Saturday, August 23, 2014

იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი, როგორც პედაგოგი - იაკობ გოგებაშვილი

გერასიმე ქიქოძე, ბერობაში გაბრიელი, დაიბადა დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის პირას და წარმოშობით ეკუთვნის სასულიერო წოდებას. სემინარიული განათლების შემდეგ, რომელიც დაიწყო თბილისში და დამთავრდა პეტერბურგში, ის შევიდა პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში, რომელიც დაამთავრა ერთ-ერთ პირველ მაგისტრად. პირდაპირ, სასკოლო სკამიდან, 1849 წელს ის დანიშნულ იქნა თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორად, მაგრამ სამშობლოში ჩამოვიდა არა მარტოკა, არამედ ახალგაზრდა ცოლთან, მაშინდელი პეტერბურგის მთავარეპისკოპოს ვლადიკინის ქალიშვილთან ერთად, რომელიც, როგორც ჩანს, სიყვარულით შეირთო. შეუდგა თუ არა ინსპექტორის თანამდებობის შესრულებას, მან გააუქმა დისციპლინის ყველა წვრილმანი წესი, უფრო ნათლად, მკვეთრად და კატეგორიულად განსაზღვრა კეთილგონივრული ყოფაქცევის მნიშვნელოვანი და არსებითი წესები, რომელთა შესრულებას ის მთელი მგზნებარებით მოითხოვდა. კეთილი, ჯანსაღი და ზნეობრივი ცხოვრების საუკეთესო საშუალებად ის თვლიდა გონებრივი და ფიზიკური შრომის ერთმანეთთან შენაცვლებას. ამ წესს ის თვითონაც მკაცრად იცავდა. თავის ინტენსიურ გონებრივ შრომას ის ცვლიდა შეშის დაჭრით, რასაც ყოველდღე მიმართავდა რეგულარულად, განსაზღვრულ საათებში. მოსწავლეები ბაძავდნენ თავიანთ ინსპექტორს და თვითონაც ხშირად ჭრიდნენ შეშას, მონაწილეობდნენ სამეურნეო სამუშაოებში და ამით უმსუბუქებდნენ მსახურთ ფიზიკურ შრომას.

წინათ თამაშობას სემინარიაში უყურებდნენ როგორც გარდუვალ ბოროტებას და ყოფაქცევის მხრივ მაღლა აყენებდნენ იმ მოსწავლეებს, რომლებიც თამაშობაში სრულებით არ მონაწილეობდნენ და თავი მოჰქონდათ მშვიდ და უწყინარ არსებად.

გერასიმე ქიქოძემ სულ სხვა თვალსაზრისი დაამყარა. ის თამაშობას თვლიდა უცილობლად სასარგებლო მეცადინეობად არა მარტო სხეულისათვის, არამედ სულისთვისაც, და ეჭვით უყურებდა იმ აღსაზრდელებს, რომლებიც უქმად ატარებდნენ დროს, როცა მათი ამხანაგები მხიარულად თამაშობდნენ სემინარიის ეზოში. ყოველდღე, ნასადილევს, რამდენიმე საათის განმავლობაში ეს ეზო წარმოადგენდა ფრიად მრავალგვაროვან, მაგრამ სავსებით წესიერ თამაშობათა ასპარეზს და ჰაერში გაისმოდა მოთამაშე ბავშვთა თავისუფალი წკრიალა ხმები. ინსპექტორი ამ დროს ან შეშას აპობდა მოთამაშეთა ახლოს, ანდა აივნიდან უყურებდა ბავშვებს, აქებდა იმათ, ვინც თამაშობაში უფრო მეტ მოხერხებულობასა და ღირსებას იჩენდა. ყველასთვის ცნობილ, მკაცრად განსაზღვრულ მომენტში სემინარიის ეზოში თამაშობა წყდებოდა, სრული სიწყნარე მყარდებოდა და მოსწავლეები კვლავ იწყებდნენ მეცადინეობას. რამდენიმე ხნით თამაშობა კვლავ ტარდებოდა ვახშმის შემდეგ, განსაკუთრებით, ნათელ მთვარიან ღამეებში.

ამის შედეგად აშკარად შემცირდა ბავშვთა საიდუმლო ბიწიერებანი, რომლებიც ასე გავრცელებული იყო დახურულ სასწავლებლებში; შემცირდა აგრეთვე დაავადებათა რიცხვი, ბავშვები უფრო ჯანმრთელად გამოიყურებოდნენ; ძლიერ ამაღლდა მოსწავლეთა წარმატება. მოსწავლეთა წარმატების ამ ამაღლებას უმთავრესად ხელი შეუწყო მეცადინეობის ახალმა სისტემამ, რომელიც ახალგაზრდა ინსპექტორმა შემოიღო. მანამდე სასულიერო სასწავლებლებსა და სემინარიაში გამეფებული იყო გამოყეყეჩებული ზეპირობა, ზუთხვა. იშვიათად ესმოდა რომელიმე მოსწავლეს მექანიკურად გაზეპირებული გაკვეთილების შინაარსი. იშვიათად, თუ ვისმეს შეეძლო რამდენადმე მაინც თავისუფლად გამოეთქვა აზრი რუსულად, სემინარიის კურსის დასასრულს, 12-14 წლის სწავლების შემდეგაც კი. სახელმძღვანელოების შინაარსის მექანიკური, უაზრო გაზეპირება - აი, ასეთი იყო მაშინ თითქმის მთელი სწავლება. ზუთხვის აღმოსაფხვრელად ახალმა ინსპექტორმა შემოიღო შემდეგი რადიკალური ზომა. მან გამოუცხადა მოსწავლეებს, რომ მის საგნებში სახელმძღვანელოები არ შეეძინათ, გაკვეთილები კლასში არ ჩაეწერათ, არამედ ყურადღებით მოესმინათ მისი ახსნა-განმარტება კლასში და მასალა შეეთვისებინათ მისი სიტყვებით. ის გაკვეთილს ხსნიდა მთელი სიმარტივით, ზედმეტი სიტყვებისა და გამოთქმების გარეშე, გაიმეორებდა მას რამდენიმეჯერ და შემდეგ კი იმასვე გაამეორებინებდა საუკეთესო მოსწავლეებს, ვიდრე გაკვეთილი მთლიანად არ იქნებოდა შეთვისებული. გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ეს მოსწავლეები, თავის მხრივ, ვალდებული იყვნენ ისევ ცოცხალი სიტყვის საშუალებით აეხსნათ გაკვეთილების შინაარსი დანარჩენი ამხანაგებისათვის კლასში შესწავლილი მასალის სრულ შეთვისებამდე. თითოეული მერხის თავში, რომელიც იტევდა 7-8 მოსწავლეს, იჯდა ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე, რომელიც პასუხისმგებელი იყო თავისი ჯგუფის წარმატებისათვის. ამ სისტემამ, მართალია, მოითხოვა პროგრამის თითქმის სანახევროდ შეკვეცა, მაგრამ სამაგიეროდ ყოველივე მნიშვნელოვანს, ყოველივე არსებითს კლასი ითვისებდა მთელი შეგნებით, ნათელი, ცოცხალი გაგებით. განსაკუთრებით მშვენიერი გავლენა მოახდინა ამან ყურადღების აღზრდაზე, რაც სკოლის უპირველესი და უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს. მოსწავლეებმა კარგად იცოდნენ, რომ მასწავლებლის ცოცხალი სიტყვა ერთადერთი წყაროა გაკვეთილის შესათვისებლად, რომ სახელმძღვანელოებზე არ შეიძლება არავითარი იმედის დამყარება, ამიტომ ისინი სმენად და ყურადღებად იქცეოდნენ კლასში და ეჩვეოდნენ დაძაბული ყურადღებით ყოფილიყვნენ მთელი გაკვეთილის განმავლობაში... ცოცხალი სწავლების ეს ხერხი გადაიღო ზოგმა სხვა ახალგაზრდა მასწავლებელმაც და ძველი მკვდარი ზუთხვა გაუქმდა.

