Monday, June 16, 2014

რა არ არის ბიბლია - მაიკლ ბრესემი

ზოგიერთი არამართლმადიდებელი ქრისტიანი ცდილობს ამოიკითხოს ბიბლიიდან მეტი, ვიდრე იქ რეალურად წერია; მათ სურთ ბიბლია იდეალურად წყვეტდეს ყოველგვარ ყოფით და ცხოვრებისეულ პრობლემას. მეორე უკიდურესობაში არიან ის არაქრისტიანები, რომლებიც მხარს უბამენ იმ აზრს, რომ თითქოს ბიბლია იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეკლესია ასწავლის; ისინი მუდმივად ეძიებენ ხარვეზს ბიბლიაში და უგულვებელყოფენ მის პრინციპებს. მოდით, მივიდეთ უფრო გაწონასწორებულ შეხედულებამდე, რისთვისაც მივმართოთ "აპოფატიკურ განმარტებას", ანუ რა არ არის ბიბლია წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციული სწავლების მიხედვით. მართლმადიდებელ ეკლესიას აპოფატიკური ღვთისმეტყველების ხანგრძლივი ტრადიცია გააჩნია, რომელიც აღწერს, თუ ვინ და როგორი არ არის ღმერთი, რადგან ადამიანები, ჩვენშივე, საკუთარი უგუნურებით ვზღუდავთ ღვთის არსებას და უბრალო, ადამიანური გაგების ჩარჩოებში ვაქცევთ მას. ამ აპოფატიკური გაგებით, წმიდა წერილი არ არის:

1. ისტორიის წიგნი. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლია ათასობით წლის ისტორიას მოიცავს და აღწერს, ბიბლია არ არის ძველი ისრაელისა და ძველი ეკლესიის უბრალო ჩანაწერი. ისინი, ვინც ბიბლიას წერდნენ, არ იყვნენ ისტორიკოსები, არამედ მოციქულები, წინასწარმეტყველები, სარწმუნოებრივ-სულიერი წინამძღვრები, მეტად სულიერი სიმართლისა და ჭეშმარიტების მოძღვრებაზე მზრუნველნი, ვიდრე ისტორიული ფაქტების წარმომდგენნი. ბიბლიის ისტორია ისეთ შინაარსს გვაწვდის, რომელიც სულიერ სიმართლეებს ხსნის, გადარჩენის საღვთო განგებულების (გეგმის) თანდათანობით განვითარებასა და მდინარებას ასახავს.

2. მხატვრული რომანი, შეთხზული მოთხრობა. მისი დამწერნი არ იზრახავდნენ ისეთი ფაქტების შედგენას, რომ შეცდომაში შეეყვანათ ხალხი და ამით გამხდარიყვნენ იუდეველები, ან ქრისტიანები. ამისთვის გაცილებით მეტი არქეოლოგიური მტკიცებულება არსებობს, ვიდრე ბიბლიაში ჩაწერილი. თუმცა, მართლმადიდებელ ეკლესიას არანაირი პრეტენზია არ აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ესა თუ ის მოვლენა, რომელიც აღწერილია წმ. წერილში, ისტორიულად 100% ზუსტია. კვლავ აღვნიშნავთ, მისი ისტორიები, პირველ რიგში, გადმოგვცემენ ჭეშმარიტების, სულიერ სიმართლეთა აღწერილობას.

3. სამეცნიერო სახელმძღვანელო. პირველად ის უნდა ითქვას, რომ ბიბლია არ გულისხმობს იმას, რომ მან ვინმეს გეოგრაფია უნდა ასწავლოს, ანთროპოლოგია, ფსიქოლოგია, მედიცინა ან სხვა სამეცნიერო ინფორმაციებს აზიაროს. როდესაც ბიბლია ხსენებულ საგნებს ეხება, ცხადია, იგი დამწერთა შეზღუდულ ცოდნას ეფუძნება, რომელიც იმ პერიოდისათვის ჰქონდათ ადამიანებს. მიუხედავად ამისა, ბიბლია თავის თავში გარკვეულ კონკრეტულ ადათებს, მითითებებსა და გამოცდილებას იმარხავს, რასაც ადამიანთა მოდგმა საჭიროებს წარმატებისათვის, და უფრო მეტად კი სოციალურ კონტექსტში აღსაზრდელად, და იმარხავს იმასაც, რაც ნებისმიერ დროს საჭიროა ზნეობრივობისა და ეთიკურობისთვის, ღვთისათვის სათნო ცხოვრებისათვის.

