Sunday, June 15, 2014

რატომ შექმნა ღმერთმა სამყარო? - მიტროპოლიტი კალისტე უეარი

„შენ მოგვიყვანე ჩვენ არარსებობიდან არსებობაში“ (წმ. იოანე ოქროპირის წირვა). როგორია ღმერთის დამოკიდებულება მის მიერ შექმნილ სამყაროსთან? რას ნიშნავს ფრაზა „არარსობიდან“, ex nihilo? მართლაც რატომ შექმნა ღმერთმა სამყარო საერთოდ?

უპირველეს ყოვლისა, სიტყვა „არარსობიდან“ ნიშნავს, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო თავისი თავისუფალი ნების მოქმედებით. არავის დაუძალებია მისთვის სამყაროს შექმნა, მან თვით არჩია ამის გაკეთება. სამყარო არ შექმნილა წინასწარგანუზრახველად ანუ აუცილებლობის გამო, ეს არ იყო ავტომატური ემანაცია ანუ გადმოღვრა ღმერთისაგან, არამედ იყო მისი არჩევანის შედეგი.

თუკი ღმერთი არავინ აიძულა შეექმნა სამყარო, მაშ რატომ აირჩია მან ამის გაკეთება? თუ ამ შეკითხვაზე საერთოდ შესაძლებელია პასუხის გაცემა, მაშინ პასუხი ამგვარი იქნება: სამყაროს შექმნისას ღმერთის მამოძრავებელი მისი სიყვარული იყო. უნდა ვთქვათ, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო თავისი თავიდან, ანუ სიყვარულიდან გამომდინარე და არა ის, რომ მან სამყარო არაფრისაგან შექმნა. ღმერთზე უნდა ვიფიქროთ არა როგორც მეწარმეზე ან ხელოსანზე, არამედ როგორც მოსიყვარულეზე. შესაქმე არის არა იმდენად მისი თავისუფალი ნების, რამდენადაც მისი ძალდაუტანებელი, უხვი სიყვარულის ქმედება. სიყვარული ნიშნავს გაზიარებას, წმიდა სამების დოგმატი ამის ძალიან ნათელი გამოხატულებაა: ღმერთი მხოლოდ ერთი კი არ არის, არამედ ერთია სამში, რადგან ის იმ პირების ურთიერთობაა ვინც ერთმანეთს სიყვარულს უზიარებენ. თუმცა საღმრთო სიყვარულის წრე ჩაკეტილი არ დარჩენილა. ღმერთის სიყვარული, ანუ მისი „გახელებული“ (ecstatic) სიყვარული საკუთარი თავიდან გამოსვლისა და მისაგან განსხვავებული ქმნილებების შექმნის მიზეზია. ღმერთმა ნებსითი არჩევანით შექმნა სამყარო, თავისი "გახელებული: სიყვარულით, რათა მის გარდა სხვებსაც ეარსებათ და მონაწილეობა მიეღოთ მის სიცოცხლესა და სიყვარულში.

ღმერთი იძულებული არ იყო შეექმნა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შესაქმის აქტში რაიმე შემთხვევითი ან არალოგიკური იყო. ღმერთი არის ყველაფერი, რასაც ის აკეთებს და ამგვარად მისი მოქმედება შესაქმის დროს მისგან განცალკევებული არ არის. ღმერთში და მის სიყვარულში თითოეული ჩვენთაგანი ყოველთვის არსებობდა და ის საუკუნითგან ხედავდა თითოეულ ჩვენგანს როგორც იდეას ან აზრს. თავის გონებაში მას თითოეულ ადამიანისათვის განსაკუთრებული და განსხვავებული გეგმა აქვს. ჩვენ ყოველთვის ვარსებობდით მისთვის; შექმნა ნიშნავს, რომ დროის გარკვეული მომენტიდან ვიწყებთ არსებობას საკუთარი თავისთვისაც.

სამყაროს, როგორც ღმერთის თავისუფალი ნებისა და უხვი სიყვარულის ნაყოფის, შექმნა აუცილებელი სულაც არ იყო. სამყარო თვითკმარი არ არის, არამედ ღმერთზეა დამოკიდებული და შეიძლებოდა არც შექმნილიყო. ჩვენ, ქმნილებები, ვერასოდეს ვიარსებებთ ღმერთის, ჩვენი არსებობის ბირთვისაგან დამოუკიდებლად; მის გარეშე შევწყვეტთ არსებობას, რადგან არსებობის ყოველი წუთი ღმერთის მოსიყვარულე ნებაზეა დამოკიდებული. სიცოცხლე ღმერთის, მისი სიყვარულის საჩუქარია, რომლის დაბრუნებასაც არასოდეს მოგვთხოვს და არა ისეთი რამ, რასაც ჩვენ საკუთარი ძალით ვფლობთ. მხოლოდ ღმერთის არსებობის მიზეზი და წყაროა თვით მასში, ხოლო ქმნილებების არსებობისა - ღმერთშია. მასშია ყველა ქმნილების საწყისიცა და განხორციელებაც. მხოლოდ ღმერთია არსებითი სახელი, ქმნილებები კი ზედსართავი სახელები არიან.

