საღვთისმეტყველო განათლების საკითხისადმი მიძღვნილ საღვთისმეტყველო სკოლების სემინარზე უნდა დაისვას ძირითადი და უმნიშვნელოვანესი საკითხი: რა არის ღვთისმეტყველება? როგორ განსაზღვრავს წმინდა წერილი და როგორ ხედავენ ეკლესიის მამები ღვთისმეტყველის ამოცანას? ბიბლიასთან შეხებისას საკვირველ გარემოებას ვაწყდებით: ძველსა და ახალ აღთქმაში არსად ვხვდებით სიტყვებს „ღვთისმეტყველი“ და „ღვთისმეტყველება“. ისინი უბრალოდ არაბიბლიური ცნებებია. ასევე აღსანიშნავია, რომ ქრისტეს მიერ გამორჩეული თორმეტი მოციქულიდან განათლება საღვთისმეტყველო სკოლაში ერთსაც კი არ მიუღია.
ქრისტიანობაში ცნება „ღვთისმეტყველება“ ეტაპობრივად მკვიდრდება. მეორე საუკუნის აპოლოგეტები ამ სიტყვას ეჭვის თვალით უყურებდნენ. მათთვის ეს ცნება, უპირველეს ყოვლისა, წარმართულ რელიგიურ აზროვნებას აღნიშნავდა. თუმცა, ერთ შემთხვევაში მას ქრისტიანული მნიშვნელობით იყენებს ათენაგორა ათენელი და მისი მეშვეობით წმინდა სამებისადმი რწმენას გამოხატავს. „ღვთისმეტყველების“ - ქრისტიანულ გააზრებას კლიმენტი ალექსანდრიელმა, უფრო კი, ორიგენემ შეუწყო ხელი. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ალექსანდრიაში გაჩნდა პირველი სერიოზული თეოლოგიური სასწავლებელი - ცნობილი კატეხიზატორული სკოლა, რომელსაც ჯერ პანტენი ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი კლიმენტი, ორიგენე და დიონისე ალექსანდრიელი. მოგვიანებით, ბიზანტიურ პერიოდში, საღვთისმეტველო განათლების ცენტრმა კონსტანტინეპოლის აკადემიაში გადაინაცვლა.
როდესაც ვამბობთ, რომ „ღვთისმეტყველება“ არაბიბლიური სიტყვაა და იგი თანდათან დამკვიდრდა ქრისტიანულ ლექსიკაში, კიდევ ერთი რამ შეგვიძლია აღვნიშნოთ: ეს ცნება ბერძენ წმინდა მამებთან დღევანდელისაგან განსხვავებული მნიშვნელობის მქონე იყო. მაგალითად, დიდი კაპადოკიელებისა და უდაბნოს მამების მოწაფე ევაგრე პონტოელი შენიშნავს: „თუ ღვთისმეტყველი ხარ, ჭეშმარიტად ლოცულობ; თუ ჭეშმარიტად ლოცულობ, მაშინ ღვთისმეტყველი ხარ“. ფოტიკის ეპისკოპოსი წმ. დიოდოხოსი (V ს.) აღნიშნავს, რომ ღვთისმეტყველება „სულს ძღვენთაგან უდიდესს ანიჭებს... და განუყოფელი ერთობით აკავშირებს მას ღმერთთან“ წმ. პეტრე დამასკელისთვის ღვთისმეტყველება სულიერი ჭვრეტის რვა საფეხურიდან ყველაზე აღმატებულია. ის მომავალი საუკუნის ესქატოლოგიური რეალობაა, რომელსაც საკუთარი თავის გარეთ „ექსტაზით“ გავყავართ.
ამ სამი მაგალითიდან ჩანს, რომ ღვთისმეტყველება წმინდა მამებისთვის გაცილებით მეტს ნიშნავდა, ვიდრე ჩვენთვის. ცხადია, იგი ადამიანური გონების გამოყენებით ქრისტიანული სწავლების მოწესრიგებულ გადმოცემას გულისხმობდა, მაგრამ მათთვის ღვთისმეტყველება აგრეთვე აღნიშნავდა ღვთის წმინდა სამებაში ჭვრეტას; ამაში მონაწილეობს არა მხოლოდ გონება, არამედ მთლიანი პიროვნება, ინტუიციური სულიერი აღქმისა (nus) და გულის (cardia) ჩათვლით, ამ სიტყვის ბიბლიური, პატრისტიკული, და არა თანამედროვე გაგებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ღვთისმეტყველება (theologia) სხვა არაფერია თუ არა ჭვრეტა (theoria). იგი გულისხმობს ცოცხალ ურთიერთობას ღმერთთან და განუყოფლადაა დაკავშირებული ლოცვასთან. არ არსებობს ჭეშმარიტი ღვთისმეტყველება ღვთისმსახურების გარეშე. ნამდვილი ღვთისმეტყველება ლიტურგიული, დოქსოლოგიური და მისტიკურია.
