ფარისევლები ამბობდნენ: ესე კაცი არა არს ღმრთისაგან (იოან. 9, 16) რანაირად არის იგი ღმრთისგან? და ხშირად უბრუნდებოდნენ ამ აზრს, რათა მასში თავიანთი ვნებების გამართლება ეპოვათ. ახლაც ბევრი იქცევა ფარისეველთა მსგავსად. ასაღებენ რა თავს ღმრთის სარწმუნოების მკაცრ დამცველებად, ისინი საკუთარ ვნებებს იკმაყოფილებენ იმის ნაცვლად, რომ ყველას სიმდაბლით მოეპყრან.
მართლაც, ყოველივეს შემოქმედ ღმერთს, რომელიც მზეს ამოსვლას უბრძანებს, წვიმას გვიგზავნის და ყველა სიკეთეს უხვად გვიბოძებს, განა არ შეეძლო, ელვით განეგმირა ისინი, ვინც მას გმობდნენ? მაცხოვრის მსგავსად ჩვენც უნდა ვთხოვოთ, დავარიგოთ და შთავაგონოთ ადამიანებს სიმდაბლით, მრისხანების და სიფიცხის გარეშე. ღმრთის გმობა არ ამცირებს მის დიდებას და ამიტომ ასეთმა ქმედებამ შენში მრისხანება არ უნდა გამოიწვიოს. ვინც ღმერთს გმობს, ის საკუთარ თავს აყენებს იარებს. შენ უნდა ოხრავდე და ტიროდე მისთვის, რადგან ეს ავადმყოფობა სიბრალულს იმსახურებს. თანაც ამ სნეულებით დაავადებული ადამიანი სხვაგვარად ვერ განიკურნება თუ არა სიმდაბლით. სიმდაბლე კი ყოველგვარ ძალადობაზე ძლიერია.
ვნახოთ როგორი სიმდაბლით მიმართავს ღმერთი თავის შეურაცხმყოფელებს როგორც ძველ, ასევე ახალ აღთქმაში. იქ ის ამბობს: ჩემო ერო, რა გაგიკეთე და რითი დაგაღონე? (მიქ. 6, 3) აქ კი: საულ, საულ, რაისა მდევნი მე? (საქმ. 9, 4) პავლეც ასევე სიმდაბლით გვიბრძანებს მოწინააღმდეგეთა დარიგებას. ხოლო, როცა ქრისტესთან მისულმა მოწაფეებმა სთხოვეს, ნება მიეცა მათთვის ზეციდან ცეცხლის გარდამოხდომისა, მაცხოვარმა ძლიერ შერისხა ისინი და უთხრა: არა იცითა, რომლისა სულისანი ხართ თქუენ! (ლუკ. 9, 55). ამის მსგავსად ჩვენს შემთხვევაშიც მან მწიგნობრებს ის კი არ უთხრა; ჰოი, უკეთურნო და ცრუნო, ადამიანთა ხსნის მოძულენო და მტერნო! არამედ; რაისა თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა? (მათ. 9, 40) ასეთი სიმდაბლით არის საჭირო სწორედ ადამიანების ამ სნეულებისაგან განკურნება.
ვინც ადამიანური შიშის გამო გახდა უკეთესი, ის მალე ისევ დაუბრუნდა უწინდელ უკეთურებას, ამის გამო უფალმა არ ბრძანა სარეველების ამოძირკვა, რათა ცოდვილებისთვის სინანულის დრო მიეცა და მართლაც მრავალმა მათგანმა შეინანა ადრინდელი შეცოდებანი, მაგალითად: პავლემ, მეზვერემ და ავაზაკმა, რომლებიც ადრე სარეველები იყვნენ, შემდეგში კი მწიფე ხორბლად იქცნენ. თუმცა თესლში ასეთი ცვლილებები არ ხდება, მაგრამ ადამიანების ნება კი შეიძლება ძალზე იოლად და მოხერხებულად შეიცვალოს, რადგან იგი არაა შეკრული აუცილებლობის ბორკილებით და დაჯილდოებულია თავისუფლებით. ამგვარად, როცა ჭეშმარიტების მტერს დაინახავ, განკურნე იგი, იზრუნე, რათა სათნოებები დაიბრუნოს, მიეცი ამის მაგალითი საკუთარი ცხოვრებით, დაარიგე განუკიცხველად, დაიფარე, დაიცავი იგი და საუკეთესო მკურნალის მსგავსად ყოველი ღონე იხმარე მისი გამოსწორებისთვის.
ექიმებიც მხოლოდ ერთი ხერხით როდი კურნავენ ავადმყოფებს, არამედ როცა ნახავენ, რომ ჭრილობა ერთი წამლით არ იკურნება, მეორეს ხმარობენ, თუ საჭიროა, მესამესაც გამოიყენებენ. ზოგჯერ გაკვეთენ, ზოგჯერ კი სალბუნებს დაადებენ. ასევე შენც გახდი სულის მკურნალი და ისარგებლე კურნების ყოველგვარი ხერხით ქრისტეს მცნებების მიხედვით, რათა ჯილდო მიიღო არა მარტო საკუთარი თავის ხსნისთვის, ასევე იმისათვისაც, რომ სხვებსაც სარგებლობა მოუტანე. ყოველივე ღმრთის სიტყვის მიხედვით აკეთე და ამით შენც განდიდდები. ჩემს პატივმგებელს, ამბობს უფალი, პატივს მივაგებ, ხოლო ჩემი მოძულენი დამცირდებიან (1 მეფ. 2, 30).
ამგვარად, ყოველივე ღმრთის სადიდებლად ვაკეთოთ, რათა მემკვიდრენი გავხდეთ სანატრელი ხვედრისა, რომლის ღირსნიც გავხდებით ჩვენ ყოველნი მადლითა და კაცთმოყვარეობითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდებაი და ხელმწიფებაი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
Saturday, August 9, 2014
Thursday, August 7, 2014
რა არის ღვთისმეტყველება? - მიტროპოლიტი კალისტე უეარი
საღვთისმეტყველო განათლების საკითხისადმი მიძღვნილ საღვთისმეტყველო სკოლების სემინარზე უნდა დაისვას ძირითადი და უმნიშვნელოვანესი საკითხი: რა არის ღვთისმეტყველება? როგორ განსაზღვრავს წმინდა წერილი და როგორ ხედავენ ეკლესიის მამები ღვთისმეტყველის ამოცანას? ბიბლიასთან შეხებისას საკვირველ გარემოებას ვაწყდებით: ძველსა და ახალ აღთქმაში არსად ვხვდებით სიტყვებს „ღვთისმეტყველი“ და „ღვთისმეტყველება“. ისინი უბრალოდ არაბიბლიური ცნებებია. ასევე აღსანიშნავია, რომ ქრისტეს მიერ გამორჩეული თორმეტი მოციქულიდან განათლება საღვთისმეტყველო სკოლაში ერთსაც კი არ მიუღია.
ქრისტიანობაში ცნება „ღვთისმეტყველება“ ეტაპობრივად მკვიდრდება. მეორე საუკუნის აპოლოგეტები ამ სიტყვას ეჭვის თვალით უყურებდნენ. მათთვის ეს ცნება, უპირველეს ყოვლისა, წარმართულ რელიგიურ აზროვნებას აღნიშნავდა. თუმცა, ერთ შემთხვევაში მას ქრისტიანული მნიშვნელობით იყენებს ათენაგორა ათენელი და მისი მეშვეობით წმინდა სამებისადმი რწმენას გამოხატავს. „ღვთისმეტყველების“ - ქრისტიანულ გააზრებას კლიმენტი ალექსანდრიელმა, უფრო კი, ორიგენემ შეუწყო ხელი. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ალექსანდრიაში გაჩნდა პირველი სერიოზული თეოლოგიური სასწავლებელი - ცნობილი კატეხიზატორული სკოლა, რომელსაც ჯერ პანტენი ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი კლიმენტი, ორიგენე და დიონისე ალექსანდრიელი. მოგვიანებით, ბიზანტიურ პერიოდში, საღვთისმეტველო განათლების ცენტრმა კონსტანტინეპოლის აკადემიაში გადაინაცვლა.
როდესაც ვამბობთ, რომ „ღვთისმეტყველება“ არაბიბლიური სიტყვაა და იგი თანდათან დამკვიდრდა ქრისტიანულ ლექსიკაში, კიდევ ერთი რამ შეგვიძლია აღვნიშნოთ: ეს ცნება ბერძენ წმინდა მამებთან დღევანდელისაგან განსხვავებული მნიშვნელობის მქონე იყო. მაგალითად, დიდი კაპადოკიელებისა და უდაბნოს მამების მოწაფე ევაგრე პონტოელი შენიშნავს: „თუ ღვთისმეტყველი ხარ, ჭეშმარიტად ლოცულობ; თუ ჭეშმარიტად ლოცულობ, მაშინ ღვთისმეტყველი ხარ“. ფოტიკის ეპისკოპოსი წმ. დიოდოხოსი (V ს.) აღნიშნავს, რომ ღვთისმეტყველება „სულს ძღვენთაგან უდიდესს ანიჭებს... და განუყოფელი ერთობით აკავშირებს მას ღმერთთან“ წმ. პეტრე დამასკელისთვის ღვთისმეტყველება სულიერი ჭვრეტის რვა საფეხურიდან ყველაზე აღმატებულია. ის მომავალი საუკუნის ესქატოლოგიური რეალობაა, რომელსაც საკუთარი თავის გარეთ „ექსტაზით“ გავყავართ.
