"მრწამსში" არ ვამბობთ, "მრწამს, რომ ღმერთი არსებობს", არამედ ვამბობთ: "მრწამს ერთი ღმერთი". რაღაცის რწმენასა და იმის რწმენას შორის, "რომ რაღაც არსებობს," ძირეული განსხვავებაა. შესაძლებელია მჯეროდეს, რომ ვიღაც ან რაღაც არსებობს, მაგრამ ამ რწმენას ჩემს ცხოვრებაზე არავითარი პრაქტიკული გავლენა არ ჰქონდეს. შემიძლია გადავშალო ტელეფონების წიგნი, გადმოვიწერო ადამიანების გვარები და მათი კითხვისას მზად ვარ დავიჯერო, რომ ზოგიერთი მათგანი (ან უმეტესობაც კი) სინამდვილეში არსებობს, მაგრამ მე არც ერთს პირადად არ ვიცნობ და ამგვარად, ჩემს რწმენას, რომ ისინი არსებობენ ჩემთვის არავითარი განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს. მეორე მხრივ, როდესაც ძალიან საყვარელ მეგობარს ვეუბნები: "მე მწამს შენი", ეს უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე გამოხატვა რწმენისა, რომ ეს პიროვნება არსებობს. "მე მწამს შენი," ნიშნავს, რომ შენკენ მოვაპყრობ ყურადღებას, შენ გეყრდნობი, სრულიად გენდობი და შენი იმედი მაქვს. სწორედ ეს არის ის, რასაც ღმერთს ვეუბნებით "მრწამსში" ასე რომ, ღვთის რწმენა სრულებით არ არის ისეთივე ლოგიკური დარწმუნებულობა, რომელსაც ვიძენთ ევკლიდეს გეომეტრიაში. ღმერთი არ არის აზროვნების პროცესის საბოლოო დასკვნა, მათემატიკური ამოცანის ამოხსნა. გწამდეს ღმერთი, არ ნიშნავს მიიღო მისი არსებობის შესაძლებლობა იმიტომ, რომ ის "დამტკიცდა" ჩვენთვის რაიმე თეორიული არგუმენტით, არამედ ნიშნავს გვჯეროდეს მისი, ვისაც ვიცნობთ და გვიყვარს. რწმენა არ არის ვარაუდი იმისა, რომ რაღაც შეიძლება ჭეშმარიტი იყოს, არამედ დარწმუნებულობა იმაში, რომ იქ ვიღაც არის.
რადგან რწმენა არ არის ლოგიკური დარწმუნებულობა, არამედ პიროვნული ურთიერთობაა, რომელიც თითოეულ ჩვენგანში ძალიან არასრულყოფილია და მუდმივ განვითარებას საჭიროებს, სრულებით შესაძლებელია, რწმენა ეჭვთან თანაარსებობდეს. ეს ორი არ არის სრულიად ურთიერთგამომრიცხავი. შესაძლებელია არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც, ღვთის მადლით, მთელი ცხოვრების განმავლობაში ინარჩუნებენ პატარა ბავშვის რწმენას, ყოველგვარი შეკითხვის დასმის გარეშე მიიღონ ყველაფერი, რაც ასწავლეს. თუმცა ბევრისთვის, ვინც დღეს დასავლეთში ცხოვრობს, ასეთი დამოკიდებულება უბრალოდ შეუძლებელია. უნდა გავითავისოთ ღაღადი "მრწამს უფალო: შეეწიე ურწმუნოებასა ჩემსა" (მარკ. 9:24). მრავალი ჩვენგანისთვის ეს მუდმივ ლოცვად დარჩება სიკვდილის კარამდე. და მაინც, ეჭვი რწმენის ნაკლებობას არ ნიშნავს, პირიქით, ის შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ჩვენი რწმენა ცოცხალია და იზრდება. რადგან რწმენა გულისხმობს არა თვითკმაყოფილებას, არამედ რისკს, არა საკუთარი თავის იზოლირებას იმისაგან, რაც ჩვენთვის უცნობია, არამედ მისკენ თამამად სვლას. მართლმადიდებელ ქრისტიანს შეუძლია გაითავისოს ეპისკოპოს ჯ.ა.ტ. რობინსონის სიტყვები: "რწმენა მუდმივი დიალოგია ეჭვთან." თომას მერტონი სწორად აღნიშნავს: "რწმენა არის შეკითხვებისა და ბრძოლის წყარო, სანამ გახდება დარწმუნებულობისა და სიმშვიდის წყარო."
No comments:
Post a Comment