მანამდე ფიზიკაც კი სახელმძღვანელოების ზუთხვით ისწავლებოდა, ყოველგვარი ფიზიკური ცდის გარეშე, ვინაიდან სემინარიაში ფიზიკის კაბინეტი ჯერ კიდევ არ იყო. ქიქოძემ დაუყოვნებლივ დაიწყო ზრუნვა ფიზიკის ისეთი სრული კაბინეტის შესაძენად, რომლის მსგავსი მაშინ თბილისში არ იყო და რომლითაც დროგამოშვებით სარგებლობდნენ საერო სასწავლებლებიც კი.

მეტიც, შეძენილ იქნა ზოგიერთი ასტრონომიული ინსტრუმენტი, რომელთა დახმარებით ინსპექტორი, მაშინდელი რექტორის არქიმანდრიტ იზრაილის მონაწილეობით, სემინარიის აივნიდან საღამოობით აწარმოებდა ასტრონომიულ დაკვირვებებს.

სემინარიაში დაიწყეს აგრეთვე მიღება საუკეთესო საერო ჟურნალებისა, იწერდნენ უახლეს თხზულებებს ცოდნის სხვადასხვა დარგიდან, რის შედეგად გონებრივი საქმიანობა მოსწავლეთა შორის ფართოდ გაჩაღდა. ყოველ საღამოს სემინარიის აივანი წარმოადგენდა გაცხოველებული დავის ასპარეზს უფროსებსა და მასწავლებლებს შორის, რომლის დროს ახალგაზრდა ინსპექტორი ხშირად ამჟღავნებდა გურულ სიფიცხეს.

ეს გონებრივი საქმიანობა, რომელიც ხშირად მიმდინარეობდა მოსწავლეთა თვალწინ, ძალიან კეთილნაყოფიერ გავლენას ახდენდა მათზე და უღვიძებდა მათ ცნობისმოყვარეობას და ინტერესს გონებრივი შრომისადმი. ამასვე დიდად შეუწყო ხელი ქიქოძის ერთ-ერთმა რუსმა მეგობარმა ა. ა. პოზდნევმა, მსოფლიოს ისტორიის ბრწყინვალე მასწავლებელმა, უპატიოსნესმა და უკეთილშობილესმა პიროვნებამ, რომელიც ღრმა პატივისცემით სარგებლობდა როგორც ქართველების, ისე რუსების მხრივ.

ქიქოძის პიროვნების გავლენას მეტად შეუწყო ხელი აგრეთვე ერთმა თვისებამ, რაც უაღრესად დიდ კეთილ გავლენას ახდენდა აღსაზრდელთა ზნეობრივ მხარეზე. მისი სიტყვა და საქმე ყოველთვის ერთი იყო. ნამდვილი გულწრფელობა და სამართლიანობა ახასიათებდა ყველა მის ქცევას, მოქმედებას და მთელ მის ცხოვრებას. მის ბაგეს ერთი არამართალი სიტყვაც კი არასოდეს წამოსცდებოდა. ერთხელ, ერთმა მოსწავლემ იცრუა სემინარიის რექტორ არქიმანდრიტ იზრაილის წინაშე. რექტორი მოსწავლეს ეუბნებოდა: „როგორ არ გრცხვენიათ, ასე რომ ცრუობთ, აიღეთ მაგალითი თქვენი ინსპექტორისაგან, რომელშიც არავითარი სიყალბე არ არის“.

წინა წლებში აღსაზრდელები ხანდახან აჯანყდებოდნენ ხოლმე, უწესობას სჩადიოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ არა მარტო მასწავლებლებს, არამედ უფროსებსაც კი. ასე მაგალითად, სცემეს ინსპექტორ ათანასეს, რომელიც ამის შემდეგ რუსეთში გადაიყვანეს. ინსპექტორ ქიქოძის დროს ახალი წესრიგის დამყარების შედეგად კი სემინარიაში ეს უწესობანი სავსებით შეწყდა და კვლავ განახლდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მან დასტოვა ინსპექტორის პოსტი ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში საღვთო სჯულის მასწავლებლად გადაყვანის გამო, ხოლო სემინარიაში შეინარჩუნა მასწავლებლის თანამდებობა. ქიქოძის პირველი მოადგილე კი, რომელსაც სამმა თავზეხელაღებულმა მოსწავლემ უხერხულ ადგილზე წაასწრო, იძულებული იყო მიეცა მათთვის წერილობითი ვალდებულება, რომ არავის არ გარიცხავდნენ სემინარიიდან მათთან შეუთანხმებლად. ხოლო თუ რა გამხრწნელი გავლენა უნდა ჰქონოდა ამ ფაქტს სასწავლებელზე, ეს განუმარტებლადაც გასაგებია.

შემდგომ ინსპექტორს მკაცრად სცემა ერთმა მოსწავლემ, რომელიც დასტოვეს სემინარიაში, ნაცემმა ინსპექტორმა კი ინსპექტორის ადგილი დაკარგა და რუსეთში გადაიყვანეს სამონასტრო სამსახურში.

საერთოდ, გერასიმე ქიქოძის საინსპექტორო და სამასწავლებლო მოღვაწეობა, რომელიც ყოველთვის მიზნად ისახავდა მნიშვნელოვანს და არსებითს და არ ხურდავდებოდა წვრილმანებად, უაღრესად ნაყოფიერი იყო და ღრმა კვალი დასტოვა სემინარიაში. პირადად ის სარგებლობდა ყველა აღსაზრდელის დიდი მოწიწებითა და პატივისცემით, მიუხედავად მისი ერთი დიდი ნაკლისა: გურული სიფიცხის გამო ის ხანდახან დამნაშავე მოსწავლეს პირადად სასტიკად უსწორდებოდა და სჯიდა, რასაც ის სხვას არავის აპატიებდა.

კიდევ უფრო მეტი ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა ქიქოძემ საქართველოს მაშინდელი ეგზარქოსის, მისი მაღალი უსამღვდელოსობის ისიდორეს წინაშე, რომლის უახლოესი მრჩეველიც ის იყო.

ასევე ეპყრობოდნენ მას სემინარიის რექტორი, რუსი და ქართველი მასწავლებლები, გარდა ერთი შურიანი ქართველისა, უძლური, წმინდა გველური სიბოროტის მონისა; მხოლოდ იგი ვერ ამჩნევდა ამ ქვენა გრძნობებს ქიქოძის სახარბიელო გულისხმიერების წინააღმდეგ, რომელიც სხვას ყველას მკვეთრად ხვდებოდა თვალში, - ვერ ამჩნევდა იმიტომ, რომ თავისი თავის მიხედვით მსჯელობდა სხვებზე და სავსებით როდი იყო მოკლებული წვრილმანობასა და პატივმოყვარეობას.

სრული ოჯახური ბედნიერებით სარგებლობდა ქიქოძე დაახლოებით მხოლოდ ექვს წელიწადს. მალე მას მოუხდა დაესაფლავებინა საყვარელი ცოლი და სამი ბავშვი, რომელთა ნიჭი ანცვიფრებდა ყველას, ვინც კი მათ იცნობდა. ადვილი წარმოსადგენია, თუ რა დიდი იყო ქიქოძის მწუხარება, რომელმაც დაასამარა თავისი ოჯახური ბედნიერება ახალგაზრდობის წლებში. შეუძლებელია დავიწყება იმ უსიტყვო და ღრმა მწუხარების განსახიერებისა, როგორსაც წარმოადგენდა მღვდელი ქიქოძე, როცა იგი, სასომიხდილი და მკვდარი, იდგა სემინარიის ეკლესიაში ახალგაზრდა მეუღლის კუბოსთან. შეუძლებელია ასეთი სურათის დავიწყება: მისმა უფროსმა შვილმა, ხუთი წლის პეტიამ დედის, ძმისა და დის სიკვდილის შემდეგ, მთელი თავისი სიყვარული მამაზე გადაიტანა და მისთვის სწუხდა. როცა მამა გაკვეთილებზე იყო, პეტია მალულად მიდიოდა სახლიდან, მიირბენდა სემინარიაში, წყნარად შედიოდა კლასში, გაკვეთილის დამთავრებამდე ჩუმად იჯდა კარების ახლოს და თვალს არ აშორებდა მამას. მაგრამ მამამ ეს უკანასკნელი თავისი იმედიც დამარხა და საბოლოოდ დაობლდა.