ამ სამი მაგალითიდან ჩანს, რომ ღვთისმეტყველება წმინდა მამებისთვის გაცილებით მეტს ნიშნავდა, ვიდრე ჩვენთვის. ცხადია, იგი ადამიანური გონების გამოყენებით ქრისტიანული სწავლების მოწესრიგებულ გადმოცემას გულისხმობდა, მაგრამ მათთვის ღვთისმეტყველება აგრეთვე აღნიშნავდა ღვთის წმინდა სამებაში ჭვრეტას; ამაში მონაწილეობს არა მხოლოდ გონება, არამედ მთლიანი პიროვნება, ინტუიციური სულიერი აღქმისა (nus) და გულის (cardia) ჩათვლით, ამ სიტყვის ბიბლიური, პატრისტიკული, და არა თანამედროვე გაგებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ღვთისმეტყველება (theologia) სხვა არაფერია თუ არა ჭვრეტა (theoria). იგი გულისხმობს ცოცხალ ურთიერთობას ღმერთთან და განუყოფლადაა დაკავშირებული ლოცვასთან. არ არსებობს ჭეშმარიტი ღვთისმეტყველება ღვთისმსახურების გარეშე. ნამდვილი ღვთისმეტყველება ლიტურგიული, დოქსოლოგიური და მისტიკურია.
ღვთისმეტყველების წმინდა მამებისეული აღქმა შესანიშნავადაა მოკლედ ჩამოყალიბებული თანამედროვე ბერძენი ღვთისმეტყველის, ქრისტოს იანარისის მიერ: „მართლმადიდებელ ეკლესიასა და გარდამოცემაში ღვთისმეტყველება სულ სხვა მნიშვნელობას ატარებს იმასთან შედარებით, რასაც დღეს მოიაზრებენ მისით. ეს საღვთო ნიჭი, ქრისტიანული სულიერი ცხოვრების, შინაგანი სიწმინდის ნაყოფია. ღვთისმეტყველება ღვთის ჭვრეტასთან, პიროვნული ღმერთის უშუალო ხილვასთან, ქმნილების შეუქმნელი მადლით ფერისცვალების პირად გამოცდილებასთან იგივდება“. ამგვარად, - აგრძელებს ის, - ღვთისმეტყველება არის არა „სამყაროს თეორია ან მეტაფიზიკური სისტემა“ არამედ „გამოთქმა და ფორმულირება საეკლესიო გამოცდილებისა... არა ინტელექტუალური დისციპლინა, არამედ გამოცდილებისმიერი მონაწილეობა, ურთიერთობა“.
ჩამოვთვლი რამდენიმე ძირითად ცნებას, რომლებსაც მოგვიანებით ხშირად დავუბრუნდებით: ნიჭი, მადლი, პირადი გამოცდილება, მონაწილეობა, ურთიერთობა, შინაგანი სიწმინდე, ფერისცვალება, ღვთის ჭვრეტა.
ისმის კითხვა: არის კი ღვთისმეტყველება საგანი, რომლის სწავლება უნივერსიტეტებსა და აკადემიებში იქნებოდა შესაძლებელი? შეგვიძლია ამ საგანში გამოცდის მოწყობა, სამეცნიერო ხარისხების მინიჭება და სტუდენტებისთვის დიპლომის მიცემა, ნიშნების დაწერა, „პირველების“, „მეორეებისა“ და მესამეების“ გამოყოფა? ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ნათელია - უნივერსიტეტებსა და აკადემიებში ღვთისმეტყველების სწავლებისას პროფესორებსა და სტუდენტებს უნდა ახსოვდეთ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ოთხი წესი: ღვთისმეტყველებდეთ „მეთევზეებისა და არა არისტოტელეს ენით“.
ღვთისმეტყველების ოთხი ნიშანი
მართალია სიტყვა „ღვთისმეტყველება“ არ გვხვდება ბიბლიაში, მაგრამ წმინდა წერილში ბევრი ადგილია, სადაც ღვთისმეტყველების არსია გადმოცემული. აი, ზოგიერთი მათგანი:
1. „ღმერთი არავის არასოდეს უხილავს; მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც იყო მამის წიაღში, მან განგვიცხადა“ (იოანე, 1,18)
2. „ხოლო აწ, რაკი შეიმეცნეთ ღმერთი, ან, უკეთ, ღმერთი, ან, უკეთ, ღმრთისაგან მიიღეთ შემეცნება...“ (გალატ. 4,9).
3. „რადგან ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში“ (I კორინთ. 13,12).
4. „ნეტარ არიან წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“ (მათე, 5,8).
5. „მოიცალეთ და გულისხმა-ყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი“ (ფსალმ. 45,11).
ეს ხუთი ამონარიდი ოთხ ძირითად ცნებამდე შეიძლება დავიყვანოთ: ნიჭი (harisma), საიდუმლო (misterion), განწმენდა (katarsis), მდუმარება (isihia). განვიხილოთ ისინი თანმიმდევრობით. (თხრობის მომდევნო ნაწილთან დაკავშირებით დავალებული ვარ პროფესორ კონსტანტინე სკუტერისის გამოკვლევით „ღვთისმეტყველების“ და „ღვთისმეტყველის“ ცნებათა მნიშვნელობა კაპადოკიელებამდელი ბერძენი მამებისა და საეკლესიო მწერლების სწავლებაში“).
1. ნიჭი
ღვთისმეტყველება ღვთისგან ბოძებული ნიჭია, თავისუფალი და დაუმსახურებელი ნიჭი, მადლის ნიჭი. წმ. მაქსიმე აღმსარებლის თანამედროვე და მეგობარი წმ. თალასი ლიბიელი სავსებით საფუძვლიანად საუბრობდა „სურვილთაგან ყველაზე აღმატებულზე, ღვთისმეტყველების მადლზე“. სხვა სიტყვებით, ღვთისმეტყველება არა მარტო ჩვენი, ადამიანური შეღწევაა ღვთის მყოფობაში, არამედ უფრო პასუხია საღვთო გამოცხადებაზე (იოანე, 1,18). იმდენად ჩვენ კი არ ვეძებთ და ვიკვლევთ ღმერთს, რამდენადაც ღმერთი გვეძებს და გამოგვცდის ჩვენ. საერო მეცნიერებაში ადამიანი შემმეცნებელია, მაგრამ ღვთისმეტყველებაში მას ღმერთი იმეცნებს (გალატ. 4,9).
ღვთისმეტყველება ღვთისგან ბოძებული ნიჭია, თავისუფალი და დაუმსახურებელი ნიჭი, მადლის ნიჭი. წმ. მაქსიმე აღმსარებლის თანამედროვე და მეგობარი წმ. თალასი ლიბიელი სავსებით საფუძვლიანად საუბრობდა „სურვილთაგან ყველაზე აღმატებულზე, ღვთისმეტყველების მადლზე“. სხვა სიტყვებით, ღვთისმეტყველება არა მარტო ჩვენი, ადამიანური შეღწევაა ღვთის მყოფობაში, არამედ უფრო პასუხია საღვთო გამოცხადებაზე (იოანე, 1,18). იმდენად ჩვენ კი არ ვეძებთ და ვიკვლევთ ღმერთს, რამდენადაც ღმერთი გვეძებს და გამოგვცდის ჩვენ. საერო მეცნიერებაში ადამიანი შემმეცნებელია, მაგრამ ღვთისმეტყველებაში მას ღმერთი იმეცნებს (გალატ. 4,9).
ამგვარად, ღვთისმეტყველება უფრო ღვთაებრივ ინიციატივას ეფუძნება, ვიდრე ადამიანურს: ღმერთი არასოდეს არის ცოდნის პასიური ობიექტი, ის ყოველთვის აქტიური სუბიექტია. იმავეს თქმა სხვანაირადაც შეიძლება: ღვთისმეტყველება სიბრძნეა - არა სასკოლო ტიპის კვლევა და სწავლა, არამედ სიბრძნე, მაგრამ ჭეშმარიტი სიბრძნე არის თავად ქრისტე, ცოცხალი და პიროვნული ჭეშმარიტება, „ღვთის ძალა და ღვთის სიბრძნე“ (I კორინთ. 1,24) ქრისტე თავადაა ღვთისმეტყველება: ის ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთისმეტყველია, ჩვენ კი ღვთისმეტყველები ვართ მადლით, რომელსაც მისგან ვიღებთ. ჭეშმარიტი ღვთისმეტყველი ყოველთვის „ღვთივგანსწავლულია“ (ტეოდიდაკტოს).