ღვთისმეტყველების წმინდა მამებისეული აღქმა შესანიშნავადაა მოკლედ ჩამოყალიბებული თანამედროვე ბერძენი ღვთისმეტყველის, ქრისტოს იანარისის მიერ: „მართლმადიდებელ ეკლესიასა და გარდამოცემაში ღვთისმეტყველება სულ სხვა მნიშვნელობას ატარებს იმასთან შედარებით, რასაც დღეს მოიაზრებენ მისით. ეს საღვთო ნიჭი, ქრისტიანული სულიერი ცხოვრების, შინაგანი სიწმინდის ნაყოფია. ღვთისმეტყველება ღვთის ჭვრეტასთან, პიროვნული ღმერთის უშუალო ხილვასთან, ქმნილების შეუქმნელი მადლით ფერისცვალების პირად გამოცდილებასთან იგივდება“. ამგვარად, - აგრძელებს ის, - ღვთისმეტყველება არის არა „სამყაროს თეორია ან მეტაფიზიკური სისტემა“ არამედ „გამოთქმა და ფორმულირება საეკლესიო გამოცდილებისა... არა ინტელექტუალური დისციპლინა, არამედ გამოცდილებისმიერი მონაწილეობა, ურთიერთობა“.
ჩამოვთვლი რამდენიმე ძირითად ცნებას, რომლებსაც მოგვიანებით ხშირად დავუბრუნდებით: ნიჭი, მადლი, პირადი გამოცდილება, მონაწილეობა, ურთიერთობა, შინაგანი სიწმინდე, ფერისცვალება, ღვთის ჭვრეტა.
ისმის კითხვა: არის კი ღვთისმეტყველება საგანი, რომლის სწავლება უნივერსიტეტებსა და აკადემიებში იქნებოდა შესაძლებელი? შეგვიძლია ამ საგანში გამოცდის მოწყობა, სამეცნიერო ხარისხების მინიჭება და სტუდენტებისთვის დიპლომის მიცემა, ნიშნების დაწერა, „პირველების“, „მეორეებისა“ და მესამეების“ გამოყოფა? ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ნათელია - უნივერსიტეტებსა და აკადემიებში ღვთისმეტყველების სწავლებისას პროფესორებსა და სტუდენტებს უნდა ახსოვდეთ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ოთხი წესი: ღვთისმეტყველებდეთ „მეთევზეებისა და არა არისტოტელეს ენით“.
ღვთისმეტყველების ოთხი ნიშანი
მართალია სიტყვა „ღვთისმეტყველება“ არ გვხვდება ბიბლიაში, მაგრამ წმინდა წერილში ბევრი ადგილია, სადაც ღვთისმეტყველების არსია გადმოცემული. აი, ზოგიერთი მათგანი:
1. „ღმერთი არავის არასოდეს უხილავს; მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც იყო მამის წიაღში, მან განგვიცხადა“ (იოანე, 1,18)
2. „ხოლო აწ, რაკი შეიმეცნეთ ღმერთი, ან, უკეთ, ღმერთი, ან, უკეთ, ღმრთისაგან მიიღეთ შემეცნება...“ (გალატ. 4,9).
3. „რადგან ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში“ (I კორინთ. 13,12).
4. „ნეტარ არიან წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“ (მათე, 5,8).
5. „მოიცალეთ და გულისხმა-ყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი“ (ფსალმ. 45,11).
ეს ხუთი ამონარიდი ოთხ ძირითად ცნებამდე შეიძლება დავიყვანოთ: ნიჭი (harisma), საიდუმლო (misterion), განწმენდა (katarsis), მდუმარება (isihia). განვიხილოთ ისინი თანმიმდევრობით. (თხრობის მომდევნო ნაწილთან დაკავშირებით დავალებული ვარ პროფესორ კონსტანტინე სკუტერისის გამოკვლევით „ღვთისმეტყველების“ და „ღვთისმეტყველის“ ცნებათა მნიშვნელობა კაპადოკიელებამდელი ბერძენი მამებისა და საეკლესიო მწერლების სწავლებაში“).
