Sunday, July 27, 2014

მტერთან მშვიდობიანი დამოკიდებულებისათვის - წმ. იოანე ოქროპირი

მტრის მიმართ მშვიდობიანი დამოკიდებულება მგელს კრავად გადააქცევს, მისი მრისხანების ქურას უხვად დანამავს, ქარიშხალს დაამშვიდებს და მისი განძვინების ალს სრულებით ჩააქრობს. ჩვენი მშვიდი სიტყვები გულის სიღრმეში ჩასწვდება და მისგან არა მარტო რისხვას განდევნის, არამედ განაწყობს გულში სითბო და თანალმობა შეიწყნაროს. როგორც ღამით ხშირად მეგობარს ახლოდანაც ვერ ვცნობთ, ხოლო დღისით მისი შეცნობა შორ მანძილზეც არ გვიძნელდება: ჩვეულებრივ, მტრობაშიც ასე ხდება. ვიდრე ჩვენს შორის მტრობაა, ხმაც სხვაგვარად ჩაგვესმის და სახესაც გონებაარევით ვუყურებთ; ხოლო როგორც კი მრისხანებას განვაგდებთ, მაშინ აქამდე საძულველი და საზარელი ხმა რბილად და ფრიად სასიამოვნოდ გვეჩვენება. საძულველი და საზიზღარი სახეც სანდომიანი და სასურველი ხდება. ასევეა უამინდობაშიც: ცის სილამაზეს ღრუბლების გროვა ფარავს და მზერა ფრიად მახვილიც რომ გვქონდეს, ზეცის ნათელს ვერ ვიხილავთ. მათ მზის სხივების სითბო განჭოლავს, მზე გამოჩნდება და მაშინ კვლავ ვხედავთ ცის სიმშვენიერეს. მრისხანების წუთებში ჩვენც ასევე გვემართება: მტრობა ჩვენს თვალებსა და ყურთასმენას სქელი ღრუბელივით მოადგება, ხმაც და სახეც სხვაგვარად გვეჩვენება. მაგრამ როდესაც ადამიანი სიბრძნეს მოუხმობს და მტრობას განდევნის, მწუხარების ღრუბელსაც გაფანტავს და მაშინ ყოველივეს მიუკერძოებლად გაიგონებს და დაინახავს.

