დიდი რუსი მწერალი ლევ ტოლსტოი თავის მნიშვნელოვან თხზულებაში „ჩემი აღსარება“ შესანიშნავად აღწერს თუ როგორ დაკარგა მე-19 საუკუნის მართლმადიდებლურ, იმპერიულ რუსეთში უამრავმა ბუნებით წესიერმა ადამიანმა რწმენა იმის გამო, რომ მართლმადიდებლური, ტოტალიტარული სახელმწიფო მათ ბავშვობიდან, იძულებით, გაუცნობიერებლად ასწავლიდა ქრისტიანული რელიგიის მხოლოდ გარეგნულ წესებს და ჩვევებს. შესაბამისად, ეგონათ, რომ ქრისტიანულად ცხოვრობდნენ, მაგრამ მათ გულამდე ვერ მიაღწია ნამდვილმა სარწმუნოებამ. საბოლოოდ, მე-20 საუკუნის დასაწყისში, ასეთი პრინციპებით ნაქადაგებმა ქრისტიანობამ წარმოშვა აგრესიული ათეიზმი და საზოგადოებაც და მიწიერი ეკლესიაც კატასტროფამდე მიიყვანა.
გთავაზობთ ნაწყვეტს ამ თხზულებიდან:
„ჩვენს სკოლებში ასწავლიან კატეხიზმოს და ეკლესიაშიც დაჰყავთ მოსწავლეები; სახელმწიფო მოხელეებს აიძულებენ წმინდა ზიარების მიღებას. მაგრამ, ახლაც და ადრე უფრო მეტად, ჩვენი წრის ადამიანს, რომელიც სწავლას მორჩა და აღარც სახელმწიფოს სამსახურშია, შეიძლება მრავალი წლის მანძილზე არც კი გაახსენდეს, რომ ის ქრისტიანებს შორის ცხოვრობს და თვითონაც მართლმადიდებლური ქრისტიანული რელიგიის ცოცხალ წევრად მოიაზრება. მიუხედავად ამისა, ხშირად იგი ღრმა სიბერემდე ცოცხლობს და თან ჰგონია, რომ ის რწმენა, რომლითაც ბავშვობაში აღზარდეს, ისევ სრულად და მთელი სისავსით ცოცხლობს მასში, თუმცა უკვე დიდი ხანია მისი კვალიც კი აღარ არსებობს.
ს.-მ, ერთმა წესიერმა და განათლებულმა ადამიანმა მიამბო თუ როგორ დაჰკარგა რწმენა. იგი მაშინ 26 წლის იყო და ერთხელ, როცა ნადირობისას ისვენებდნენ, ბავშვობის ჩვეულების მიხედვით ლოცვა გადაწყვიტა. ნადირობისას ძმა ახლდა თან და ახლა მის ლოცვას ხავსზე წამოწოლილი უყურებდა. „და შენ კიდევ აკეთებ ამას?“ - ჰკითხა მან. ამის მეტი არაფერი უთქვამთ ერთმანეთისთვის. მაგრამ, ს.-მ ამ დღის შემდეგ მიატოვა ლოცვა, დღეს უკვე 30 წელია აღარ ლოცულობს, აღარ ამბობს აღსარებას და აღარ დადის ეკლესიაში. და ეს არა იმიტომ, რომ მისმა ძმამ დაარწმუნა ამაში: არც იმიტომ, რომ რაღაც სულიერი პროცესი გათამაშდა მის შინაგან სამყაროში. არა! ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ძმის სიტყვებმა მასზე ისე იმოქმედეს, როგორც თითის კვრა მოქმედებს უკვე ჩამოსაქცევად გამზადებულ კედელზე, რომელსაც უფრო მეტად თავისი საკუთარი წონა გადასძალავს ხოლმე. ძმის სიტყვებმა ნათლად და გარკვევით დაანახა მას, რომ ის ადგილი მასში, სადაც მისი აზრით მისი რელიგია იყო დავანებული, ცარიელი აღმოჩნდა და თან უკვე დიდი ხანია ცარიელი იყო. რომ ლოცვის სიტყვები, რომელთაც ის აღმოთქვამდა, ის პირჯვრისწერა და ის ჩვევები, რომელთაც ის ლოცვისას იყენებდა, მისთვის მნიშვნელობადაკარგული და უაზრო მოქმედებები იყო.
ამგვარად ხდება ეს გარდასახვა და ასე დაემართა ჩვენებურად აღზრდილ ადამიანთა უმრავლესობას.“
ნაწყვეტი I თავიდან, „ჩემი აღსარება“ - ლევ ტოლსტოი, 1902 წ.
შესავალი კომენტარის ავტორი და მთარგმნელი - დეკანოზი თამაზ ლომიძე
No comments:
Post a Comment