1. ნიჭი
ღვთისმეტყველება ღვთისგან ბოძებული ნიჭია, თავისუფალი და დაუმსახურებელი ნიჭი, მადლის ნიჭი. წმ. მაქსიმე აღმსარებლის თანამედროვე და მეგობარი წმ. თალასი ლიბიელი სავსებით საფუძვლიანად საუბრობდა „სურვილთაგან ყველაზე აღმატებულზე, ღვთისმეტყველების მადლზე“. სხვა სიტყვებით, ღვთისმეტყველება არა მარტო ჩვენი, ადამიანური შეღწევაა ღვთის მყოფობაში, არამედ უფრო პასუხია საღვთო გამოცხადებაზე (იოანე, 1,18). იმდენად ჩვენ კი არ ვეძებთ და ვიკვლევთ ღმერთს, რამდენადაც ღმერთი გვეძებს და გამოგვცდის ჩვენ. საერო მეცნიერებაში ადამიანი შემმეცნებელია, მაგრამ ღვთისმეტყველებაში მას ღმერთი იმეცნებს (გალატ. 4,9).
ღვთისმეტყველება ღვთისგან ბოძებული ნიჭია, თავისუფალი და დაუმსახურებელი ნიჭი, მადლის ნიჭი. წმ. მაქსიმე აღმსარებლის თანამედროვე და მეგობარი წმ. თალასი ლიბიელი სავსებით საფუძვლიანად საუბრობდა „სურვილთაგან ყველაზე აღმატებულზე, ღვთისმეტყველების მადლზე“. სხვა სიტყვებით, ღვთისმეტყველება არა მარტო ჩვენი, ადამიანური შეღწევაა ღვთის მყოფობაში, არამედ უფრო პასუხია საღვთო გამოცხადებაზე (იოანე, 1,18). იმდენად ჩვენ კი არ ვეძებთ და ვიკვლევთ ღმერთს, რამდენადაც ღმერთი გვეძებს და გამოგვცდის ჩვენ. საერო მეცნიერებაში ადამიანი შემმეცნებელია, მაგრამ ღვთისმეტყველებაში მას ღმერთი იმეცნებს (გალატ. 4,9).
ამგვარად, ღვთისმეტყველება უფრო ღვთაებრივ ინიციატივას ეფუძნება, ვიდრე ადამიანურს: ღმერთი არასოდეს არის ცოდნის პასიური ობიექტი, ის ყოველთვის აქტიური სუბიექტია. იმავეს თქმა სხვანაირადაც შეიძლება: ღვთისმეტყველება სიბრძნეა - არა სასკოლო ტიპის კვლევა და სწავლა, არამედ სიბრძნე, მაგრამ ჭეშმარიტი სიბრძნე არის თავად ქრისტე, ცოცხალი და პიროვნული ჭეშმარიტება, „ღვთის ძალა და ღვთის სიბრძნე“ (I კორინთ. 1,24) ქრისტე თავადაა ღვთისმეტყველება: ის ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთისმეტყველია, ჩვენ კი ღვთისმეტყველები ვართ მადლით, რომელსაც მისგან ვიღებთ. ჭეშმარიტი ღვთისმეტყველი ყოველთვის „ღვთივგანსწავლულია“ (ტეოდიდაკტოს).
ეს მომენტი კარგად გადმოსცა ორიგენემ. მისი თქმით, ღვთისმეტყველება არის „ემანაცია“, „აღმოდინება“ და „ნათება“ ღვთისგან. „ჩვენს ძალებს აღემატება, სულიერი ხედვის ღირსად ჩავითვალოთ... ის ღვთისმეტყველებას და ღვთის შესახებ ჭეშმარიტებებს თავის ნამდვილ მოწაფეებს უცხადებს. ჩვენ მათ მიერ ნაწერებში დატოვებულ კვალს მივყვებით, მოვინიშნავთ საწყის წერტილს, საიდანაც თავად ვესწრაფვით ღვთისმეტყველებას“ დიდიმე ალექსანდრიელიც ასევე ღვთის „ძალას“, „დიდებასა“ და „ენერგიას“ უწოდებს „ღვთისმეტყველებას“.
ეს სულ ცოტა იმას ნიშნავს, რომ ღვთისმეტყველება ინდივიდუალურ, პიროვნულ რწმენას გულისხმობს. ადამიანური გონება მართლაც საჭიროა, თუ გვსურს ვიღვთისმეტყველოთ თანმიმდევრულად, მაგრამ ჩვენი გონების ნაყოფიერად გამოყენება მხოლოდ რწმენის ფარგლებშია შესაძლებელი. Credo et intelligam, გამოაცხადა ანსელმ კენტერბერიელმა: „მწამს, რათა შევიმეცნო“ და არა სხვაგვარად!
