IV საუკუნეში ფართოდ დაიწყეს ნათლობის განუსაზღვრელი ვადით გადადების წესის ბოროტად გამოყენება. კეთილმსახურ ქრისტიანულ ოჯახებშიც კი ადრეული ნათლობა არ წარმოადგენდა ზოგად წესს [1]. ეკლესიის ზოგიერთი მოძღვარი, საკუთარი გამოცდილების კარნახით, ურჩევდა მონათვლას მას შემდეგ, რაც სიყრმის ვნებები დაცხრებოდა. ასე, მაგალითად, წმ. მაქსიმე ტურელი კათაკმეველი ათი წლის ასაკში გახდა, ხოლო მოინათლა მხოლოდ თვრამეტი (24?) წლის. წმ. იოანე ოქროპირი მოინათლა 23 (25?) წლის, წმ. ბასილი დიდი და რუფინიუსი - 26 წლის, წმ. გრიგოლ ნაზიანზელი - 28 წლის, ნეტარი პავლე ნოლანელი - დაახლოებით 37 წლის ასაკში. ნეტარი ავგუსტინე, რომელიც ჯერ კიდევ სიყრმისას მიიღეს კათაკმეველთა რიგში, მოინათლა ხანგრძლივი სულიერი ძიებისა და ბრძოლის შემდეგ 33 (34?) წლის ასაკში. თუ ვიმსჯელებთ დიდი ეზოების (ატრიუმ) მიხედვით, რომლებსაც ბაზილიკების დასავლეთის კედლებთან საგანგებოდ აშენებდნენ კათაკმეველთათვის, მათი რაოდენობა IV საუკუნისა და V საუკუნის დასაწყისის ტაძრებში უტოლდებოდა მორწმუნეთა რიცხვს.
კათაკმევლებს, რომლებიც ნათლობას სიკვდილის წუთამდე გადადებდნენ, “კლინიკოსები” (clinici) ეწოდებოდათ, რადგან ისინი ამ საიდუმლოს სიკვდილის სარეცელზე (ბერძნ. klini) იღებდნენ. მიშელ დუჟარიე ნათლობის გადადებას უკავშირებს კათაკმეველთა მოშურნეობის კლებასა და საეკლესიო დისციპლინის დაცემას [2]. მაგრამ, ამ გარემოებას შეიძლება სრულიად სხვაგვარად შევხედოთ: ზუსტად იმიტომ, რომ ეკლესია არ ამცირებდა თავის ზნეობრივ მოთხოვნებს, ქრისტიანობისადმი სიმპათიით განწყობილი მრავალი წარმართი ვერ ბედავდა ნათლობის ემბაზისკენ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას, რადგან, ისინი ღრმად აცნობიერებდნენ თავისი მომავალი მდგომარეობის მთელ პასუხისმგებლობას.
მაგალითად, იმპერატორს რადგან უნდა ეომა, გამოეტანა სასიკვდილო განაჩენები და მოეწყო სისხლიანი ანგარიშსწორებანი, ვერ გახდებოდა მონათლული ქრისტიანი, რადგან ასეთ შემთხვევაში, საეკლესიო კანონების თანახმად, ის მყისვე ეკლესიიდან განკანონებული აღმოჩნდებოდა და ეპიტიმიის მოხსნას მხოლოდ ხანგრძლივი და დამამცირებელი მონანიების შემდეგ შეძლებდა. ამგვარი ვითარების თავიდან ასარიდებლად ზოგიერთი იმპერატორი და სხვა მაღალჩინოსანი ფიგურები სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე ინათლებოდნენ. იმპერატორი კონსტანტინე ანალოგიურად მოინათლა, რითაც დაამკვიდრა სამწუხარო ტრადიცია, რომელიც გააგრძელეს მისმა შვილებმა და სხვა მრავალმა ცნობილმა მოქალაქემ. იმპერატორებმა ვალენტინიანემ, ვალენტმა და თეოდოსი I-მა მიიღეს „კლინიკური“ ნათლობა ავადმყოფობისას, რადგან სიკვდილის ეშინოდათ [3]. თუ ახლოს მღვდელი არ იყო, სასწრაფო „კლინიკური“ ნათლობის აღსრულება ერისკაცსაც შეეძლო [4].