ოჯახის დაკარგვაში მღვდელმა ქიქოძემ დაინახა განგების ხელი, რომელიც მას სულ სხვა, უფრო ფართო და ნაყოფიერი გზით წარმართავდა, რის გამო მალე აღიკვეცა ბერად საქართველოს მაშინდელი ეგზარქოსის ისიდორესა და ბევრ სხვათა გასახარებლად, რომელიც მას ახლოს იცნობდნენ და მასში ხედავდნენ საქართველოს ეკლესიის მომავალ მნათობს.

მიუხედავად თავისი 30-ზე ცოტა მეტი წლის ასაკისა და სამხრეთის მგზნებარე ტემპერამენტისა, ახალგაზრდა ბერმა, რომელიც ყოველთვის თავისი თავის სრული ბატონ-პატრონი იყო, თავიდანვე დაიწყო ისეთი მკაცრი უმწიკვლო ბერული ცხოვრება, როგორი სანიმუშო მეოჯახეც ის წინათ იყო. არქიმანდრიტმა ქიქოძემ, რომელიც განაგრძობდა თავის მეცნიერულ მუშაობას და ამთავრებდა თავის „ცდისეულ ფსიქოლოგიის საფუძვლებს“, მალე ეპისკოპოსობა მიიღო, საქართველოს ქორეპისკოპოსად (მაშინ 33 წლისა იყო) დაინიშნა, თავი მისცა უმთავრესად მქადაგებლურ მოღვაწეობას და თითქმის ყოველი წირვის დროს ისმოდა ძლიერებით, ტალანტითა და იშვიათი ცხოველმყოფელობით აღსავსე მისი ქადაგება.

ამასთან ერთად, ის დანიშნულ იქნა სამღვდელო და სადიაკვნო ადგილების მაძიებელთა გამომცდელად, რაც გამოიყენა ქართველი სამღვდელოების გონებრივი დონის ასამაღლებლად. მანამდე გამოცდები არც კი იყო, არამედ იყო მხოლოდ ძღვენი, რომელიც განაპირობებდა გამომცდელთა ნიშნებს. ადგილს ღებულობდა არა ის, ვინც მეტი იცოდა და უფრო ღირსი იყო, არამედ ის, ვისაც სახსრები ნებას აძლევდა მოეგო გამომცდელის გული.

გასაგებია, თუ რა გამხრწნელ გავლენას იქონიებდა ეს სამღვდელოებაზე, რა დამამცირებელი იქნებოდა. არქიმანდრიტმა გაბრიელმა შეიმუშავა არა რთული, მაგრამ ზუსტად განსაზღვრული საგამოცდო პროგრამა, რომელიც შეიცავდა მხოლოდ არსებითის შინაარსს; იგი მკაცრად მოითხოვდა ამ პროგრამის სრულსა და შეგნებულ ცოდნას. ამასთან ერთად, მან უჩვენა უფრო მოხერხებული და პრაქტიკული გზა ასეთი გამოცდისათვის მოსამზადებლად. ეს იყო ნასადილევს სემინარიის კლასებში ჩატარებული სამედავითნეო გაკვეთილები, რომლებსაც აძლევდნენ სემინარიის უფროსი კლასების საუკეთესო მოსწავლეები მცირეოდენი ჯილდოსათვის მედავითნეებისა და დიაკვნების მხრივ. ეს ჯილდო არ აღემატებოდა ძველი ძღვენის ღირებულებას, მაგრამ იძლეოდა საჭირო მომზადებას და არსებითი სარგებლობა მოჰქონდა სამღვდელოებისა და ხალხისათვის. ეს ღონისძიება სასარგებლო იყო სემინარიელებისთვისაც არა მარტო მატერიალური, არამედ გონებრივი მხრივაც; იგი აჩვევდა მათ საეკლესიო ამბების უბრალოდ და გასაგებად გადმოცემას, ჭეშმარიტ სარწმუნოებას და წარმოადგენდა საუკეთესო მოსამსაზედებლ სკოლას მომავალი სამრევლო მოღვაწეობისათვის. გადაჭრით უნდა ითქვას, რომ ვერც ერთი უღირსი ვეღარ ღებულობდა ადგილს, ვიდრე გამომცდელი იყო არქიმანდრიტი გაბრიელი, რომელიც გამომცდელად დარჩა საქართველოს ქორეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ. ასე ამაღლებდა, აცოცხლებდა და აუმჯობესებდა ის ყველაფერს, სადაც კი ხელი მიუწვდებოდა.

ეს ფაქტები ეპისკოპოს გაბრიელის ცხოვრებისა და მოღვაწეობისა იმერეთის კათედრაზე მის დანიშვნამდე, ახლანდელთან შედარებით უფრო მოკლედ და შემჭიდროებულად ნაამბობი მქონდა, მაგრამ მათ პროფესორებზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინეს. პროფესორებმა გაბრიელში დაინახეს მრავალმხრივი და ცნობისმოყვარე გონებით დაჯილდოებული, ჰუმანური გულისა და ძლიერი აქტიური ნაბისყოფის პიროვნება, აღჭურვილი ყველა მონაცემით ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის. ისინი განსაკუთრებით განაცვიფრა ღრმა სარწმუნოების შეთავსებამ მრავალმხრივ მეცნიერულ განათლებასთან, რაც ასე იშვიათ მოვლენას წარმოადგენს. მათ გადაწყვიტეს დაეწყოთ მასთან მიწერ-მოწერა ერთ-ერთი თავისიანის საშუალებით და, სხვათა შორის, შესთავაზეს მას დახმარება უცხო ენებზე დაწერილი საჭირო წიგნების მიწოდებით (ეპისკოპოსი გაბრიელი თავისუფლად ფლობდა ფრანგულ ენას, ესმოდა გერმანულიც თავისი მეცნიერული საქმიანობის დაუბრკოლებლივ განგრძობისათვის).

მაგრამ 1860 წელს იმერეთ-სამეგრელო-გურია-სვანეთის საეპისკოპოსო კათედრაზე დანიშვნის შემდეგ, რომელსაც მალე შეუერთდა აფხაზეთიც, ახალგაზრდა ეპისკოპოსის სამოღვაწეო სარბიელი ისე ფართო, რთული და ძნელი იყო, რომ მოითხოვდა მისი უხვად დაჯიდოებული ნატურის მთელი ძალ-ღონის დაძაბვას. მიუხედავად ამისა მან თავის მაღალ მოწოდებას ხელი მოჰკიდა მისთვის დამახასიათებელი კეთილშობილური გატაცებით და მთელი თავდადებით, ამასთან განაგრძობდა მეცნიერული საკითხების დამუშავებას, რაშიაც ის პოულობდა ჭეშმარიტ სიტკბოებას.