2. საიდუმლო
წმ. ბასილი დიდი და წმ გრიგოლ ღვთისმეტყველი რეგულარულად იყენებენ ფრაზას „ღვთისმეტყველების საიდუმლო“. აქ უნდა გავიხსენოთ სიტყვის „საიდუმლო“ ჭეშმარიტი საღვთისმეტყველო აზრი. „საიდუმლო“ არა მარტო ამოუხსნელი ამოცანა ან რთული თავსატეხია, არამედ ის, რაც სინამდვილეში იხსნება ჩვენს ცნობიერებაში, მაგრამ არასდროს იხსნება ამომწურავი სახით, რადგან ფესვები ღვთის უსასრულობაში აქვს გადგმული. ღვთისმეტყველება იმიტომ წარმოადგენს საიდუმლოს, რომ წმ. თალასის თქმით, „ჩვენს გონებას აღემატება“ და ვცდილობთ, ადამიანური სიტყვებით გადმოვცეთ ის, რაც ყოველგვარი ადამიანური აღქმის საზღვრებს მიღმაა.
პროტოპრესვიტერ იოანე მეინდორფის სიტყვებით, ღვთისმეტყველება არის „ერთსა და იმავე დროს ღვთის ჭვრეტა და გამოუთქმელის გამოთქმა“, ან როგორც ტ. ს. ელიოტი ამბობდა, „თავდასხმა გამოუთქმელზე“. ყოველგვარი საღვთისმეტყველო მტკიცება, - შენიშნავს წმ. ბასილი, - მოსაუბრის აღქმას უსხლტება... ჩვენი ცნობიერება სუსტია, ხოლო ჩვენი ენა - კიდევ უფრო უსუსური“. დიდი კაპადოკიელების თანახმად, თუ ღვთისმეტყველება ივიწყებს ადამიანური ცნობიერების გარდაუვალი საზღვრების არსებობას და გამოუთქმელ ღვთის სიტყვას ადამიანური ლოგიკით ცვლის, ის აღარ არის თეოლოგია და კნინდება ტექნო-ლოგიის დონემდე.
ამიტომაცაა, რომ ჩვენი ღვთისმეტყველება „ბუნდოვნად, როგორც სარკეში“ (I კორინთ. 13,12). ჩვენ იძულებულნი ვართ ანტინომიასა და პარადოქსს მივმართოთ, რადგან ადამიანურ ენას მისი შესაძლებლობის საზღვრებს მიღმა ვავრცელებთ. ღვთაებრივი ჭეშმარიტების სისავსის თუნდაც არასრული ადეკვატურობით წვდომის გამო, იძულებულნი ვართ ვამტკიცოთ ის, რაც თითქოსდა, ერთმანეთს ეწინააღმდეგება. კარდინალი ნიუმენი ღვთისმეტყველებაში ვარჯიშს უმიზეზოდ როდი წარმოაჩენს, როგორც „გამოთქმებს, ნაყოფიერი შედეგით უკან დაბრუნებულს“.
რაკი ღვთისმეტყველების სფერო ამ აზრით ღვთაებრივ საიდუმლოს წარმოადგენს, ჩვენი საღვთისმეტყველო დისკურსი ერთდროულად უარყოფითიც უნდა იყოს და მტკიცებითიც, ანუ როგორც აპოფატიკური, ისე კატაფატიკური მტკიცებითა და უარყოფით დაბალანსებას ვახდენთ და ეს უარყოფა საშუალებას გვაძლევს, ლოცვითა და ღვთისმსახურებით მივაღწიოთ სინას მანათობელ წყვდიადს. აპოფატიკურ განზომილებას მოკლებული ღვთისმეტყველება, სწორედ „ტექნოლოგიად“ გადაიქცევა, ამ ტერმინის კაპადოკიური მნიშვნელობით. აპოფატიკური და კატაფატიკური მიდგომა არ უნდა განვიხილოთ ალტერნატივებად, რომელთაგანაც თითოეული თვითკმარია. ისინი კი არ გამორიცხავენ ერთმანეთს, არამედ ერთმანეთზე დამოკიდებულნი არიან, არა თანმიმდევრულნი, არამედ თანადროულნი. თითოეული მიდგომა მეორეს გულისხმობს. წარმოუდგენელია ჭეშმარიტი ღვთისმეტყველება, რომელიც ერთსა და იმავე დროს კატაფატიკური და აპოფატიკური არაა. მტკიცება და უარყოფა - ეს ერთი მოძრაობის ნაწილებია.