IV საუკუნის მამები თავიანთ ქადაგებებში ხშირად მოუწოდებდნენ კათაკმევლებს არ დაეყოვნებინათ ნათლობის მიღება [5]. მრავალი კათაკმეველი ეკლესიის სრულფასოვან წევრობაზე უარს აცხადებდა, დიდ დღესასწაულებზე მონათლვის სურვილის მოტივით. წმ. გრიგოლ ნაზიანზელს მოჰყავს გავრცელებული აზრი: „მე ნათლისღების დღესასწაულს ველოდები, მე კი აღდგომა მირჩევნია, მე კი სულთმოფენობამდე მოვიცდი“ [6]. ამ ადამიანებისთვის უნდა აეხსნათ, რომ ნათლობისთვის ყველა ჟამი გამოდგება. მქადაგებელნი ცდილობდნენ სიკვდილის წინა ნათლობა წარმოეჩინათ ყველაზე მუქ ფერებში და აგრეთვე ესწრაფოდნენ გაეღვივებინათ კათაკმევლების ცნობისმოყვარეობა იმაზე მინიშნებებით, რომ ნათლობის შემდეგ მათთვის შესაძლებელი გახდებოდა მორწმუნეთა საიდუმლოებაში - ევქარისტიაში - მონაწილეობის მიღება.
ანტიოქიაში, ისევე როგორც სხვა ეკლესიებში IV საუკუნეში, მრავალი კათაკმეველი გადადებდა ნათლობას განუსაზღვრელი დროით, ხშირად სიკვდილის სარეცელამდე. ამ გარემოების ორი მთავარი მიზეზი არსებობდა. პირველი მიზეზი მდგომარეობდა იმაში, რომ ზოგიერთი წარმართი ნათლობაში ინდულგენციას ხედავდა, რადგანაც მასში იღებდნენ გასული ცხოვრების ყველა ცოდვის მიტევებას. მეორე მიზეზი პირდაპირ კავშირში იყო პირველთან და ეს თავშიც იყო ნახსენები. ბევრი კათაკმეველი ვერ ბედავდა ნათლობას, რადგან ეშინოდათ უკვე ნათლობის შემდეგ არ ჩაედინათ მძიმე ცოდვა. გავრცელებული შეხედულების თანახმად, ერთი და იგივე დანაშაული ნათლობამდე ნაკლებ სასჯელს იმსახურებდა, ვიდრე ნათლობის შემდეგ. როგორც წმ. იოანე ოქროპირი ასწავლიდა ნათლობის შემდეგ ჩადენილი ცოდვის ბრალი ორმაგდება ან სამმაგდება [7]. უნდა აღინიშნოს, რომ მონანიების ძველი პრაქტიკა, შემორჩენილი იმ დროიდან, როდესაც ქრისტიანები წარმართულ საზოგადოებაში უმნიშვნელო უმცირესობას წარმოადგენდნენ, მკაცრი იყო და გულისხმობდა ცოდვების აღიარებას მთელი კრებულის წინაშე.
ამასთან, ზოგი რიგორისტი ასწავლიდა ე.წ. მეორე მონანიების შეუძლებლობას, ანუ ნათლობის შემდეგ მძიმე ცოდვის მონანიების შეუძლებლობას. III საუკუნის შუა ხანებში დასავლეთის ეკლესიაში განხეთქილებაც კი მოხდა, რომლის შედეგადაც რიგორისტების მნიშვნელოვანი პარტია, რომაელი პრესვიტერის ნოვაციანეს მეთაურობით, გამოეყო ელესიას. IV საუკუნის ბოლოს ნოვაციანელებს, რომლებიც არ უშვებდნენ მეორედ მონანიებას, ბევრი მიმდევარი ჰყავდა ანტიოქიაში. ნოვაციანელების განხეთქილების აღმოფხვრა მოხერხდა V საუკუნეში, თუმცა, მხოლოდ ნაწილობრივად.
ნათლობის გადადებას ხელს უწყობდა ორი პოპულარული ცდომილება, რომლებიც ზემოთ იყო ნახსენები, და მათთან დაკავშირებული ორი უკიდურესობა: კათაკმევლების ქცევაზე კონტროლის უქონლობა და სიმკაცრე მორწმუნეთა მიმართ. ქრისტიანი კატეხიზატორის წინაშე უკიდურესად რთული პრაქტიკული ამოცანა იდგა - ამ საკითხებში მას უნდა შეენარჩუნებინა ოქროს შუალედი, არ უნდა დაეშვა მორწმუნეების სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა და ღვთის მოწყალების დავიწყება და აგრეთვე კათაკმევლებისთვის მოეწოდებინა, არ გადაედოთ ნათლობა განუსაზღვრელი დროით.
