წმ. მარიამ სკობცოვა მონაზვნობამდე, ნიკოლაი
ბერდიაევთან და სტეფან ცანკოვთან ერთად.
|
„თუ საბჭოთა ხელისუფლების მიერ შეწყნარებულ და აღიარებულ ეკლესიაში ამ ხელისუფლების მიერ აღზრდილი ახალი კადრები მოვლენ... თავიდან ისინი ხარბად დაეწაფებიან და შეისწავლიან სხვადასხვა თვალსაზრისს, გაიაზრებენ პრობლემებს, დაესწრებიან ღვთისმსახურებებს და ა.შ. რაღაც მომენტში კი, როდესაც თავს ნამდვილ ეკლესიურ ადამიანებად იგრძნობენ, ანტინომიური აზროვნებისათვის სრულიად მოუმზადებლები, იტყვიან: მოცემული საკითხის შესახებ რამდენიმე შეხედულება არსებობს. რომელია მათგან ჭეშმარიტი? რადგან ერთდროულად რამდენიმე აზრი ჭეშმარიტი ვერ იქნება და თუ რომელიღაც მათგანი ჭეშმარიტია, მაშინ დანარჩენები უნდა ამოიძირკვოს, როგორც ცრუ აზრები. თავიდან ისინი შეეკითხებიან ეკლესიას, რადგან მიაწერენ მას მათთვის ჩვეულ უცდომელობას, მაგრამ მალე თვითონ დაიწყებენ საუბარს ეკლესიის სახელით, რადგან უკვე თვითონ არიან ეკლესიის უცდომელობის განსახიერება. თუ ისინი გულისგამაწვრილებელი და განუსაზღვრელი მარქსისტული მსოფლმხედველობის სფეროში ერესომანიის ვნებით იყვნენ შეპყრობილი და მოწინააღმდეგეებს ანადგურებდნენ, მართლმადიდებლური სწავლების სფეროში უფრო გაძლიერებულად დაიწყებენ ერესების ამოძირკვას და უფრო მეტად გახდებიან ორთოდოქსულობის დამცველები. ანუ, ხუმრობით რომ ვთქვათ, პირჯვრის არასწორად გამოსახვისათვის დაგვაჯარიმებენ, ცოდვების აღსარებაზე უარის თქმისათვის სოლოვკების ბანაკებში გადაგვასახლებენ, ხოლო თავისუფალი აზრისათვის კი სიკვდილს მოგვისჯიან. აქ ვერავითარი ილუზია ვერ გვექნება. რუსეთში სახელმწიფოს მიერ ეკლესიის აღიარებისა და მისი შინაგანი წარმატების ზრდის შემთხვევაში მას არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ეყოლება სხვა კადრები, გარდა უკრიტიკო, ავტორიტეტის დოგმატური გაგების სულისკვეთებით აღზრდილი ადამიანებისა. ეს კი ნიშნავს, რომ თავისუფლება მრავალი წლის განმავლობაში ჩაკვდება და იქნება ახალი სოლოვკები, ციხეები და ტყვეთა ბანაკები მათთვის, რომლებიც ეკლესიაში თავისუფალი აზრის მომხრენი არიან. ეს კი ნიშნავს, რომ იქნება ახალი დევნა, იქნებიან ახალი მოწამეები და აღმსარებლები.
ასეთი პერსპექტივა შეიძლებოდა სრული სასოწარკვეთილების მიზეზი გამხდარიყო, თუ მის პარალელურად არ გვწამს, რომ ნამდვილი, ქრისტესმიერი ჭეშმარიტება ყოველთვის თავისუფლებასთანაა კავშირში, რომ „საშინელ სამსჯავრომდე“ თავისუფლება ბოლომდე არ გაქრება ეკლესიაში და რომ ამქვეყნად ჩვენს ყოფნას ამ არნახულ თავისუფლებაში, პროვიდენციალური ხასიათი აქვს და გვამზადებს განსაცდელში მედგრად დგომისა და ღვაწლისათვის.“
მოხსენება წაკითხულია პარიზში - 1936 წ.
No comments:
Post a Comment