლები იყვნენ. ბერძენმა და რუსმა მღვდლებმა, რომლებსაც გავესაუბრე, მითხრეს, დავრჩენილიყავი იქ, სადაც ვიყავი. მათ მითხრეს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არის მხოლოდ ბერძნებისთვის და რუსებისთვის. მე ვუთხარი, რომ ჭეშმარიტად, მართლმადიდებელი ეკლესია არის ჭეშმარიტი ეკლესია. მათ კი მომიგეს: „კი ცხადია, ის ჭეშმარიტია, მაგრამ გირჩევთ, ნუ შეუერთდებით მას“. მაგრამ მე დაჟინებით მოვითხოვდი. დავიწყე კითხვა მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ და საუბარი მართლმადიდებელ ქრისტიანებთან და ამან მიმიყვანა მეორე რაღაცასთან, რამაც მიმიზიდა მართლმადიდებელ ეკლესიასთან. როდესაც მე ვკითხულობდი მართლმადიდებლობის შესახებ, მივხვდი, რომ ეს არის ეკლესია წმინდა ტრადიციისა (გადმოცემისა). მე ვიგრძენი, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არის ცოცხალი გაგრძელება მოციქულების დროინდელი ეკლესიისა. ვიგრძენი, რომ ეს არის ეკლესია ადრეული მამებისა და ეკლესია უძველესი კრებებისა. დასავლეთში ბევრი რამ მოხდა, რამაც გაწყვიტა უწყვეტი კავშირი პირველ ქრისტიანობასა და დღევანდელობას შორის. შუა საუკუნეებში იქ განვითარდა პაპობა და მას შემდეგ რეფორმაცია. მე ვგრძნობდი დიდ სიყვარულს ანგლიკანური ეკლესიის მიმართ, სადაც მიმიყვანეს. მაგრამ, ასევე ვგრძნობდი, რომ იქ იყო ძალიან ბევრი დარღვევა უწყვეტობაში, რაც ნიშნავდა, რომ ანგლიკანური ეკლესია ვერ აცხადებდა თავს ცოცხალი ტრადიციის ეკლესიად ისე, როგორც არის მართლმადიდებელ ეკლესიაში. ცოცხალი უწყვეტობა…მე ხაზს ვუსვამ სიტყვას „ცოცხალი“, ტრადიცია არ არის რაღაც მკვდარი რამ წარსულიდან. ტრადიცია აგრეთვე არის რაღაც ცოცხალი აწმყოში. ერთი ფრაზა, რომელმაც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ამოვიკითხე გამოჩენილ რუს ღვთისმეტყველთან ვლადიმერ ლოსკისთან. ის ამბობს, რომ ტრადიცია არის სულიწმინდის ცხოვრება ეკლესიაში. ასე რომ, ტრადიცია არ არის უბრალოდ ტომები, რომლებიც მტვერს აგროვებენ ბიბლიოთეკაში. ტრადიცია არის სიცოცხლე, და ტრადიცია არის სულიწმინდის არსებობა და სულიწმინდა ყოველთვის ახალია. როგორც ამბობს რუმინელი ღვთისმეტყველი დიმიტრი სტანილოე: „ტრადიცია არ არის უბრალოდ წარსულის ჩანაწერები, ტრადიცია არის ცოცხალი განცდა აწმყოში“. მე აგრეთვე შთამაგონა ღვთისმეტყველების ხედვამ, რომელიც აღმოვაჩინე სხვა რუსი ღვთისმეტყველის პროტოპრესვიტერ გიორგი ფლოროვსკის ნაწერებში. მისი ცნობილი სლოგანი, და მე დარწმუნებული ვარ უმეტესობა იცნობთ მას, იყო: „ახალი პატრისტიკული სინთეზი“. მართლმადიდებელი ეკლესია არის პატრისტიკული, დიახ, მაგრამ ის აგრეთვე ახალ პატრისტიკულია, რადგან განაახლებს მამების სულს ყოველ საუკუნეში. მამა (გიორგი) ფლოროვსკი ამბობდა, რომ ჩვენთვის საკმარისი არაა უბრალოდ ციტირება მოვახდინოთ მამების, ჩვენ უნდა მივწვდეთ მათ გონებას, მათ მენტალობას, ბერძნულად – ფრონიმა. ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა, არა უბრალოდ თუ რას ამბობდნენ მამები მეოთხე ან მეხუთე საუკუნეებში, არამედ თუ რას იტყოდნენ ისინი დღეს, ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ. კიდევ ერთი საკითხი, რაც ვისწავლე ლოსკისა და ფლოროვსკისგან, რომ მამებისთვის თეოლოგია გადაჯაჭვულია ლოცვასთან. ასე რომ ეს მეორე საკითხი – წმინდა ტრადიცია (გადმოცემა) დაკავშირებული იყო პირველთან, რომელმაც მე მიმიყვანა მართლმადიდებელ ეკლესიაში: ეკლესიის ლოცვითი გამოცდილება, როგორც სასუფეველი დედამიწაზე. მე ვგრძნობდი, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არის არა უბრალოდ რაღაც უძველესი, მე ვგრძნობდი, რომ ის არის დღევანდელი დღის ეკლესია. შემდეგ ნება მიბოძეთ ვახსენო მესამე რამ, რამაც მიმიყვანა მართლმადიდებელ ეკლესიაში. აგრეთვე გაითვალისწინეთ, რომ მე მოვედი მართლმადიდებელ ეკლესიაში ორმოცდაათიან წლებში, როდესაც სტალინი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მე ძალიან შემძრა, როდესაც წავიკითხე იმ დევნის შესახებ, რასაც განიცდიდა მართლმადიდებლობა 1917 წლიდან მოყოლებული. მართალია ისიც, რომ მართლმადიდებლების მსგავსად სხვა ქრისტიანებიც იდევნებოდნენ. მაგრამ დევნის მთავარი სიმძიმე დააწვა მართლმადიდებლობას. როდესაც წავიკითხე მართლმადიდებელი ქრისტიანების დევნის შესახებ საბჭოთა კავშირში 20-იან 30-იან წლებში, ძალიან შემძრა. მე ვიგრძენი, რომ მართლმადიდებლობა არის მოწამეთა და აღმსარებელთა ეკლესია. ჩემთვის ეს იყო რაღაც, რამაც მართლმადიდებელი ეკლესია ძალიან ახლოს დააკავშირა უძველესი დროის ეკლესიასთან. დასაწყისში ქრისტიანობა იდევნებოდა, ხოლო მეოცე საუკუნეში მართლმადიდებლობა იყო დევნილი. ეს ის სამი რამ არის, რამაც განსაკუთრებით მიმიყვანა მართლმადიდებელ ეკლესიაში: მსახურების, როგორც დედამიწაზე სამოთხის გამოცდილება; მართლმადებლობაში ცოცხალი ტრადიციის (გადმოცემის) გაგება; და მესამე: მოწამეობის და დევნის გამოცდილება თანამედროვე მართლმადიდებლობაში. ყოველ კვირას ცისკრის ლოცვისას ჩვენ ვგალობთ სიტყვებს, რომ ჯვრის საშუალებით ხსნა მოევლინა მთელ ქვეყანას. ეს არის ის რაღაც, რითაც მართლმადიდებლობა მეოცე საუკუნეში ცხოვრობდა განსაკუთრებულად ფუნდამენტური სახით. ასე რომ, ექვსი წლის შედმეგ მე მიმიღეს მართლმადიდებელ ეკლესიაში. რადგან ვფლობდი ბერძნულს და კარგად არ მესმოდა რუსული, მე შევუერთდი მართლმადიდებლობის ბერძნულ ნაწილს, მე მიმიღო მსოფლიო საპატრიარქომ. თქვენ შესაძლოა გაგიკვირდეთ, როდესაც მე ვსაუბრობ მართლმადიდებლობის შესახებ, მე ვსაუბრობ მხოლოდ ბერძნების და რუსების შესახებ. იმ დროს არცერთი რუმინული ეკლესია არ იყო ინგლისში, იყო რამდენიმე სერბული ეკლესია, არ იყო ქართული ეკლესია, ლონდონში პირველი ქართული ეკლესია გაიხსნა ამ წელს (2011 წ. – ზ.ო.). და მხოლოდ თანდათანობით შევისწავლე მართლმადიდებლური მსოფლიოს მრავალფეროვნების შესახებ. მართლმადიდებლობისკენ გზის პოვნაში ჩემზე ძალიან დიდი გავლენა იქონია ერთმა კონკრეტულმა წმინდანმა. ეს გახლდათ რუსი წმინდანი სერაფიმე საროველი, რომელიც მე ვფიქრობ არის მსოფლიოს წმინდანი, რადგან საქართველოს ყველა ეკლესიაში მე ვხედავ წმ. სერაფიმეს ხატებს. ქართულად კითხვა არ ვიცი, ეს ჩემთვის მისტერიაა, თუმცა მე ვცნობ წმ. სერაფიმეს სახეს. მე რომ შემეჯამებინა ის, თუ რა ვიპოვე მართლმადიდებელ ეკლესიაში, მე გამოვიყენებდი კონკრეტულ სიტყვას – „სისავსე“. სისავსე – ჩვენ არ უნდა ვთქვათ, რომ მართლმადიდებლობის გარეთ არაფერია და არის მხოლოდ სიბნელე. სხვა ქრისტიანები ასე თუ ისე სხვადასხვანაირად არიან ახლოს მართლმადიდებლობასთან. სხვა ქრისტიანებს აქვთ ჭეშმარიტების ნაწილი…სხვა ქრისტიანებს აქვთ ჭეშმარიტების ნაწილი, მაგრამ მხოლოდ მართლმადიდებლობაში ვიპოვე ჭეშმარიტების სისავსე. ანუ, ამ თვალსაზრისით მე მწამს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთი ჭეშმარიტი ქრისტეს ეკლესია დედამიწაზე. მართლმადიდებელ ეკლესიაში შვიდი წლის განმავლობაში ვიყავი მხოლოდ საერო პირი. ბერძენმა ეპისკოპოსმა, რომელმაც მიმიღო (მართლმადიდებლობაში – ზ.ო.), მითხრა: „გთხოვ გაიგო, რომ შენ ვერასოდეს გახდები მართლმადიდებელ ეკლესიაში მღვდელი, ჩვენ გვინდა მხოლოდ ბერძნები“. მე ვუპასუხე „კი ბატონო, მე მხოლოდ ის მინდა, რომ ვიყო მართლმადიდებლობაში“. სხვათაშორის ეპისკოპოსი იყო კეთილი ადამიანი და მან ეს მითხრა კეთილად, თუმცა მტკიცედ. მაგრამ შემდეგ დრო შეიცვალა და ახალი არქიეპისკოპოსი ჩამოვიდა ინგლისში და მან გამამხნევა ხელდასასხმელად. იმ დროს მართლმადიდებელ ეკლესიაში ბრიტანეთში იყო მხოლოდ ერთი ინგლისელი ადამიანი, რომელიც რუსულ ეკლესიაში მსახურობდა მღვდლად. მე ვიყავი პირველი, რომელიც აკურთხეს ბერძნულ ეპარქიაში. ამჟამად, 45 წლის შემდეგ, ბრიტანეთში არის დაახლოებით 80 ინგლისელი მართლმადიდებელი სასულიერო პირი. ასე რომ, მე უკვე აღარ ვგრძნობ თავს, გადაშენების გზაზე მყოფ სახეობად. ინგლისში გვყავს დაახლოებით 200 მართლმადიდებელი მღვდელი და მე ვიტყოდი, რომ ყოველ კვირას ინგლისში წმინდა ლიტურგია დაახლოებით 100 სხვადასხვა ადგილას აღევლინება. და როგორც ხედავთ, ჩვენი რიცხვი იზრდება. ყველაზე დიდი სამოძღვრო პრობლემა, რაც ბრიტანეთშია და ვფიქრობ, აქაც საქართველოში და საბერძნეთშიც წარმოადგენს სამოძღვრო პრობლემას, არის, თუ როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა ეკლესიაში. ზოგადი სიტუაცია ბრიტანეთში ღრმად სეკულარულია. ასე რომ, ჩვენი ახალგაზრდა მართლმადიდებელი ადამიანები და ბავშვები იზრდებიან სეკულარულ ატმოსფეროში და არსებობს საშიშროება, რომ ისინი დაშორდებიან ეკლესიას. ეს არის უდიდესი პრობლემა, თუ როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა, როგორ დავიზღვიოთ თავი მართლმადიდებელი ახალი თაობით. ჩვენ მუდმივად ვხსნით ახალ–ახალ სამრევლოებს, მაგრამ აგრეთვე ვაცნობიერებ, რომ ძალიან ბევრ ჩვენს ახალგაზრდას ვკარგავთ. დასასრულს ნება მიბოძეთ დავუბრუნდე იმას საიდანაც დავიწყე, ნება მიბოძეთ დავუბრუნდე მართლმადიდებლური მსახურების ჩემს პირველ გამოცდილებას, ნება მომეცით დავუბრუნდე იმ იდეას, რომ ეკლესია გახლავთ სასუფეველი დედამიწაზე. ვფიქრობ მრავალი თქვენგანი აპირებს, რომ გახდეს მღვდელი, ვილოცებ თქვენთვის, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც აღასრულებთ წმინდა ლიტურგიას, მიიღოთ იგივე გამოცდილება, რაც მე მივიღე რუსულ ეკლესიაში შაბათის ცისკარზე და მას შემდეგ მრავალჯერ, რომ ეკლესია ლოცვისას არის სასუფეველი დედამიწაზე. როდესაც თქვენ დგახართ წმინდა ტრაპეზის წინ როგორც მღვდლები, ყველაფერი რასაც ხედავთ თქვენი გულით, ესაა ქრისტე, რომელიც დგას თქვენს წინ მთელი ამ დროის განმავლობაში. იესო ქრისტე გახლავთ ახალი აღთქმის ერთი (ჭეშმარიტი) მღვდელმთავარი, ის არის მღვდელმთავარი ყველა წმინდა ლიტურგიაზე. ჩვენ, სასულიერო პირები და მრევლი ვართ მხოლოდ თანამსახურები მისი. მოდით გვახსოვდეს, თუ რა ითქმის ქერუბიმების გალობის და დიდი გამოსვლის წინ მღვდლის მიერ ქრისტესადმი აღვლენილი ლოცვისას. ბერძნულად: „სიგარი ო პროსფერომ კე პროსფერომენოს“ – „შენ ქრისტე ხარ ის, ვინც სწირავ და ვინც შეიწირები“. ქრისტე არის შემწირველი და ქრისტე არის შეწირული. ქრისტე არის მღვდელმთავარი და ქრისტე აგრეთვე არის მსხვერპლიც, რომელსაც ვწირავთ მისტიურად. ამიტომ, ყოველთვის, როდესაც აღასრულებთ ლიტურგიას როგორც მღვდლები, ყოველთვის ცხადად უნდა გრძნობდეთ გულით ერთი ჭეშმარიტი უხილავი მღვდლის, ჩვენი უფლის და თავად მაცხოვარი ქრისტეს დაუყოვნებელი მყოფობის მნიშვნელობას. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: ეს გახლავთ ქრისტე, ვინც განახორციელებს ყველაფერს, მღვდელი მხოლოდ ხელებს აღაპყრობს და გამოსცემს ბგერებს. ეს გახლავთ მცირე ისტორია ჩემს შესახებ და ქრისტემ დალოცოს ყველა თქვენგანი, რათა იყოთ წმინდა ლიტურგიის ერთგული მსახურნი, დაე გრძნობდეთ, რომ ეკლესია არის სასუფეველი დედამიწაზე, დაე მიიტანოთ დედამიწაზე სასუფევლის ეს შინაარსი იმ ადამიანებამდე, ვისაც ემსახურებით, მადლობა… მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თარჯიმანს“.