იმის მეოხებით, რომ განსვენებული მწყემსმთავარი 30 წლის დამოუკიდებელი საეპისკოპოსო მოღვაწეობის მანძილზე უხვად თესდა დასავლეთ საქართველოს მრავალრიცხოვან სამწყსოში მართლმორწმუნეობის, სახარების მაღალი ზნეობის, სასიცოცხლო ცოდნის თესლს, აგრეთვე მის მიერვე დაარსებული და კონტროლირებული მრავალრიცხოვანი სკოლების საშუალებით, დაუღალავი სამოციქულო ქადაგებით ქალაქებში, კიდევ უფრო ხშირად სოფლად, იმის მეოხებით, რომ იგი თავისი უმწიკვლო ცხოვრებით იძლეოდა სახარების ნამდვილი ზნეობის მაღალ მაგალითს, - მისი სამწყსო ამაღლდა ზნეობრივ-რელიგიური, გონებრივი და ეკონომიური მხრივ, რასაც ნათლად ადასტურებს ქუთაისის გუბერნიის გლეხთა მიერ რამდენიმე მილიონი მანეთის სანადელო მიწების შესყიდვა საკუთარი სახსრებით, მთავრობის დაუხმარებლად. ამ ფაქტს, სხვათა შორის, ბარონი ნიკოლაი თავის უკანასკნელ თხზულებაში თითქმის უმაგალითო მოვლენად აღიარებდა მსოფლიოს ისტორიაში. არაფერი ამის მსგავსი არ მომხდარა აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც ამჟამად იმდენად ჩამორჩა ყოველმხრივ დასავლეთ საქართველოს, რამდენადაც ის მასზე მაღლა იდგა 30-40 წლის წინათ.

ეს ნაყოფიერი მოღვაწეობაა მიზეზი განსვენებულის იმ გაღმერთებისა, რასაც ასე მჭევრმეტყველურად გამოხატავს დღეს დაობლებული სამწყსო და რასაც ასე ერთხმად ადასტურებენ ყველა გაზეთის, მათ შორის „კავკაზის“ კორესპონდენტები.

დიახ, სამწყსო ფეხზე დადგა, მაგრამ თვითონ თავგანწირულ მწყემსმთავარს, რომელმაც თავისი სამოციქულო მოღვაწეობის თითქმის ოთხი ათეული წლის განმავლობაში არ იცოდა რა იყო მოსვენება, ძვირად დაუჯდა ეს. იგი ისე იწვოდა ღვთისა და მოყვასის სიყვარულით, რომ არ შეიძლებოდა ნაადრევად არ დაფერფლილიყო. ასეც მოხდა. ცნობილია, რომ მწყემსმთავარმა გაბრიელმა, მიუხედავად თავისი მაგარი ჯანმრთელობისა, სრულიად დაკარგა ძილი, გადაიქცა ჩონჩხად და გარდაიცვალა საშინლად დაღლილი.

ამგვარად, მან ზუსტად შეასრულა მხსნელის რჩევა, რომელიც მოითხოვს, რომ კეთილმა მწყემსმთავარმა თავი დასდოს მისდამი რწმუნებულ სამწყსოსათვის.

განსვენებული მღვდელმთავრის დევიზმა: „ყველაფერი - სამწყსოსათვის და არაფერი - საკუთარი თავისათვის“, მშვენიერი გამოხატულება ჰპოვა მის სულიერ ანდერძშიაც, რომლითაც მან მთელი თავისი ქონება დაუტოვა სხვადასხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებს და გვერდი აუარა თავის მრავალრიცხოვან ნათესავებს, მიუხედავად მათდამი მამობრივი დამოკიდებულებისა. და ეს თავისი ამაღლებული საქმიანობა მან დაასაბუთა ამაღელვებელი თავმდაბლობით, რომლითაც გამოირჩეოდა მთელი მისი ცხოვრება და მოღვაწეობა. „მე არ მეკუთვნის რა, ყველაფერი ღვთისაა“ - წარუმძღვარა წინ თავის სულიერ ანდერძს ჩვენმა სამაგალითო მღვდელმთავარმა.

დიახ, საქართველომ დაჰკარგა უკეთილშობილესი შვილი, რომელიც ფლობდა სულის იშვიათ სიდიადეს. მაგრამ მას შეუძლია თავი ინუგეშოს იმით, რომ მის წრეში ასეთ უაღრესად დაჯილდოებულ პიროვნებათა გამოვლინება მისი მომავლის საწინდარია.

ამონარიდი

ი. გოგებაშვილი. თხზულებანი ტ. III. თბ. 1954, გვ. 36-46.
გაბრიელ ეპისკოპოსი იმერეთისა. ილია თავბერიძე. 2006, გვ. 72-78.