ეს მომენტი კარგად გადმოსცა ორიგენემ. მისი თქმით, ღვთისმეტყველება არის „ემანაცია“, „აღმოდინება“ და „ნათება“ ღვთისგან. „ჩვენს ძალებს აღემატება, სულიერი ხედვის ღირსად ჩავითვალოთ... ის ღვთისმეტყველებას და ღვთის შესახებ ჭეშმარიტებებს თავის ნამდვილ მოწაფეებს უცხადებს. ჩვენ მათ მიერ ნაწერებში დატოვებულ კვალს მივყვებით, მოვინიშნავთ საწყის წერტილს, საიდანაც თავად ვესწრაფვით ღვთისმეტყველებას“ დიდიმე ალექსანდრიელიც ასევე ღვთის „ძალას“, „დიდებასა“ და „ენერგიას“ უწოდებს „ღვთისმეტყველებას“.
ეს სულ ცოტა იმას ნიშნავს, რომ ღვთისმეტყველება ინდივიდუალურ, პიროვნულ რწმენას გულისხმობს. ადამიანური გონება მართლაც საჭიროა, თუ გვსურს ვიღვთისმეტყველოთ თანმიმდევრულად, მაგრამ ჩვენი გონების ნაყოფიერად გამოყენება მხოლოდ რწმენის ფარგლებშია შესაძლებელი. Credo et intelligam, გამოაცხადა ანსელმ კენტერბერიელმა: „მწამს, რათა შევიმეცნო“ და არა სხვაგვარად!
2. საიდუმლო
წმ. ბასილი დიდი და წმ გრიგოლ ღვთისმეტყველი რეგულარულად იყენებენ ფრაზას „ღვთისმეტყველების საიდუმლო“. აქ უნდა გავიხსენოთ სიტყვის „საიდუმლო“ ჭეშმარიტი საღვთისმეტყველო აზრი. „საიდუმლო“ არა მარტო ამოუხსნელი ამოცანა ან რთული თავსატეხია, არამედ ის, რაც სინამდვილეში იხსნება ჩვენს ცნობიერებაში, მაგრამ არასდროს იხსნება ამომწურავი სახით, რადგან ფესვები ღვთის უსასრულობაში აქვს გადგმული. ღვთისმეტყველება იმიტომ წარმოადგენს საიდუმლოს, რომ წმ. თალასის თქმით, „ჩვენს გონებას აღემატება“ და ვცდილობთ, ადამიანური სიტყვებით გადმოვცეთ ის, რაც ყოველგვარი ადამიანური აღქმის საზღვრებს მიღმაა.
პროტოპრესვიტერ იოანე მეინდორფის სიტყვებით, ღვთისმეტყველება არის „ერთსა და იმავე დროს ღვთის ჭვრეტა და გამოუთქმელის გამოთქმა“, ან როგორც ტ. ს. ელიოტი ამბობდა, „თავდასხმა გამოუთქმელზე“. ყოველგვარი საღვთისმეტყველო მტკიცება, - შენიშნავს წმ. ბასილი, - მოსაუბრის აღქმას უსხლტება... ჩვენი ცნობიერება სუსტია, ხოლო ჩვენი ენა - კიდევ უფრო უსუსური“. დიდი კაპადოკიელების თანახმად, თუ ღვთისმეტყველება ივიწყებს ადამიანური ცნობიერების გარდაუვალი საზღვრების არსებობას და გამოუთქმელ ღვთის სიტყვას ადამიანური ლოგიკით ცვლის, ის აღარ არის თეოლოგია და კნინდება ტექნო-ლოგიის დონემდე.
ამიტომაცაა, რომ ჩვენი ღვთისმეტყველება „ბუნდოვნად, როგორც სარკეში“ (I კორინთ. 13,12). ჩვენ იძულებულნი ვართ ანტინომიასა და პარადოქსს მივმართოთ, რადგან ადამიანურ ენას მისი შესაძლებლობის საზღვრებს მიღმა ვავრცელებთ. ღვთაებრივი ჭეშმარიტების სისავსის თუნდაც არასრული ადეკვატურობით წვდომის გამო, იძულებულნი ვართ ვამტკიცოთ ის, რაც თითქოსდა, ერთმანეთს ეწინააღმდეგება. კარდინალი ნიუმენი ღვთისმეტყველებაში ვარჯიშს უმიზეზოდ როდი წარმოაჩენს, როგორც „გამოთქმებს, ნაყოფიერი შედეგით უკან დაბრუნებულს“.
რაკი ღვთისმეტყველების სფერო ამ აზრით ღვთაებრივ საიდუმლოს წარმოადგენს, ჩვენი საღვთისმეტყველო დისკურსი ერთდროულად უარყოფითიც უნდა იყოს და მტკიცებითიც, ანუ როგორც აპოფატიკური, ისე კატაფატიკური მტკიცებითა და უარყოფით დაბალანსებას ვახდენთ და ეს უარყოფა საშუალებას გვაძლევს, ლოცვითა და ღვთისმსახურებით მივაღწიოთ სინას მანათობელ წყვდიადს. აპოფატიკურ განზომილებას მოკლებული ღვთისმეტყველება, სწორედ „ტექნოლოგიად“ გადაიქცევა, ამ ტერმინის კაპადოკიური მნიშვნელობით. აპოფატიკური და კატაფატიკური მიდგომა არ უნდა განვიხილოთ ალტერნატივებად, რომელთაგანაც თითოეული თვითკმარია. ისინი კი არ გამორიცხავენ ერთმანეთს, არამედ ერთმანეთზე დამოკიდებულნი არიან, არა თანმიმდევრულნი, არამედ თანადროულნი. თითოეული მიდგომა მეორეს გულისხმობს. წარმოუდგენელია ჭეშმარიტი ღვთისმეტყველება, რომელიც ერთსა და იმავე დროს კატაფატიკური და აპოფატიკური არაა. მტკიცება და უარყოფა - ეს ერთი მოძრაობის ნაწილებია.
3. განწმენდა
ღვთისმეტყველება ღვთის ჭვრეტაა, და ღმერთს გულით წმინდანნი იხილავენ (მათე, 5,8). ამიტომ ჭეშმარიტი ღვთისმეტყველება წარმოუდგენელია განწმენდის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ღვთისმეტყველება ყოველთვის ღვთაებრივი მადლის ნიჭად რჩება, ეს თავისუფალი ნიჭი ჩვენს სრულ თანაქმედებას, ნებაყოფილობით სინერგიას საჭიროებს“ „ჩვენ ვართ ღმერთის თანამოსაქმენი (სინერგოი) (I კორინთ. 3,9). ამ აზრით მთელი ღვთისმეტყველება „ღვთაებრივკაცობრივია“. ჩვენი თანამოქმედება ჩვენს მოქცევას, ღვთის სიყვარულისთვის ჩვენი გულების გახსნას, სულიწმინდის დამკვიდრებით ჩვენი ცხოვრების სრულ გარდაქმნას გულისხმობს. ღვთისმეტყველება არის ყოვლისმომცველი „სახე ცხოვრებისა“. ჭეშმარიტი ღვთისმეტყველება გამორიცხულია სიწმინდისკენ პიროვნული სწრაფვის გარეშე. ღვთისმეტყველები არიან წმინდანები.
ამ მიზეზით აშკარად სახიფათოა ღვთისმეტყველებაზე, თეო-ლოგიაზე საუბარი, როგორც „მეცნიერებაზე“, თითქოს ის გეო-ლოგია ან ზოო-ლოგია იყოს. ეჭვგარეშეა, რომ თვით გეოლოგიაში ან ზოოლოგიაში პიროვნული მონაწილეობაა საჭირო. უნდა აღინიშნოს, რომ სინამდვილეში, ყოველი დამკვირვებელი ექსპერიმენტის ნაწილია. მაგრამ გეოლოგიაში ან ზოოლოგიაში, ჩვეულებრივ, საკმარისია ობიექტური ფაქტების მაქსიმალური სიზუსტით შეკრება, შემდეგ კი ამ ფაქტების გაანალიზება ინტუიციასა და მეცნიერულ პატიოსნებაზე დაყრდნობით. გეოლოგის ან ზოოლოგის პიროვნული ზნეობა აქ არაარსებითია.