4. შეუცდომელი თხზულება. ბიბლია შესანიშნავად თანხმდება თავის სულიერ დოგმატებსა და დებულებებში, სულიერ ჭეშმარიტებასა და ზნეობრივ, მორალურ პრინციპებში. ბიბლია უტყუარი მოწმობაა იმაზე, თუ ვინ არის ღმერთი და რა სურს, რა ნებავს ღმერთს, მაგრამ ეს არ გულისხმობს იმას, რომ ყველაფერი, რაც მის გვერდებზეა, ყოველგვარი შეცდომისაგან თავისუფალი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ღვთისაგანაა შთაგონებული, ის ადამიანებმა (ადვილად რომ მოსდით შეცდომები) დაწერეს და თარგმნეს. წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის, რომ ბიბლია გადმოსცემს იმაზე მეტს, ვიდრე უბრალოდ ადამიანურია, მაგრამ ნაკლებს, ვიდრე ღვთაებრივი მთლიანობაა მთელი თავისი სისავსით.

5. პერსონალური საიდუმლოება. ბიბლია არ არის მაგიური (ჯადოქრული) წიგნი, რის წინაშეც შესაძლებელი იქნებოდა კითხვების დასმა, გადაშლა და შემდეგ თითის დადება რომელიმე მუხლზე, რის შემდეგაც მივიღებდით პასუხს ღვთისგან. ასეთი პრაქტიკა ცნობილია, როგორც "ბიბლიომანსია" (ინგ. მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან - Βιβλιομαντεία/ბიბლიომანტია = ბიბლიით მკითხაობა, მარჩიელობა, წინასწარმეტყველება. მთარგმ.) და მას არ ეთანხმება, არ იზიარებს მართლმადიდებელი ეკლესია. ბიბლია სოციალურ-ზნეობრივ სირთულეებზე ღვთის მიერ ბრძანებულ გადაწყვეტილებებს გვთავაზობს და იმის ცოდნას, თუ როგორ ვიაროთ სიმართლით და ვიპოვოთ ხსნა, მაგრამ ბიბლიას არ აქვს პასუხი ყველა შესაძლო ცხოვრებისეულ პრობლემაზე.

6. ფილოსოფიური ნაშრომი. ბიბლია არც იმას გულისხმობს, რომ მასში ჰუმანისტური ან ფილოსოფიური მსჯელობები ამოვიკითხოთ, როგორ უნდა გვესმოდეს ცხოვრება ან საკუთარი თავი უკეთ. მეტს გეტყვით, თუკი მკითხველი ბიბლიას სულიერად უახლოვდება, მაშინ ბიბლია თავის სულიერ კურთხევებს ავლენს, უფრო სულიერად, ვიდრე ინტელექტუალურად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბიბლია ანიჭებს თავისი ჭეშმარიტების სისავსეს, თავისი სიკეთის, სილამაზის, სახიერებისა და მშვენიერების სისავსეს მხოლოდ ეკლესიის წიაღში, იმ ადამიანებზე, რომელთაც აქვთ შინაგანი ცხოველი ურთიერთობა სამწმინდა ღმერთთან - მამასთან, ძესა და სულიწმინდასთან.

7. სამოქალაქო კონსტიტუცია. ბიბლია არ გულისხმობს იმას, რომ იგი გვკარნახობდეს, როგორ უნდა აწესრიგებდეს და მართავდეს საზოგადოება თავის თავს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ზნეობრივ, მორალურ პრინციპებს შეიცავს, რომელთა დაცვა და აღსრულება ყველასთვის სასარგებლოა, მთავრობის ხელმძღვანელთა ჩათვლით. ბიბლია არ უნდა გამოიყენებოდეს იმისთვის, რომ განისაზღვროს და დადგინდეს პოლიტიკური მტკიცებულებები, არც იმისთვის უნდა გამოიყენებოდეს, რომ მხარს უჭერდეს პოლიტიკურად მოტივირებულ პროგრამებს. მართლმადიდებლური ტრადიცია, გადმოცემა ასწავლის, რომ პოზიტიური სოციალური ცვლილება ხდება ეკლესიის წიაღში, როგორც ღვთის სასუფეველში მორწმუნეთა შორის.

8. თვითდახმარების სახელმძღვანელო. ბიბლია არაა განკუთვნილი საიმისოდ, რომ ეკლესიის წინამძღოლობის გარეშე შეისწავლებოდეს (ცხადია, საუბარია იმაზე, რასაც მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის თავის შვილებს). ღვთის განზრახვა არაა, რომ ჩვენ "მარტოხელა მწირი ქრისტიანები" ვიყოთ, ბიბლიიდან რაღაც-რაღაცეების ამომკრებნი, მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გადმოცემული დოგმატური სწავლებების მეთვალყურეობის გარეშე, მათ გაუთვალისწინებლად. ეს ხომ სულ მარტივია, და ზედმეტადაც ხშირი, განცალკევებით, ინდივიდუალურად ბიბლიის არასწორად განმარტება და ერესში ჩავარდნა, ან ეკლესიის გაყოფა ვინმეს მიერ საკუთარი დენომინაციის ჩამოყალიბებით.