ამგვარად, იმაზე ნუკი ზრუნავ მტერს სამაგიერო რით გადაუხადო, არამედ იმაზე იფიქრე, რით უწამლო, სიმშვიდე როგორ დაუბრუნო და იქამდე ნუ დაცხრები, ვიდრე მის სისასტიკეს სიმშვიდით არ დაამარცხებ. არაფერია სიმშვიდეზე მძლავრი. ამაზე სიტყვები მიგვითითებს: „ენა ლბილ შემუსრავს ძვალთა“ (იგავ. 25, 16). ძვალზე უფრო მტკიცე რა არის? მაგრამ მასავით კერპ და სასტიკ ადამიანს ადვილად დაამარცხებს ის, ვინც მას მშვიდად მიმართავს. „სიტყჳს-გებითა შევრდომილითა გარემიიქცეს რისხვაჲ“ (იგავ. 15, 1). აქედან ცხადია, მტერზე უფრო მეტად მისი განრისხებაც და დამშვიდებაც შენ ხელგეწიფება. ჭეშმარიტად, მრისხანების ცეცხლის ჩაქრობაც და აღგზნებაც ჩვენზეა დამოკიდებული და არა მათზე. ბრძენი ამას სრულიად მარტივი მაგალითით გვიხსნის: „უკეთუ შეჰბერო ნაბერწყალსა ზედა, აღეგზნეს, და უკეთუ შეჰნერწყო მას ზედა, დაშრტეს, ხოლო ორნივე პირისაგან შენისა გამოვალნ“ (ზირ. 28, 12). ასევეა მოყვასთან მტრობის შემთხვევაშიც: თუკი ლაპარაკს თავხედურად და ქედმაღლურად დაუწყებ, მასში ცეცხლს აღანთებ, ნაკვერცხალს გააღვივებ; ხოლო თუ მშვიდად და ალერსით ისაუბრებ, მაშინ მრისხანებას იქამდე ჩაახშობ, ვიდრე აღენთებოდეს. შენზეა დამოკიდებული მრისხანება აღენთება თუ ჩაცხრება, ისევე, როგორც ინთება ან ქრება ნაპერწკალი. როდესაც მტერს დაინახავ ან მოგაგონდება მან რამდენი უსიამოვნება შეგამთხვია, ეცადე ეს ყველაფერი დაივიწყო. თუკი მაინც გაგახსენდება, ამაში ეშმაკი დაადანაშაულე და ის გაიხსენე, რაც მას შენთვის კეთილი უთქვამს ან გაუკეთებია. თუკი ყურადღებას ამაზე შეაჩერებ, მტრობას მალევე შეწყვეტ; ხოლო თუკი აპირებ მტერი ამხილო და მასთან საქმე გაარკვიო, იქამდე ვნება განაგდე, მრისხანება ჩააცხრე და მხოლოდ ამის შემდეგ გაარკვიე და ამხილე; მაშინ მას ადვილად დაამარცხებ. რამეთუ მრისხანების ჟამს ჯანსაღს ვერაფერს ვიტყვით და ვერც შევისმენთ. ხოლო ამ ვნებისაგან განთავისუფლებულნი საწყენ სიტყვას თვითონაც არ ვიტყვით და არც მოგვეჩვენება, რომ სხვები რაიმე საწყენს ამბობენ. ჩვეულებრივ, აღგვაგზნებს არა სიტყვის არსი, არამედ ის, რომ მტრულად ვართ განწყობილნი. ხშირად, როდესაც იგივე შეურაცხმყოფელ სიტყვებს მეგობრები ან პატარა ბავშვები ხუმრობით და მხიარული განწყობით გვეუბნებიან, არათუ უსიამოვნოს ვერაფერს ვგრძნობთ, არამედ ვიღიმებით და ვიცინით კიდეც. ეს იმის გამო ხდება, რომ არ ვისმენთ გულმოსულნი და განრისხებულნი. ამგვარად, თუკი მრისხანებას ჩააცხრობ და მტრობას განაგდებ, არც ერთი სიტყვა და არა მარტო სიტყვა, არამედ საქმეც არ გაგანაწყენებს. ახსნა-განმარტებისას მტერს ნუკი დაადანაშაულებ, არამედ გაამართლე, რათა აიძულო თავი თვითონ დაიდანაშაულოს. ამჯერად საეჭვო არც ბრალდება იქნება და დამნაშავე სრულებით შეწყვეტს მტრობას. მტერს შეიძლება შენს კეთილ საქმეებზეც ელაპარაკო, თუკი აქედან სარგებელს ჰპოვებ. ვინც უმიზეზოდ გამოაჩენს და გამოაცხადებს მათ, ის არაფრით სჯობს მგმობელ ადამიანს. ხოლო ვინც ამას იმისთვის იქმს, რომ მის საწინააღმდეგოდ განწყობილი ადამიანი გადაარწმუნოს, ის მასზე მზრუნველი და მისი კეთილისმყოფელი გახდება. ამგვარად, აქედან გასვლის შემდეგ ყველგან მიმოვიაროთ და თითოეული შევიცნობთ რა ჩვენს მტრებს, შემოვირიგოთ და ჩვენს მეგობრებად გადავაქციოთ. თუ საჭირო გახდება, პატიებაც ვთხოვოთ, ბოდიშიც მოვუხადოთ. ნურც ამაზე ვიტყვით უარს, თუნდაც თავად ვიყოთ მათზე ნაწყენი. სამაგიეროდ უდიდეს ჯილდოს მივიღებთ, უდიდეს კადნიერებას მოვიპოვებთ და ცათა სასუფეველსაც უეჭველად დავიმკვიდრებთ.

No comments:

Post a Comment