როდესაც ვამბობთ, რომ ღმერთია სამყაროს შემოქმედი, არ ვგულისხმობთ მხოლოდ იმას, რომ მან "დასაბამიდან" აამოძრავა ქმნილებები, რის შემდეგაც ისინი თავისთავად არსებობენ. ღმერთი არ არის კოსმიური მესაათე, ვინც დაქოქავს მექანიზმს და შემდეგ ტოვებს, რომ მან თვითონ იწიკწიკოს. შესაქმე უწყვეტი აქტია. თუ გვინდა, რომ ჩვენი საუბარი შესაქმის შესახებ ზუსტი იყოს, უნდა ვისაუბროთ არა წარსულ, არამედ აწმყო დროში. უნდა ვთქვათ არა „ღმერთმა შექმნა სამყარო და მე მასში“, არამედ „ღმერთი ქმნის სამყაროს და მე მასში, აქ და ახლა, ამ წუთში და ყოველთვის“. შესაქმე არ არის წარსული მოვლენა, არამედ ურთიერთობა აწმყოში. ღმერთმა რომ შეწყვიტოს თავისი შემოქმედებითი ნების გამოვლენა, ნებისმიერ წუთში, სამყარო მაშინვე არარსებობაში გადავა. ვეღარაფერი იარსებებს თუნდაც ერთი წამით თუ ღმერთი ამას არ ინებებს. როგორც მიტროპოლიტი ფილარეტ მოსკოველი ამბობს: „ყველა ქმნილება ეყრდნობა ღვთის შემოქმედებით სიტყვას, როგორც ალმასის ხიდს, მათ ზევით საღმრთო უსასრულობის უფსკრულია, ხოლო ქვევით კი საკუთარი არარაობისა“. ეს ჭეშმარიტია სატანისა და ჯოჯოხეთში მყოფი დაცემული ანგელოზების შემთხვევაშიც კი: მათი არსებობაც ღმერთის ნებაზეა დამოკიდებული.

ამგვარად, შესაქმის დოგმატის მიზანია არა ის, რომ სამყაროს ქრონოლოგიური ათვლის წერტილი მიანიჭოს, არამედ რათა დაადასტუროს, რომ ამ მოცემულ წუთში, ისევე როგორც ყოველ წუთში, სამყაროს არსებობა ღმერთზეა დამოკიდებული. შესაქმის მუხლში: „დასაბამად ქმნა ღმერთმა ცა და დედამიწა“ (1:1), სიტყვა „დასაბამად“ ნიშნავს, რომ ღმერთია მუდმივი მიზეზი ქმნილებების არსებობისა და მათი არსებობის შენარჩუნებისა.

ღმერთი, როგორც შემოქმედი, ყოველთვის ყველაფრის ცენტრშია. მეცნიერული კვლევის დონეზე ერთმანეთისაგან ვასხვავებთ მიზეზებისა და შედეგების მიმდევრობის გარკვეულ პროცესებს. სულიერი ხედვის დონეზე კი, რომელიც მეცნიერებას კი არ ეწინააღმდეგება არამედ მის მიღმა ხედავს, ყველგან ვარჩევთ ღვთის შემოქმედებით ენერგიებს, რომლებიც ყველაფერს უნარჩუნებენ არსებობას, აყალიბებენ მათ უღრმეს საიდუმლო არსს. თუმცა ღმერთი ყველგანაა სამყაროში, მისი სამყაროსთან გაიგივება მაინც არ შეიძლება. ჩვენ, როგორც ქრისტიანები, ვეთანხმებით არა პანთეიზმს, არამედ „პანენთეიზმს“. ღმერთი ყველაფერშია და ის მაინც ასევე ყველაფრის მიღმა და ყველაფერზე აღმატებულია. ის არის „უდიდესზე დიდი“ და „უმცირესზე მცირე“. წმ. გრიგოლ პალამას სიტყვებით რომ ვთქვათ „ის ყველგანაა და არსად არ არის, ის ყველაფერია და ამავე დროს არაფერია“. როგორც ერთმა ცისტერციანელმა ბერმა თქვა ახალი კლერვოსის მონასტრიდან: „ღმერთია ყველაფრის ბირთვი, მაგრამ მისგან გასხვავებულია. ღმერთი ბირთვშია და მთლიანად მსჭვალავს მას, მის მიღმაა და უფრო ახლოსაა ბირთვთან ვიდრე თვით ბირთვი“.

