ღვთის ბრძანებით ისევე ამოდის მზე მორწმუნეთათვის, როგორც ურწმუნოთათვის. ღმერთმა ნავსაყუდელი მოაწყო როგორც კეთილმსახურთათვის, ასევე უღირსთათვის. ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და პატივს ყველა ტომს ისევე მიჰმადლის, როგორც მათ, ვინც მას ეთაყვანება, ასევე - მის არმცნობლებს. თუკი ღმერთს სურს და ყველას ურიგებს იმას, რისთვისაც არ შევქმნილვართ, ანუ მიწიერს და დროებითს, მითუმეტეს ინდომებს და მისცემს ყველას იმას, რისთვისაც ვართ შექმნილი, ზეციურსა და მარადიულს. თუკი ზეციური მამა ყველაზე ფიქრობს, ე.ი. ყველასათვის სურს ცხონება. ღმერთს სურს, რომ ყველა ცხონდეს. ამიტომაც უბრძანებს მზეს ამოვიდეს ბოროტებისთვისაც და კეთილებისთვისაც; უბრძანებს წვიმას ეპკუროს ცოდვილებსაც და მართლებსაც. მაშ ასე, ღმერთს, თავისი მართლობით, მოწყალებითა და განგებულებით ყველასათვის სურს ცხონება და რამდენადაც ეს მასზეა დამოკიდებული, არავისი წარწყმედა არ უნდა, უმცირესისაც. ამას ამტკიცებს ძე ღვთისა წმინდა სახარებაში: „ესრეთ არა არს ნებაჲ მამისა თქუენისა ზეცათაჲსაჲ, რაჲთა წარწყმდეს ერთი მცირეთა ამათგანი“ (მთ. 18, 14) ის ყველას თავისკენ უხმობს და ამიტომ: „ღმერთი ღმერთთაჲ უფალი იტყოდა და უწოდა ქუეყანასა“ (ფს. 49, 1) მაღლითგან და დასაბამიდან ღაღადებდა წინასწარმეტყველთა პირით; ღაღადებდა ბოლო ჟამს ძეში, განხორციელებულ სიტყვაში, და მთელ დედამიწას ცხონებისაკენ მოუწოდა. ამიტომ, ზეციურ იერუსალიმს, სახელგანთქმულ ქალაქს ღვთისას, სამოთხეს, როგორც იხილა იოანემ აპოკალიფსში, თორმეტი კარიბჭე ჰქონდა, სამ-სამი კარი ქვეყნიერების ოთხივე მხარეს იყო მიმართული, რათა ვიცოდეთ, რომ ღმერთმა სამოთხე მთელი სამყაროსათვის განახვნა. „ღმერთი ღმერთთაჲ უფალი იტყოდა და უწოდა ქუეყანასა, რამეთუ ყოველი ადამიანის ცხონება სურს“. ეს მართლაცდა ისეთი სურვილია, რომელსაც წმინდა იოანე დამასკელთან ერთად ღვთისმეტყველთა მთელი დასი საწინაპირობოს უწოდებს; ის თავისთავად არ არის საკმარისი ადამიანის ცხონებისათვის. ის არის თითქოსდა ცეცხლოვანი სვეტი, ღამით გზას რომ უჩვენებდა ებრაელებს უდაბნოში, გიჩვენებს გზას, მაგრამ ცხონების გზაზე არ გიწვევს. ეს არის ღვთის მადლი, წინაპირობა, მაგრამ ადამიანი მას თავისი ნებით უნდა გაყვეს. ღმერთი უხმობს, მაგრამ ადამიანმა აუცილებლად უნდა ისმინოს მისი. ღვთის ნება მხოლოდ ერთი ფრთაა, აუცილებელია მეორე ფრთა, ჩვენი ნება, რათა ზეცაში ავფრინდეთ. ნება ღვთისა და ადამიანის ნება შეადგენენ განჩინებას. ღმერთს უნდა, ხოლო თუკი უნდა ადამიანსაც, ის უკვე განჩინებულია. თავდაპირველად ღმერთმა ადამიანი თავისუფალი შექმნა, მის საკუთარ ნებასვე მიანდო, არ სურს მის თავისუფლებაზე რაიმე ზეწოლა. ყოვლადძლიერია უფალი თავისი ხელისუფლებით. ყოვლადძლიერია ადამიანიც საკუთარ თავისუფლებაში. სხვაობა იმაში მდგომარეობს, რომ ღმერთი ყველაფერს აკეთებს, რაც სურს და ამაში მას ვერანაირი ძალა აღუდგება, ადამიანი კი არ აკეთებს იმას, რაც არ სურს და ვერც ვერაფერი აიძულებს. შეუძლებელია, რომ ღმერთმა არ აღასრულოს ის, რაც სურს; ასევე შეუძლებელია, რომ ადამიანმა ქმნას მისთვის არასასურველი, ამიტომ, ისევე, როგორც ადამიანს არ ძალუძს ცხონება ღვთის მადლის გარეშე, ასევე არ ძალუძს ღმერთს აცხონოს ადამიანი მისი თავისუფალი ნების გარეშე. „მადლი, თუმცა ის მადლია, მხოლოდ მსურველებს აცხონებს“ - ამბობს ღვთაებრივი ოქროპირი. ღვთისმეტყველის სიტყვით, ცხონება, ჩვენი და ღვთის საქმე უნდა იყოს. დედამიწას აწვიმს, მაგრამ მიწა ნაყოფს არ მოიწევს, თუ მასზე მიწათმოქმედმა არ იმუშავა. მზე ყველგან ანათებს, მაგრამ ვისაც მისი დანახვა უნდა, თვალი უნდა გაახილოს. მაშასადამე, ღმერთი მადლსა და შეწევნას მოგვმადლის, მაგრამ ამ მადლს უნდა ახლდეს, ხოლო ღვთაებრივ შეწევნასთან ერთად უნდა თანაიქმოდეს ნება კაცისა. უფალს ნოეს გადარჩენა უნდა წარღვნისაგან, რომელშიც მთელი მსოფლიო დაიღუპა, მაგრამ მოითხოვს, რომ მან კიდობანი თავისი ხელით ააშენოს. უნდა ნეემანის განკურნება კეთრისაგან, მაგრამ მოითხოვს, რომ ნეემანი წავიდეს და იორდანეში თავად განიბანოს; უნდა უსინათლოსთვის თვალის ახელა, მაგრამ მოითხოვს, რომ ის თვითონ წავიდეს სილოამის საბანელთან და განიბანოს. ღმერთს ყველა ადამიანის ცხონება სურს, მაგრამ მოითხოვს, თავის ცხონებას თითოეულმა ხელი შეუწყოს. ადამიანი თავისუფალია და თვალწინ არჩევანი აქვს: წყალი და ცეცხლი, სიცოცხლე და სიკვდილი. ადამიანი გონიერია, მას გონება მართავს: მას შეუძლია განასხვაოს სიკეთე ბოროტებისაგან, ნათელი ბნელისაგან. თითოეულ ადამიანს გულზე ბუნებითი სჯული აქვს დაწერილი, რომელიც ცხონებისაკენ მიმავალ ჭეშმარიტ გზას უჩვენებს. მაშ ასე, რა არის საჭირო წინასწარ განსაზღვრისათვის (განჩინებისათვის), თუ არა ღვთის მადლი, სრულად მოწვდილი, და თავისუფალი ნება ადამიანისა? ღმერთს ყველას ცხონება სურს; თუკი სურს ადამიანსაც, მაშასადამე ის ცხონდება.
No comments:
Post a Comment