Monday, July 7, 2014

ჭეშმარიტი მოძღვარი - წმ. მღვდელმთავარი გაბრიელ ქიქოძე

შემოდგომის ცივი დღე იყო. ცა სქელი ღრუბლით იმოსებოდა, გზის პირად ატეხილი ჩამობურული ტყე ბურუსით იყო მოცული. დრო-გამოშვებით თვალ-უწვდენელ ხეების ტოტებსა და წვეროებს ძლიერი ქარი დაეტაკებოდა და მაშინ მდინარის მთელ ხეობას გრიგალის ზუზუნი მოედებოდა; როცა ქარი ჩავარდებოდა, არემარე ისე დაწყნარდებოდა, რომ მცირედი ხმაურობაც კი ყურს არ გამოეპარებოდა.

ამ დროს ლეჩხუმის შარაზე იმერეთის ეპისკოპოსი სვანეთიდგან მობრძანდებოდა. მთელი ზაფხული ამ მიყრუებულს კუთხეში გაეტარებია, ხალხი დაერიგებია, ქრისტეს მოძღვრება ექადაგა, და გულდამშვიდებული ქუთაისისკენ მოეშურებოდა. კრებული მთის წყაროზე შეჩერებულიყო, და მთვდელმთავარს კი ცხენისათვის სადავე მიეშვა და, ღრმა ფიქრებით გატაცებული, მხოლოდ შარას დასჩერებოდა და წინ მიდიოდა. არქიელი წყაროს კარგა მანძილზე მოშორებოდა, როცა მას უეცრად ტყიდან რაღაც ხმაურობა მოესმა; რამდენისამე კაცის ყვირილს დამბაჩის სროლაც მოჰყვა. მღვდელმთავარმა პირჯვარი გადაიწერა და სადავე ხელში მოიმარჯვა. "შეჩერდი, ვინცა ხარ, შეჩერდი, თორემ ახლავე გაგათავებო!" მოესმა მას, და მშვიდს მგზავრს ახალგაზრდა ავაზაკი წინ გადაეღობა და გასაცარცვათ მივარდა.

ეპისკოპოსი არ აღელდა და ავის მომქმედს ლმობიერად მიმართა: "შვილო, მე სიკვდილისა არ მეშინია, მოცემითაც ვერას მოგცემ, თან ახლა არაფერი მაქვს; მხოლოდ გლოცავ შენ მღვდელმთავარი გაბრიელ" - ჯვარი გადასახა და დასძინა: "ვინ დაიდვა შენი ცოდვა, ვინ გაგხადა ავაზაკად ასეთი ახალგაზრდა ადამიანი?"

მგზავრის სახელმა, მისმა გულის სიწრფოებამ და ლმობიერებით აღსავსე სიტყვებმა ავაზაკს თავზარი დასცა; იგი გაშეშდა, სახე შეეცვალა, თითქო ნატრობდა - გასკდი, დედამიწავ, და ეხლავე ქვესკნელში ჩამიტანეო. მღვდელმთავარი ჩამოხტა, ახალგაზრდა ავაზაკს მხარზე ხელი მოხვია და ასე ანუგეშებდა: "მითხარ, შვილო ვინა ხარ და საიდან? ეგებ ღმერთმა შემაძლებინოს და გიშველო, შეგეწიო რითიმე, რომ კარგი ადამიანი შეიქმნე".

ავაზაკი მღვდელმთავარს ხელზე სამთხვევად მივარდა და თან აკანკალებულის ხმით წარმოთქვა: "მე რაღა მიშველის, მღვდელმთავარო?!... ვიცი, რომ სულითაც და ხორცითაც დაღუპული ვარ, მაგრამ მაინც მოგახსენებ ჩემს უბედურებას: სკოლაში მიმაბარეს, ცუდმა ამხანაგებმა ამიყოლიეს, ქეიფსა და უხეიროდ დროს გატარებას შემაჩვიეს, ვერაფერი შევიგნე, ვერაფერი შევითვისე, და დამითხოვეს. მშობლებმა სკოლიდან დათხოვნილი აღარ მიმიღეს, სახლიდან გამომაგდეს და, აბა, ავაზაკობის მეტი რაღა დამრჩებოდა!"