3. განწმენდა
ღვთისმეტყველება ღვთის ჭვრეტაა, და ღმერთს გულით წმინდანნი იხილავენ (მათე, 5,8). ამიტომ ჭეშმარიტი ღვთისმეტყველება წარმოუდგენელია განწმენდის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ღვთისმეტყველება ყოველთვის ღვთაებრივი მადლის ნიჭად რჩება, ეს თავისუფალი ნიჭი ჩვენს სრულ თანაქმედებას, ნებაყოფილობით სინერგიას საჭიროებს“ „ჩვენ ვართ ღმერთის თანამოსაქმენი (სინერგოი) (I კორინთ. 3,9). ამ აზრით მთელი ღვთისმეტყველება „ღვთაებრივკაცობრივია“. ჩვენი თანამოქმედება ჩვენს მოქცევას, ღვთის სიყვარულისთვის ჩვენი გულების გახსნას, სულიწმინდის დამკვიდრებით ჩვენი ცხოვრების სრულ გარდაქმნას გულისხმობს. ღვთისმეტყველება არის ყოვლისმომცველი „სახე ცხოვრებისა“. ჭეშმარიტი ღვთისმეტყველება გამორიცხულია სიწმინდისკენ პიროვნული სწრაფვის გარეშე. ღვთისმეტყველები არიან წმინდანები.
ამ მიზეზით აშკარად სახიფათოა ღვთისმეტყველებაზე, თეო-ლოგიაზე საუბარი, როგორც „მეცნიერებაზე“, თითქოს ის გეო-ლოგია ან ზოო-ლოგია იყოს. ეჭვგარეშეა, რომ თვით გეოლოგიაში ან ზოოლოგიაში პიროვნული მონაწილეობაა საჭირო. უნდა აღინიშნოს, რომ სინამდვილეში, ყოველი დამკვირვებელი ექსპერიმენტის ნაწილია. მაგრამ გეოლოგიაში ან ზოოლოგიაში, ჩვეულებრივ, საკმარისია ობიექტური ფაქტების მაქსიმალური სიზუსტით შეკრება, შემდეგ კი ამ ფაქტების გაანალიზება ინტუიციასა და მეცნიერულ პატიოსნებაზე დაყრდნობით. გეოლოგის ან ზოოლოგის პიროვნული ზნეობა აქ არაარსებითია.
ღვთისმეტყველებაში ასე აღარაა. ის მოიცავს პიროვნებას სრულად და ითხოვს თითოეულისაგან რადიკალურ გარდაქმნას. რა თქმა უნდა, ღვთისმეტყველებაც „მეცნიერულია“ იმ აზრით, რომ ისიც სიზუსტესა და ინტელექტუალურ სიმკაცრეზეა ორიენტირებული. ბევრი ქრისტიანის ქმედება საპირისპიროსაც რომ გვაფიქრებინებდეს, ღვთის სასუფეველს გაურკვევლობით, ბურუსით მოცული და ტლანქი აზროვნებით როდი ვმსახურებთ. სწორედ ეშმაკს უყვარს არეულობა და უზუსტობა, იმ დროს, როცა სულიწმინდის გამოვლინებები, უპირველეს ყოვლისა, გარკვეულობითა და გამჭვირვალობით აღინიშნება. მაგრამ ღვთისმეტყველებაში სიზუსტე და ინტელექტუალური სიმკაცრე თავისთავად არასოდეს არის საკმარისი. ჩვენ ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა და მის მიმართ სიყვარული მოგვეთხოვება.
ამას ხაზგასმით აღნიშნავს ევაგრე პონტოელი, როცა ღვთისმეტყველს საიდუმლო სერობაზე მყოფ წმინდა მახარებელ იოანესთან აიგივებს:
მკერდი უფლისა - ღვთის გამგებლობა; ვინც მას მიეყრდნობა ღვთისმეტყველი შეიქნება. ღვთისმეტყველება თავის თავში მოიცავს ისეთ მჭიდრო სიახლოვეს, როგორც აქვს საყვარელ მოწაფეს მაცხოვართან. წმ. მაქსიმე აღმსარებელი უფრო გაბედულად და მეტყველი ენით წერს: „მისტიკური ღვთისმეტყველება“ გულისხმობს „სასიყვარულო ექსტაზს“ (ერტიკოს ეკსტასის), ცოცხალი და ღვთის მიმართ ყოვლისმომცველი ლტოლვით თავის დაკარგვას. ამ „ექსტაზის“ გარეშე თქვენ შეიძლება შესანიშნავი გეოლოგი იყოთ, მაგრამ არა ღვთისმეტყველი. წმ. დიადოხოსის სიტყვები: „არაფერია გონებაზე მწირი, როცა ის ღვთის გარეშე იწყებს ღმერთზე ფილოსოფოსობას“ გაფრთხილებაა, რომელიც ჩვენ ყველამ, ვინც ამაზე ვაცხადებთ პრეტენზიას, რომ ვასწავლოთ ან შევისწავლოთ ღვთისმეტყველება, სერიოზულად უნდა აღვიქვათ!