ღმერთს ყველას ცხონება სურს - ეპისკოპოსი ილია მინიატისი

ღვთის ბრძანებით ისევე ამოდის მზე მორწმუნეთათვის, როგორც ურწმუნოთათვის. ღმერთმა ნავსაყუდელი მოაწყო როგორც კეთილმსახურთათვის, ასევე უღირსთათვის. ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და პატივს ყველა ტომს ისევე მიჰმადლის, როგორც მათ, ვინც მას ეთაყვანება, ასევე - მის არმცნობლებს. თუკი ღმერთს სურს და ყველას ურიგებს იმას, რისთვისაც არ შევქმნილვართ, ანუ მიწიერს და დროებითს, მითუმეტეს ინდომებს და მისცემს ყველას იმას, რისთვისაც ვართ შექმნილი, ზეციურსა და მარადიულს. თუკი ზეციური მამა ყველაზე ფიქრობს, ე.ი. ყველასათვის სურს ცხონება. ღმერთს სურს, რომ ყველა ცხონდეს. ამიტომაც უბრძანებს მზეს ამოვიდეს ბოროტებისთვისაც და კეთილებისთვისაც; უბრძანებს წვიმას ეპკუროს ცოდვილებსაც და მართლებსაც. მაშ ასე, ღმერთს, თავისი მართლობით, მოწყალებითა და განგებულებით ყველასათვის სურს ცხონება და რამდენადაც ეს მასზეა დამოკიდებული, არავისი წარწყმედა არ უნდა, უმცირესისაც. ამას ამტკიცებს ძე ღვთისა წმინდა სახარებაში: „ესრეთ არა არს ნებაჲ მამისა თქუენისა ზეცათაჲსაჲ, რაჲთა წარწყმდეს ერთი მცირეთა ამათგანი“ (მთ. 18, 14) ის ყველას თავისკენ უხმობს და ამიტომ: „ღმერთი ღმერთთაჲ უფალი იტყოდა და უწოდა ქუეყანასა“ (ფს. 49, 1) მაღლითგან და დასაბამიდან ღაღადებდა წინასწარმეტყველთა პირით; ღაღადებდა ბოლო ჟამს ძეში, განხორციელებულ სიტყვაში, და მთელ დედამიწას ცხონებისაკენ მოუწოდა. ამიტომ, ზეციურ იერუსალიმს, სახელგანთქმულ ქალაქს ღვთისას, სამოთხეს, როგორც იხილა იოანემ აპოკალიფსში, თორმეტი კარიბჭე ჰქონდა, სამ-სამი კარი ქვეყნიერების ოთხივე მხარეს იყო მიმართული, რათა ვიცოდეთ, რომ ღმერთმა სამოთხე მთელი სამყაროსათვის განახვნა. „ღმერთი ღმერთთაჲ უფალი იტყოდა და უწოდა ქუეყანასა, რამეთუ ყოველი ადამიანის ცხონება სურს“. ეს მართლაცდა ისეთი სურვილია, რომელსაც წმინდა იოანე დამასკელთან ერთად ღვთისმეტყველთა მთელი დასი საწინაპირობოს უწოდებს; ის თავისთავად არ არის საკმარისი ადამიანის ცხონებისათვის. ის არის თითქოსდა ცეცხლოვანი სვეტი, ღამით გზას რომ უჩვენებდა ებრაელებს უდაბნოში, გიჩვენებს გზას, მაგრამ ცხონების გზაზე არ გიწვევს. ეს არის ღვთის მადლი, წინაპირობა, მაგრამ ადამიანი მას თავისი ნებით უნდა გაყვეს. ღმერთი უხმობს, მაგრამ ადამიანმა აუცილებლად უნდა ისმინოს მისი. ღვთის ნება მხოლოდ ერთი ფრთაა, აუცილებელია მეორე ფრთა, ჩვენი ნება, რათა ზეცაში ავფრინდეთ. ნება ღვთისა და ადამიანის ნება შეადგენენ განჩინებას. ღმერთს უნდა, ხოლო თუკი უნდა ადამიანსაც, ის უკვე განჩინებულია. თავდაპირველად ღმერთმა ადამიანი თავისუფალი შექმნა, მის საკუთარ ნებასვე მიანდო, არ სურს მის თავისუფლებაზე რაიმე ზეწოლა. ყოვლადძლიერია უფალი თავისი ხელისუფლებით. ყოვლადძლიერია ადამიანიც საკუთარ თავისუფლებაში. სხვაობა იმაში მდგომარეობს, რომ ღმერთი ყველაფერს აკეთებს, რაც სურს და ამაში მას ვერანაირი ძალა აღუდგება, ადამიანი კი არ აკეთებს იმას, რაც არ სურს და ვერც ვერაფერი აიძულებს. შეუძლებელია, რომ ღმერთმა არ აღასრულოს ის, რაც სურს; ასევე შეუძლებელია, რომ ადამიანმა ქმნას მისთვის არასასურველი, ამიტომ, ისევე, როგორც ადამიანს არ ძალუძს ცხონება ღვთის მადლის გარეშე, ასევე არ ძალუძს ღმერთს აცხონოს ადამიანი მისი თავისუფალი ნების გარეშე. „მადლი, თუმცა ის მადლია, მხოლოდ მსურველებს აცხონებს“ - ამბობს ღვთაებრივი ოქროპირი. ღვთისმეტყველის სიტყვით, ცხონება, ჩვენი და ღვთის საქმე უნდა იყოს. დედამიწას აწვიმს, მაგრამ მიწა ნაყოფს არ მოიწევს, თუ მასზე მიწათმოქმედმა არ იმუშავა. მზე ყველგან ანათებს, მაგრამ ვისაც მისი დანახვა უნდა, თვალი უნდა გაახილოს. მაშასადამე, ღმერთი მადლსა და შეწევნას მოგვმადლის, მაგრამ ამ მადლს უნდა ახლდეს, ხოლო ღვთაებრივ შეწევნასთან ერთად უნდა თანაიქმოდეს ნება კაცისა. უფალს ნოეს გადარჩენა უნდა წარღვნისაგან, რომელშიც მთელი მსოფლიო დაიღუპა, მაგრამ მოითხოვს, რომ მან კიდობანი თავისი ხელით ააშენოს. უნდა ნეემანის განკურნება კეთრისაგან, მაგრამ მოითხოვს, რომ ნეემანი წავიდეს და იორდანეში თავად განიბანოს; უნდა უსინათლოსთვის თვალის ახელა, მაგრამ მოითხოვს, რომ ის თვითონ წავიდეს სილოამის საბანელთან და განიბანოს. ღმერთს ყველა ადამიანის ცხონება სურს, მაგრამ მოითხოვს, თავის ცხონებას თითოეულმა ხელი შეუწყოს. ადამიანი თავისუფალია და თვალწინ არჩევანი აქვს: წყალი და ცეცხლი, სიცოცხლე და სიკვდილი. ადამიანი გონიერია, მას გონება მართავს: მას შეუძლია განასხვაოს სიკეთე ბოროტებისაგან, ნათელი ბნელისაგან. თითოეულ ადამიანს გულზე ბუნებითი სჯული აქვს დაწერილი, რომელიც ცხონებისაკენ მიმავალ ჭეშმარიტ გზას უჩვენებს. მაშ ასე, რა არის საჭირო წინასწარ განსაზღვრისათვის (განჩინებისათვის), თუ არა ღვთის მადლი, სრულად მოწვდილი, და თავისუფალი ნება ადამიანისა? ღმერთს ყველას ცხონება სურს; თუკი სურს ადამიანსაც, მაშასადამე ის ცხონდება.

ამწუხრებს თუ არა ჩვენი ცოდვები ღმერთს? - მიტროპოლიტი კალისტე უეარი

ამწუხრებს თუ არა ჩვენი ცოდვები ღმერთს? ისიც იტანჯება როდესაც ჩვენ ვიტანჯებით? შეგვიძლია თუ არა ვუთხრათ ადამიანს, რომელიც იტანჯება: „თვით ღმერთი, სწორედ ამ წუთში იტანჯება იმით, რითაც შენ და ამარცხებს შენს ტანჯვას“?

პირველი საუკუნეების ეკლესიის მამები მტკიცედ იცავდნენ აზრს ღმერთის ტრანსცენდენტულობის, მისი „უვნებელობის“ შესახებ. ეს ნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც ღმერთის მიერ შექმნილი ადამიანი შეიძლება იტანჯებოდეს, თვით ღმერთი - არასოდეს. ხომ არ შეგვიძლია ვთქვათ ამ საკითხის შესახებ უფრო მეტი ისე, რომ არ უარვყოთ პატრისტიკულისწავლება? ძველ აღთქმაში, ქრისტეს განკაცებამდე დიდი ხნით ადრე, ღმერთის შესახებ წერია: „ვეღარ აიტანა მისმა სულმა ისრაელის ტანჯვა“ (მსაჯულნი 10:16). სხვაგან, ძველ აღთქმაში ღმერთი ამბობს: „განა ჩემი ძვირფასი შვილი არ არის ეფრემი? ჩემი ნებიერი ბავშვი არ არის? რამდენჯერ ვახსენებ, იმდენჯერ თვალწინ მიდგას, ამიტომაც შიგანი მეწვის მის გამო“ (იერემია 31:20). „როგორ გაგიმეტო, ეფრემ? როგორ გაგწირო ისრაელ?... გადამიბრუნდა გული, ერთიანად ამიტანა სიბრალულმა“ (ოსია 11:8). თუ ეს ციტატები საერთოდ რამეს ნიშნავს, უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ღმერთი განკაცებამდეც კი თავისი ქმნილების ტანჯვის უშუალო თანამონაწილეა. ჩვენი საცოდაობა ღმერთში მწუხარებას იწვევს, მისი ცრემლები ადამიანისას უერთდება. აპოფატიკური მიდგომისადმი პატივისცემა, რა თქმა უნდა, გვაიძულებს ფრთხილად ვიყოთ ღმერთისადმი ადამიანური გრძნობების უხეშად და არაკვალიფიციურად მიკუთვნებისას, მაგრამ იმის თქმის უფლება მაინც გვაქვს, რომ „სიყვარული სხვების ტანჯვას ითავისებს“, წერია წიგნში - „სულით გლახაკების შესახებ“. თუ ეს მართალია ადამიანური სიყვარულის შემთხვევაში, მაშინ რამდენად მართალი იქნება ეს საღმრთო სიყვარულის შესახებ. რადგან ღმერთი სიყვარულია და სამყაროს შექმნა სიყვარულის აქტია, რადგან ღმერთი პიროვნულია და ეს კი გაზიარებას გულისხმობს, ის არ არისინდიფერენტული დაცემული სამყაროს მწუხარებების მიმართ. თუ მე, ადამიანი, არ ვარ შეძრული სხვისი ტკივილების გამო, მაშინ რაში გამოიხატება ჩემი მისდამი სიყვარული? აქედან უეჭველად გამომდინარეობს, რომ ღმერთი ითავისებს ქმნილების ტკივილს.

ჭეშმარიტად ნათქვამია, რომ ღმერთის გულში ჯვარი მანამ იყო, სანამ ის იერუსალიმის გარეთ აღიმართებოდა და თუმცა ხის ჯვარი ჩამოხსნეს, ღმერთის გულში ჯვარი კვლავ რჩება. ეს არის ტკივილისა და გამარჯვების ჯვარი - ორივე ერთად. ისინი, ვისაც ამის დაჯერება შეუძლია, აღმოაჩენენ, რომ მათი სიხარული მწუხარებასთანაა შეზავებული და ადამიანურ დონეზე ეზიარებიან გამარჯვებული ტანჯვის საღმრთო გამოცდილებას.

