მართლმადიდებლური ტრადიციის მიხედვით ადამის პირველქმნილი ცოდვა კაცობრიობის მთელ მოდგმაზე ახდენს გავლენას და მისი შედეგი ჩანს როგორც ფიზიკურ, ასევე ზნეობრივ დონეზე: მისი შედეგებია არა მხოლოდ ავადმყოფობა და ფიზიკური სიკვდილი, არამედ ზნეობრივი სისუსტე და პარალიზება. მაგრამ გულისხმობს ეს მემკვიდრეობით მიღებულ დანაშაულსაც? აქ მართლმადიდებლობა უფრო ფრთხილია. პირველქმნილი ცოდვა არ უნდა განვმარტოთ იურიდიულ ან ვითომდა ბიოლოგიურ ტერმინებში, თითქოს ის იყოს რაღაც ფიზიკური „ნაკლი“, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემა. ასეთი აზრი, რომელიც ნეტარი ავგუსტინეს შეხედულებად ითვლება, მართლმადიდებლობისათვის მიუღებელია. პირველქმნილი ცოდვის დოგმატი ნიშნავს, რომ ჩვენ დავიბადეთ გარემოში, სადაც ადვილია ბოროტის ქმნა და ძნელია სიკეთის კეთება, ადვილია ატკინო სხვას, მაგრამ ძნელია მისი ჭრილობების განკურნება; ადვილია ეჭვი აღძრა ადამიანებში და ძნელია მათი ნდობის მოპოვება. ეს ნიშნავს, რომ თითოეული ჩვენგანის მოქმედება განპირობებულია კაცობრიობის მოდგმის მიერ დაგროვებული ცუდის ქმნითა და ფიქრით და აქედან გამომდინარე არასწორად არსებობით. ამ დაგროვილ ცუდს ჩვენი მხრივ დავუმატეთ საკუთარი ნებით ჩადენილი ცოდვები და ნაპრალი უფრო გაფართოვდა. სწორედ კაცობრიობის მოდგმის სოლიდარობაშია პირველქმნილი ცოდვის დოგმატის აშკარა უსამართლობის ახსნა. ვსვამთ კითხვას: რატომ უნდა იტანჯოს მთელმა კაცობრიობის მოდგმამ ადამის ცოდვით დაცემის გამო? რატომ უნდა დაისაჯოს ყველა ერთი ადამიანის ცოდვის გამო? პასუხი ის არის, რომ ღმერთის ხატებად შექმნილი ადამიანები ურთიერთდამოკიდებული და თანაარსებულნი არიან. არცერთი ადამიანი არ არის ცალკე კუნძული. ჩვენ ვართ „ურთიერთას ასოებ“ (ეფ. 4:25) და ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც კაცობრიობის მოდგმის რომელიმე წევრი სჩადის, აუცილებლად ახდენს გავლენას მის დანარჩენ წევრებზე. თუმცა ჩვენ არა ვართ დამნაშავენი სხვების ცოდვების გამო, მაინც რაღაცნაირად ყოველთვის მათი მონაწილენი ვართ. „როდესაც ვინმე ეცემა“, ამბობს ალექსეი ხომიაკოვი, „ის ეცემა მარტო; მაგრამ ვერავინ ცხონდება მარტო“. ხომ არ უნდა ეთქვა მას აგრეთვე, რომ არავინ ეცემა მარტო? დოსტოევსკის „ძმებ კარამაზოვებში“ სტარეცი ზოსიმა ახლოსაა ჭეშმარიტებასთან, როდესაც ამბობს, რომ თითოეული ჩვენგანი „პასუხისმგებელია ყველასთვის და ყველაფრისათვის“. „ხსნის მხოლოდ ერთი გზა არსებობს, რომ გახდე პასუხისმგებელი ყველა ადამიანის ცოდვებზე. გახდები თუ არა გულწრფელად პასუხისმგებელი ყველასა და ყველაფრისათვის, მაშინვე დაინახავ, რომ ეს მართლაც ასეა და მართლაც მიგიძღვის დანაშაული ყველაფერში“.
No comments:
Post a Comment