მიტროპოლიტი კალისტე უეარი

Friday, June 12, 2015

ჩვენ უნდა გავხდეთ ჭეშმარიტი მართლმადიდებლები - ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე

თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს. მაგალითისათვის მოვიყვანოთ: ძველად არ არსებობდა: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროკავშირი, გლობალიზაცია და ასე შემდეგ, საკითხები, რომლებიც, ალბათ, შეუძლებელი იყო არსებულიყო იმდროინდელ რეალობაში. მიუხედავად ამისა, არსებობდნენ ერესები, ეკლესიის მტრები, მაგრამ ისინი წარმოჩნდებოდნენ სრულიად სხვა ფორმით. დღეს ვხვდებით ისეთ მოვლენებს, რომლებიც აიძულებენ ადამიანს დაიკავოს გარკვეული პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით. ხშირად გვეკითხებიან თუ რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მართლმადიდებელ ქრისტიანებს ამ მოვლენებთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც გვასწავლიან და მოგვიწოდებენ ვასწავლოთ მომავალ თაობებს, რომ ყოველი ერი პატივს უნდა სცემდეს სხვა ერების რწმენას და რომ ადამიანები არ უნდა განირჩეოდნენ და განისჯებოდნენ რელიგიური შეხედებულებების გამო, და რომ არ უნდა მოხდეს ამ ყოველივეს დოგმატიზება, რადგანაც თითეული ადამიანი თავად წარმოადგენს ღირებულებას.

ვფიქრობ, რომ პრობლემა თავად ჩვენშია. ადამიანი, რომელიც ხმაურს ტეხს და არეულობას იწვევს, თავად წარმოადგენს პრობლემას. როდესაც მტკიცედ გწამს და დარწმუნებული ხარ, რომ შენი რწმენა არის ჭეშმარიტი და მთელი არსებით შეიგრძნობ ამას, მაშინ არ განიცდი არც შიშს, არც რაიმე საფრთხეს და თუ საჭირო გახდება, შეძლებ შენი სათქმელი წარმოთქვა სრული სიმშვიდით, ყოველგვარი შინაგანი პანიკისა და შფოთის გარეშე. წმიდა მამები მუდამ მტკიცედ იყვნენ დარწმუნებულნი იმაში, რაც სწამდათ. ამიტომ, არ ეშინოდათ და არ სჭირდებოდათ სხვა ადამიანის დამცირება, დაკნინება. აქ არის ერთი ფაქიზი დეტალი თუ როგორ უნდა შეძლო, რომ გიყვარდეს და პატივს სცემდე სხვა ადამიანს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სრულიად არ იზიარებდე მის რწმენას. როგორ დავიცვათ ის „ოქროს შუალედი“, რომ არ უარვყოთ მართლმადიდებელი ეკლესიის რწმენა და ამავე დროს არ დავაკნინოთ სხვა ადამიანი. ვფიქრობ, ამისთვის კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული ქრისტეს სარწმუნოება. ის ადამიანი, რომელმაც კარგად გააცნობიერა ქრისტიანობა და შეითვისა სახარების სული, განუსვენებს, შეეწევა და ნუგეშს სცემს სხვებს. მიუხედავად იმისა, რომ იგი შეიძლება სრულიად არ ეთანხმებოდეს მის რწმენასა და შეხედულებებს. ეს შეუთანხმებლობა არ ნიშნავს მისდამი მტრულ განწყობას.

თითქოს ეუბნება: მისმინე, საერთოდ არ ვეთანხმები შენს რწმენსა და შეხედულებებს, მაგრამ ეს სრულიად არ ნიშნავს, რომ მტრები ვართ და უნდა გვძულდეს ერთმანეთი. მიყვარხარ, პატივს გცემ, მინდა, რომ თავისუფლად გრძნობდე ჩემთან თავს, მაგრამ აბსოლუტურად არ გეთანხმები, რადგანაც ადამიანი, რომელშიც ქრისტეს სულია დავანებული, ვნებათაგან თავისუფალია, არ გააჩნია არანაირი ბოროტება და სიძულვილი სხვათა მიმართ. რასაკვირველია, არც საკუთარ თავზე აქვს დიდი წარმოდგენა, არამედ კაცთმოყვარეობით მოქმედი შეურყეველი რჩება თავის პოზიციაზე. მაგალითად: ვინმე რომ მოვიდეს და გითხრას: „კარგი რა, რა ქრისტიანი, რა მუსლიმანი. ყველას ერთი და იგივე ღმერთი გვწამს, დანარჩენი წვრილმანია ყველაფერი“, შენ თუ ამას დაეთანხმები, დიდი შეცდომა იქნება. მაგრამ მეორე მხრივ, არც იმის თქმა იქნება მართებული, რომ: „არა, განსხვავება ისაა, რომ მე სამოთხეში მოვხვდები, შენ კი – ჯოჯოხეთში“. არ შეიძლება ამის თქმა, ვინაიდან ადამიანს, რომელშიც ქრისტეს სულია დავანებული, არ სურს და არ შეუძლია ვინმეს წარმოდგენა ჯოჯოხეთში, რადგან მისი აზრით მხოლოდ ის ერთადერთია, რომელიც ჯოჯოხეთში მოხვდება. წმიდა სილუან ათონელი ამბობდა: „ყველა ცხონდება, მხოლოდ მე წარვწყმდები“. წმიდა მამებს იმის წარმოდგენაც კი უჭირდათ, რომ ეშმაკიც კი, რომელიც არის სახე უფლისაგან განდგომისა, მოვა დრო და საუკუნოდ განვარდება უფლისგან, საუკუნოდ წარწყმდება. წმიდა ისააკ ასური ამბობს: „ყოველი ქმნილების მიმართ სიყვარული ისაა, რომ ვლოცულობდეთ ყოველთათვის: ადამიანთათვის, ცხოველთათვის, ფრინველთათვის და თვით ეშმაკთათვისაც“. წმიდანს გულში არსებული ჭეშმარიტი სიყვარული იმის უფლებასაც კი არ აძლევდა, რომ ეთქვა, – ეშმაკი საუკუნოდ წარწყმდება. წმ. სილუანე ათონელის ცხოვრებაში მოთხრობილია, რომ: ერთხელ შეკრებილა რამდენიმე ასკეტი მამა, მათთან იყო წმ. სილუანეც. ერთ-ერთ მათგანს, რომელიც დიდი მოღვაწე ყოფილა, მაგრამ ჯერ არ ჰქონდა მიღწეული მაღალი სულიერი საზომისათვის, საუბარში უთქვამს: როდის იქნება საშინელი სამსჯავრო, რომ ეშმაკი, უღმერთოები და ყოველი მწვალებელი მასთან ერთად დაისაჯოს საუკუნო ცეცხლშიო“. სილუან ათონელმა ეს რომ მოისმინა თავი მწუხარებით გადააქნია და უთხრა: „მამაო, არ შეიძლება ასე ფიქრი, არ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ერთი ადამიანიც იარსებებს, რომელიც ღმრთისგან განვარდება. ძალიან გთხოვ, მიპასუხე, შენ რომ სამოთხეში მოხვდე და იქიდან ხედავდე, რომ ადამიანი ჯოჯოხეთის ჩაუქრობელ ცეცხლში იტანჯება, განა შეძლებ შენ იქ განსვენებულად ყოფნას? – რას ვიზამთ, მიუგო ბერმა, ისინი თვითონ არიან დამნაშავენი. ჭეშმარიტი სიყვარული ასე ვერ მოიქცევა, ჩვენ ყველას ცხონებისთვის უნდა ვილოცოთ“, - მიუგო წმ. სილუანემ. სწორედ ამიტომ იგი ხშირად ლოცულობდა ღმრთის მიმართ სიტყვებით: „უფალო, გევედრები, რათა სულიწმიდის მადლით ყოველმა ერმა შეგიცნოს“. ეკლესიის ლოცვაც სწორედ ეგ არის, რომ სულიწმიდის მიერ ყოველმა ადამიანმა შეიცნოს ჭეშმარიტი ღმერთი, სწორედ ამას ვითხოვთ ღმრთისგან. ვინმეს გასამართლება და ჯოჯოხეთის მისჯა არ არის ჩვენი საქმე. ჩვენ მხოლოდ იმის შეგნება უნდა გვქონდეს, რომ თუ ვინმე მოხვდება ჯოჯოხეთში, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ვიქნებით. შეუძლებელია, ადამიანს, რომელიც არის მაცხოვრის მიმბაძველი, ჰქონდეს გულში ზრახვა, რომ მის გარდა იარსებებს თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც განვარდება ღმრთისგან. თუნდაც ის ადამიანი იყოს ყველაზე საშინელი მწვალებელი, საშინელი მკრეხელი, ვინც კი ოდესმე არსებულა კაცობრიობის ისტორიაში. ჩვენ ვალდებულნი ვართ ყველასთვის ვილოცოთ, რომ ღმრთის მადლით ყველამ შეიცნოს ჭეშმარიტი ღმერთი და ყოველნი მოვიდნენ „ერთობასა სარწმუნოებისასა და ზიარებასა სულისა წმიდისასა“. რასაკვირველია, მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში.

როდესაც ადამიანში ღმრთის სულია დავანებული, მას შეუძლია წარემართოს ჭეშმარიტების ამ ვიწრო გზაზე ისე, რომ არც ერთ უკიდურესობაში ჩავარდეს და არც მეორეში. ის არც იმას იტყვის: „რა მნიშვნელობა აქვს მართლმადიდებელი ხარ თუ არა, ყველას ერთი ღმერთი გვწამსო“ და არც იმას: „ვინც ჩვენ არ მოგვყვება, საუკუნოდ დაისჯება“. ერთი უკიდურესობა „ეკუმენიზმია“ და მეორე - „ზილოტიზმი“. „ეკუმენიზმი“ არის თეორია, სადაც ფიქრობენ, რომ: „ყველა: მართლმადიდებელი, პროტესტანტი, კათოლიკე და სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობები არიან ერთი ხის ტოტები. თითქოს ეს ხე არის ეკლესია და ჩვენ კი წარმოვადგენთ ამ ხის ტოტებს და უნდა ვეცადოთ, რომ გავერთიანდეთ“. ეს ყველაფერი არის უდიდესი მწვალებლობა და სიცრუე! რადგან უარყოფს ერთ წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას. ან უნდა გვწამდეს, რომ ვართ წევრნი ერთი წმიდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიისა, ან უნდა ვთქვათ რომ ეს ეკლესია დაიყო მრავალ სხვა ეკლესიად. მაშინ სად არის ის ჭეშმარიტი ეკლესია, რომელიც უფალმა დააარსა? განა აღერია და გაითქვიფა იმ უცხო სწავლებებში, რომლებიც ადამიანის დაბნელებული და შემცდარი გონებიდან გამოვიდა? განა აღარ არსებობს ის ეკლესია, რომელიც დააარსა ქრისტემ და მისმა მოციქულებმა? ეკუმენიზმი და მისი თეორია არის უდიდესი მწვალებლობა და სრულიად ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის სწავლებას.