Sunday, August 17, 2014

ხშირად ადამიანურ კეთილგონიერებას ვკარგავთ - იღუმენი პეტრე მეშჩერინოვი

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ყველაზე ძნელია იყო უბრალოდ ნორმალური, წესიერი, საღად მოაზროვნე და ზნეობრივი ადამიანი. სწორედ ამისათვისაა ასკეტური გმირობა და ღვაწლი. ასეთად უნდათ, რომ გვხედავდნენ ქრისტიანებს გარეშე ადამიანები, განსაკუთრებით ახლა, როდესაც თანამედროვე საზოგადოება ამგვარი თვისებების უდიდეს დეფიციტს განიცდის. ჩვენ კი, როცა ვხდებით მართლმადიდებლები და ვიბნევით ასკეტური დამწერლობის გაუვალ ტევრში, შეძენის მაგივრად ვკარგავთ ამ თვისებებს. ჩვენ გვაინტერესებს იესოს ლოცვის სიღრმეები, აბსოლუტური მორჩილება, მისტიკური სულიერება, ტიბიკონური მარხვა და ა.შ. მაგრამ ცაში ამ ფრინველების დევნაში გართულები, ხშირად ჩვეულებრივ ადამიანურ კეთილგონიერებას ვკარგავთ და გვემართება ის, რაც წმიდა ბასილი დიდმა მრავალი წიგნის წაკითხვის შემდეგ მონასტერში წასულ ერთ მაღალჩინოსანს უთხრა - შენ სენატორობაც დაკარგე და ვერც ბერი გახდიო.

თავისუფლების ქრისტიანული გაგება - პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი

რომელ თავისუფლებაზე, რისგან გათავისუფლებაზე საუბრობს სახარება და გვაუწყებს ქრისტე? აქ თავისუფლება უპირისპირდება მონობას, მონობაში კი, პირველ რიგში და უწინარესად იგულისხმება ცოდვისა და სიკვდილისათვის ადამიანის დამონება. ისევ და ისევ, ჩვენთვის, რომლებსაც უკეთეს შემთხვევაში ცოდვა მიგვაჩნია ამა თუ იმ წესის დარღვევად, სჯულის ამ თუ იმ სახის დარღვევად, ცოდვისადმი ადამიანის დამონების ეს იდეა უბრალოდ გაუგებარია. ჩვენგან აშკარა უმრავლესობა თავს გრძნობს არცთუ ცუდ ადამიანად, სხვებზე არც ცუდად და არც კარგად, როგორც ჩვეულებისამებრ ვამბობთ ხოლმე. რაც შეეხება ნაკლოვანებებს, ამა თუ იმ პატარა ცოდვებს, სინდისთან გარიგებებს, ნორმალურად მივიჩნევთ. ვის არ მოსდის ეს, ყველანი ადამიანები ვართ, კაცნი ვართ, უმწეონი და ცოდვილნი. და მაინც, სულაც არ ვართ ცუდები. საჭიროა კი საუბარი, რომ თვითკმაყოფილებისა და ზნეობრივი მინიმალიზმის ამ ატმოსფეროში, ქრისტიანობა ჭეშმარიტი ძალით ვერ ჟღერს, ვერ მოქმედებს და მას არ აქვს აზრი, და თუ აქვს, არა ის, რაც სახარებაშია, არამედ ის, რასაც ჩვენ ვაწერთ სახარებას. რადგან ცოდვაში ქრისტიანობა გულისხმობს არა ამა თუ იმ შეცოდებას, ნაკლოვანებას, და, შესაძლოა, არა თვით დაცემას, არა, ქრისტიანობა ცოდვაში გულისხმობს სწორედ იმ შინაგან განდგომას ღმერთისაგან, მისი ჭეშმარიტებისაგან და სულიერი კანონისაგან, რომელიც, პირველ რიგში, გამოიხატება ჩვენი ამ თვითკმაყოფილებით, ზნეობრივი მინიმალიზმით.

ცოდვა იმაში კი არაა, რომ ვეცემით და ვცოდავთ, არამედ იმაში, რომ უკვე ვეღარ ვამჩნევთ ნამდვილ დაცემას, ვერ ვამჩნევთ თვით ჩვენი „ნორმალური“, „ჩვეულებრივი“ ცხოვრების დაცემულობას. და საკმარისია შევადაროთ ეს ჩვენი მცირე თვითკმაყოფილება და ცოდვის ეს პატარა აღიარება ცოდვის იმ განცდას, სინანულისა და შენდობის იმ ღაღადს, რომელიც ბიბლიის თითქმის ყოველი ფურცლიდან იღვრება, რათა დავრწმუნდეთ ჩვენ შორის გამაოგნებელ, ძირეულ განსხვავებაში. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვგრძნობთ და არ ვაცნობიერებთ ცოდვისადმი ჩვენს მონობას, ცოდვის მიერ ჩვენს დამონებას, და ამიტომ არც მისგან გათავისუფლება გვსურს. როგორც გალიაში დაბადებული ფრინველი გალიიდან არ გაფრინდება თავისუფლებაში, თუნდაც გაიღოს გალიის კარი, ასევე უკვე ვეღარ ვგრძნობთ, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება დაჩეხილია, მოწამლული და დამახინჯებულია ცოდვით, რომ ჩვენ არ ვართ ისინი და ისეთნი, როგორებიც შეიძლება ვყოფილიყავით და როგორებიც უნდა ვიყოთ. და იგივე შეიძლება ითქვას სიკვდილისადმი ადამიანის დამონებაზე. როგორც არ უნდა გვეშინოდეს სიკვდილის, როგორადაც არ უნდა ვძრწოდეთ მის წინაშე, მას ვთვლით კანონიერ და ნორმალურ მოვლენად, ბუნების ერთ-ერთ ყბადაღებულ კანონად, რომელშიც სიბრძნის ძიებას გვასწავლიან კიდეც და რომლისადმი დამორჩილებისაკენ მოგვიწოდებენ ყოველთვის. ადამიანი მოკვდავია. მორჩა. უსიამოვნოა, მაგრამ ვერაფერს იზამ. დაემორჩილე და შეურიგდი, და, ამასთანავე, ილაპარაკე არავისთვის საჭირო სიტყვები სიმშვიდესა და დასვენებაზე. მაგრამ მაშინ როგორღა გავიგოთ სახარების კეთილუწყება იმის შესახებ, რომ „უკანაჲსკნელ მტერი იგი განქარდეს სიკუდილი“ (1 კორინთელთა, 15:26)? და რომ სწორედ ადამიანის ამ საშინელი მონობისაგან გასათავისუფლებლად მოვიდა ქრისტე? რა ვუყოთ მონებს, რომლებიც ისე შეეჩვივნენ თავიანთ მონობას, რომ უკვე აღარც კი გრძნობენ თავიანთ მდგომარეობას, როგორც მონობას, რომ მათ არც კი იციან, რანი უნდა ყოფილიყვნენ ისინი, და რომ ისინი თავისუფალნი იყვნენ? რა ვუყოთ მონებს, რომლებმაც დაივიწყეს რა ნამდვილი თავისუფლება, სათამაშოებით თამაშობენ და ამას თავისუფლებას უწოდებენ მსგავსად იმისა, ციხის ერთი კამერიდან მეორე კამერაში გადასვლას გათავისუფლება რომ უწოდო? 