განწმენდის გზაზე შედგომისკენ ნებისმიერი ღვთისმეტყველია მოწოდებული. ეს გზა სამ გარემოებას გულისხმობს:
1. დასაწყისი, ეს არის სინანული, მეტანოია, გონების შეცვლა, რაც იმ ღრმა მნიშვნელობით უნდა გავიგოთ, მიტროპოლიტმა დანიელ მოლდველმა რომ მიანიჭა მას: „ეს არის გონების არა მხოლოდ გამოღვიძება და შეცვალა, არამედ კრიზისიც, რომელსაც პიროვნების ან საზოგადოების ორიენტაციის შეცვლასთან მივყავართ“, ე.ი. სულ მცირე, პიროვნების რადიკალურ ცვლილებას ნიშნავს. სინანული ერთდროულად წარმოადგენს დასაწყისს და იმასაც, რაც გრძელდება მთელი ჩვენი მიწიერი ცხოვრების მანძილზე და არ წყდება უკანასკნელ ამოსუნთქვამდე: აბბა სისოის მსგავსად, ჩვენც უნდა ვთქვათ სასიკვდილო სარეცელზე: „არ ვიცი, სათავე მაინც თუ დავუდე სინანულს“.
2. განწმენდა ჩვენგან მოითხოვს ასკეზას (askesis), ასკეტურ ძალისხმევას მაქსიმალურად ფართო გაგებით. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: „გსურს ღვთისმეტყველი გახდე?.. დაიცავი მცნებები... საქმე ჭვრეტის საფუძველია“. თუ ღვთისმეტყველებას ვაპირებთ, ამბობს წმ. გრიგოლ ნოსელი, ჩვენი ცხოვრება ჩვენს რწმენას უნდა შეესაბამებოდეს: „მართლმადიდებლობა“ (ortodoxia) არ არსებობს „მართლქმედების“ (ortopraxia) გარეშე. ასკეზა, რომელსაც საკუთარი ეგოისტური „მე“-გან განდგომამდე და მორჩილებამდე მივყავართ, არის არა ინდივიდუალური, არამედ საეკლესიო და გულისხმობს ნათლობისა და ევქარისტიის საიდუმლოზე დაფუძნებულ თემში ცხოვრებას. ალექსანდრე ხომიაკოვმა ეს ასე გამოხატა: „მარტო ვერავინ ცხონდება. ცხონდება ის, ვინც ცხონდება ეკლესიაში, როგორც მისი წევრი ყველა სხვა წევრთან ერთად“.
3. და ბოლოს, საღვთისმეტყველო განწმენდის გზაზე ყოველგვარი წინსვლა გამორიცხულია ლოცვის გარეშე. ლოცვა და ღვთისმეტყველება მნიშვნელოვნად არის ერთმანეთთან დაკავშირებული. წმ. მოდესტ იერუსალიმელი (VII ს.) იხსენებს ჯვარზე გაკრული კეთილგონიერი ავაზაკის სიტყვებს: „მომიხსენე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“; და ამ სიტყვებს ღვთისმეტყველებას უწოდებს; არსებითია, რომ ავაზაკის ფრაზა ერთდროულად სარწმუნოების აღიარებასა და ლოცვას წარმოადგენს. „თუ ჭეშმარიტად ლოცულობ, მაშინ ღვთისმეტყველი ხარ“, - ავაგრეს ამ შეგონებამ ქრისტიანს აღარ უნდა ათქმევინოს: „არ ვარ ღვთისმეტყველი“ (რასაც ის ხშირად ამბობს), „არ ვლოცულობ და ეს არც მსურს განსაკუთრებულად“.
მინიატურა ჰენრიჰ მესამის ხელნაწერიდან. ბრემენი. 1040 წ.