მეორე მხრივ, არსებობს „ზილოტიზმი“, რომელიც მოიცავს „ეკუმენიზმის“ საპირისპირო უკიდურესობას. რომელიც ამბობს: „მოვკვეთთ ეკლესიიდან ყველას, ვინც კი გამართავს რაიმე სახის დიალოგს არამართლმადიდებლებთან“. ეს ადამიანები ამოფარებულნი არიან კანონთა და მამათა ზოგიერთ გამონათქვამს, რათა დაიკმაყოფილონ საკუთარი მცდარი განწყობა და მდგომარეობა. არც ერთი და არც მეორე უკიდურესობა, ეკლესია უნდა მიემართებოდეს ჭეშმარიტების გზაზე, მან არ უნდა უღალატოს მის წმიდა დოგმატებსა და სწავლებებს, მაგრამ მეორე მხრივ, იმ მახვილადაც არ უნდა იქცეს, რომელიც შუაზე კვეთს და გარესკნელის ჩაუქრობელ ცეცხლში უშვებს ადამიანს. მართლმადიდებელი ეკლესია დღითიდღე ახარებს ღმრთის სიტყვას და ყოველგან მოჰფენს მის ნათელს. მას არავისთან დიალოგის არ ეშინია, იგი სრულიად არ განიცდის რაიმე საფრთხის შიშს მისი რწმენის წარმოჩენისას. ჩვენ არავისთან დიალოგის არ გვეშინია, მუდამ მზად ვართ, დიდი სიხარულით, ნებისმიერ ადამიანს გავცეთ პასუხი ჩვენი რწმენის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. არა იმისთვის, რომ ვინმე განვსაჯოთ, დავამციროთ ან გავანადგუროთ, არამედ რათა გადმოვცეთ ის, რითაც ვცოცხლობთ და რასაც განვიცდით მართლმადიდებელ ეკლესიაში: ღმრთის არსებობას, სულიწმიდის მადლს, ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობის გამოცდილებას.

ეს ყოველივე არის ნათელი და „ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია“. ნათელს არ სჭირდება აფიშირება, შელამაზება. იგი თავისთავად ანათებს და განსდევნის ბნელს და ვისაც თვალნი აქვს ახელილნი დაინახავს და შეიცნობს ჭეშმარიტ ნათელს. გერონდიკონში აღწერილია, რომ: „ერთხელ წმ. მაკარი უდაბნოში მიდიოდა, შეხვდა კერპთაყვანისმცემელ მღვდელს, რომელიც, თავის მხრივ, სადღაც მიიჩქაროდა. წმ. მაკარი მიესალმა მას: „მშვიდობა შენდა მგზავრობისაგან დამაშვრალო ადამიანო“. წარმართი არ ელოდა ასეთ გულითად მისალმებას და ჰკითხა: „შენ მაკარი ხარ?“ დიახ, - უპასუხა წმიდანმა. ის მონაზვნები, ცოტა ხნის წინ ამ გზაზე რომ გამოიარეს, შენი მოსწავლეები იყვნენ? დიახ, - უპასუხა მაკარმა. ჰოდა, საშინლად ვგვემე, - უთხრა წარმართმა. რატომ? - შეეკითხა წმიდანი. იმიტომ, რომ როგორც კი დამინახეს, მომაძახეს: „სად მიდიხარ სატანის მსახუროო. შენ კი, პირიქით, ასე თბილად და გულიანად მომიკითხე…“. ისე იმოქმედა წმიდა მაკარის ასეთმა საქციელმა წარმართზე, რომ გაჰყვა მას, მოინათლა და ქრისტიანი გახდა. ამ ისტორიაში ვხედავთ ორგვარ სულიერ მდგომარეობას. სულიერად არასრულყოფილ, ჯერ კიდევ ვნებებით მოცულ ადამიანს, რომელიც ხშირად გამოხატავს აგრესიას, რადგან დაუზღვევლობის განცდა აქვს, თითქოს მის რწმენას რაიმე საფრთხე ემუქრება. დალოცვილო, სად ხედავ საფრთხეს? განა უფალს ადვოკატი და დამცველი სჭირდება? როდესაც ადამიანში არსებობს ამ სახის აგრესია, ეს მიგვანიშნებს, რომ სწორედ პირადად მას აქვს რწმენის პრობლემები. ჩანს, რომ მას ჯერ კიდევ არ შეუცვნია სრულყოფილება ქრისტეს სარწმუნოების ჭეშმარიტებისა. მან არ იცის, რომ არ არსებობს მისხალიც კი იმის შესაძლებლობისა, რომ რაიმე სიცრუე ერიოს მასში, რადგან როგორ შეიძლება სიცრუე იყოს ის, რასაც ცოცხლად განიცდის და რაშიც ცხოვრობს მთელი არსებით ადამიანი. ამას არ განიცდის მხოლოდ ერთი ან ორი პიროვნება, რომ ვიფიქროთ ხიბლში და რაღაც ილუზიებში არიან, არამედ მართლმადიდებელ ეკლესიაში ამ გამოცდილებას ვხედავთ 2000 წელია უკვე, მთელი სიცხადით ვხედავთ თუ როგორ მოქმედებს ღმრთის წმიდა სული ეკლესიაში და აღასრულებს სასწაულებსა და მასში ქრისტეს მყოფობის ნიშნებს. შესაბამისად, არ არსებობს არანაირი ეჭვი და შიში ჩვენს სარწმუნოებასთან დაკავშირებით. მაშასადამე, ის, ვინც გამოხატავს აგრესიას, ლანძღავს და გარესკნელის ცეცხლში უშვებს სხვებს, ჩანს, რომ აქვს სულიერი პრობლემები, რომლებიც ჰქონდათ აბბა მაკარის მოსწავლეებს. ისინი ჯერ კიდევ არასრულყოფილნი იყვნენ სულიერად და როგორც კი დაინახეს წარმართი, იმის ნაცვლად, რომ ერთი თბილი სიტყვა ეთქვათ და მისალმებოდნენ, როგორც მათი მოძღვარი მოიქცა, გალანძღეს და შეურაცხყვეს კერპთმსახური. იკითხავთ: რა, არ იყვნენ მართალნი, ეშმაკის მსახური რომ უწოდეს წარმართ მღვდელს? - კი ბატონო, აბა სხვას ვის ემსახურებოდა ის კერპთმსახური თუ არა ეშმაკს, მაგრამ არ შეიძლება ადამიანთან ამ ფორმით საუბარი. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც წმიდანებს უწევდათ ყოფილიყვნენ მკაცრნი სხვა ადამიანების მიმართ, ამას ისინი აკეთებდნენ უვნებოდ, მათ მიმართ სრული სიყვარულით. მაგალითად, როდესაც ვინმეს უეცრად გული წაუვა, მას მოფერებით გრძნობაზე ვერ მოიყვან. იძულებელია ადამიანი, ერთი-ორი შემოულაწუნოს, და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სძულს და ამიტომ სცემს მას, უბრალოდ სხვანაირად ვერ გამოაფხიზლებს გულწასულს. ან ვინმეს აუცილებელად სჭირდება სასწრაფო ქირურგიული ჩარევა. ექიმი მას პირდაპირ საოპერაციოში უშვებს: ჭრის, კვეთს, კერავს. ამას იმიტომ კი არ აკეთებს, რომ ანგარიშები აქვს მასთან გასასწორებელი, არამედ თუ ასე არ მოიქცევა ვერ გადაარჩენს სნეულს. ასევე, როდესაც საჭიროება მოითხოვდა, წმიდა მამები, წმ. იოანე ნათლისმცემელი და თვით მაცხოვარიც მკაცრად საუბრობდნენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ მოქმედებდნენ ვნებისმიერ აღძრულნი, რომ დაემცირებინათ და გაეკრიტიკებინათ ვინმე. არამედ კაცთმოყვარეობის სულით მოქმედებდნენ ადმიანის საცხონებლად. არ შეიძლება ითქვას, რომ არსებობს ფორმულა თუ როგორ უნდა ვესაუბროთ სხვა ადამიანს. უბრალოდ, ჩვენ უნდა გავხდეთ ქრისტესმიერ თავისუფალი ადამიანები, უნდა გვქონდეს სულიერი სიმტკიცე და არ უნდა გვეშინოდეს. მართლმადიდებელ ეკლესიას არასდროს ეშინოდა. დასავლეთში პაპისტები ცეცხლზე სწვავდნენ მეცნიერებს, რადგან შიში ჰქონდათ, რომ ვინმეს შეიძლებოდა რაიმე საპირისპირო ეთქვა და უარეყო ღმერთი. ჰქონდათ ეს უნდობლობა და დაუცველობის განცდა, რადგან მათი რწმენა დაფუძნებულია არა სულიერ გამოცდილებაზე, არამედ ლოგიკაზე. და იქ, სადაც რწმენა დაფუძნებულია ლოგიკაზე, მუდამ არსებობს შიში, რომ შეიძლება მოვიდეს ვინმე უფრო გონიერი, უფრო ბრძენი, უფრო მეტად ლოგიკური არგუმენტებით და დაგამარცხოს და შეგმუსროს. მაგრამ იქ, სადაც რწმენა დაფუძნებულია არა ლიგიკაზე, არამედ გამოცდილებაზე, მაშინ რა შეიძლება გითხრას სხვა ადამიანმა ისეთი, რომ წაგართვას და დაგაკარგვინოს ეს სულიერი გამოცდილება ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობისა? მოციქული პავლე ამბობს: „ვინ განგვაშოროს ჩვენ სიყვარულსა მას ქრისტესსა?“ რას შეუძლია განგვაშოროს ქრისტეს სიყვარულს? განა არსებობს ასეთი რამ? ხედავთ? აქ პავლე მოციქული საუბრობს არა ქრისტეს რწმენაზე, არამედ სიყვარულზე. რადგან მართლმადიდებელ ეკლესიაში სრულყოფილი ურთიერთობა ღმერთთან არ არის რწმენითი ურთიერთობა. რწმენა დაიტევება, იგი არის რაღაც ეტაპამდე, ისევე, როგორც სასოება ღმრთისა და ის, რაც რჩება საუკუნოდ, არის სიყვარული. ეკლესია გვკურნავს და შეგვეწევა არა იმაში, რომ ვირწმუნოთ ღმერთი, არამედ შევიყვაროთ იგი. ადამიანს თუ უყვარს ღმერთი და ცოცხლობს და საზრდოობს მისით, მაშინ რა განაშორებს მას ამ სიყვარულისაგან? ვერაფერი! ვერც წარსული, ვერც მომავალი, ვერც ანგელოზნი, ვერც მთავარავგელოზნი, სრულიად ვერაფერი. ერთი მოღვაწე ამბობდა: „თვით ქრისტეც რომ მოვიდეს და მითხრას: იცი, შვილო, მაპატიე მაგრამ შეცდომაში ხარ – არ ვარსებობ ან ღმერთი არ ვარო, თვით ქრისტემაც რომ მითხრას ეს, შეუძლებელია ჩემი გულიდან ამ სიყვარულის ამოფხვრაო“. უცნაურ რამეს ამბობს, მაგრამ ამით იმის თქმა უნდა, რომ უფალთან ურთიერთობის ეს გამოცდილება იმდენად ძლიერია ადამიანში, რომ შეუძლებელია მისი წართმევა. რადგანაც ეს არის ყველაზე ძლიერი გამოცდილება, რასაც ადამიანი განიცდის ცხოვრებაში, ეს გამოცდილებაა არა რწმენისმიერი, არა ლოგიკაზე დამყარებული, არამედ არის გამოცდილება სიყვარულისა. სიყვარულის, რომლის ჩაქრობას და შეზღუდვას ვერავინ და ვერაფერი ვერ შეძლებს. ვერც ვერანაირი ეჭვი ვერ შეეხება მას, რადგან სიყვარული ყველაფერზე მაღლა დგას. მას ვისაც ღმერთი უყვარს, რით დააკავებ? რით შეზღუდავ? როცა მისი გული გავარვარებულ სახმილად (ღუმლად) ქცეულა და რაც კი მას მიუახლოვდება, ყველაფერი ფერფლად იქცევა. მიდი და უთხარი შეყვარებულ ადამიანს რომ – მისი შეყვარებული საფრთხობელაა. დაგიჯერებს? თვალებს გამოგთხრის. ჰგონია რომ სამყაროში ყველაზე ლამაზი ადამიანი უყვარს. რადგან შეყვარებულია და ამ სიყვარულმა სრულად წარიტაცა მისი გონება. გარწმუნებთ, ვინც სრულად შეიყვარა უფალი, ის ბევრად უფრო მეტად არის მოცული ამ სიყვარულით, ვიდრე ის შეყვარებულები, ჩვენს გარშემო რომ არიან და ლექსებს უძღვნიან თავიანთ რჩეულს. თუმცა ეს ადრე იყო, ახლა კი ელექტრონულ წერილებს სწერენ ერთმანეთს…

მაშასადამე, ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები უარვყოფთ ორივე უკიდურესობას: „ეკუმენიზმსაც“ და „ზილოტიზმსაც“. ჩვენ არც ფუნდამენტალისტები და ფანატიკოსები ვართ და არც „ეკუმენისტები“. ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები, გვიყვარს ყველა ადამიანი, ვლოცულობთ მთელი სამყაროსთვის, ჩვენი საქმე არ არის სხვისი განსჯა. უფალია მსაჯული ყოველთა. ჩვენთვის ერთი არსების წარწყმედაც კი დიდი ტკივილია. დაე, არც ერთი ადამიანი არ განვარდეს ღმრთის პირისგან, ამის მეტი ჩვენ არც არაფრის თქმა და არც არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ჩვენი საქმეა გვიყვარდეს ყველა. იცით, ეს ყველაფერი მე ათონის წმიდა მთაზე ვიხილე და შევითვისე, ადგილზე, სადაც განსაკუთრებულად მკაცრნი არიან სარწმუნოების საკითხებში, ათონელები ხომ წმიდა დოგმატებისა და წმიდა გადმოცემებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მიმნიჭებელ ადამიანებად არიან მიჩნეულნი. მართლაც, არსებობს რამდენიმე საკითხი, რომლებშიც შეუძლებელია მათ რაიმე დათმონ. ესაა: მართლმადიდებლობა, ღმრთისმშობლის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული და ათონის წმიდა მთის ავატობა (ანუ ის, რომ მთაწმიდაზე ქალის შესვლა ოდითგანვე აკრალულია. მთარგმნ.), რომლის მოშლასაც ასე გულმოდგინედ ცდილობს ევროკავშირი.