მაგრამ, აი, ქრისტიანობა ამბობს: სანამ ადამიანი დამონებულია ცოდვისა და სიკვდილის მიერ, სანამ ადამიანი ურიგდება ცოდვასა და სიკვდილს და ვერც კი განიცდის მათ როგორც საშინელ და წარუვალ მონობას, ილუზორული და უშინაარსოა ყოველგვარი ადამიანური მსჯელობანი ნებელობის შესახებ. და საქმე ეხება მხოლოდ უფრო გრძელ ან მოკლე ჯაჭვს, რომლითაც მიბმულნი ვართ იგივე ბოძს, იგივე მონობას. და ამიტომ მხოლოდ ამასთან მიმართებით, ამ მონობასთან მიმართებით შეიძლება შევიმუშავოთ თავისუფლების ცნება. რადგან ქრისტიანობისათვის ეს ცნება ნიშნავს არა დროებით გათავისუფლებას ამა თუ იმ დამოკიდებულებისაგან, არამედ, უწინარესად, ადამიანის ცნობიერების ძირეულ და შინაგან შეცვლას, და ამიტომ, ადამიანის მთელი სიცოცხლის შეცვლასაც. ქრისტიანობისთვის ამ გარეგან თავისუფლებას, უფრო სწორად, იმას, რასაც ჩვენ თავისუფლებას ვუწოდებთ და რაც ყოველთვის დროებითი და წარმავალია, არ აქვს არავითარი აზრი ადამიანის შინაგანი გათავისუფლების, თავისუფლებისაკენ სწრაფვის, მისი თანდაყოლილი თვისების დაბრუნების გარეშე. რადგან სწორედ თავისუფლების ამ უნარმა, ნამდვილი თავისუფლების წყურვილმა, ცოდვისა და სიკვდილისაგან თავისუფლებამ დაამსხვრია ადამიანში ის მონობა, რომელზედაც ეს-ესაა ვსაუბრობდით. ამიტომ, სანამ თავისუფლების ამ ქრისტიანულ ცნებას გამოვიყენებთ ჩვენი მიწიერი რეალობისა და საჭიროების მიმართ, საჭიროა მთელი სისრულით გავიგოთ სახარების კეთილუწყება იმის შესახებ, ვინც ავლენს თავისუფლებას.

ცხონება არის უფლის დარი სიყვარულის მოპოვება - ბერი ერმოლაოსი

ცხონება არის ღვთიური სიყვარულის, უფლის დარი სიყვარულის მოპოვება. ღმერთმა ჩვენ მხოლოდ ამისთვის გაგვაჩინა. უფალმა განგვისაზღვრა სიყვარულის ის ჩარჩო, რომლის ფარგლებში მყოფი ყოველი ადამიანი ცხონდება. ამ ჩარჩოს ქვედა ზღვარია ის მდგომარეობა, როცა ადამიანი სხვა ადამიანს არ უკეთებს იმას, რაც არ უნდა რომ მას გაუკეთონ. თუ ადამიანი ამ ზღვარს ქვემოთ ჩამოსცილდა, ის არ არის ქრისტიანი, თუნდაც მონათლული იყოს და ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობდეს. ზედა ზღვარზე კი უფალმა თავისი მოქმედებით მიგვითითა, როცა ადამიანებისადმი სიყვარულის გამო ნებაყოფლობით მათთვის საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად შესწირა. 

თუ ადამიანი შეძლებს თავისი ცხოვრების განმავლობაში ამ ორ ზღვარს შორის დარჩეს, ან უფრო ზუსტად, მთელი თავისი ნებისყოფით შეეცდება ქვედა ზღვარიდან ზედასკენ ამაღლდეს, ის აუცილებლად  ცხონდება. რაც უფრო ახლოს იქნება ის ზედა ზღვართან თავისი გარდაცვალების მომენტში, მით უფრო ახლოს იქნება ის უფალთან ცათა სასუფეველში და მით მეტი იქნება მისი ნეტარება. ნეტარება კი უფალთან სიყვარულში მარადიული თანაზიარობის სიხარულია. 

ამ გრანდიოზულ გრძნობას რომ ვეღირსოთ, უკვე აქ, ამ დედამიწაზე მთელი ნებისყოფის დაძაბვით უნდა ვესწრაფოთ ვისწავლოთ თავდადებული, ქრისტესმიერი სიყვარული. ყველაზე დიდი ბარიერი, რომლის გადალახვა ამ გზაზე მოგვიწევს, ეს ჩვენი ეგოიზმია, სწორედ ის სპობს იმ  სიყვარულის მარცვალს, რომელიც ჩვენში უფლის მადლით არის დაბადებიდან ჩადებული, სწორედ ის არის ჩვენი გულბოროტების დედა. ეს ურთულესი ამოცანაა და მისი გადაწყვეტა მხოლოდ დიდი ნებისყოფის ადამიანებს ძალუძთ. სწორედ ამიტომ სძულს ისინი დანარჩენ კაცობრიობას და, როგორც ქრისტეს, ჯვარს აცვამს მათ. დიახ, ვინც ესწრაფის მოიპოვოს ქრისტესმიერი სიყვარული, ამქვეყნად განწირულია სატანჯავად, მაგრამ ჯილდო, რომელიც მას ელოდება მარადისობაში ენითაუწერლად დიდია - მარადიული გაერთიანება ღვთის სიყვარულში ანუ ცხონება!


ათონის მთაზე მოღვაწე ქართველი ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია)


წყარო

Thursday, August 14, 2014

ფარისევლობის შესახებ - წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

დავაკვირდეთ უფალ იესო ქრისტეს ხასიათს: დავინახავთ, რომ მისთვის მოყვასის ცოდვები, თუნდაც ძალიან მძიმე, არასოდეს ყოფილა დამაბრკოლებელი; ასევე, მთელ სახარებაში ვერსად შევხვდებით მოციქულთა დაბრკოლების მაგალითს. ფარისევლებისთვის კი ყველაფერი დამაბრკოლებელია, დამაბრკოლებელია თვით ყველაზე სრულყოფილი, განკაცებული ღმერთი; იმდენად დამაბრკოლებელია, რომ მსჯავრს დებენ მას, როგორც დამნაშავეს, სამარცხვინო სიკვდილით კლავენ, მაცხოვარს ორ ავაზაკს შორის კიდებენ ჯვარზე! აქედან თავისთავად გამოდის დასკვნა, რომ დაბრკოლებისაკენ მიდრეკილება არის სულის მძიმე სნეულება, ფარისევლობის ნიშანი.

ფარისევლობის სენით შეპყრობილი კარგავს სულიერ წარმატებას. მყარია მისი გულის ნიადაგი, არ მოაქვს მოსავალი. სულიერი ნაყოფიერებისათვის კი აუცილებელია სინანულით დამუშავებული გული: დარბილებული, ლმობიერებითა და ცრემლებით მორწყული. წარმატების დაკარგვა უკვე არსებითი დანაკარგია! მაგრამ ფარისევლობისგან შობილი ზიანი სულის უნაყოფობით როდი მთავრდება: მომაკვდინებელ სნეულებას ხშირად დამღუპველ შედეგებამდე მივყავართ. ფარისევლობა არა მარტო უნაყოფოს ხდის ადამიანის კეთილ საქმეებს, არამედ ბოროტებად აქცევს მათ სულისთვის და ხდება ღმრთის წინაშე მისი განსჯის მიზეზი. უფალმა ეს აღწერა იგავში მეზვერისა და ფარისევლის შესახებ, რომლებიც ერთად ლოცულობდნენ ტაძარში (ლუკ. 18). ფარისეველი თავის თავში ვერ ხედავდა სინანულის, გულის შემუსრვილების მიზეზს, პირიქით, ფიქრობდა, რომ შეეძლო თავიც მოეწონებინა და კმაყოფილიც ყოფილიყო. მან იცოდა, რომ მარხვას ინახავდა, მოწყალებას გასცემდა, მაგრამ ვერ ამჩნევდა იმ ნაკლოვანებებს, რომლებსაც სხვებში ხედავდა (ანდა ეგონა, რომ ხედავდა) და რომლებიც აბრკოლებდა. ვამბობ, ეგონა, რომ ხედავდა-მეთქი, რადგან დაბრკოლებას დიდი თვალები აქვს: იგი იმ ცოდვებსაც ხედავს მოყვასში, რომლებიც მას საერთოდ არ გააჩნია და რომლებიც ფარისევლის მზაკვრულმა წარმოსახვამ შექმნა.