ღვთისმეტყველებაში ასე აღარაა. ის მოიცავს პიროვნებას სრულად და ითხოვს თითოეულისაგან რადიკალურ გარდაქმნას. რა თქმა უნდა, ღვთისმეტყველებაც „მეცნიერულია“ იმ აზრით, რომ ისიც სიზუსტესა და ინტელექტუალურ სიმკაცრეზეა ორიენტირებული. ბევრი ქრისტიანის ქმედება საპირისპიროსაც რომ გვაფიქრებინებდეს, ღვთის სასუფეველს გაურკვევლობით, ბურუსით მოცული და ტლანქი აზროვნებით როდი ვმსახურებთ. სწორედ ეშმაკს უყვარს არეულობა და უზუსტობა, იმ დროს, როცა სულიწმინდის გამოვლინებები, უპირველეს ყოვლისა, გარკვეულობითა და გამჭვირვალობით აღინიშნება. მაგრამ ღვთისმეტყველებაში სიზუსტე და ინტელექტუალური სიმკაცრე თავისთავად არასოდეს არის საკმარისი. ჩვენ ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა და მის მიმართ სიყვარული მოგვეთხოვება.
ამას ხაზგასმით აღნიშნავს ევაგრე პონტოელი, როცა ღვთისმეტყველს საიდუმლო სერობაზე მყოფ წმინდა მახარებელ იოანესთან აიგივებს:
მკერდი უფლისა - ღვთის გამგებლობა; ვინც მას მიეყრდნობა ღვთისმეტყველი შეიქნება. ღვთისმეტყველება თავის თავში მოიცავს ისეთ მჭიდრო სიახლოვეს, როგორც აქვს საყვარელ მოწაფეს მაცხოვართან. წმ. მაქსიმე აღმსარებელი უფრო გაბედულად და მეტყველი ენით წერს: „მისტიკური ღვთისმეტყველება“ გულისხმობს „სასიყვარულო ექსტაზს“ (ერტიკოს ეკსტასის), ცოცხალი და ღვთის მიმართ ყოვლისმომცველი ლტოლვით თავის დაკარგვას. ამ „ექსტაზის“ გარეშე თქვენ შეიძლება შესანიშნავი გეოლოგი იყოთ, მაგრამ არა ღვთისმეტყველი. წმ. დიადოხოსის სიტყვები: „არაფერია გონებაზე მწირი, როცა ის ღვთის გარეშე იწყებს ღმერთზე ფილოსოფოსობას“ გაფრთხილებაა, რომელიც ჩვენ ყველამ, ვინც ამაზე ვაცხადებთ პრეტენზიას, რომ ვასწავლოთ ან შევისწავლოთ ღვთისმეტყველება, სერიოზულად უნდა აღვიქვათ!
განწმენდის გზაზე შედგომისკენ ნებისმიერი ღვთისმეტყველია მოწოდებული. ეს გზა სამ გარემოებას გულისხმობს:
1. დასაწყისი, ეს არის სინანული, მეტანოია, გონების შეცვლა, რაც იმ ღრმა მნიშვნელობით უნდა გავიგოთ, მიტროპოლიტმა დანიელ მოლდველმა რომ მიანიჭა მას: „ეს არის გონების არა მხოლოდ გამოღვიძება და შეცვალა, არამედ კრიზისიც, რომელსაც პიროვნების ან საზოგადოების ორიენტაციის შეცვლასთან მივყავართ“, ე.ი. სულ მცირე, პიროვნების რადიკალურ ცვლილებას ნიშნავს. სინანული ერთდროულად წარმოადგენს დასაწყისს და იმასაც, რაც გრძელდება მთელი ჩვენი მიწიერი ცხოვრების მანძილზე და არ წყდება უკანასკნელ ამოსუნთქვამდე: აბბა სისოის მსგავსად, ჩვენც უნდა ვთქვათ სასიკვდილო სარეცელზე: „არ ვიცი, სათავე მაინც თუ დავუდე სინანულს“.
2. განწმენდა ჩვენგან მოითხოვს ასკეზას (askesis), ასკეტურ ძალისხმევას მაქსიმალურად ფართო გაგებით. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: „გსურს ღვთისმეტყველი გახდე?.. დაიცავი მცნებები... საქმე ჭვრეტის საფუძველია“. თუ ღვთისმეტყველებას ვაპირებთ, ამბობს წმ. გრიგოლ ნოსელი, ჩვენი ცხოვრება ჩვენს რწმენას უნდა შეესაბამებოდეს: „მართლმადიდებლობა“ (ortodoxia) არ არსებობს „მართლქმედების“ (ortopraxia) გარეშე. ასკეზა, რომელსაც საკუთარი ეგოისტური „მე“-გან განდგომამდე და მორჩილებამდე მივყავართ, არის არა ინდივიდუალური, არამედ საეკლესიო და გულისხმობს ნათლობისა და ევქარისტიის საიდუმლოზე დაფუძნებულ თემში ცხოვრებას. ალექსანდრე ხომიაკოვმა ეს ასე გამოხატა: „მარტო ვერავინ ცხონდება. ცხონდება ის, ვინც ცხონდება ეკლესიაში, როგორც მისი წევრი ყველა სხვა წევრთან ერთად“.
3. და ბოლოს, საღვთისმეტყველო განწმენდის გზაზე ყოველგვარი წინსვლა გამორიცხულია ლოცვის გარეშე. ლოცვა და ღვთისმეტყველება მნიშვნელოვნად არის ერთმანეთთან დაკავშირებული. წმ. მოდესტ იერუსალიმელი (VII ს.) იხსენებს ჯვარზე გაკრული კეთილგონიერი ავაზაკის სიტყვებს: „მომიხსენე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“; და ამ სიტყვებს ღვთისმეტყველებას უწოდებს; არსებითია, რომ ავაზაკის ფრაზა ერთდროულად სარწმუნოების აღიარებასა და ლოცვას წარმოადგენს. „თუ ჭეშმარიტად ლოცულობ, მაშინ ღვთისმეტყველი ხარ“, - ავაგრეს ამ შეგონებამ ქრისტიანს აღარ უნდა ათქმევინოს: „არ ვარ ღვთისმეტყველი“ (რასაც ის ხშირად ამბობს), „არ ვლოცულობ და ეს არც მსურს განსაკუთრებულად“.
მინიატურა ჰენრიჰ მესამის ხელნაწერიდან. ბრემენი. 1040 წ.
ჭეშმარიტი ღვთისმეტყველება ლოცვისა და მსახურების ნაწილია და ყოველთვის დოქსოლოგიურია. ღვთისმეტყველება იმ გაგებით, როგორც მამებს ესმოდათ, ნიშნავს ადიდო ღმერთი ქებითა და ლოცვით, თავად იქცე ღვთისადმი ქების ცოცხალ ჰიმნად. კონსტანტინე სკუტერისის სიტყვებით, „მთლიანი პიროვნება, ახალი ქმნილების საიდუმლოს მომცველი - განსწავლული „ჯანსაღი დოგმატებითა“ და „განწმენდილი“ უწყვეტი ჰიმნი და მუდმივი ქება ხდება უფლისა“. ამ აზრით, ღვთისმეტყველება, როგორც წმ. გრიგოლ ნოსელი აღნიშნავს, ანგელოზებთან გვაკავშირებს, რომლებიც უპირატესად დიდებისმეტყველებით არიან დაკავებულნი. წმინდანის სიტყვებით, ღვთისმეტყველება „სულს ანგელოზების თანამონაწილედ ხდის მათ მსახურებაში“.
თუ ღვთისმეტყველება ყოველივე ამას გულისხმობს, მაშინ უფლება გვაქვს ვკითხოთ საკუთარ თავს: ჩვენ შორის ვის აქვს კადნიერება, დაიწყოს ღვთისმეტყველება? რომელი ჩვენგანი გაბედავს, თავს ღვთისმეტყველი უწოდოს? ამასთან დაკავშირებით, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, რა თქმა უნდა, შეგვაქებდა, მოიწონებდა ჩვენს სიფრთხილეს:
ღვთის შესახებ ფილოსოფოსობა ყველასთვის არ არის დაშვებული, დიახ, ყველასთვის - არა. ის არ შეიძინება იაფად და არც ქვემძრომთათვის არის განსაზღვრული! კიდევ დავამატებ: არ შეიძლება ფილოსოფოსობა ყოველთვის, ყველას წინაშე. არ შეიძლება შეეხო ყველაფერს, არამედ უნდა იცოდე: როდის, ვის წინაშე, რამდენი... ღვთის შესახებ ფილოსოფოსობა ყველას არ ძალუძს. ეს შეუძლიათ ადამიანებს, ვინც გამოსცადა საკუთარი თავი, ვინც ცხოვრება ჭვრეტით განვლო და, პირველ რიგში, განიწმინდა, ან განწმენდს სულსაც და ხორცსაც.
„არა ყველას... არა ყველას წინაშე“: მაგრამ მაშინ არის კი თანამედროვე უნივერსიტეტი, ან თვით თანამედროვე სემინარია, შესაბამისი ადგილი, სადაც შეიძლება ღვთისმეტყველების შესწავლა და მისი სწავლება? ჩემი მოკრძალებული გამოცდილება ადასტურებს, რომ უნივერსიტეტებისა და ძალზედ ხშირად თანამედროვე სემინარიების უმრავლესობაც, არ წარმოადგენს სიწმინდის კერას.