ამ სამ საკითხში შეუძლებელია უკან დაიხიონ ათონელებმა, მზად არიან ერთად შეეწირონ, მაგრამ არ დათმობენ. ათონზე შეიძლება ვინმე დაუდევარი იყოს სულიერ ცხოვრებაში, მაგრამ რწმენის საკითხებში უზუსტესნი არიან. მიუხედავად ამისა, გვიმასპინძლია იუდეველებისთვის, რომეოკათოლიკებისთვის, მუსლიმანებისთვის, ყველასთვის განურჩევლად რწმენისა და რელიგიური შეხედულებებისა. ვინმეს შეიძლება ეფიქრა, რომ ამ სიმკაცრით განთქმული მონაზვნებით დასახლებულ ადგილას სხვა რწმენის ადამიანი რაიმე საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა, მაგრამ პირიქით, სტუმრად მოსულნი იქ ისეთ სიყვარულს იღებდნენ, რომ ხშირად ეს მათთვის ნამდვილად გამაოგნებელი იყო. ერთხელ მონასტერში ვმასპინძლობდით გერმანელ რომეოკათოლიკ მღვდელს, რომელიც სრულიად შემთხვევით მოხვდა ჩვენთან. იცით, რომ წმიდა მთაზე ვატიკანისა და პაპისტების მიმართ საკმაოდ დიდი არაკეთილგანწყობაა. ადამიანი შემთხვევით მოხვდა ჩვენთან, ჩვენც რას ვიზამდით, რაც შეგვეძლო დიდი სიყვარულით მივიღეთ. ერთ-ერთმა ჩვენგანმა ჰკითხა: – გაქვს წაკითხული მართლმადიდებლობის შესახებ რაიმე? არცთუ ისე ბევრი, - უპასუხა მან. მას ურჩიეს სხვადასხვა წიგნის წაკითხვა. გერმანელმა მიუგო: „იცით რა? ჩემთვის მართლმადიდებლობა არის ის, რასაც მე აქ ვხედავ, ამ ადამიანებში, რომლებიც არიან უზუსტესნი სარწმუნოებაში და არაფერს დათმობენ, მაგრამ ამასთანავე უზუსტესნი სიყვარულში. სწამთ სრულიად და უყვართ სრულიად და ამით ეხმარებიან სხვებსაც ჭეშმარიტების შეცნობაში“. ჩვენ, მართლმადიდებლები, თუ ჭეშმარიტების მთქმელნი არ ვიქნებით, მაშინ დავემსგავსებით იმ ექიმს, რომელიც პაციენტის მიმართ დიდი სიყვარულის გამო, მიუხედავად იმისა, რომ მას დიაბეტი აქვს, მაინც არ უკრძალავს ტკბილის ჭამას, რადგან არ უნდა, რომ გული ატკინოს და დაამწუხროს იგი. შეიძლება მას ექიმი ეწოდოს? რასაკვირველია, არა! ნამდვილი ექიმი დიდი სიყვარულით ეტყვის ავადმყოფს: მისმინე, ისევ შენს სასიკეთოდ გეუბნები, თუ გააგრძელებ ტკბილის ჭამას, მოკვდები! მამებსაც ზუსტად ამის თქმა შეუძლიათ ადამიანისთვის, რომელიც ჭეშმარიტებას ეძიებს: მისმინე, თუ მართლა ჭეშმარიტებას ეძებ, ეს არის გამოცდილება და ტრადიცია მართლმადიდებელი ეკლესიისა, რომელშიც დავანებულია სულიწმიდის მადლი. შენ თავისუფალი პიროვნება ხარ, შეგიძლია მოიქცე ისე, როგორც გსურს, ჩვენ შენ ნებისმიერ შემთხვევაში გვეყვარები, რადგანაც შეუძლებელია ჩვენს გულში ვინმეს მიმართ რაიმე სიძულვილი არსებობდეს“. იმის იქით უკვე მისი საქმეა თუ როგორ წარმართავს ურთიერთობას ღმერთთან. ეს არის სწორი ტრადიციული მიდგომა მართლმადიდებელი ეკლესიისა. ჩვენ არ შეგვიძლია ვაჭრობა ჩვენი სარწმუნოებით, მაგრამ მეორე მხრივ, არც სხვა ადამიანის ჯოჯოხეთში განწესება შეგვიძლია. უნდა გვქონდეს მტკიცე რწმენა, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გამოვხატოთ სიყვარულით, ღმრთის სულით. გახსოვთ, როდესაც მაცხოვარი და მოციქულები არ შეუშვეს ერთ ქალაქში საქადაგებლად, მოციქულებმა ჰკითხეს უფალს: „გინდა ვთქვათ, რომ ზეციდან ცეცხლი ჩამოვიდეს და დასწვას ისინი?“ გარკვეულწილად ჰქონდათ ამის თქმის უფლება, ისინი ხომ ქალაქიდან გამოაგდეს, მაგრამ უფალი განურისხდა მათ და უთხრა: „არა უწყით, ვისი სულისანი ხართ“ - „ჯერ კიდევ ვერ შეგიცნიათ ვისი სულისანი ხართ, რადგან მე არ მოვსულვარ სოფელში მის წარსაწყმედად, არამედ რათა ვაცხონო იგი“. სწორედ ეს არის ჩვენი საქმე. ზოგიერთი სულიერი მოძღვარი, მართალია მოშურნე, მაგრამ ჯერ კიდევ გამოუცდელი და უმწიფარი, როდესაც ათონის მთაზე მოდიოდა მოსალოცად, საუბარში ტრაბახით ამბობდა: თუ რომელიმე გოგონა შარვლით მოვა ეკლესიაში ან აღსარებაზე, მაშინვე ვტუქსავ და გარეთ ვუშვებო. ერთხელ ბერმა პაისმა ეს რომ მოისმინა უთხრა: „მამაო, ვინმეს ეკლესიიდან გარეთ გაგდება ძალზე ადვილია, მისი იქ მოყვანაა ძნელი…“ სწორედ იქ სჭირდები შენ ეკლესიას თუ ჭეშმარიტი მოძღვარი ხარ, სწორედ იქ სჭირდები, რომ ადამიანები მოიყვანო და შეინარჩუნო ტაძარში. ვინმეს გაგდებას რა უნდა, ეტყვი: ახლავე გადი აქედან! და გავა… რომ მოიკვეთო და გადააგდო, ძალიან ადვილია, მაგრამ ხელოვნებათა ხელოვნება და მეცნიერებათა მეცნიერება სწორედ ის არის, რომ წარწყმედილი ცხოვარნი ისევ მათ კეთილ მწყემსთან მივიყვანოთ. შეიძლება ადამიანი ტყვე იყოს ცოდვისა და ეშმაკისა, მაგრამ როგორც მოვა აღსარებაზე, ისე უნდა მივიღოთ, შეიძლება არც კი იცოდეს რა უნდა და რას ითხოვს, მაგრამ თუ ღმრთის კაცი ხარ და თუ ჭეშმარიტი მოძღვარი ხარ, უნდა მიიღო და კეთილ გზაზე დააყენო. სწორედ ამას აკეთებს ეკლესია. იგი არის მოსიყვარულე დედა, როგორც უნდა მიხვიდე მასთან მაინც მთელი სიყვარულით მიგიღებს და გულში ჩაგიკრავს. მას არ შეუძლია ხელი გკრას და მოგიშოროს. სწორედ ეს სჭირდება ჩვენგან თანამედროვე ადამიანს.

მართლმადიდებელი ქრისტიანი არის მხნე, თავის თავის უფალი. იგი მიუხედავად იმისა, რომ მტკიცედ სწამს და არაფერს დათმობს, არასდროს არის შოვინისტი. ის უშიშარია, სადაც უნდა მოხვდეს და მოუწიოს თავისი რწმენის აღიარება, იგი ყოველგვარი შიშის გარეშე მტკიცედ აღიარებს და დაიცავს მას. მაგრამ, ამასთანავე, მისი გული იმდენად ვრცელი და სიყვარულით აღსავსეა, რომ შეუძლია დაიტიოს და განუსვენოს ყოველ ადამიანს, რომელიც მას მიუახლივდება.

მაშასადამე, შეკითხვაზე: როდესაც ადამიანს პატივს ვცემთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ვეთანხმებით მის შეხედულებებს? პასუხია, რასაკვირველია – არა. შეიძლება ვინმე რაღაც ხეს სცემდეს თაყვანს, მე არ წავალ და არ დავუმტვრევ იმ ხეს, არა იმიტომ, რომ მეც თაყვანს ვცემ მას, არამედ იმიტომ, რომ პატივს ვცემ ამ ადამიანს და მის თავისუფლებას, რომელიც უფალმა უბოძა. მოციქული პავლე როცა ათენში ჩავიდა,როგორც მოციქულთა საქმეებშია აღწერილი, იქ მრავალი კერპი იხილა და მათ შორის ერთი კერპი, რომელსა უცხო ღმერთი ერქვა. ქადაგება რომ იწყო, წმ. პავლემ უთხრა ათენელებს: „მე თქვენ გიცნობთ, როგორც ძალზედ მორწმუნე და მოსავ ხალხს“. არ უთქვამს მათთვის: არ გრცხვენიათ, მთელი ქალაქი კერპებით რომ გაგივსიათ და გგონიათ ამით ცხონდებითო. არამედ უთხრა: თქვენ ძალიან კარგი ხალხი ხართ და მთელი გულით ეძიებთ უფალს, ამის დადასტურება ეს კერპია, რომელსაც უცხო ღმერთი უწოდეთ და თაყვანს სცემთ. მე სწორედ ამ უცხო ღმერთზე სასაუბროდ მოვედი თქვენთან, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ არ იცნობთ, – ეძიებთ და თაყვანს სცემთო. სწორედ ეს არის ქრისტეს მოციქულობა, რომელიც სიყვარულით მივიდა მათთან. არ მისულა რათა განესაჯა, გაენადგურებინა და განედევნა, არამედ მივიდა რათა ჭეშმარიტება ეხარებია მათთვის…როდესაც მიყვარს და პატივს ვცემ ადამიანს, რომელიც თუნდაც ხეს ეთაყვანება, არ შევურაცხყოფ მის რწმენას, არამედ მივალ და ვეტყვი: მისმინე ძმაო, გხედავ, რომ თაყვანს სცემ ამ ხეს, ეს ნიშნავს რომ ეძიებ უფალს და რადგანაც მეტი არ იცი, ასე იქცევი. თუ გინდა, მე მოგითხრობ ჭეშმარიტ ღმერთზე, რომელსაც შენ გულის სიღრმეში ეძიებ. ძალზე მნიშვნელოვანია თუ როგორ ვუდგებით ამ ყოველივეს.

ერთ ისტორიას მოგიყვებით: როდესაც უნივერსიტეტში თეოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მყავდა ერთი სერბი მეგობარი, რომელიც იმ დროისთვის მღვდელმონაზონი იყო, ახლა სერბეთის ერთ-ერთი ეპარქიის მღვდელმთავარია, მეუფე ქრიზოსტომე. ჩემზე ცოტა უფროსი იყო, მაგრამ მთელი ოთხი წელი ერთად გავატარეთ. ეს ადამიანი გაიზარდა სერბეთში, ათეისტურ ეპოქაში. სწავლობდა სკოლაში, სადაც პირდაპირ ათეიზმს უქადაგებდნენ და 14-15 წლის ისე გახდა, გაგონილიც არ ჰქონდა ქრისტიანობის შესახებ. მისი მშობლები მიწათმოქმედნი იყვნენ და ზაფხულის ერთ დღეს მთელი ოჯახი ყანაში წავიდა სამუშაოდ. მოსაღამოვდა. მამა ვარსკვლავების შესახებ უყვებოდა ბავშვებს. პატარა რაიკომ (მეუფეს რაიკო ერქვა ერისკაცობაში) იკითხა: მამა, ეს ყველაფერი ვინ შექმნა? მამამისი ერთი უბრალო ადამიანი იყო, ამ კითხვისთვის გაუწყრა შვილს და უთხრა: გაჩუმდი და მეორედ აღარ იკითხო ასეთი რამო. ისეთი წყობა იყო, ღმერთზე საუბარიც კი იკრძალებოდა. ეს საუბარი ბებიამ მოისმინა, მაშინ არაფერი უთქვამს, მაგრამ საღამოს ცალკე უხმო შვილიშვილს: რაიკო, ვიცი გიყვარვარ და არ გამცემ, რაღაცას გეტყვი, მაგრამ ამას თუ სადმე იტყვი, შეიძლება ვეღარ ნახო ბებიაშენიო. ბავშვმა აღუთქვა, რომ არსად იტყოდა. ბებიამ უთხრა: „შვილო, ცა, ვარსკვლავები, დედამიწა და მთელი სამყარო ღმერთმა შექმნაო“ და ბებიამ ყოველ საღამოს იწყო შვილიშვილის განსწავლა სარწმუნოებაში. იგი უყვებოდა მაცხოვარზე, ღმრთისმშობელსა და წმიდანებზე. უთხრა: ის კლუბი, სოფლის ცენტრში რომ დგას, ადრე ეკლესია იყოო. როდესაც რაიკო 17 წლის გახდა, ბებიამ იგი ღამით წაიყვანა შორს მდებარე მონასტერში და იქ მონათლა ყველასგან ფარულად. ასე გაქრისტიანდა პატარა რაიკო, ხოლო სკოლის დამთავრების შემდეგ წავიდა მონასტერში, აღიკვეცა ბერად და წარემართა სულიერ ცხოვრებაში. ხედავთ? ბებიამ თავისი უბრალოებითა და მცირე ცოდნით ისე კარგად და ნათლად მიაწოდა სარწმუნოებრივი ცოდნა შვილიშვილს, რომ არ განუკითხავს არავინ, არც მისი მშობლები და არც სახელმწიფო წყობილება. არ უთქვამს: შენი მშობლები იმიტომ არ გესაუბრებიან ღმერთზე, რომ ათეისტური მთავრობის ეშინიათო. არც მთავრობის განკითხვას და ლანძღვას მოჰყოლია. არამედ უბრალოებით ესაუბრა ღმერთზე, დაანახა ჭეშმარიტებისკენ მიმავალი გზა და ეს საკმარისი აღმოჩნდა ამ ყმაწვილის უფალთან მისაახლოვებლად. დღეს ეს ადამიანი ეპისკოპოსია.