მუდმივი კათაკმევლების მდგომარეობა ეკლესიაში მეტად არაერთგვაროვანი იყო. ერთის მხრივ, არ შეიძლებოდა მათი წარმართებად მიჩნევა. მეორე მხრივ, წმ. იოანე ოქროპირის შენიშვნის თანახმად, კათაკმევლებსა და მორწმუნეებს ვერ ექნებოდათ ნამდვილი სულიერი ძმობა, რადგან კათაკმეველებს ჯერ არ შეუსრულებიათ სატანისგან განდგომის წესი. კათაკმევლები, მორწმუნეთაგან განსხვავებით ღმერთს მამად ვერ უწოდებდნენ, რადგან ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ ღმერთის მიერ შვილობილნი ნათლობაში [8]. „მამაო ჩვენო“ აღმოსავლეთში, ისევე როგორც დასავლეთში იყო მორწმუნეთა ლოცვა, რომელშიც კათაკმევლებს წილი არ ჰქონდათ. მოუნათლავი ადამიანი, თუნდაც ასკეტურად ეცხოვრა, ვერ იქნებოდა მორწმუნის ნამდვილი ძმა [9].
მათ, ვინც ცოდვას აგრძელებს და ნათლობას ბოლო დრომდე გადადებს, ოქროპირი აფრთხილებს, რომ სიკვდილი შეიძლება უეცრად მოვიდეს და ადამიანი ღმერთთან ცოდვების შენდობის გარეშე მივა. თვითონ ოქროპირის პრაქტიკაში მრავალი ასეთი შემთხვევა იყო [10]. ცნობილია, რომ იმპერატორი ვალენტინიანე მოკვდა ნათლობის გარეშე იმის გამო, რომ საამისოდ სასწრაფოდ გამოძახებულმა ეპისკოპოსმა, ამბროსი მედიოლანელმა, ვერ მოასწრო მასთან დროულად მისვლა. ხშირად სიკვდილის პირას მყოფი ავადმყოფი ინათლებოდა ნახევრად უგონო მდგომარეობაში. ის ვერც სატანისგან განდგომას წარმოთქვამდა გარკვევით, ვერც ქრისტეს ერთგულების ფიცს, ვერც მრწამსს. თავის ერთ-ერთ საკათაკმევლო ქადაგებაში წმ. იოანე ოქროპირი ადარებს წინასასიკვდილო და საეკლესიო ნათლობას და უჩვენებს მათ შორის არსებულ კონტრასტს:
და თუმცა მადლი ერთია, მაგრამ არც არჩევანი და არც მომზადება არ არის ერთი. ისინი სარეცელზე ინათლებიან, თქვენ კი ნათლობას იღებთ ჩვენი საერთო დედა ეკლესიის წიაღში; ისინი ნათლობას იღებენ ცრემლითა და გოდებით, მაშინ როდესაც თქვენ ინათლებით სიხარულსა და მხიარულებაში; ისინი ოხრავენ, მაშინ როდესაც თქვენ მადლობთ; მათ ციებ-ცხელება აშეშებთ, თქვენ კი სულიერი აღფრთოვანებით ხართ აღვსილნი [11].
ოქროპირის ზუსტი შენიშვნის თანახმად, სიკვდილის წინ ნათლობის მიმღები ემსგავსება გლადიატორს, რომელიც ამფითეატრის არენაზე იმ მომენტში გამოვიდა, როდესაც წარმოდგენა დასრულდა, მაყურებლები ადგნენ და აპირებენ სახლებში წასვლას [12]. მქადაგებელთა მჭევრმეტყველური მოწოდებების მიუხედავად, IV საუკუნის ეკლესიაში რჩებოდა ბევრი ე.წ. მუდმივი კათაკმეველი, ანუ თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ნომინალური წევრი.
მაგრამ ადრეული საუკუნეების ნომინალური წევრობა უკეთეს მდგომარეობად წარმოჩინდება იმასთან შედარებით, რაც თანამედროვე ქრისტიანების დამოკიდებულებას წარმოადგენს ნათლობის საიდუმლოს მიმართ. ეკლესიამ ადრეულ პერიოდშივე განსაზღვრა და დაასაბუთა ნათლობის აუცილებლობა ადრეულ ასაკში (კართაგენის კრება), მაგრამ ის რეალობა, რაც ჩვენს გარშემო ხდება - სრული პროფანირებაა ნათლისღების უდიდესი საიდუმლოსი. ჩვენში ყველა მიზეზით ინათლებიან: ტრადიციისთვის, ქეიფისთვის, დამოყვრებისთვის, პატრიარქის ნათლიობისთვის და ა.შ. მაგრამ მთავარი მოტივაცია „ქრისტეს შემოსვა“ და მისი შედგომა - ეს რამდენად გააზრებული აქვს თანამედროვე ქართველს - ამის თქმა ძალიან ძნელია. ჩემთვის იმ ადრეული საუკუნეების კათაკმევლების (რომლებსაც უფრო მეტი ესმოდათ და სწამდათ ქრისტესი, ვიდრე საქართველოს ეკლესიის თანამედროვე მორწმუნეებს) მდგომარეობა და მოტივაცია უფრო გასაგებია (ქრისტიანობაში ცოდვების ჩადენის შიში და ამიტომ ნათლობის მიმართ პრაგმატული დამოკიდებულებები), ვიდრე იმ თანამედროვე ადამიანებისა, რომლებმაც გადაწყვიტეს ნათლობა ტრადიციის გამო, ასევე ტრადიციის გამო შეარჩიეს ტრადიციული ნათლიები (რომლებიც გაგებაში არ არიან რა არის ქრისტიანობა) თანაც შეძლებული (ოქროს ჯვრის ყიდვა მაინც რომ შეძლონ), აგრეთვე ტრადიციის გამო „კარგი“ ნათლიების შერჩევა ხდება, რათა „კარგი“ რაღაცეები „დაანათლონ“ თავიანთ ნათლულებს და ა.შ.