თუმცა, ჩვენ შეიძლება შთაგვაგონოს წმ. გრიგოლ პალამას მიერ შემოთავაზებულმა შეფასებამ. პირველ რიგში, ის საუბრობს წმინდანებზე, ანუ ღვთის შემეცნების სრული პიროვნული გამოცდილების მქონე ადამიანებზე... შემდეგ, მათზე ვისაც, მართალია, არ გააჩნიათ ასეთი სისრულე, მაგრამ ენდობიან წმინდანებს, და ბოლოს კი იმათ შესახებ, რომლებსაც არც გამოცდილება აქვთ და არც წმინდანებისადმი ნდობა. პირველნი, წმინდანები, პალამას მიხედვით, ჭეშმარიტი ღვთისმეტყველები არიან. მეორენი, ისინი, ვინც წმინდანებს ენდობიან, შეიძლება ასევე კარგი ღვთისმეტყველები იყვნენ, თუმცა უფრო დაბალ საფეხურზე მდგომნი. მესამენი კი არიან ცუდი ღვთისმეტყველები ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, საერთოდ არ არიან ღვთისმეტყველები.
ეს მამშვიდებს. ვიცი, რა შორს ვარ წმინდანობისგან, მაგრამ ის მაინც შემიძლია, რომ ღვთისმეტყველად ყოფნა ვცადო სხვა აზრით: ვენდო წმინდანებს, ვეძიო სიცოცხლის დამადასტურებელი მოწმობები და წმინდანთა სიტყვები. ღვთისმეტყველება ამ მეორე დონეზე შესაძლებელია თვით თანამედროვე უნივერსიტეტში: სკოლისთვის დამახასიათებელი სიზუსტით ჩვენ შეგვიძლია წმინდანების გზავნილის გადმოცემა.
4. მდუმარება
ღვთისმეტყველებისა და ლოცვის შესახებ ნათქვამს, მივყავართ მეოთხე თემამდე: ღვთისმეტყველება შეუძლებელია ისიხიის გარეშე, შინაგანი სიმშვიდის გარეშე, გულის მდუმარების გარეშე. „მოიცალეთ (shasate) და გულისხმა ჰყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი“ (ფსალმ. 45, 11). ღვთისმეტყველება, როგორც ცოდნა ღვთისა, არა მხოლოდ ღმერთზე საუბარი, არამედ მისი მოსმენა, გულისხმობს სიჩუმეს, შეჩერებას (სჰოლი), მდუმარებას (ისიჰია). გავაგრძელოთ ციტატა წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველისა: „როდისღა შეიძლება? როდის ვართ თავისუფლები გარეგნული აჩრდილისა და ჯანყისგან, როდის არ ერწყმის გონება უვარგის და მაცდუნებელ სახეებს... ვინაიდან მართლაც შეჩერებაა საჭირო ღვთის შესამეცნებლად“.
სხვა სიტყვებით, ჭეშმარიტი ღვთისმეტყველება - მისტიკური ღვთისმეტყველებაა. ეს ვლადიმერ ლოსკიზე უკეთ არავის გამოუხატავს:
ღვთისმეტყველება და მისტიკა სულაც არ ეწინააღმედეგება ერთმანეთს; პირიქით, ისინი ერთმანეთს ავსებენ და ამაგრებენ. პირველი წარმოუდგენელია მეორის გარეშე. თუ მისტიკური გამოცდილება საერთო რწმენის პიროვნული გამოვლინებაა, მაშინ ღვთისმეტყველება საერთო გამოხატულებაა იმისა, რისი შეცნობაც თითოეულს შეუძლია გამოცდილებით... ამრიგად, არ არსებობს ქრისტიანული მისტიკა გამოცდილების გარეშე და, რაც უფრო არსებითია, არ არსებობს ღვთისმეტყველება მისტიკის გარეშე. აღმოსავლეთის ეკლესიის გარდამოცემას ტყუილად როდი შემოუნახავს სახელწოდება „ღვთისმეტყველი“ მხოლოდ სამი სასულიერო მწერლისთვის: პირველი მათგანია წმ. იოანე ღვთისმეტყველი, ყველაზე „მისტიკური“ ოთხი მახარებლიდან, მეორეა წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, მჭვრეტელობითი პოემების ავტორი, და მესამე - წმ. სვიმეონი, „ახალ ღვთისმეტყველად წოდებული“, რომელმაც ღმერთთან შეერთებას უგალობა. ამრიგად, მისტიკა განიხილება... როგორც სრულყოფილება, როგორც მწვერვალი ყოველგვარი ღვთისმეტყველებისა, როგორც „უპირატესი“ ღვთისმეტყველება.
სასიხარულო გაკვირვება
მხოლოდ ერთს დავამატებდი. ნიჭი, საიდუმლო, განწმენდა, მდუმარება - ეს ყველაფერი საჭიროა, მაგრამ ასევე არსებითია სიხარული. ღვთისმეტყველებას ღვთისადმი შიშით უნდა მივუძღვნათ თავი, მაგრამ, როგორც წმ. დიადოხოსი მოითხოვს, - გულის სიხარულითაც. ღვთისმეტყველს არა აქვს საფუძველი, იყოს მკაცრი და პირქუში. კიევის რუსეთის მოქცევის ამბავში ნათქვამია, რომ დიდი თავადის, ვლადიმირის ელჩებმა სხვადასხვა ხალხების ღვთისმსახურებაში სწორედ სიხარული ვერ აღმოაჩინეს. ის კი, რამაც მართლმადიდებლობა მიაღებინა მათ კონსტანტინოპოლის წმ. სოფიას დიდ ტაძარში საღვთო ლიტურგიისას განცდილი სასიხარულო გაკვირვება იყო. ამრიგად, როგორც ღვთისმეტყველებმა, ეს სასიხარულო გაკვირვება უნდა ვზარდოთ, და მაშინ აღმოვაჩენთ, რომ ჩვენს მოწმობას მოაქვს ნაყოფი, რომელიც ბევრად აღემატება ჩვენსავე წარმოსახვას.
Wednesday, August 6, 2014
იგავი მოწყალე სამარიტელსა ზედა - წმ. მღვდელმთავარი გაბრიელ ქიქოძე
დღეს წაკითხული სახარება, ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, გვიქადაგებს და შეგვაგონებს ჩვენ ქრისტიანულსა სიყვარულსა და მოწყალებას. ვგონებ, რომ წინაშე მართლ-მადიდებელთა ქრისტიანეთა არ არის საჭირო ვრცლად უბნობა მასზედა, თუ რა დიდი სათნოება არის მოწყალება. ეს იცის ყოველმა ქრისტიანე კაცმა, და არა თუ ქრისტიანეთა, არამედ სხვათა, უცხო სჯულისა კაცთა, მაგალითებრ, მაჰმადიანთა, ურიათა დიდ სათნოებად მიაჩნიათ მოწყალება და დიახაც სცდილობენ აღასრულონ იგი. გარნა ქრისტიანული მოწყალება დიდად განსხვავებულია მათი მოწყალებისაგან. თვით დღეს წაკითხული იგავი სახარებისაგან არა იმაზედ ლაპარაკობს, რომ მოწყალებანი დიდი სათნოება არისო, - ეს ყოველმა კაცმა იცის, როგორც ვსთქვით, - არამედ იმას, თუ როგორ უნდა აღასრულოს ქრისტიანემ ეს სათნოება, რომ იგი ნამდვილ ქრისტიანულ მოქმედებად შექმნას, როგორია ქრისტიანული მოწყალება? როგორ უნდა აღსრულდეს იგი? ამაზედ კი ფრიად საჭიროა ლაპარაკი წინაშე ქრისტიანეთა, ვინაიდგან არა ყოველნი ქრისტიანენი ქრისტიანულად აღასრულებენ მოწყალებას.
რასა შინა მდგომარეობს ქრისტიანული მოწყალება, და საიდგან წარმოსდგება იგი? ქრისტიანული მოწყალება არის ბუნებითი გრძნობა კეთილი კაცის გულისა, გარნა უმეტესად განღვიძებული და გაღონიერებული სარწმუნოებითა. თუ კაცს გული არა აქვს გაფუჭებული და ზნეობა დაცემული, როდესაც დაინახავს შეწუხებულს და უბედურს კაცს, თვითონაც უნებლივად შეწუხდება მისი სული თანა-უგრძნობს მოყვასის შეწუხებას და უნებლივად მოინდომებს რითიმე შეუმსუბუქოს მას მწუხარება.
მოწყალე იგი სამარიტელი თავის საქმისათვის მგზავრად მიდიოდა ერთი უდაბური გზით, და როდესაც დაინახა დაჭრილი და დაგდებული გზის პირზედ ავაზაკთაგან კაცი, უნებლივად შესწუხდა, გაჩერდა და დაიწყო შემწეობა მისი.