მაშ ასე, აქედან უნდა მივხვდეთ, რომ უმთავრესი პრობლემა არ არის იმაში თუ რა ხდება ჩვენს გარშემო: მწვალებლობანი, გლობალიზაცია და ასე შემდეგ… რა თქმა უნდა, ესეც თავისთავად პრობლემებია, მაგრამ უმთავრესი პრობლემა ჩვენშია. ჩვენ უნდა გავხდეთ ჭეშმარიტი მართლმადიდებლები, უნდა შევიძინოთ სული ქრისტესი, შევიძინოთ მხნეობა, მთელი ჩვენი არსებით შევიყვაროთ უფალი და მაშინ ვნახავთ, რომ მთელი სამყარო მოთავსდება ჩვენს გულში. ვერავინ ვერასდროს შეძლებს ჩვენს რთულ მდგომარეობაში ჩაგდებას. არასდროს გვექნება იმის განცდა, თითქოს ჩვენი რწმენა საფრთხეშია. უფალი ნათელია, შეგიძლია მზის დაბნელება? შეეცადე, ჩამოაფარე რაც გინდა, მაინც არ დაბნელდება, არ ჩაქრება. ასეთია მზის ბუნება. აქედან გამომდინარე, ისღა გვრჩება, თვით ჩვენ მოვიპოვოთ ეს ცოცხალი ურთიერთობა ღმერთთან, თვით ჩვენ გავხდეთ მადლმოსილნი, გავხდეთ ჭეშმარიტად თავისუფალნი. ვისურვოთ, რომ ყველამ შეიყვაროს უფალი და არავინ განეშოროს მას. ასე თუ მოვიქცევით, გავხდებით ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანები და ჩვენი ცხოვრებით განვადიდებთ უფალს. ეს სულიერი სიჯანსაღე ნათლად ჩანს ადამიანში და არა თუ სხვა ადამიანები, არამედ თვით ცხოველებიც კი გრძნობენ ამას. წმ. ისააკ ასური ამბობს: ცხოველებსაც კი აქვთ უნარი, შეიცნონ ღმრთის კაცი, ამიტომ, წმიდანებს ცხოველები ხშირად არც კი ერჩოდნენ. აბბა გერასიმე ლომთან ერთად ცხოვრობდა მღვიმეში და ცხოველი ემსახურებოდა მას. მოწამეებს გამძვინვარებულ მხეცებთან აგდებდნენ, მაგრამ არც კი ეკარებოდნენ მათ. წარმოიდგინეთ, თუ ეს ველური მხეცები შეიცნობენ ღმრთის კაცს, მაშინ სხვა ადამიანები რამდენად უფრო მეტად გრძნობენ ამას. ავიღოთ ერთი ღმრთის რჩეული ადამიანი, რა სიტუაციაშიც არ უნდა მოხვდეს და სადაც არ უნდა იყოს, ნათელს მოჰფენს იქაურობას. გვყავდნენ წმიდანები, რომლებიც ხალხს თავს გიჟად აჩვენებდნენ და სისულელეებს სჩადიოდნენ, ქრისტესთვის სულელნი, მაგრამ მიუხედავად ასეთი ქცევისა, მათში არსებული სულიწმიდის მადლით საოცარ ნათელს ფენდნენ მთელ ქვეყანას. თუ ადამიანი გახდება ჭურჭელი სულიწმიდისა, მაშინ მას ვერც მწვალებლები, ვერც გლობალიზაცია და ვერანაირი გარე ძალები ვერ შეაშინებენ და ზიანს ვერ მიაყენებენ.

Wednesday, March 18, 2015

ვინ არის ინტელიგენტი? - ჯემალ ქარჩხაძე

„მაღალი ინტელიგენტური სული დღეს ჩვენს საზოგადოებაში არ ტრიალებს. იმიტომ, რომ ნამდვილი ინტელიგენცია ჩვენ, არსებითად, არ გვყავს. მე ინტელიგენტში არ ვგულისხმობ ისეთ კაცს, რომელსაც ახლა ეძახიან ინტელიგენტს და რომლის ინტელიგენტობის მთავარი ნიშანი უმაღლესი განათლების მოწმობაა. ასეთი ინტელიგენტები არათუ გვყავს, იმაზე მეტიცა გვყავს, ვიდრე სასურველია. ინტელიგენტში მე ვგულისხმობ ადამიანს, რომელსაც ცხოველური საწყისი ბოლომდე დაძლეული აქვს და მხოლოდ სულიერ და ინტელექტუალურ მოთხოვნილებათა შესაბამისად ცხოვრობს. ასეთი ინტელიგენტი, უპირველეს ყოვლისა, ბუნებრივი მოვლენაა. ბუნებრიობა მისი არსებობის ყოვლისმომცველი ფორმაა, შეიძლება ითქვას, ის ენაა, რომელზედაც მისი ცხოვრების ისტორია იწერება. ამიტომ ინტელიგენტის ნიშან-თვისებებზე ლაპარაკი არასწორი იქნება. არ შეიძლება, მაგალითად, იმის თქმა, რომ პატიოსნება ინტელიგენტის თვისებაა, როგორც არ შეიძლება იმის თქმა, რომ სუნთქვა ადამიანის თვისებაა. სუნთქვა არის არა თვისება, არამედ გარდუვალობა. ინტელიგენტს, უბრალოდ, არ შეუძლია პატიოსანი არ იყოს, დემოკრატი არ იყოს, ჰუმანისტი არ იყოს, შინაგანად თავისუფალი არ იყოს, თავმდაბალი არ იყოს... ან: ინტელიგენტს არ შეუძლია პატივმოყვარე იყოს, ამპარტავანი იყოს, შური აწუხებდეს, ცდუნებას აჰყვეს, კრიტიკა აღიზიანებდეს, ჩინ-მედლებს მიელტვოდეს...“

ნაწყვეტი პუბლიცისტური წერილიდან „მონოლოგი დიალოგიდან“

წყარო

Tuesday, January 6, 2015

იქნებ, ქრისტე არც კი დაბადებულა შენთვის - წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი

„შენ ქრისტიანე ხარ, ძმაო ჩემო, და უეჭველია არა ერთგზის გიფიქრია იესო ქრისტეზე, ათასჯერ გილოცავს მის სახელზე, გარნა ნუ გაგიკვირდება, თუ გითხრა რომელ იესო ქრისტე, იქნება, ჯერ არც კი დაბადებულა შენთვის, ანუ შენს გულში. როდის დაიბადება, ანუ რა სახით დაიბადება ქრისტე კაცის გულში, გკითხავ მე შენ? მხოლოდ იმ წამს, ძმაო, როდესაც შენ იგრძენ ჭეშმარიტი და ნამდვილი სიყვარული იესო ქრისტესი. რა სიყვარული არის ეს, იფიქრებ შენ. მე მეგონა, რომ კიდეც მიყვარდა იესო ქრისტე? როგორ აგიხსნა მე, ძმაო, რა არის სიყვარული? სიყვარულს კაცი ვერ ახსნის სიტყვითა, თუმცა გულში კი გრძნობს. მაგრამ, იქმნება, რომლითამე მაგალითითა გაცნობო, რა არის სიყვარული: იქმნება შენ ვინმე გყავდეს ყოველთა უსაყვარლესი პირი, ანუ მეუღლე, ანუ შვილი, ანუ მეგობარი. წარმოიდგინე, რომ იგი დიდი ხანი არ გენახოს და მერმე უცებ დაინახო, რას გრძნობ მაშინ? გული დაიწყებს ძგერასა; სული გაგინათლდება; რაღაცას გამოუთქმელს სიხარულს იგრძნობ. სწორედ ეგრედვე უნდა იგრძნოს ერთხელ მაინც კაცმა, როდესაც იგი იფიქრებს იესო ქრისტესა ზედა, და მაშინ მხოლოდ დაიბადება ანუ გამოისახება ქრისტე მის გულში. უკეთუ ესრედი გრძნობა არ გაუჩნდა კაცს გულში, მისთვის ქრისტე არ არის დაბადებული.“

Wednesday, December 31, 2014

ახალი წლისათვის - წმ. მღვდელმთავარი გაბრიელ ქიქოძე

მოგილოცავ, ძმანო ქრისტიანენო, ახალსა წელსა და ვსთხოვ ღმერთსა, რომ თქვენ ყოველთა მშვიდობით და ბედნიერად გატაროთ იგი.

გარნა, რაი არს ბედნიერება, საიდგან მოუვა, ანუ საიდგან მიეცემა იგი კაცს? ღირს, რომ ამაზე ჩვენ ვსთქვათ ორიოდე სიტყვა, მეტადრე დღეს, როდესაც ყოველნი ერთმანეთს მიულოცავთ და ვუსურვებთ ბედნიერებას.

ჩვენ ყოველთა საზოგადოდ, შეცდომილნი აზრნი გვაქვს ამ საგანზე. თუ ვინმე კარგად და წარმატებით სცხოვრებს, თავისი ყოველი საქმე კარგად მიჰყავს - ბედნიერი კაცი არისო; თუ ვინმემ ცუდად წაიყვანა თავისი საქმე, ხშირად უკმაყოფილება და მწუხარება შეემთხვევა - ბედი არა აქვსო, რაღაც უბედური არისო, იტყვიან იმაზე. ცხადია, რომელ, ვინც ასე ჰფიქრობს, ან იტყვის, იმას ჰგონია, რომ ბედი და უბედურება, არის რაღაცა ბრმა და ყრუ არსება, დადის ქვეყანაზე, და ვისაც უცბად პირველად შეჰხვდება, თავზე დააყრის ყოველს ბედს და სიკეთეს; და რომელსაც მეორედ შეეყრება, იმას იგი სულ წაახდენს, უბრალოდ და უმიზეზოდ. არა, ძმანო ჩემნო, თუ კარგად დაუკვირდებით კაცის ცხოვრებას ქვეყანაზე, მაშინ ცხადად დაინახავთ, რომ კაცის ბედი დამოკიდებულია მის ხასიათზე და ყოფაქცევაზე, და ბუდობს უმეტესად კაცის სულში და გულში, ვიდრეღა გარეგანსა მის გარემოებასა და მდგომარეობასა შინა. თუ გული და სული აქვს კაცს აშფოთებული, დაუწყნარებელი, აღელვებული და მოუსვენებელი, მაშინ იგი ვერ იქნება ბედნიერი, თუ გინდა ურიცხვი სიმდიდრე ჰქონდეს და პატივი; წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც გული აქვს დამშვიდებული და დაწყნარებული, როდესაც იგი კმაყოფილი არის თავის მდგომარეობაზე, და ჰმადლობს ღმერთს, მაშინ, თუგინდ ღარიბიც იყოს და მრავალი რაიმე აკლდეს, იგი უფრო ბედნიერი არის ყოველთა მდიდართა კაცთა ზედა. კაცი მხნე, შრომის მოყვარე, წმიდა სინიდისის მექონი, რომელიც, ამასთანავე, არ ეძიებს მრავალსა, არამედ მცირედითაც კმაყოფილია - უთუოდ ბედნიერი იქნება, რაოდენადაც შეიძლება კაცისათვის ამ წუთს სოფელში; ხოლო კაცი ხარბი, მოუსვენებელი, გაუმაძღარი, ავი სინიდისის მექონი, ვერაოდეს ვერ შეემთხვევა ბედნიერებას, ვინაიდგან სადაცა არ არის მშვიდობა, მუნ არცა ბედნიერებაა.

მაშასადამე, პირდა-პირვე უნდა ვსთქვათ, რომელ ჭეშმარიტი ბედნიერება არის ნაყოფი ჭეშმარიტისა ქრისტიანობისა, ვინაიდგან წმინდა სინიდისი, გული დამშვიდებული და შინაგანი კმაყოფილება, მიეცემა მხოლოდ ნამდვილსა ქრისტიანესა, ამისთვის იგი მხოლოდ იქნება ნამდვილ ბედნიერი, თუგინდ გარეგანი მისი მდგომარეობა იყოს ძნელი და მწუხარე. მაგრამ, როდესაც ჩვენ ვიტყვით დამშვიდებულ გულზე, დაწყნარებულ და კმაყოფილ ხასიათზე, ნუ იფიქრებთ, ძმანო ჩემნო, რომელ ჭეშმარიტი ქრისტიანე არის დაძინებული, უსაქმო და მცონარე. სრულიად არა! წინააღმდეგ ამისა, მხოლოდ კაცი მხნე, შრომის მოყვარე აღვსებული ცხოველითა სულიერითა მოძრაობითა, იქნება ახლო შესაძლებელი ბედნიერებისა. აქ მხოლოდ ის განსხვავება არის, რომ კაცი, სოფლის მოყვარე, მარადის არის აშფოთებული და აღელვებული თავის შრომაში და მეცადინეობაში, გარნა ქრისტიანის გული, არის დამყარებული კლდესა ზედა იესო ქრისტეს სარწმუნოებისასა, და ამისთვის მას აქვს გულში ის ღვთაებრივი მშვიდობა, რომლითაც ღმერთი შეჰზღუდავს კაცის სულსა: „მშვიდობამან ღმრთისამან, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა, შეჰზღუდენინ გულნი თქვენნი და გონებანი თქვენნი ქრისტე იესოს მიერ“ (ფილ. 4,7). ამინ.