ჭეშმარიტი ღვთისმეტყველება ლოცვისა და მსახურების ნაწილია და ყოველთვის დოქსოლოგიურია. ღვთისმეტყველება იმ გაგებით, როგორც მამებს ესმოდათ, ნიშნავს ადიდო ღმერთი ქებითა და ლოცვით, თავად იქცე ღვთისადმი ქების ცოცხალ ჰიმნად. კონსტანტინე სკუტერისის სიტყვებით, „მთლიანი პიროვნება, ახალი ქმნილების საიდუმლოს მომცველი - განსწავლული „ჯანსაღი დოგმატებითა“ და „განწმენდილი“ უწყვეტი ჰიმნი და მუდმივი ქება ხდება უფლისა“. ამ აზრით, ღვთისმეტყველება, როგორც წმ. გრიგოლ ნოსელი აღნიშნავს, ანგელოზებთან გვაკავშირებს, რომლებიც უპირატესად დიდებისმეტყველებით არიან დაკავებულნი. წმინდანის სიტყვებით, ღვთისმეტყველება „სულს ანგელოზების თანამონაწილედ ხდის მათ მსახურებაში“.
თუ ღვთისმეტყველება ყოველივე ამას გულისხმობს, მაშინ უფლება გვაქვს ვკითხოთ საკუთარ თავს: ჩვენ შორის ვის აქვს კადნიერება, დაიწყოს ღვთისმეტყველება? რომელი ჩვენგანი გაბედავს, თავს ღვთისმეტყველი უწოდოს? ამასთან დაკავშირებით, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, რა თქმა უნდა, შეგვაქებდა, მოიწონებდა ჩვენს სიფრთხილეს:
ღვთის შესახებ ფილოსოფოსობა ყველასთვის არ არის დაშვებული, დიახ, ყველასთვის - არა. ის არ შეიძინება იაფად და არც ქვემძრომთათვის არის განსაზღვრული! კიდევ დავამატებ: არ შეიძლება ფილოსოფოსობა ყოველთვის, ყველას წინაშე. არ შეიძლება შეეხო ყველაფერს, არამედ უნდა იცოდე: როდის, ვის წინაშე, რამდენი... ღვთის შესახებ ფილოსოფოსობა ყველას არ ძალუძს. ეს შეუძლიათ ადამიანებს, ვინც გამოსცადა საკუთარი თავი, ვინც ცხოვრება ჭვრეტით განვლო და, პირველ რიგში, განიწმინდა, ან განწმენდს სულსაც და ხორცსაც.
„არა ყველას... არა ყველას წინაშე“: მაგრამ მაშინ არის კი თანამედროვე უნივერსიტეტი, ან თვით თანამედროვე სემინარია, შესაბამისი ადგილი, სადაც შეიძლება ღვთისმეტყველების შესწავლა და მისი სწავლება? ჩემი მოკრძალებული გამოცდილება ადასტურებს, რომ უნივერსიტეტებისა და ძალზედ ხშირად თანამედროვე სემინარიების უმრავლესობაც, არ წარმოადგენს სიწმინდის კერას.
თუმცა, ჩვენ შეიძლება შთაგვაგონოს წმ. გრიგოლ პალამას მიერ შემოთავაზებულმა შეფასებამ. პირველ რიგში, ის საუბრობს წმინდანებზე, ანუ ღვთის შემეცნების სრული პიროვნული გამოცდილების მქონე ადამიანებზე... შემდეგ, მათზე ვისაც, მართალია, არ გააჩნიათ ასეთი სისრულე, მაგრამ ენდობიან წმინდანებს, და ბოლოს კი იმათ შესახებ, რომლებსაც არც გამოცდილება აქვთ და არც წმინდანებისადმი ნდობა. პირველნი, წმინდანები, პალამას მიხედვით, ჭეშმარიტი ღვთისმეტყველები არიან. მეორენი, ისინი, ვინც წმინდანებს ენდობიან, შეიძლება ასევე კარგი ღვთისმეტყველები იყვნენ, თუმცა უფრო დაბალ საფეხურზე მდგომნი. მესამენი კი არიან ცუდი ღვთისმეტყველები ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, საერთოდ არ არიან ღვთისმეტყველები.
ეს მამშვიდებს. ვიცი, რა შორს ვარ წმინდანობისგან, მაგრამ ის მაინც შემიძლია, რომ ღვთისმეტყველად ყოფნა ვცადო სხვა აზრით: ვენდო წმინდანებს, ვეძიო სიცოცხლის დამადასტურებელი მოწმობები და წმინდანთა სიტყვები. ღვთისმეტყველება ამ მეორე დონეზე შესაძლებელია თვით თანამედროვე უნივერსიტეტში: სკოლისთვის დამახასიათებელი სიზუსტით ჩვენ შეგვიძლია წმინდანების გზავნილის გადმოცემა.