ვის უნდა უყოს კაცმა მოწყალება? ყოველს შეწუხებულს და გაჭირვებულს კაცს, ვინც გინდა იყოს იგი, თუ გინდ მახლობელი და მონათესავე კაცი, თუ გინდ უცხო, უცნობელი და სხვა სჯულის კაცი, ურია, გინდა თათარი. რაოდენადაც შეგიძლია და ვისდამიც შეგიძლია, ჰყავ მოწყალება. ერთი მხოლოდ გაარჩიე: ვინც უფრო გაჭირვებულია, წინა პირველად მას შეეწიე. ასე არ მოიქცა მოწყალე იგი სამარიტელი? იმან არ მიჰხედა მას, რომ დაჭრილი იგი კაცი იყო ურიათაგანი, რომელნი ემტერებოდნენ სამარიტელთა. მან მხოლოდ ის იფიქრა, რომ კაცი, ადამიანი, გაჭირვებულია და საჭიროა მისი შეწევნა.
როგორ, რა სახით უნდა აღასრულოს კაცმა მოწყალება ქრისტიანული? ამა კითხვაზე საჭირო არის გამოკვლევა. მრავალნი არიან ქრისტიანენი, რომელთაც უყვარსთ და კიდეც ჰყოფენ მოწყალებასა, გარნა, სამწუხაროდ, არა ქრისტიანულად, და ამით ამცირებენ ფასსა მოწყალებისასა. მოწყალება უნდა აღასრულოს კაცმა, პირველად, კეთილი და მხიარული გულით და მისწრაფებით, ვითარცა ჰქმნა მოწყალე სამარიტელმა: როგორც დაინახა მან დაჭრილი მდებარე კაცი, მაშინვე ჩამოხდა ცხენიდან, მივიდა მასთან, შეუხვია თავისი ხელით წყლულებანი მისნი, დაასხა ზეთი და ღვინო, შესვა თავის ცხენზედ, წაუძღვა წინ და მიიყვანა სასტუმრო სახლში და მიაბარა იქ მოსავლელად, სასყიდლის მიცემითა.
მეორედ, უდიდესი და უმთავრესი საქმე ის არის, რომ მოწყალება უნდა აღასრულო უანგაროდ, განღვიძებულმა მხოლოდ ერთითა კეთილის გულის გრძნობითა, მოყვასის სიყვარულითა და უმეტესად სარწმუნოებითა. არიან მრავალნი ქრისტიანეთა შორის, რომელნი აღასრულებენ მდიდრად და უხვად მოწყალებასა, ასობით და ათასობით ღარიბთა კაცთა; გარნა ამასთანავე უყვარსთ, რომ ქვეყანამ შეიტყოს, ბუკი დაუკრან მათ მოქმედებაზედ, გაზეთებში დაბეჭდონ მათი მოღვაწეობა. ვგონებ, რომ, ამით მოწყალება მათი ჰკარგავს ქრისტიანულს ხასიათსა და თვისებას. არა ესრედ მოიქცა მოწყალე იგი სამარიტელი! იგი არც ერთს ჯილდოს არ მოელოდა, მის მოქმედებას არავინ არ უყურებდა, ვერც ვინმე შეიტყობდა, რომ ქებისთვის და თავის მოწონებით ექმნას მას მოწყალება. იქნება შენ გაგიკვირდეს, ძმაო, ესრეთი აზრი, მაგრამ მაინც გეტყვი: როდესაც მოწყალებას რასმე იქმ და კეთილს საქმეს, ნურც ის აზრი გაქვს მაშინ, რომ ღმერთი გარდამიხდისო, მაგიერს მომაგებსო. მართალია, ღმერთი ყოველ კაცს გადუხდის მისი კეთილი საქმისათვის; საღმრთო წერილი პირდაპირ იტყვის, რომ ვინც გლახაკს მოწყალებას მისცემს, ის ღმერთს ავასხებსო; მაცხოვარი გვეტყვის, რომ, ვინც ერთს სტაქანს გრილ წყალს დაალევინებს მწყურვალე კაცს, არ დაჰკარგავს მისს სასყიდელს. გარნა, თუ შენ მოწყალებას აღასრულებ მარტო იმ აზრით, რომ ღმერთი მაგიერს მომცემსო, და არა ღვთის და მოყვასის სიყვარულით, მაშინ შენი მოქმედება უფრო დაემსგავსება ვაჭრობას; იგი დაჰკარგავს ნამდვილ ქრისტიანულ ხასიათს, და მიიღებს სახეს და ხასიათს ფრანგულს, ანუ კათოლიკესას, და, ერთის მხრით, მაჰმადიანთა, რომელნიც კეთილ საქმეს ისე ანგარიშობენ, როგორც ვაჭარი ფულის თავნს და სარგებელს.
გარნა, მიუბრუნდეთ კიდევ მშვენიერსა მოქმედებასა სამარიტელისასა. მისი მოწყალება არა თუ უანგარო იყო, არამედ მოითხოვდა თავის გამომეტებასაც. ადგილი იგი, სადაცა დაჰხვდა მას დაჭრილი კაცი, იყო საშინელი და მრავალნი იღუპებოდნენ იქ ავაზაკთაგან. წინედ მის მოსვლისა, იქ გაიარეს მღვდელმა და ლევიტელმა, გარნა შიშისაგამო, ვერ გაჰბედეს იქ გაჩერება და შემწეობის მიცემა დაჭრილისათვის. სამარიტელმა არ მიჰხედა ამას ყოველსა, არ იფიქრა მან, რომ ავაზაკები, რომელთაც დასჭრეს კაცი იგი, მახლობლად იქმნებოდენ და მოჰკლავდენ მას, არამედ გამოიმეტა თავი და მისცა შემწეობა უბედურსა მას დაჭრილსა. ესრეთი თავის გამომეტება მოწყალების აღსრულებაზე, არის ნამდვილი ქრისტიანული მოწყალება, უმაღლესი სათნოება, როდესაც კაცი არა თუ თვისი ქონებისა და ნაყოფისაგან ეწევა გაჭირვებულს კაცს, არამედ თვით სიცოცხლესაც აღარ დაჰზოგავს მოყვასის გულისათვის, იგი აღასრულებს ჭეშმარიტად მცნებას ქრისტიანულისა სიყვარულისასა; იგი ჰბაძავს თვით მაცხოვარსა, რომელმან თავი თვისი შესწირა ღმერთსა სახსრად ჩვენდა. ამინ / ფილმის ყურება
ფანატიზმის შედეგები - დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი
შუა საუკუნეებში ხელისუფალთა დამოკიდებულება რელიგიისადმი ერთი მკვეთრად გამოხატული ნიშან-თვისებით ხასიათდებოდა. სახელმწიფო იდეოლოგიის რანგში აყვანილი ესა თუ ის სარწმუნოებრივი მოძღვრება მმართველი ძალის ხელში მძლავრ იარაღს წარმოადგენდა მოსახლეობის დასამორჩილებლად. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც რომელიმე რელიგიას გაბატონებული მდგომარეობა ეჭირა, განსხვავებული აღმსარებლობის ხალხი მეტწილად განიცდიდა შევიწროებას, ზოგჯერ დევნასაც კი. სამეფო კარის მხრიდან ერთი რელიგიის მხარდაჭერა, რაც მრავალმხრივ პრივილეგიებში გამოიხატებოდა, განსხვავებული აღმსარებლობის მიმდევრებსა და არცთუ იშვიათად არატრადიციულად მოაზროვნეებს სავალალო მდგომარეობაში აყენებდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ სახელმწიფოში გასულ საუკუნეში შესაძლებელი გახდა პიროვნების რელიგიური თავისუფლების და ხელშეუხებლობის აღიარება, რასაც ძირები ბიბლიურ სამყაროში მოეძებნება, რელიგიური ფანატიზმის და ფუნდამენტალიზმის მსხვერპლი მაინც ათასობით ადამიანი აღმოჩნდა. ისტორიული მაგალითები უნდა დაგვეხმაროს უფრო ნათლად გავაცნობიეროთ ის სავალალო შედეგები, რაც შეუწყნარებლობას მოაქვს. ამ კუთხით საინტერესოა შუა საუკუნეების სახელმწიფოთა ცხოვრება. შევეცდები ცალკეული ისტორიული მაგალითების მოშველიებით ვაჩვენო ხელისუფალთა რელიგიისადმი დამოკიდებულების დინამიკა სხვადასხვა პოლიტიკური ვითარებისდა შესაბამისად:
საინტერესოა სასანიდი მეფეების ქრისტიანობისადმი დამოკიდებულება. 225 წელს ირანში უკვე არსებობდა საეპისკოპოსო. სასანიდები, რომლებიც ბაჰრამ I-ის დროიდან მტკიცე მაზდეანები იყვნენ, ხშირად დევნიდნენ ქრისტიანებს, რომელთაც რომაელთა იარაღად აღიქვამდნენ; სარწმუნოების დევნა ამ შემთხვევაშიც პოლიტიკურ ნიადაგზე ხდებოდა. მაგალითად, შაპურ II -ის (309-379) მეფობისას ირანში შეიპყრეს იაკობ პრესვიტერი, დიაკვნები: აზატანი და ავდიკი. ფანატიკოსმა მაზდეანებმა წამების შემდეგ მათ ნესტოებში ძმარგარეული მდოგვი ჩაასხეს, გააშიშვლეს და ყინვაში ფეხებით ჩამოკიდეს, ბოლოს კი თავები მოჰკვეთეს.