Monday, November 10, 2014

გონებაში იხატება მეტად უნუგეშო სურათი - წმ. თეოფანე დაყუდებული

გონებაში იხატება მეტად უნუგეშო სურათი ბოლო ჟამის ადამიანთა ზნეობრივ-რელიგიური მდგომარეობისა. სახარება ყველასთვის იქნება ცნობილი. ადამიანთა ერთი ნაწილი არ ირწმუნებს სახარებას, მეორე, მცირე ნაწილი, მწვალებლობაში იქნება, არ გაჰყვება ღვთივმონიჭებულ სწავლებას, არამედ თავის სარწმუნოებას გამოიგონებს, თუმცაღა საღვთო წერილის გამოყენებით. ასეთი გამოგონებული სარწმუნოებები უთვალავი იქნება. ისინი ახლაც ბევრია, მაგრამ უფრო მეტად გამრავლდება... ადამიანთა ერთი ნაწილი იქნება ჭეშმარიტი სარწმუნოების მპყრობელი - იმ სარწმუნოების, რომელიც წმიდა მოციქულებმა გადმოგვცეს და მართლმადიდებელ ეკლესიაშია დაცული; მაგრამ ამათგანაც არცთუ მცირე ნაწილი მხოლოდ სახელით იქნება მართლმორწმუნე, გულში კი არ ექნებათ ის წყობა, რომელსაც სარწმუნოება ითხოვს, რამეთუ წუთისოფელზე იქნებიან შეყვარებულნი. აი ამგვარი დიდი განდგომილებაა მოსალოდნელი. მართალია ქრისტიანული სახელი ყველგან გაისმება და ყველგან იქნება საეკლესიო ტაძრები და განწესებები, მაგრამ ეს ყოველივე გარეგნული იქნება, ხოლო შიგნით - ჭეშმარიტი განდგომილება. ამ ნიადაგზე დაიბადება ანტიქრისტე და ამავე გარეგნული სულით აღიზრდება, საქმის არსის გარეშე. შემდეგ თავს მისცემს სატანას, აშკარად განუდგება სარწმუნოებას და ბოროტის მაცთუნებელი ხრიკებით შეიარაღებული ყველას, ვინც ჭეშმარიტად ქრისტიანი არ იქნება, გაიყოლებს უფალ ქრისტესგან ჭეშმარიტ განდგომაში, აიძულებს თვითონ იგი აღიარონ ღმერთად.

Monday, November 3, 2014

ექვსი სიტყვა მღვდლობის შესახებ (1) - წმ. იოანე ოქროპირი

სიტყვა პირველი
1. მრავალი მეგობარი მყავდა, სარწმუნო და ჭეშმარიტი, ვინაც იცოდა მეგობრობის წესი და მტკიცედ მისდევდა მას, მაგრამ მრავალთაგან ერთს მაინც გამორჩეულად ვუყვარდი. თავისი სივარულით იგი ბევრად აღემატებოდა სხვა მეგობრებს, თუმცა არც ისინი იყვნენ ჩემდამი გულგრილნი. ყოველთვის ჩემი განუყრელი თანამგზავრი იყო: ერთსა და იმავე მეცნიერებებს ვსწავლობდით და საერთო მასწავლებლები გვყავდა, ერთნაირი წადილითა და გულმოდგინებით ვმეცადინებდით მჭერმეტყველებაში და ერთნაირი სურვილები გვქონდა, რადგანაც ერთსა და იმავე საქმეს ვაკეთებდით. ეს ასე იყო მასწავლებლებთან სიარულის დროს, და მერეც, როცა დავასრულეთ სასწავლებელი და ცხოვრების გზის არჩევანის წინაშე დავდექით, ჩვენი აზრები კვლავ ერთმანეთს დაემთხვა.

2. ჩვენი ურთიერთობის სიმტკიცე და დაურღვევლობა სხვა მიზეზებმაც განაპირობა: მამულის უპირატესობით ერთმანეთის წინაშე თავს ვერ მოვიწონებდით, არც ის ყოფილა, რომ მე მოჭარბებული მქონოდა სიმდიდრე, იმას კი უკიდურეს სიღატაკეში ეცხოვრა, ჩვენი ქონება იმდენადვე თანაბარი იყო, რამდენადაც გრძნობები. წარმომავლობაც ერთნაირი გვქონდა, ამნაირად, ყველაფერი უწყობდა ხელს ჩვენს ერთობას.

3. მაგრამ როდესაც მან, ნეტარმა, მონაზვნური ცხოვრება დაიწყო და ჭეშმარიტ სიბრძნისმოყვარეობას შეუდგა, მაშინ კი დაირღვა ჩვენი თანასწორობა. მისი სასწორის ფიცარი შემსუბუქდა და ამაღლდა, მე კი, სოფლის ტრფიალით გზაცთომილმა, ქვე-დავზიდე ფიცარი ჩემი. ჩვენი მეგობრობა უწინდებურად მტკიცე იყო, თუმცა ერთად ყოფნა მოიშალა, რადგან შეუძლებელია ერთად ცხოვრება იმათი, ვინც სხვადასხვა საქმითაა დაკავებული. როცა რამდენადმე გავთავისუფლდი ამქვეყნიური ორომტრიალისაგან, ხელგაშლით მიმიღო, თუმცა ვერც მაშინ ვიცავდით უწინდელ თანასწორობას, რადგან ის უკვე შორს იყო წასული და თან დიდი გულმოდგინებაც გამოიჩინა, ამდენად კვლავ ჩემზე მაღლა იდგა და დიდ საზომს იყო მიღწეული.

4. კეთილი კაცი იყო, ძვირად უღირდა ჩვენი მეგობრობა და იმის მიუხედავად, რომ გაურბოდა ყველანაირ ურთიერთობას, მთელ თავის დროს ჩემთან ატარებდა, თუმცა მე ჩემი დაუდევრობით მაინც ხელს ვუშლიდი. რადგანაც კაცს, რომელიც სამსჯავროსა და თეატრალურ სანახაობებს იყო მიჯაჭვული, შეუძლებელია დიდი დრო გაეტარებინა იმასთან, ვინც მთელი დღე წიგნებს უჯდა და არც კი იხედებოდა საკრებულოსკენ. მაგრამ როცა ეს დაბრკოლებები მოისპო და მეც თავისნაირი ცხოვრების გზას გამიყოლია, მაშინ კი გამოთქვა სურვილი, რომელსაც დიდი ხანია გულში ინახავდა. უკვე არც ერთი წუთით აღარ მშორდებოდა და სულ იმის ჩაგონებაში იყო, რომ თითოეულ ჩვენგანს მიეტოვებინა სახლი და საერთო სამყოფელი გვქონოდა. დამარწმუნა კიდეც, ცოტაც – და ასეც მოხდებოდა.

5. მაგრამ დედაჩემის დაუცხრომელმა ვედრებამ დამაბრკოლა და ამიტომ ვეღარ გავახარე ჩემი მეგობარი, უფრო უკეთ, ვერ შევძელი მისგან შემოთავაზებული პატივის მიღება. დედამ რომ ჩემი განზრახვა გაიგო, ხელი ჩამკიდა, თავის ოთახში გამიყვანა, იმ საწოლთან დამსვა, რომელზეც მშვა, თვალთაგან ცრემლთა ნაკადი წასკდა, და ამ ცრემლებზე მწარე სიტყვები მოაყოლა. ქვითინებდა და მეუბნებოდა: “შვილო, დიდხანს არ დამცლია მამაშენთან ყოფნის სიხარული, ღმერთმა ასე ინება (ანთოსისი, მღვდელმთავარ იოანე ოქროპირის დედა, ოცი წლისა დაქვრივდა). მისმა სიკვდილმა, შენს დაბადებას მალე რომ მოჰყვა, შენ ობლობა გარგუნა, მე კი – ნაადრევი ქვრივობა და ქვრივობის სიმწარე, რომელსაც მხოლოდ ის გაიგებს კარგად, ვისაც გამოუცდია. არავითარ სიტყვებს არ ძალუძს აღწეროს ის ქარიშხალი და ის განცდები, თავს რომ დაატყდება ყმაწვილ ქალს, რომელმაც ახლახან დატოვა მამის სახლი, ჯერაც გამოუცდელია და უეცრად აუტანელი მწუხარება შეემთხვევა, თანაც იძულებულია იტვირთოს საზრუნავი, რაც მის ასაკსაც აღემატება და ბუნებასაც. ცხადია, მან მსახურთა დაუდევრობაც უნდა გამოასწოროს, მათი დანაშაულიც შენიშნოს, ნათესავების ხრიკებიც ჩაშალოს, მანვე უნდა გაუძლოს მეზვერეთა შევიწროებას, მათ მკაცრ მოთხოვნებს ბაჟის აღებისას. თუ ქმრის სიკვდილის შემდეგ ბავშვი რჩება, თუნდაც გოგონა იყოს, ბევრ ზრუნვას მოითხოვს დედისგან, თუმცა ეს ყველაფერი ფულთან და შიშთან არაა დაკავშირებული. ვაჟიშვილი კი ყოველდღე შიშში ამყოფებს დედას და უფრო მეტ ზრუნვას მოითხოვს. აღარას ვამბობ ფულზე, რომელიც საჭიროა, თუ დედას სურს, შვილი კარგად აღზარდოს. მაგრამ განსაცდელმა ვერ მაიუძულა მამაშენის სახლში სხვა სიძის შემოყვანა, მოთმინებით ვიტანდი ქვრივობის ჭირსა და მრავალ მოწევნულ მწუხარებას.

ჯერ ერთი, უზენაესის შეწევნა მაძლიერებდა, მეორე – ამ ტანჯვაში დიდ ნუგეშს მცემდა შენი სახის ჭვრეტა, რადგან მასში ვხედავდი განსვენებულის ნამდვილ, ცოცხალ ხატებას. როცა ჯერაც ყრმა იყავ და ძლივს ტიტინებდი (ამ დროს ბავშვები განსაკუთრებით საყვარლები არიან), დიდად მიმსუბუქებდი დარდს. მოთმინებით ავიტანე ქვრივობის გასაჭირი, არაფერი მომიკლია მამაშენის დატოვებული ქონებისთვის, ამას ვერ მისაყვედურებ. არადა, ბევრ საბრალო ობოლს ხომ სწორედ ასე დაემართა. არაფერი მომიკლია მამაშენის დანატოვარისათვის და თანაც არ დავრიდებივარ აუცილებელ ხარჯებს, რომ სწავლა კეთილად გაგესრულებინა. არ იფიქრო, თითქოს გაყვედრიდე ყოველივე ამას.

ახლა კი გევედრები: მეორე ქვრივობას ნუ მოაწევ ჩემზე, დაშრეტილ მწუხარებას კვლავ ნუ აღმიძრავ შენი განშორებით, დაელოდე ჩემს აღსასრულს. ვინ იცის იქნებ ახლოსაც იყოს იგი, რამეთუ თქვენ, ჭაბუკნი, ელით დღეთა სიგრძესა, ხოლო ჩვენ, მოხუცებული, სიკვდილსღა მოველით. მამაშენის გვერდით მიწას რომ მიმაბარებ, მერე რა გზასაც გინდა, იმას დაადექი, აღარავინ დაგაბრკოლებს. მაგრამ ვიდრე მე ვსუნთქავ, ჩემთან იყავი, ღმერთს ნუ განარისხებ, ნუ მიქადი ასეთ ხიფათებს მე, ვისაც არაფერი დამიშავებია შენთვის. თუ იმას მაბრალებ, რომ მსოფლიო ზრუნვას გაკისრებ და საკუთარ საქმეებზე ფიქრს გაიძულებ, მაშინ გამერიდე, როგორც მტერსა და ავისმოსურნეს, ნუ შეგრცხვება ნურც ბუნების კანონებისა, ნურც აღზრდისა, ნურც ჩვევისა და ნურც რაიმე სხვა მიზეზისა. ხოლო თუ ყოველ ღონეს ვხმარობ, რომ სრული განსვენება მოგანიჭო ამ სოფელში, მაშ დარჩი ჩემთან, ნუ დამიტევებ. შენ კი ამბობ, ბევრი მეგობარი მყავსო, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ მოგანიჭებს ასეთ განსვენებას, რადგან არავინაა, ჩემსავით რომ ზრუნავდეს შენს კეთილდღეობაზე”.