4. მდუმარება
ღვთისმეტყველებისა და ლოცვის შესახებ ნათქვამს, მივყავართ მეოთხე თემამდე: ღვთისმეტყველება შეუძლებელია ისიხიის გარეშე, შინაგანი სიმშვიდის გარეშე, გულის მდუმარების გარეშე. „მოიცალეთ (shasate) და გულისხმა ჰყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი“ (ფსალმ. 45, 11). ღვთისმეტყველება, როგორც ცოდნა ღვთისა, არა მხოლოდ ღმერთზე საუბარი, არამედ მისი მოსმენა, გულისხმობს სიჩუმეს, შეჩერებას (სჰოლი), მდუმარებას (ისიჰია). გავაგრძელოთ ციტატა წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველისა: „როდისღა შეიძლება? როდის ვართ თავისუფლები გარეგნული აჩრდილისა და ჯანყისგან, როდის არ ერწყმის გონება უვარგის და მაცდუნებელ სახეებს... ვინაიდან მართლაც შეჩერებაა საჭირო ღვთის შესამეცნებლად“.
სხვა სიტყვებით, ჭეშმარიტი ღვთისმეტყველება - მისტიკური ღვთისმეტყველებაა. ეს ვლადიმერ ლოსკიზე უკეთ არავის გამოუხატავს:
ღვთისმეტყველება და მისტიკა სულაც არ ეწინააღმედეგება ერთმანეთს; პირიქით, ისინი ერთმანეთს ავსებენ და ამაგრებენ. პირველი წარმოუდგენელია მეორის გარეშე. თუ მისტიკური გამოცდილება საერთო რწმენის პიროვნული გამოვლინებაა, მაშინ ღვთისმეტყველება საერთო გამოხატულებაა იმისა, რისი შეცნობაც თითოეულს შეუძლია გამოცდილებით... ამრიგად, არ არსებობს ქრისტიანული მისტიკა გამოცდილების გარეშე და, რაც უფრო არსებითია, არ არსებობს ღვთისმეტყველება მისტიკის გარეშე. აღმოსავლეთის ეკლესიის გარდამოცემას ტყუილად როდი შემოუნახავს სახელწოდება „ღვთისმეტყველი“ მხოლოდ სამი სასულიერო მწერლისთვის: პირველი მათგანია წმ. იოანე ღვთისმეტყველი, ყველაზე „მისტიკური“ ოთხი მახარებლიდან, მეორეა წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, მჭვრეტელობითი პოემების ავტორი, და მესამე - წმ. სვიმეონი, „ახალ ღვთისმეტყველად წოდებული“, რომელმაც ღმერთთან შეერთებას უგალობა. ამრიგად, მისტიკა განიხილება... როგორც სრულყოფილება, როგორც მწვერვალი ყოველგვარი ღვთისმეტყველებისა, როგორც „უპირატესი“ ღვთისმეტყველება.
სასიხარულო გაკვირვება
მხოლოდ ერთს დავამატებდი. ნიჭი, საიდუმლო, განწმენდა, მდუმარება - ეს ყველაფერი საჭიროა, მაგრამ ასევე არსებითია სიხარული. ღვთისმეტყველებას ღვთისადმი შიშით უნდა მივუძღვნათ თავი, მაგრამ, როგორც წმ. დიადოხოსი მოითხოვს, - გულის სიხარულითაც. ღვთისმეტყველს არა აქვს საფუძველი, იყოს მკაცრი და პირქუში. კიევის რუსეთის მოქცევის ამბავში ნათქვამია, რომ დიდი თავადის, ვლადიმირის ელჩებმა სხვადასხვა ხალხების ღვთისმსახურებაში სწორედ სიხარული ვერ აღმოაჩინეს. ის კი, რამაც მართლმადიდებლობა მიაღებინა მათ კონსტანტინოპოლის წმ. სოფიას დიდ ტაძარში საღვთო ლიტურგიისას განცდილი სასიხარულო გაკვირვება იყო. ამრიგად, როგორც ღვთისმეტყველებმა, ეს სასიხარულო გაკვირვება უნდა ვზარდოთ, და მაშინ აღმოვაჩენთ, რომ ჩვენს მოწმობას მოაქვს ნაყოფი, რომელიც ბევრად აღემატება ჩვენსავე წარმოსახვას.
No comments:
Post a Comment