მეფე იეზდიგერდ I-ის დროს (399-421) დამოკიდებულება ქრისტიანთა მიმართ მკვეთრად შეიცვალა. გადმოცემის თანახმად, მეფე სნეულებისაგან ეპისკოპოსმა მარუთამ იხსნა. ამის გამო იეზდიგერდმა ქრისტიანებს ტაძართა აშენების და თავისუფალი მოღვაწეობის საშუალება მისცა. მაგრამ შემწყნარებლური დამოკიდებულებით წახალისებულმა სუზის ეპისკოპოსმა აბდიამ გადაწვა მაზდეანთა საკულტო ნაგებობა და მეფის ბრძანების მიუხედავად ის არ აღადგინა. აბდიას თავი მოჰკვეთეს და სხვა ქრისტიანების დევნაც განაახლეს. ფაქტიურად ეპისკოპოსს აბდიას ექსტრემისტულმა ქმედებამ განაპირობა ქრისტიანთა წინააღმდეგ კამპანიის გაჩაღება.
ფანატიზმი ეკლესიის მამათა ნაწერებში ავადმყოფურ სიგიჟედ ანუ „ეპილეფსიად“ იწოდება (საპირისპიროდ „საღი გონებისა“ ანუ „მრთელი ცნობიერებისა“). რჯულის მიმართ ფანატიკური, ბრმა დამოკიდებულება არაერთხელ გამხდარა დანაშაულის მიზეზი. საკმარისია გავიხსენოთ ერთი ფაქტი. ეპისკოპოს კირილეს მღვდელმთავრობისას, 415 წელს ქალაქ ალექსანდრიაში სიშლეგით შეპყრობილმა ბრბომ აწამა და შემდეგ დაწვა ნეოპლატონიზმის ალექსანდრიული სკოლის მეთაური ქალი ჰიპათია. მსგავსი ისტორიული მაგალითების საფუძველზე უნდა გავაცნობიეროთ ის საშიშროება, რაც სულიერ რეგრესს მოაქვს და პასუხი გავცეთ შეკითხვას - როგორი უნდა იყოს თანამედროვე მართლმადიდებელი ქრისტიანის დამოკიდებულება ფანატიზმის და ფუნდამენტალიზმის მიმართ? უეჭველია, ისეთი, როგორსაც მოითხოვს მართლმადიდებლობა, ე.ი. მართლმადიდებლური ცნობიერებით განმსჭვალული.
მართლმადიდებელმა ქრისტიანმა არასოდეს უნდა მოითხოვოს საკუთარი რელიგიის იდეოლოგიური მიზნით გამოყენება, რადგან ჩვენთვის მთავარია საკუთრივ მართლმადიდებლობის შინაგანი არსი და არა მისი დამახინჯებული მიზნებისთვის გამოყენება.
ქრისტიანული ცხოვრების წესი ადამიანის შინაგანი მდგომარეობაა. აქ მთავარია რწმენის გამართლება საქმეებით. მოციქული იაკობი გვახსენებს:
„ვითარცა ხორცნი თვინიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოება თვინიერ საქმეთასა მკუდარ არს“ (იაკ. 2. 26).
თუ მორწმუნე ადამიანს გულწრფელად სურს, ეკლესიის რიგები გზააბნეული ცხოვრებით შეივსოს, იგი თავისი საქმეებით თავადვე უნდა იძლეოდეს მორწმუნის მაგალითს. ეკლესიის გარეთ მყოფი ადამიანის ეკლესიაში მისასვლელი გზა მართლმადიდებელის ცხოვრებისეულ წესზე უნდა გადიოდეს. ეს სამოციქულო ტრადიციაა, რომელიც არ უნდა დაირღვეს. II საუკუნის მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი წერს, რომ ქრისტიანებზე გავრცელებული ცრუ ხმები მათი ცხოვრების ხილვის შემდეგ გამიქარწყლდაო. როდესაც ამ წმინდანმა იხილა ქრისტიანთა შეუდრეკელობა და სამართლიანობა, თავადაც ქრისტიანი გახდა. ანალოგიური პროცესები დღესაც სახეზეა: მართლმადიდებლობა არ არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო რელიგია, მაგრამ ქრისტიანული ცხოვრების შინაგანი წესის გამოვლენით არაერთი ამერიკელი მოქალაქე ხდება სამოციქულო ეკლესიის წევრი. აღარაფერს ვამბობთ ცენტრალური აფრიკის მთელ რიგ სახელმწიფოებზე, სადაც მართლმადიდებლობა შავკანიან მოსახლეობაში პროცენტულად ყველაზე მზარდი კონფესიაა.
ერთ-ერთ უძველეს ძეგლში „ეპისტოლე დიოგნეტესადმი“ ვკითხულობთ:
„ქრისტიანები ელინთა ქალაქებშიც მკვიდრობენ და ბარბაროსთა შორისაც, შესაბამისად თითოეულის წილხვედრისა. ისინი ადგილობრივ ჩვეულებებსაც იცავენ ტანსაცმლით, ყოფით, მთელი დანარჩენი ცხოვრებით, თუმცა, ამასთან ერთად, მოქალაქეობის საკვირველ და ჭეშმარიტად უჩვეულო წესსაც ავლენენ... მიწაზე მკვიდრობენ, მაგრამ ცასა შინა მოქალაქეობენ. არ ეურჩებიან დადგენილ კანონებს, მაგრამ მათივე ცხოვრების წესით იმარჯვებენ კანონებზე“.
მართლმადიდებელი ქრისტიანი ურყევი დარაჯია საკუთარი სარწმუნოებისა, რომელიც მისთვის ცხონების ერთადერთი გზაა, და შორს დგას ფანატიზმისგან. ამ კუთხით საინტერესოა საეკლესიო ტრადიცია. ყველა სახელოვანი მამა და ეკლესიის შეუვალი ავტორიტეტი იყენებდა გარეშე სიბრძნეს - ფილოსოფიას; ისინი განსწავლულნი იყვნენ საერო მეცნიერებებსა და კანონმდებლობაში. მათი ინტერესის სფეროში მთელი სამყარო იყო. ასე მაგალითად, წმ. პალადი ჰიელოპონელს ეკუთვნის ეგვიპტელი ბერმონაზვნების ცხოვრების ამსახველი ძეგლი „ლავსაიკონი“. იგივე საეკლესიო მოღვაწე ავტორია თხზულებისა „თხრობა ინდოელთა და ბრაჰმანთა შესახებ“. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ეკლესიის მამებს აინტერესებდათ ყველაფერი, მათ შორის განსხვავებული რწმენის მქონე ადამიანთა ცხოვრებაც. იმის გაცნობიერება, რომ შენ ჭეშმარიტების მფლობელი ხარ, უნდა გიხსნიდეს შინაგანი შიშს. მართლმადიდებელი უშიშრად უნდა ეცნობოდეს მისი წიაღის საზღვრებს მიღმა შექმნილს, და „საღი გონებით“ განსჯიდეს მოვლენებს. თუ ხარ ჭეშმარიტებაში, არ გაგიძნელდება დიალოგში შესვლა, რადგან გწამს - ჭეშმარიტება სიმართლის მხარეზეა.
ქრისტიანს არასდროს უნდა დაებადოს კითხვა: „ვის დავეხმარო?“ მაცხოვარმა სამარიტელის შესახებ იგავით (ლუკა. 10.30) გვიჩვენა, რომ ყოველი ადამიანი ჩვენი სიყვარულის ობიექტია, განურჩევლად ეროვნებისა, რელიგიისა, სოციალური მდგომარეობისა. ხსენებულ იგავში უდიდესი სიკეთის განმახორციელებლად გვევლინება სამარიტელი - არაებრაელი, ანუ არაიუდაური რჯულის მიმდევარი. მაცხოვარმა სწორედ იგი დაგვისახა მიბაძვის მაგალითად და არა გაფანატებული ფარისევლები, რომელნიც თავიანთი ქმედებებით თესავდნენ შურსა და ღვარძლს. რწმენის უდიდეს ნიმუშს იძლევიან ქანაანელი დედაკაცი და რომაელი ასისთავი სახარებიდან. ამ უკანასკნელთან ურთიერთობის შემდეგ უფალი ბრძანებს:
„ისრაელშიც ვერ ვპოვე მე ასეთი რწმენა“ (მათე. 8.10).