6. ამას და სხვა ამისთანებს მეუბნებოდა დედა, მეც ყველაერი ჩემს დიდსულოვან მეგობარს მოვახსენე. ის კი ამ სიტყვებს როდი დასჯერდა, პირიქით, მეტი დაჟინებით ჩამაგონებდა ადრინდელი განზრახვის შესრულებას. ამ ყოფაში ვიყავი – იგი ხშირად მევედრებოდა, მე კი არ ვეთანხმებოდი – რომ უეცრად ხალხში ხმა დაირხა, თითქოს ჩვენი ეპისკოპოსის პატივში აყვანა იყო განზრახული. ამ ამბავმა ორივე შეგვაშფოთა. შიშმა და გაურკველობამ შემიპყრო: შემეშინდა, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ არ მომხდარიყო ჩემი ხელდასმა, გაურკვევლობა კი იმიტომ დამეუფლა, რომ ხშირად ვფიქრობდი და ვერ გამეგო, საიდან გაუჩნდათ ადამიანებს ასეთი აზრი ჩემს შესახებ. კარგად ვუკვირდებოდი საკუთარ თავს და ვერაფერს ვპოულობდი ჩემში ესოდენ პატივის ღირსს. ამ დროს მეწვია ჩემი დიდსულოვანი მეგობარი და საიდუმლოდ მამცნო ეს ამბავი, მას ეგონა, რომ ჯერ არაფერი ვიცოდი, თანაც მთხოვა ახლაც უწინდელივით ერთნაირად განგვესაჯა და ერთნაირად მოვქცეულიყავი. მარწმუნებდა, რა გზაც არ უნდა აირჩიო, ჩვენი ხელდასხმის მსურველთ დამორჩილდები თუ გაექცევი, მეც უეჭველად შენთან ერთად ვიქნებიო. აშკარად ვხედავდი, რომ იგი მართლაც ყველაფრისათვის მზად იყო და ვიფიქრე, რომ მთელ საეკლესიო საზოგადოებას დიდ ვნებას მოვუტანდი, თუ საკუთარი უძლურების გამო ქრისტეს სამწყსოს მოვაკლებდი ჩინებულ და წინამძღვრობის შემძლე ყმაწვილებს, ამიტომ არ გავუმხილე ჩემი გულისთქმა, თუმცა იმ დრომდე მისთვის არც ერთი ჩემი აზრი არასოდეს დამიმალავს. ვუთხარი, ამ საკითხზე ბჭობა სხვა დროისთვის გადავდოთ, საჩქარო არაფერია-მეთქი, ადვილად დავარწმუნე, რომ არ ეზრუნა ამაზე და მტკიცე იმედი ჰქონოდა ჩემი თანადგომისა, თუკი ნამდვილად დაგვიპირებდნენ ასეთ რამეს.

მცირე ხნის შემდეგ, როცა მოვიდა კაცი, ვისაც ჩვენი ხელდასხმა უნდა აღესრულებინა, მე დავიმალე. ჩემი მეგობარი კი, რომელმაც ამის შესახებ არაფერი იცოდა, სხვა საბაბით გაიწვიეს და მან იტვირთა ეს უღელი, სრულიად დარწმუნებულმა, რომ პირობის თანახმად მეც მას მივყვებოდი, ანუ, უფრო უკეთ, ეგონა რომ თვითონ მომყვებოდა მე. ზოგიერთი იქ მყოფები, რაკი დაინახეს, რომ ბასილი ჩიოდა რატომ წამომიყვაენოთო, გაკვირვებულები გაიძახოდნენ: “საოცარი იქნება, თუ ის, ვინც უფრო თამამ კაცად იყო მიჩნეული (ანუ მე), დიდი სიმდაბლით მიიღებს მამათა განჩინებას, ეს კი, უფრო კეთილგონიერი და თავმდაბალი, წინ აღუდგება მამებს და დაიწყებს ცუდმედიდობას, უარყოფას და ცილობას”.

ისიც დაემორჩილა ამ სიტყვებს, ხოლო როცა შეიტყო, რომ მე გავიქეცი, მოვიდა ჩემთან მწუხარებით აღვსილი, ახლოს დამიჯდა, რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ სულიერი მღელვარებით შეძრულმა სიტყვა ვერ დასძრა თქმად. როგორც კი ხმის ამოღებას დააპირებდა, მყისვე ჩერდებოდა, რადგან ურვა არ აცლიდა სიტყვის დადმთავრებას. ცრემლმორეული და შეძრწუნებული რომ ვიხილე (თანაც მიზეზი კარგად ვიცოდი), გავიცინე, დიდი სიხარული გამოვხატე, მის ხელს დავწვდი და ვეამბორე, მერე ღმერთს მადლობა შევწირე, რომ ჩემმა ხერხმა გამოიღო ის კეთილი ნაყოფი, რომელსაც ყოველთვის ვნატრობდი. ჩემი სიხარული და აღტაცება როცა იხილა და შეიტყო, რომ ადრევე მივმართე ამ ხერხს, კიდევ უფრო შეშფოთდა და დამწუხრდა.

7. როდესაც სულიერი მღელვარება ოდნავ დაუცხრა, მითხრა: თუკი მე უკვე უგულებელმყავ და აღარაფრად მაგდებ (არ ვიცი კი, რისთვის), საკუთარ პატივზე მაინც გეფიქრა. ეხლა ყველას მიეცი ლაპარაკის საბაბი, ყველა იმას გაიძახის, ცუდმედიდობის გამო აირიდა ეს მსახურებაო, და ერთი კაციც არ გიცავს ამ ბრალდებისაგან. მე კიდევ გარეთ ვეღარ გავსულვარ, იმდენი ხალხი მოდის ყოველდღე და მსაყვედურობს. ნაცნობები, სადმე ქალაქში თვალი თუ მომკრეს, განზე გავყავართ და მეტწილად ყვედრებით მავსებენ: “ხომ იცოდი მისი ზრახვები (აკი არაფერს გიმალავდა), არ უნდა დაგეფარა, რას ფიქრობდა და ჩვენთვის უნდა გეთქვა, ჩვენ კი, ცხადია, ყოველ ღონეს ვიხმარდით მის მოსანადირებლად”. მე კიდევ ვწითლდები და მრცხვენია მათთვის იმის თქმა, რომ არ ვიცოდი შენი განზრახვა, არ მინდა მეგობრობა პირმოთნეობად მიიჩნიონ. და თუნდაც ეს მეგობრობა მართლაც თვალთმაქცობა იყოს (და ასეცაა, ამას ხომ ვერ უარყოფ შენი ახლანდელი საქციელის შემდეგ), უცხოთაგან, ვინც ასე თუ ისე გვიცნობს, მაინც უნდა დავფაროთ ჩვენი ცუდი ურთიერთობა.

მე ვერ ვბედავ ვუთხრა მათ სიმართლე, ის, რაც ჩვენს შორის იყო, ამიტომ იძულებული ვარ გავჩუმდე, თვალები მიწამდე დავხარო და მოვერიდო შემხვედრთ. პირველ ბრალდებას რომც ავცდე (ჩვენი მეგობრობის არაგულწრფელობის შესახებ), უსათუოდ სიცრუეს მაინც შემწამებენ. ისინი არასოდეს დამიჯერებენ, რომ შენ ბასილიც სხვებს გაუტოლე, იმათ, ვინც არ უნდა იცოდეს შენი საიდუმლო. თუმცაღა მე ეს დიდად არ მადარდებს: შენ ასე გწადდა. მაგრამ როგორ გადავიტანთ სხვა ბრალდებათა სირცხვილს? ზოგი სიამაყეს მოგაწერს, ზოგი – პატივმოყვარეობას, ხოლო უფრო ულმობელი მაბრალობელნი ერთშიც გადანაშაულებენ და მეორეშიც, და იმასაც დასძენენ, რომ ჩვენ შეურაცხვყავით თვით ამომრჩეველნი, მათზე კი ასე ამბობენ: “სამართლიანად მიიღეს, რაც დაემართათ, თუმცა მეტ უპატიობას იმსახურებდნენ იმისთვის, რომ ესოდენ პატივცემული კაცები უგულებელყვეს და აირჩიეს ყმაწვილები, ჯერ კიდევ გუშინ მსოფლიო ზრუნვით შეპყრობილნი. მათ ის იყო ცოტა ხნით ნაცრისფერი კაბები გადაიცვეს (იმ დროს მონაზვნები ჩვეულებრივ ნაცრისფერი ემოსათ) და თავი დამდაბლებულებად მოგვაჩვენეს, რომ უეცრად ისეთ ღირსებაში აიყვანეს, სიზმრადაც კი არ მოლანდებიათ. ისინი, ვინც სიყრმიდან ღრმა სიბერემდე მოღვაწეობაში არიან, ხელქვეითთა ხარისხში რჩებიან, და მათ განაგებენ მათივე შვილები, რომელთაც არც კი სმენიათ მართვა-გამგებლობის კანონების შესახებ”. ასეთი და კიდევ უფრო მეტი ყვედრებით მაწყინებენ და აღარ ვიცი, რით ვიმართლო თავი მათ წინაშე. გვედრი, მასწავე რამე.

ვფიქრობ, შენ უბრალოდ და უმიზეზოდ არ გაიპარებოდი და აშკარა ბრძოლას არ გამოუცხადებდი ამ დიდებულ კაცებს, ეს ნაბიჯი ალბათ რაღაც მოფიქრებული და გარკვეული მიზნისთვის გადადგი. აქედან ვხვდები, რომ თავდასაცავი სიტყვაც გექნება.

მაშ მითხარი, რა სამართლიანი მიზეზი შეგიძლია წარვუდგინოთ ჩვენს მაბრალობლებს. ხოლო იმას, მე რომ უსამართლოდ მომექეცი, არ გსაყვედურობ. არ გსაყვედურობ არც სიცრუეს, არც ღალატს, არც შენდამი ჩემი კეთილგანწყობის არად ჩაგდებას. მე ჩემი სული მოგიტანე და ჩაგაბარე, შენ კი ისე ცბიერად მომექეცი, თითქოს რაღაც უსიამოვნებებს მოელოდი ჩემგან. თუ სასარგებლოდ გიჩნდა ეს განზრახვა (ეპისკოპოსად არჩევა), მაშინ ამ სიკეთეს არ უნდა გარიდებოდი, ხოლო თუ საზიანოდ, მაშინ ჩემთვისაც უნდა აგეცილებინა, რადგან, შენივე თქმით, ყოველთვის ყველას გერჩივნე. შენ კი ყველაფერი იღონე იმისთვის, რომ მე ჩავვარდნილიყავი, და არავითარ მზაკვრობასა და თვალთმაქცობას არ დაერიდე იმის წინააღმდეგ, ვინც ყოველთვის უბრალოდ და უზაკველად გექცეოდა. თუმცაღა, აკი გითხარი, სრულიად არ გსაყვედურობ ამას და არ გადანაშაულებ იმ მარტოობისათვის, რომლისთვისაც გამწირე. შეწყდა თათბირები, რომელთაგან ხშირად ვღებულობდით სიამოვნებასაც და საკმაო სარგებელსაც. მაგრამ ყოვეივე ამას თავს ვანებებ და ვითმენ უსიტყვოდ და მშვიდად, არა იმიტომ, რომ შენი საქციელი უწყინარი იყო, არამედ იმიტომ, რომ შენთან მეგობრობის პირველი დღიდანვე წესად დივიდე – არასოდეს გაიძულო თავის მართლება, რაც არ უნდა მაწყენინო. საკმაო ვნება რომ მომაყენე, შენ იცი, თუკი გახსოვს, რას ამბობდნენ ჩვენზე უცხონი და ჩვენ თვითონაც. კერძოდ, რომ ჩვენთვის ფრიად სასარგებლოა ერთსულოვნების დაცვა და ურთიერთობის სიყვარულით თავის შემოზღუდვა. სხვანი იმასაც კი ამბობდნენ, რომ ჩვენი ერთობა ბევრისთვის იქნებოდა სასარგებლო. თუმცა მე არასოდეს მიფიქრია, რომ შემიძლია სხვებს გამოვადგე. ის კი ვიცოდი, რომ ერთსულოვნება გარეშე მტერთაგან დაგვიცავდა, და ეს არ იქნებოდა უმნიშვნელო სარგებელი. ამას ყოველთვის დაუღალავად გახსენებდი ხოლმე. ეხლა მძიმე დროა. ავის მოსურნე ბევრია, ჭეშმარიტი სყვარული გაქრა, მისი ადგილი დამღუპველმა სიძულვილმა დაიკავა: “უწყოდი რამეთუ შორის საფრხეთასა წარვლი და გარე ქალაქისა ჯებირისა ხვალ” (ზირ. 9,18). მრავალნი არიან, ვისაც ახარებს ჩვენს თავს მოწეული უბედურებები, ისინი ყოველი მხრიდან გარემოგვადგენ, თანამლმობი კი არავინაა, ანდა ძალიან ცოტანი.

გაფრთხილდი, მას მერე, რაც ერთმანეთს დავშორდებით, უფრო მეტი დაცინვა და ზიანი არ დავიტეხო თავს. “ძმაი ძმისა შემწე, ვითარცა ქალაქი ძლიერი და მაღალი და ძლიერ არს, ვითარცა სამეუფოი მოზღუდვილი” (იგავთა 18,19). ნუ დაარღვევ ამ ერთობას, ნუ დაამხობ ამ სიმაგრეს. დაუცხრომლად გიმეორებდი ამას და ამაზე მეტსაც, მაშინ როცა არაფერი ვიცოდი და სრულიად ჯანსაღად გთვლიდი ჩემთან დამოკიდებულებაში, მხოლოდ გრძნობათა სიჭარბის გამო გთავაზობდა მკურნალობას საღსალამთს. თურმე არ ვიცოდი, რომ წამალს სნეულს ვაძლევდი და ამნაირად მე საბრალომ ვერაფერს მივაღწიე, ვერავითარი სარგებელი ვერ მივიღე ასეთი მზრუნველობისათვის. შენ მეყვსეულად უარყავი ყოველივე და მსუბუქი ხომალდივით გამიშვი გაშლილ ზღვაში, არც კი ცდილხარ წარმოგედგინა მრისხანე ტალღები, მე რომ უნდა შევებრძოლო. თუკი საიდანმე დამატყდა ცილისწამება, დაცინვა ანდა რაიმე სხვა შეურაცხყოფა და მტრობა (ეს კი ალბათ ხშირად მოხდება), ვის შევევედრო, ვის ვაუწყო ჩემი ურვა, ვინ შემეწევა, ვინ მოიგერიებს ჩემს შეურაცხმყოფელთ, ვინ აიძულებს მათ მტერობის შეწყვეტად, ვინ მანუგეშებს და შემეწევა სხვათა უჯერო საქციელის გადატანაში? არავინ მივის, რადგან შენ შორს განუდექი ამ სასტიკ ბრძოლას და ჩემი ხმაც კი არ გწვდება. იცი კი, რა ბოროტება ჩაიდინე? აღიარებ კი ამ მარცხის შემდეგ მაინც, რა უკურნებელი წყლულება მომაყენე? მაგრამ მოდი, ამას თავის დავანებოთ: რაც მოხდა, იმას უკვე ვეღარას ვუშველით, ვერც გამოუვალი ვითარებიდან ვიპოვით გამოსავალს. მაგრამ რა ვუთხრათ უცხოებს? რითი დავიცვათ თავი მათი ბრალდებებისაგან?