„და იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა, და აჰა კეთილ ფრიად“ (შესაქ. 1:31). მთელი სამყარო ღმერთის ხელითაა ქმნილი; შინაგანი არსით ყველა ქმნილება „ფრიად კეთილია“. მართლმადიდებლური ქრისტიანობა უარყოფს დუალიზმს მისი ყოველგვარი ფორმით: მანიქეველთა უკიდურეს დუალიზმს; ვინც ბოროტის არსებობას მიაკუთვნებენ სხვა ძალას, რომელიც მარადიულად თანაარსებულია სიყვარულის ღმერთთან; ნაკლებ რადიკალურია გნოსტიკოსი ვალენტინიანელების დუალიზმი, რომლის მიხედვითაც მთელი მატერიალური სამყარო, ადამიანის სხეულის ჩათვლით, არსებობაში მოვიდა წინა-კოსმიური დაცემის შედეგად; და პლატონისტების უფრო ფაქიზი დუალიზმი, ვისთვისაც მატერია ბოროტება კი არ არის, არამედ არარეალურია.

ქრისტიანობა ნებისმიერი ფორმის დუალიზმის წინააღმდეგია და ამტკიცებს, რომ არსებობს summum bonum „უმაღლესი სიკეთე“ - კერძოდ თვით ღმერთი, მაგრამ არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს summum malum. ბოროტი არ არის მარადიულად თანაარსებული ღმერთთან. თავდაპირველად იყო მხოლოდ ღმერთი: ყველაფერი, რაც არსებობს, ზეცაში თუ დედამიწაზე, სულიერი თუ ფიზიკური, ღმერთის შექმნილია და ამიტომ, ყველა ქმნილების არსი კეთილია.

მაშ, რა შეიძლება ვთქვათ ბოროტის შესახებ? რადგან ყველა ქმნილება არსებითად კეთილია, ცოდვა ან ბოროტება, როგორც ასეთი, „ქმნილება“ არ არის, არც არსება ან სუბსტანციაა. „მე არ მინახავს ცოდვა“ - ამბობს ჯულიანა ნორვიჩელი თავის გამოცხადებებში, „რადგან მწამს, რომ მას არავითარი სუბსტანცია არა აქვს; მას ვერც ვიცნობთ იმ ტკივილის გარეშე, რომელსაც იწვევს“. „ცოდვა არარაობაა“ - წერს ნეტარი ავგუსტინე. ევაგრეს მიხედვით კი, „ის რაც ბოროტია, ამ სიტყვის ზუსტი გაგებით, სუბსტანცია არ არის, არამედ სიკეთის არმყოფობაა, ისევე, როგორც სიბნელე არაფერია, თუ არა სინათლის არმყოფობა“. წმ. გრიგოლ ნოსელი წერს: „ბუნებაში არ არსებობს ცოდვა, თავისუფალი ნების გარეშე. ის საკუთრივ სუბსტანცია არ არის“. „დემონებიც კი არ არიან ბოროტნი ბუნებით“ - წერს წმ. მაქსიმე აღმსარებელი - „არამედ ხდებიან ამგვარნი თავიანთი ბუნებითი ძალების არასწორად გამოყენებით“. ბოროტი ყოველთვის პარაზიტია. ის არის მრუდედ და უკანონოდ მითვისება იმისა, რაც თავისთავად კეთილია. ბოროტი არის არა თვით საგანში, არამედ ამ საგნის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებაში, ანუ ჩვენს ნებაში.

შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ როდესაც ჩვენ ბოროტს „არარაობას“ ვუწოდებთ, ამით სათანადოდ არ ვაფასებთ მის ძალასა და მოქმედებას. მაგრამ, როგორც კლაივ ლუისმა აღნიშნა, ეს არარაობა ძალიან ძლიერია. იმის თქმა, რომ ბოროტება სიკეთის გაუკუღმართებაა და აქედან გამომდინარე ის ილუზია და არარეალობაა, არ ნიშნავს ჩვენზე მისი ძალის მოქმედების უარყოფას. რადგან არ არსებობს უფრო დიდი ძალა ქმნილებაში, ვიდრე ამ არსებების თავისუფალი ნება, ვისაც მინიჭებული აქვს თვითშემეცნება და სულიერი ინტელექტი; ასე რომ, თავისუფალი ნების არასწორად გამოყენებას შეიძლება სავსებით შემაძრწუნებელი შედეგები მოჰყვეს.

1 comment:

  1. ღმერთის არჩევანი არა, რადგან არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას შორისაა, ბოროტება კი არ არსებობდა და არც არსებობს თუ არ ვინებეთ, ღმერთისთვის კი ჩვენს მიერ შექმნილი ბოროტება მიუღებელია, გამოუცდელია, ანუ არასოდეს არ შეუწყნარებია, არ მიუღია ბოროტება, რადგან უცვლელია და ისეთია დაუსაბამოდ როგორიც არის და ეს მისი სურვილია რაც კი მის მიერ არის, რაც სანეტაროა

    ReplyDelete