ფარისეველი, იტყუებს რა თავს, მადლობას სწირავს ღმერთს თავისი სულიერი მდგომარეობისათვის. თავის ამპარტავნებას იგი ფარავს (და ისიც ემალება მას) ღმრთისადმი მადლიერების ნიღაბქვეშ. იმის გამო, რომ ზერელე წარმოდგენა აქვს სჯულზე, ფარისეველს ეჩვენება, რომ იგი სჯულის აღმასრულებელია და სათნოა ღმრთისათვის. მას ავიწყდება, რომ უფლის მცნება, მეფსალმუნის თქმით, „ფართო არს ფრიად“ და „ცაჲ არაწმიდა არს მის წინაშე“ (იობ. 15, 15), რომ ღმერთისთვის არ არის სათნო მსხვერპლი, თვით განსაკუთრებული მსხვერპლიც კი, თუ მას თან არ ახლავს და არ შეეწევა გული დამდაბლებული; რომ საღმრთო სჯული გულში უნდა ჩაინერგო, თუ გსურს, რომ ჭეშმარიტი, ნეტარი, სულიერი სიმართლე მოიპოვო. ამ სიმართლის განცდა კაცის გულში სულის სიგლახაკის განცდით იწყება.

თავმომწონე ფარისეველი ფიქრობს, რომ ღმერთს მადლობს და ადიდებს, როდესაც მიმართავს: „ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ ვითარცა სხვანი კაცნი მტაცებელ, ცრუ და მემრუშე“ (ლუკ. 18, 11). ფარისეველი ჩამოთვლის აშკარა ვნებებს, რომლებიც ყველასათვის თვალსაჩინო შეიძლება იყოს, მაგრამ სულიერ ვნებებზე: ამპარტავნებაზე, მზაკვრობაზე, სიძულვილზე, შურზე, პირმოთნეობაზე სიტყვასაც არ ამბობს. არადა, სწორედ მათგან შედგება ფარისეველი! მათ მოაქვთ სულისთვის სიბნელე და სიკვდილი, ისინი ართმევენ მას სინანულის უნარს! ისინი შრეტენ მოყვასისადმი სიყვარულს და შობენ დაბრკოლების განცდას გულგრილობით, ამპარტავნებითა და სიძულვილით აღსავსეს!

ამაო დიდებით შეპყრობილ ფარისეველს ჰგონია, რომ მადლობას სწირავს ღმერთს თავისი კეთილი საქმეებისათვის, მაგრამ ღმერთი პირს იბრუნებს მისგან და საშინელი მსჯავრი გამოაქვს: „რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს“ (ლუკ. 18, 14). როდესაც ფარისევლობა გაძლიერდება და განმტკიცდება, მთლიანად მოიცავს სულს, მაშინ კი საშინელ ნაყოფს ისხამს. არ არსებობს უსჯულოება, რომლის წინაშეც ის უკან დაიხევს. ფარისევლებმა გაბედეს სული წმიდის გმობა, ფარისევლებმა გაბედეს ეშმაკეული ეწოდებინათ იესო ქრისტესთვის; ფარისევლებმა მისცეს თავს იმის მტკიცების უფლება, რომ სოფლად მოსული მაცხოვარი საშიშია იუდეველთა საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და სამოქალაქო ყოფისათვის. და რისთვის დასჭირდათ მთელი ეს ჩახლართული გამონაგონები? იმისთვის, რომ გარეგნული სამართლიანობის, კანონების, რელიგიის, საზოგადოების დაცვის ნიღაბქვეშ სისხლით დაერწყულებინათ თავიანთი უძღები გაბოროტება, სისხლი მიეტანათ შურისა და ცუდმედიდობის საკურთხეველზე, რათა ღმერთის მკვლელობა აღესრულებინათ. ფარისევლობა საზარელი სულიერი შხამია, საშინელი სულიერი სნეულებაა. ვცადოთ ფარისევლის კონტურების მოხაზვა სახარების მიხედვით, რათა ყოველმა, ვინც ამ საშინელ, საზარელ გამოსახულებას დაინახავს, გულმოდგინედ დაიცვას თავი უფლის ბრძანებისამებრ: „ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა“ (მათ. 16, 6), ანუ მათი აზროვნების წესისაგან, კანონებისაგან, მთელი ფარისევლური განწყობისაგან.

ფარისეველი, კმაყოფილდება რა რელიგიის გარეგნული წეს-ჩვეულებების შესრულებით და ზოგიერთი ხილული კეთილი საქმით, რომლებიც არც წარმართთათვის არის უცხო, მონურად ემსახურება ვნებებს, ოღონდ მუდმივად ცდილობს მათ დამალვას, უმეტესწილად თვითონაც ვერ ხედავს მათ საკუთარ თავში, და ეს ვნებები იწვევენ მასში სრულ სიბრმავეს ღმერთისა და მთელი საღმრთო სწავლების მიმართ. საკუთარ თავში სულიერი ვნებების მოქმედების შეცნობას ანუ ხედვას სინანული იძლევა, მაგრამ ფარისეველი მიუწვდომელია სინანულის გრძნობისათვის. როგორ უნდა შეიმუსროს, როგორ უნდა განიმსჭვალოს ლმობიერებით, როგორ უნდა დამდაბლდეს გული, რომელიც კმაყოფილია საკუთარი თავით? და რაკიღა სინანული არ ძალუძს, მას არც ღმრთის მცნებათა ნათლის ხედვა შეუძლია, რადგან სწორედ ისინი განანათლებენ გონების თვალს. ფარისეველი თუმცა კი კითხულობს წმ. წერილს, თუმცა კი ხედავს მასში ამ მცნებებს, მაგრამ იმდენად არის დაბრმავებული, რომ ვერც კი ამჩნევს მათ: ისინი ვერ ხვდებიან მისი თვალთახედვის არეში, და ფარისეველი მათ თავისი უაზრო, მახინჯი ნააზრევით ცვლის. რა შეიძლება იყოს უფრო უცნაური და შეუსაბამო, ვიდრე ფარისევლის ეს მსჯელობა, სახარებაში მოყვანილი? „რომელმან ფუცოს ტაძარსა ამას, არარაჲ არს, ხოლო რომელმან ფუცოს ოქროსა მას ტაძრისასა, ჯერარს“ (მათ. 23, 16).

ყველაზე დაფარული სულიერ ვნებებს შორის ცუდმედიდობაა. ეს ვნება ყველა სხვაზე მეტად ინიღბება ადამიანის გულის წინაშე, ისეთ სიამოვნებას გვრის მას, რომ კაცს ხშირად სინდისის სიმშვიდედ, საღმრთო ნუგეშინისცემად წარმოუდგება. სწორედ ცუდმედიდობის ცომით არის მოზელილი ფარისეველი. იგი ყველაფერს აკეთებს კაცთაგან დიდების მისაღებად. მას უყვარს, როდესაც მისი მოწყალებაც, მარხვაც, ლოცვაც მოწმეთა წინაშე ხდება, არ ძალუძს იყოს ქრისტეს მოწაფე, რომელიც თავის მიმდევრებს უბრძანებს, არად ჩააგდონ კაცთაგან მიღებული დიდება და შეურაცხყოფის, ნაკლულევანების, განსაცდელების გზით იარონ. ჯვარი ქრისტესი ფარისევლისათვის დაბრკოლებაა. მას სჭირდება ალექსანდრე მაკედონელის ან ნაპოლეონის მსგავსი მესია, დიდებით გარემოსილი, ნადავლით სავსე დამპყრობელი!

მსგავსი წერილი: ვინ იყვნენ ფარისევლები და მწიგნობრები?