8. ოქროპირი: დამშვიდდი, მივუგე მე, მზადა ვარ არა მარტო მაგაზე გიპასუხო, არამედ შევეცდები, რამდენადაც შევძლებ, იმაშიც ვიმართლო თავი, რასაც შენ მპატიობ. თუ გინდა, სწორედ აქედან დავიწყებ თავდაცვას. ფრიად უმადლო, განუსჯელი და ბოროტი კაცი ვიქნებოდი, უცხოთა აზრზე რომ მეფიქრა და მათი ყვედრების დასაცხრობად ყველა ღონე მეხმარა, იმას კი არ ვცდილიყავ, რომ ჩემს უდანაშაულობაში დამერწმუნებინე შენ, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს და ვინც იმდენად მიბრალებს, რომ არ მადანაშაულებს იმაშიც კი, რაშიც, მისივე თქმით, დამნაშავე ვარ, ის, ვინც თავის თავს არად აგდებს და კიდევ ჩემზე ფიქრობს. მაშინ ხომ დიდ უყურადღებობას გამოვიჩენდი ჩემთვის ესოდენ მზრუნველი მეგობრის მიმართ.

ამნაირად, რითი შეურაცხგყავი? აი აქედან დავიწყებ ჩემს თავდაცვას. იმით, რომ ხერხი ვიხმარე და დაგიმალე ჩემი განზრახვა? მაგრამ ეს ბოლოს სასარგებლო გამოდგა შენთვისაც და იმათთვისაც, ვისაც შენი თავი ჩავაბარე დამალვის წყალობით. თუკი დამალვა ყველა შემთხვევაში ბოროტებაა და არასოდეს შეიძლება მისი გამოყენება, თუნდაც კეთილი საქმისთვის, მაშინ მზადა ვარ მივიღო ის სასჯელი, რომელსაც შენ განმიჩინებ. თუმცა რაკი შენ არასოდეს დათანხმდები ჩემს დასჯას, მე თვითონ დავისჯი თავს ისე, როგორც მოსამართლენი სჯიან ხოლმე ბრალმდებელთაგან მხილებულ დამნაშავეებს. და თუკი დამალვა ყოველთვის არ არის მავნე, არამედ კარგი ან ცუდი ხდება კაცის განზრახვის მიხედვით, მაშინ ნუღარ მაბრალებ, რომ მოტყუვდი, დამტკიცე, რომ ხერხი ბოროტი საქმისათვის ვიხმარე. სანამ ეს არ დამტკიცებულა, მანამდე არ უნდა მაყვედრო და მაბრალო, პირიქით, თუ ვინმე ხერხს კეთილი მიზნით იყენებს, ის ქების ღირსია და არა საყვედურის. თავის დროზე და კეთილი განზრახვით ნახმარ ფანდს ისეთი სარგებლობა მოაქვს, რომ მრავალი დასჯილა კიდეც მისი გამოუყენებელობისათვის. მოდი გაიხსენე უსაჩინოესნი მხედართმთავართა შორის, ძველთაგან მოყოლებული, და დარწმუნდები, რომ მათი გამარჯვებები უფრო ხშირად ხერხის შედეგი იყო, და ასეთები უფრო სახელგანთქმულნი არიან, ვიდრე ისინი, ვინც მხოლოდ ძალით იგებდა ომს. ეს უკანასკნელნი ფულისა და ხალხის დიდი ხარჯით მოიპოვებენ ხოლმე გამარჯვებას, ისე რომ ვერავითარ მოგებას ვერ ნახულობენ მისგან. მძულველნი ძლეულებზე ნალკებ როდი არიან შეჭირვებულნი ჯარის დაღუპვისა და ხაზინის გაღატაკებისაგან. თანაც ისინი მთლიანად ვერ ტკბებიან თავიანთი გამარჯვებით, რადგან ხშირად მასში საკმაო წილი უდევთ დამარცხებულებსაც, რომლებიც ძლეულნი არიან მხოლოდ ხორცით, სულით კი ზეობენ. რომ არ დაცემულიყვნენ და მხნეობა არ დაეკარგათ, ისინი არასოდეს დამარცხდებოდნენ. ხერხის წყალობით გამარჯვებული კი მეტოქეს არა მარტო უბედურებას შეამთხვევს, სასაცილოდაც კი იგდებს ხოლმე. პირველ შემთხვევაში ორივე, მძლეველიცა და ძლეულიც, თანაბრად იღებს ქებას სიმამაცისათვის, ხერხის მოშველიების შემთხვევაში კი ნადავლი მთლიანად გამარჯვებულებს რჩებათ და რაც მთავარია, ქალაქში მოაქვთ გამარჯვების უხინჯო სიხარული. გულის სიუხვე და ხალხის სიმრავლე სხვაა და კეთილგონიერება კიდევ სხვა: პირველი განილევა ომში განუწყვეტელი ხმარებისას, და ბოლოს საერთოდაც ქრება. კეთილგონიერება კი, რაც უფრო ხშირად ინებებენ, მით უფრო მატულობს. და არა მხოლოდ ომში, მშვიდობიან დროსაც შეიძლება ხერხისაგან დიდი და უეჭველი სარგებლობის მიღება. ეს ეხება არა მარტო საზოგადო, არამედ ოჯახურ საქმეებსაც. მაგალითად, ქმრის დამოკიდებულებას ცოლისადმი და ცოლისას – ქმრისადმი, მამის დამოკიდებულებას შვილისადმი, მეგობრის დამოკიდებულებას მეგობრისადმი და თვით შვილის დამოკიდებულებას მამისადმი. ასე მაგალითად, საულის ასული ვერ დაიხსნიდა თავის ქმარს საულის ხელიდან, ხერხი რომ არ ეხმარა, მისმა ძმამ კი (იოანათანმა), თავისი დისგან გადარჩენილის ახალი საფრთხისაგან ხსნა რომ უნდოდა, იგივე ფანდი გამოიყენა (I მეფეთა, 19,20).

ბასილმა თქვა: ყოველივე ეს მე არ მეხება, არც მტერი ვარ და არც მეტოქე, და არც მაწყინებელი, პირიქით, მუდამ შენს ნება-სურვილს ვუთანხმებდი ჩემს გულისთქმას და ისე ვიქცეოდი, როგორც მიბრძანებდი.

9. ოქროპირი: ჰოი, ჩემო საკვირველო და კეთილო კაცო! იმიტომაც ვთქვი წინასწარ, რომ მხოლოდ ომში და მტრების წინააღმდეგ კი არა, მშვიდობიანობის ჟამს, უსაყვარლეს ადამიანთა მიმართაც კი ზოგჯერ სიკეთის მომტანია ხერხის ხმარება. იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს ნამდვილად სასარგებლოა არა მხოლოდ იმათთვის, ვინც იყენებს ხერხს, არამედ იმათთვისაც, ვის მიმართაც იყენებენ, მიდი რომელიმე ექიმთან და ჰკითხე, როგორ მკურნალობენ სხეულებს, და გეტყვის, რომ ექიმები ყოველთვის თავიანთ ხელოვნებას როდი სჯერდებიან, ხანდახან ხერხსაც ხმარობენ და ისე განკურნავენ ხოლმე ავადმყოფს. როდესაც ავადმყოფის ახირებული ხასიათი ანდა თვით სენის სიმძიმე ექიმის რჩევებს არ ემორჩილება, მაშინ მკურნალი ხერხს მიმართავს.

გინდა გიამბო ერთ ხერხს, ექიმს რომ უხმარია? ვიღაც კაცს უეცრად ძლიერი ხურვება შეეყარა, სიცხე სულ უფრო მატულობდა. ავადმყოფი უარყოფდა ყველა საშუალებას, რასაც მხურვალების ჩაქრობა შეეძლო, და სთხოვდა, ევედრებოდა ყველა მნახველს, მოეტანათ მისთვის ბევრი ღვინო, რომ მტანჯველი წყურვილი მოეკლა. მაგრამ ვინც ამ თხოვნის შესრულებას დასთანხმდებოდა, ის არა მხოლოდ ხურვებას გაამძაფრებდა, სიშლეგესაც შეყრიდა საბრალოს. როცა საექიმო ხელოვნება უძლური აღმოჩნდა და არავითარი საშუალება აღარ არსებობდა, აი მაშინ გამოჩნდა ხერხის დიდი ძალა. ექიმმა აიღო თიხის ჭურჭელი, ღუმელიდან ახლად გამოღებული, ღვინოში ამოავლო, ცარიელი ამოიღო და წყლით აავსო. ავადმყოფის ოთახი ფარდებით დააბნელებინა, ხერხი რომ არ გამჟღავნებულიყო, და სნეულს მიაწოდა ჭურჭელი, ვითომდა ღვინით სავსე. მას კი, სანამ ფიალას ხელში აიღებდა, ჯერ ღვინის სუნმა დაახვია თავბრუ, და იმის გაგება აღარ შეეძლო, რა მისცეს. ყნოსვას მინდობილმა, სიბნელით ცდუნებულმა და ძლიერი ნდომით აღგზნებულმა დალია წყალი დიდი ხალისით. წყურვილი რომ მოიკლა, მყისვე შეუმსუბუქდა ხურვება და მოსალოდნელ საფრთხესაც გადაურჩა. მაგრამ ექიმების ყველა ხერხი რომ ჩამოვთვალოთ, სიტყვა ძალიან გამიგრძელდება. ისიც უნდა ითქვას, რომ ექიმი არა მხოლოდ ხორციელ, არამედ სულიერ სალმობათა სამკურნალოდაც ხშირად სწორედ ასეთ წამალს იყენებს. ასე მაგალითად, ნეტარმა პავლემ მრავალი ათასი იუდეველი მოიყვანა ქრისტესთან (საქმე 21, 20-26). ამ განზრახვით წინადასცვითა მან ტიმოთე, და ეს მაშინ, როცა გალატელთა მიმართ წერდა: ”აჰა ესერა მე, პავლე გეტყვი თქუენ: უკუეთუ წინადაიცვითოთ, ქრისტემან თქუენ არაი გარგოს” (გალატ. 5,2; საქმე 16,3). ამიტომაც ინახავდა სჯულს, მაშინ როცა თვლიდა, რომ ამაო არს სჯული ქრისტიანისთვის (ფილიპ. 3, 7-9). დიდია ასეთი ხერხის ძალა, ოღონდ იგი ბოროტი განზრახვით არ უნდა გამოიყენოს კაცმა. ანუ უფრო უკეთ, მას ხერხი კი არა ერთგვარი კეთილგონიერება და ხელოვნება უნდა ეწოდოს, რაკი ძალუძს გამოუვალ მდგომარეობიდან მრავალი გამოსავლის მონახვა და სულიერ ნაკლულევანებათა კურნება. ამნაირად, მე არ ვუწოდებ ფინეზს მკვლელს, თუმცა კი მან ერთი დარტყმით ორი კაცი განგმირა (რიცხვთა 25,8). ასევე არც ელიას – ასი მოკლული მხედრის და მათი მხედართმთავრებისათვის, ანდა სისხლის დიდი ნიაღვრისათვის, რომელიც დააქცია ეშმაკთა ქურუმების მოსვრის დროს (IV მეფეთა, 1,3; მეფეთა 18). თუ ეს გამოვეპარა მხედველობიდან, და თუ ვინმე მხოლოდ საქმეთა მიხედვით განსჯის, ისე რომ არ მიხედავს კაცის ზრახვებს, მას შეუძლია აბრაამს შვილის მკვლელობა დააბრალოს, მის შვილსა და შვილიშვილს კი – ბოროტისყოფა და სივერაგე, რადგან პირველი (იაკობი) თავისი ძმის პირველშობილებას დაეუფლა, მეორემ კი (მოსემ) ეგვიპტის საგანძური ისრაელის მხედრობაში გაიტანა (შესაქმე 27; გამოსვლ. 12, 35-36). მაგრამ არა, არა, ნუ ვიქნებით ესრეთ უგუნურ! ჩვენ არათუ ბრალს არ ვდებთ მათ, არამედ ვადიდებთ, რადგან ღმერთმა განადიდა ისინი ამ საქმეთათვის. სამართლიანად უნდა ეწოდოს მაცდური იმას, ვინც ხერხს ბოროტი განზრახვით იყენებს, და არა იმას, ვინც კეთილგონიერების თანახმად იქცევა. ხშირად საჭირო ხდება ხერხის გამოყენება, რათა ამ ხელოვნებით უდიდეს სარგებელს მიაღწიონ, სწორი გზით მავალს კი ხანდახან საკუთარი განზრახვის გამჟღავნება ექცევა ახლობელთა დაღუპვის მიზეზად.

პირველი ნაწილის დასასრული