არქიელი დაღონდა, რამდენსამე წამს გაჩუმებული იდგა, შემდეგ ავაზაკს თვალებში ჩააცქერდა და ლმობიერად უთხრა:

- მოდი, შვილო, ქუთაისს, პირდაპირ ჩემთან მოდი, დაგეხმარები ყოველნაირად, კარგს მასწავლებელს გიშოვნი: ყველაფერს გაგაგებინებს. თანახმა ხარ, თუ არა?
- განა შეიძლება, ბატონო, რომ მე კარგ ადამიანებში გავერიო?
- ღმერთი მოწყალეა, შვილო, რატომ არა? აბა, ჩემი რჩევა აასრულე და მაშინ მაგ კითხვის პასუხს შეიტყობ.

გავიდა რამდენიმე ხანი. 1896 წელს გაბრიელ ეპისკოპოსი გარდაიცვალა. ეს სამწუხარო ამბავი მთელს საქართველოს გლოვის ზარივით მოეფინა. იშვიათია იმერეთში ისეთი სოფელი, სადაც გაბრიელ ეპისკოპოსი არ ყოფილიყოს, არ ექადაგნოს, მცხოვრებთათვის კურთხევა და დარიგება არ მიეცეს. დაუღალავს ქრისტეს მოციქულს ყველგან აღმერთებდნენ და ასეთის ადამიანის სიკვდილმა ყველა ღრმად დააღონა, ყველას წელი მოსწყვიტა.

ერთს მიუვალ ხეობაში არის მიყრუებული სოფელი. აქ ახლად აშენებული სკოლაა, სადაც ორმოციოდე ყმაწვილი სწავლობს. ამ სკოლაში ერთი ახალგაზრდა მასწავლებელი მოღვაწეობს. იგი ბეჯითად და გულმოდგინედ ასწავლის პატარებს და თან ცდილობს, დიდებსაც მიაწოდოს გონებითი საზრდო, ცდილობს ამ ბნელითმოცულს სოფელს განათლების სხივი მოჰფინოს.

სწავლის დღე იყო; შესევენების დროს მასწავლებელს ბავშვები ეზოში გამოეყვანა და ათამაშებდა. აი, სწორედ ამ სასიამოვნო წამს მოსწავლეებთან თამაშში გართულს მასწავლებელს გაბრიელის გარდაცვალების ამბავი უეცრად მოუვიდა. მასწავლებელი საშინლად შეწუხდა, გაშეშდა; თამაშობა მაშინვე მიატოვა. პატარები გაკვირდნენ, მასწავლებელი რომ ასე უცებ ცუდ გუნებაზე შეიქნა; გარს შემოეხვიენ და მიზეზის კითხვას ვერ ახერხებდნენ. მასწავლებელი ცოტა ხანს შემდეგ თითქო გონზე მოვიდა, ყმაწვილებს თვალი გადაავლო და წარმოსთქვა: "დღეს ვეღარ გასწავლით, - მწუხარებამ ისე შემიპყრო, რომ ახლა აღარაფრის გაკეთება არ შემიძლია. საქართველოს დაკარგვია მისი ოქროპირი, მისი სასიქადულო მოძღვარი და მასწავლებელი, - იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელ გარდაიცვალა. იგი ყველასი ღვთისნიერი მამა იყო, მაგრამ ჩემი კი" ... აქ რაღაც უნდოდა ეთქვა კიდევ, მაგრამ ცრემლები მოერია და ხმის ამოღება ვერ შეიძლო. ბავშვები დაღონებულნი და დაფიქრებულნი თავ-თავის სახლისაკენ წავიდენ. თვალცრემლიანი მასწავლებელი სვეტივით იდგა სკოლის ეზოში, ვიდრე უკანასკნელი მოწაფე იქაურობას არ განშორდა. ეზოდან ოთახში დაბრუნდა. აქ კედელზე გაბრიელის სურათი ეკიდა, მიაჩერდა მას, დიდხანს უყურა და ცრემლმორეულმა ამოიკვნესა: "ჩემო მხსნელო, ჩემო მკვდრეთით აღმდგენელო, აღარა მყავხარ!"... და ქვითინი მორთო. შემდეგ სურათს ემთხვია და შეჰფიცა: "სანამ სული მიდგია, გეფიცები, ჩემო მხსნელო, საწყალ ხალხს თავდადებით ვემსახურო და გზა-დაბნეული სწორ გზაზე დავაყენო".

ეს იყო ის ახალგაზრდა, ეპისკოპოსს რომ ლეჩხუმის შარაზე გაცარცვას უპირებდა.

იაკობ გოგებაშვილი - "ბუნების კარი". თბ. 1912, გვ. 415-418

წმიდა მღვდელმთავარი - გაბრიელ ეპისკოპოსი იმერეთისა (სერიიდან "ქართველი წმიდანები"). საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა. ილია თავბერიძე 2006. გვ. 121-123.

No comments:

Post a Comment