9. ამომწურავი რესურსი. მიუხედავად იმისა, რომ უმნიშვნელოვანესი წიგნია, ქრისტიანულ წიგნთა შორის უმთავრესი, იგი არ არის ყველაფერი, რასაც ვსაჭიროებთ; იგი არაა ერთადერთი სასარგებლო წიგნი იმისთვის, რომ ქრისტიანი გახდე და გაიზარდო ქრისტეში. მართლმადიდებელი ეკლესია მოუწოდებს თავის წევრებს, შეისწავლონ არა მხოლოდ ბიბლია, არამედ იკითხონ მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიცია, წმიდა მამათა და დედათა ნაწერები, ნაშრომები, როგორც მათი მთლიანი წიგნები, ისე შემოკრებილი გამონათქვამები, ლიტურგიკული საგალობლები, ან მსოფლიო კრებებზე მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, კანონები და სხვ. რაზედაც წმ. მართლმადიდებელი ეკლესია აკურთხებს თავის სულიერ შვილებს.

10. საღვთო ბიოგრაფია. თვითონ ბიბლია არ არის ღმერთი, იგი არ აღწერს ღმერთს მთელი სისავსით და არ არის იგი ღმერთთან შეხვედრის ერთადერთი საშუალება. წარმოდგენა რომ გვქონდეს, ვიცოდეთ, რომ ასეთი გზა "ბიბლიის თაყვანისმცემლობაა", იგივე კერპთაყვანისცმემლობა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ქრისტიანი უფრო მეტ დროს ხარჯავს თავისი ბიბლიისა და ღმერთის შესწავლაში, ვიდრე ღმერთთან პირდაპირ, უშუალო, ზიარებაში ლოცვისა და თაყვანისცემის მეშვეობით. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც ღმერთს თაყვანს-სცემენ და ლოცულობენ საკმარისი ცოდნის გარეშე და არც ის იციან, თუ რატომ აკეთებენ ამას. ესეც ასევე უმართებულოა და საჭიროებს გამოსწორებას.

ზემოთ აღნიშნულია ათი პუნქტი, რაც - შეიძლება ითქვას, ან არ ითქვას, - არ არის ბიბლია. ორი ათასწლეულის განმავლობაში, არაერთი მცდელობა იყო, ბიბლია კატეგორიებად დაეყოთ და დაენაწილებინათ. ბიბლია ნამდვილად უნიკალური წიგნია მთელ მსოფლიოში ტომებად გამოქვეყნებულ წიგნთა შორის. საუკეთესო გზა, რომ გავიგოთ, თუ რა არის ბიბლია, ან რა არ არის, ესაა მისი კითხვა, ჭვრეტა, განხილვა, მის შესახებ თქვენი მოძღვრების ან სხვა, განათლებული მართლმადიდებელი სულიერი წინამძღვრების დაკითხვით, და ამის შემდეგ უფრო მეტი კითხვით. ბიბლია მარად გააოცებს და განაცვიფრებს ადამიანს თავისი სულიერი და ზნეობრივი, მორალური წიაღსვლებით ღვთისა და კაცობრობის შესახებ, მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
    როცა ბიბლიასთან გვაქვს საქმე, "შეუძლებელია იმ ყოველივეს ცოდნა, რასაც ვსაჭიროებთ". ვისაც სჯერა, რომ ყველაფერი შეიტყო ბიბლიიდან (არ აქვს მნიშვნელობა რომელიმე სასწავლებლიდან თუ ინდივიდუალურად), თავს იტყუებს. ბიბლიის მეცნიერ-მკვლევრები, პროფესორები, რომლებიც ყველაზე ხშირად სვამენ ბიბლიის უღრმესი ჭიდან, არასოდეს უკვდებათ წყურვილი და ისევ და ისევ უბრუნდებიან მას. ასე რომ, ჩვენი სურვილია რეგულარულად (სწორად და თანაზომიერად) ვასწავლიდეთ და შევამეცნებდეთ ჩვენსავე თავს წმ. წერილს. როგორც დიდი მეფე სოლომონი, ჩვენც გვაქვს შესაძლებლობა მივეწიფოთ სიბრძნეს და გავხდეთ ბრძენნი. "არარა იგი ეგრეთ უყუარს ღმერთსა, ვითარ-იგი, რომელნი სიბრძნესა შინა ყოფილ არიან" (სიბრძნე სოლომონისა 7:28).

    მაიკლ ბრესემი - თესალონიკის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო სკოლის ფილოსოფიის დოქტორი

    ინგლისურიდან თარგმნა აკაკი ჯოხაძემ

    1 comment:

    1. ბიბლია,სანამ მართლმადიდებლობა წარმოიშობოდა,იქამდე არსებობდა და ერქვა თანახი. პირველ საუკუნეში შედგა ასევე მოციქულთა ნაწერების კრებული,თუმცა არა იმ სახით რა სახითაც დღეს გვაქვს. ამიტომ თუ გვინდა გავიგოთ ბიბლიის არსი და ჩავწვდეთ მის სიღმეებს,რომელნიც სწორედ რომ ყოფელობის ყოველგვარ საკითხს სცემს პასუხს უნდა ვისწავლოთ ის თავისი პირვანდელი გაგებით. ანუ ებრაული კუთხით.

      ReplyDelete