ჩვენ, მართლმადიდებლები - „ახალი ისრაელის“ მკვიდრნი, უნდა ვაცნობიერებდეთ ჩვენს პასუხისმგებლობას, რომ მოულოდნელად არ დავკარგოთ „სასუფევლის ძეობა“ (მათე. 8.12). ყოველ ქრისტიანს უნდა ახსოვდეს წმ. გრიგოლ ნოსელის სიტყვები - „ქრისტიანობა არის საღვთო ბუნების ბაძვა“. საღვთო ბუნების ბაძვა კი ურთიერთსიყვარულის, სიწმინდის და პატიოსნების გზაა, რაც თავის მხრივ გარანტიაა საყოველთაო მშვიდობისა.
თავისუფლების შესახებ - წმ. სილუან ათონელი
ერთხელ ბერი (სილუანი) ერთ სტუდენტს ესაუბრებოდა, რომელიც ათონს სწვეოდა და ბევრს საუბრობდა თავისუფლების შესახებ. როგორც ყოველთვის, ბერი ყურადღებით აკვირდებოდა თავისი ცოცხალი, სიმპათიური, მაგრამ გულუბრყვილო თანამოსაუბრის აზრებსა და განცდებს. რა თქმა უნდა, სტუდენტის წარმოდგენები თავისუფლებაზე დაყვანილი იყო, ერთი მხრივ, პოლიტიკური თავისუფლების ძიებაზე, მეორე მხრივ - ზოგადად საკუთარი განზრახვებითა და სურვილებით მოქმედების შესაძლებლობაზე.
ბერმა საპასუხოდ თავისი შეხედულებების შესახებ მოუთხრო; ის ამბობდა: „ვის არ სურს თავისუფლება? ის ყველას უნდა, მაგრამ საჭიროა ვიცოდეთ, რა არის თავისუფლება და როგორ მოვიპოვოთ... იმისთვის, რომ გავთავისუფლდეთ, პირველ ყოვლისა უნდა „შევკრათ“ საკუთარი თავი. რაც მეტად შეკრავ თავს, მით მეტი თავისუფლება ექნება შენს სულს... საკუთარ თავში ვნებები უნდა შეკრა, რომ ვერ შეძლონ შენი დაუფლება; თავი უნდა შეკრა, რომ მოყვასს ზიანი არ მიაყენო... ადამიანები, ჩვეულებრივ, ეძიებენ თავისუფლებას, რომ აკეთონ „რაც გინდა“. მაგრამ ეს არაა თავისუფლება, არამედ ცოდვის ძალაუფლება შენზე. თავისუფლება - სიძვის აღსრულების, ან თავშეუკავებლად ჭამისა და თრობის, ან გულღვარძლიანობის, ძალადობისა და მკვლელობის, ან სხვა ამის მსგავსის - სულაც არაა თავისუფლება, არამედ როგორც უფალმა თქვა: „ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მონაჲ არს იგი ცოდვისაჲ“. ბევრი ლოცვაა საჭირო ამ მონობისგან გასათავისუფლებლად. ჩვენ ვფიქრობთ, ჭეშმარიტი თავისუფლება ისაა, რომ არ სცოდავდე, რომ მთელი გულითა და მთელი ძალით გიყვარდეს ღმერთი და მოყვასი. ჭეშმარიტი თავისუფლება - ესაა მუდმივად ღმერთთან ყოფნა“.
ბერმა საპასუხოდ თავისი შეხედულებების შესახებ მოუთხრო; ის ამბობდა: „ვის არ სურს თავისუფლება? ის ყველას უნდა, მაგრამ საჭიროა ვიცოდეთ, რა არის თავისუფლება და როგორ მოვიპოვოთ... იმისთვის, რომ გავთავისუფლდეთ, პირველ ყოვლისა უნდა „შევკრათ“ საკუთარი თავი. რაც მეტად შეკრავ თავს, მით მეტი თავისუფლება ექნება შენს სულს... საკუთარ თავში ვნებები უნდა შეკრა, რომ ვერ შეძლონ შენი დაუფლება; თავი უნდა შეკრა, რომ მოყვასს ზიანი არ მიაყენო... ადამიანები, ჩვეულებრივ, ეძიებენ თავისუფლებას, რომ აკეთონ „რაც გინდა“. მაგრამ ეს არაა თავისუფლება, არამედ ცოდვის ძალაუფლება შენზე. თავისუფლება - სიძვის აღსრულების, ან თავშეუკავებლად ჭამისა და თრობის, ან გულღვარძლიანობის, ძალადობისა და მკვლელობის, ან სხვა ამის მსგავსის - სულაც არაა თავისუფლება, არამედ როგორც უფალმა თქვა: „ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მონაჲ არს იგი ცოდვისაჲ“. ბევრი ლოცვაა საჭირო ამ მონობისგან გასათავისუფლებლად. ჩვენ ვფიქრობთ, ჭეშმარიტი თავისუფლება ისაა, რომ არ სცოდავდე, რომ მთელი გულითა და მთელი ძალით გიყვარდეს ღმერთი და მოყვასი. ჭეშმარიტი თავისუფლება - ესაა მუდმივად ღმერთთან ყოფნა“.
არქიმანდრიტი სოფრონ სახაროვი - წიგნიდან „ბერი სილუანი“.
Tuesday, August 5, 2014
ცოლი ნავსაყუდელია და განსაკუთრებული მკურნალი - წმ. იოანე ოქროპირი
არ გინახავს, მიწათმოქმედი ყოველგვარი საშუალებით როგორ ანოყიერებს მიწას, რომელშიც თესლი ჩაყარა, თუნდაც ათასი ნაკლი ჰქონდეს, უნაყოფო იყოს, სარეველებს აღმოაცენებდეს და ადგილმდებარეობის გამო იტბორებოდეს? შენც ასევე მოიქეცი და ნაყოფითაც და სიმშვიდითაც შენ თვითონ პირველი დატკბები. ცოლი ნავსაყუდელია და სულიერი აშლილობის ჟამს განსაკუთრებული მკურნალი. თუკი ამ ნავსაყუდელს ქარებისა და მღელვარებისგან დაიცავ, უდიდეს სიმშვიდეს ჰპოვებ, ხოლო თუკი აღაშფოთებ და ააღელვებ, საშინელ ხომალდმსხვრევას შენთვისვე იმზადებ. ამგვარად, ნუ მოგვეწევა ეს, ამის საპირისპირო გვექმნეს. თუკი სახლში რაიმე სამწუხარო მისი მიზეზით მოხდება, ანუგეშე და მწუხარებას ნუღარ გააგრძელებ. თუნდაც მთელი ქონება დაკარგო, ეს იმაზე სამწუხარო არ არის, ვიდრე თანამეცხედრესთან მტრობაა. რა ბრალიც უნდა წამოაყენო, ცოლთან გაყრაზე აუტანელი არაფერი არ არის. ამიტომ, მისდამი სიყვარული ყველაზე ძვირფასი უნდა იყოს შენთვის. თუკი ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვა გვმართებს, მით უმეტეს ცოლის ნაკლი უნდა აიტანო. თუკი ღარიბია, ნუ ჰყვედრი; თუკი - უგუნურია, ნუ განიკითხავ, პირიქით, უმჯობესია ასწავლო, რამეთუ ის შენი ნაწილია, თქვენ ხომ ერთი სხეული ხართ.
Monday, August 4, 2014
სასულიერო განათლების შესახებ - იღუმენი ნიკონ ვორობიოვი
სასულიერო სკოლა იძლევა ქრისტიანობის გარკვეულ თეორიულ ცოდნას. ამ ცოდნის გამო, შეიძლება, სავსებით დამსახურებულად გქონდეს ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება, მაგრამ ამასთანავე სავსებით არ გწამდეს არა მარტო ქრისტე, არამედ ღვთის არსებობასაც კი უარყოფდე. მხოლოდ გამოცდილება, ქრისტესთან რეალური ურთიერთობა იძლევა ცოცხალ, ხილულ რწმენას. ის მოიპოვება მრავალი განსაცდელით, დაბრკოლებით, დაცემით, აღდგენითა და სხვა გზებით, რომელთაც ჯერ სიმდაბლემდე მივყავართ (სიმდაბლის ხარისხი სხვადასხვაა), შემდეგ კი სხვა სულიერ მონაპოვრებამდეც. შეევედრე უფალს, მოგმადლოს გონიერება, რათა ცოდვით დაცემაცა და დაბრკოლებაც შენს სასარგებლოდ, სულიერი ზრდისთვის, გამოიყენო. მთავარი კი ისაა, რომ ყოველთვის ღვთის სასუფეველს უნდა ვეძიებდეთ, რათა ვპოვოთ...
Subscribe to:
Posts (Atom)