ამ სამწუხარო რეალობის გათვალისწინებით, უმჯობესი იქნება საქართველოს ეკლესიამ აღადგინოს აწ უკვე ნომინალურად არსებული კათაკმევლების ინსტიტუტი და ეკლესიის წევრებად მიიღოს ის ადამიანები, ვისაც მინიმალური კატეხიზატორული განათლება ექნება გავლილი, აგრეთვე პატარა ბავშვები არ მოინათლონ მანამდე, სანამ მათი მშობლები და ნათლიები მინიმალურ ქრისტიანულ ცოდნას არ დაეუფლებიან, რადგან გამოირიცხოს ნათლისღების ყოველგვარი სხვა მოტივაცია. ყველა სხვა შემთხვევაში, გვეყოლება ბევრი ნომინალური ქრისტიანი და ძალიან ცოტა ქრისტიანი.
გამოყენებული ლიტერატურა:

- იხ. ტიმოთე ალექსანდრიელი. კანონიკური პასუხები. 4.2. გრიგოლ ნაზიანზელი (ქადაგებანი. 40.28) ურჩევს ჯანმრთელი ბავშვები მონათლონ სამი წლის ასაკში. გამონაკლისს წარმოადგენს კოპტური ეკლესია. უკვე 310 წლისთვის კოპტებს ჰქონდათ წესი ქრისტიან მშობელთა შვილები მოენათლათ დიდი მარხვის მეოთხე შაბათს. იხ. O.H.E. Khs-Burmester. The Bapismal Rite of the Coptic Church. 82-83.
- M. Dujarier. A History of the Catechumenate: The First Six Centuries. გვ. 79-84
- ევსები. კონსტანტინეს ცხოვრება 4.62. თეოდოსის შესახებ: სოკრატე. ეკლესიის ისტორია 7.4 იხ. H. Thurston. When Baptism was Delayed. 529-541.
- ელვირის კრება. კანონი 38.
- Иоанн Златоуст. Слово огласительное. 9,6; Слово на книгу Деняний апостолов 1:1-2. 1; Хроматий Аквиллевский. Слово 15.
- Григорий Назианзин. Проповеди. 40,24 / / PG 36.392; ср. Иоанн Златоуст. Слово на Деяния апостолов. 1.
- Златоуст. Слово на Деяния апостолов. 1; Слово на Евангелие от Иоанна. 25.3.
- სიტყვა მათეს სახარებაზე. 19.8 / / PG 57.280. შემთხვევითი როდია, რომ ლოცვა “მამაო ჩვენო” IV საუკუნეში ჩაირთო მორწმუნეთა და არა კათაკმეველთა ლიტურგიაში, რადგან მისი წარმოთქმა შეიძლებოდა მხოლოდ მორწმუნეთათვის და არა კათაკმეველთათვის.
- ოქროპირი. სიტყვა იოანეს სახარებაზე. 25.3; სიტყვა მათეს სახარებაზე. 74.1; სიტყვა ებრაელთა მიმართ ეპისტოლეზე. 25.7: “ბერიც კი, თუ ის კათაკმეველია, ვერ იქნება ძმა”. ასკეტი კათაკმევლების არსებობის თაობაზე ნეტარი ავგუსტინეც საუბრობს (მსჯელობანი იოანეს სახარებაზე. 4.12; 5.3). იხ. Derwas J. Chity. The Desert a City: An Introduction to the Study of Egyptian and Palestinian Monasticism under the Christian Empire. Crestwood: St Vladimir’s Seminary Press, 1966. gv. 48,61, sq. 23.
- Златоуст. Слово на Евангелие от Иоанна. 25.3; Слово на Послание к евреям. 13.9.
- Златоуст. Слово огласительное. 9.6.
- Златоуст. Слово на Деяния апостолов. 1.
No comments:
Post a Comment