რომელ თავისუფლებაზე, რისგან გათავისუფლებაზე საუბრობს სახარება და გვაუწყებს ქრისტე? აქ თავისუფლება უპირისპირდება მონობას, მონობაში კი, პირველ რიგში და უწინარესად იგულისხმება ცოდვისა და სიკვდილისათვის ადამიანის დამონება. ისევ და ისევ, ჩვენთვის, რომლებსაც უკეთეს შემთხვევაში ცოდვა მიგვაჩნია ამა თუ იმ წესის დარღვევად, სჯულის ამ თუ იმ სახის დარღვევად, ცოდვისადმი ადამიანის დამონების ეს იდეა უბრალოდ გაუგებარია. ჩვენგან აშკარა უმრავლესობა თავს გრძნობს არცთუ ცუდ ადამიანად, სხვებზე არც ცუდად და არც კარგად, როგორც ჩვეულებისამებრ ვამბობთ ხოლმე. რაც შეეხება ნაკლოვანებებს, ამა თუ იმ პატარა ცოდვებს, სინდისთან გარიგებებს, ნორმალურად მივიჩნევთ. ვის არ მოსდის ეს, ყველანი ადამიანები ვართ, კაცნი ვართ, უმწეონი და ცოდვილნი. და მაინც, სულაც არ ვართ ცუდები. საჭიროა კი საუბარი, რომ თვითკმაყოფილებისა და ზნეობრივი მინიმალიზმის ამ ატმოსფეროში, ქრისტიანობა ჭეშმარიტი ძალით ვერ ჟღერს, ვერ მოქმედებს და მას არ აქვს აზრი, და თუ აქვს, არა ის, რაც სახარებაშია, არამედ ის, რასაც ჩვენ ვაწერთ სახარებას. რადგან ცოდვაში ქრისტიანობა გულისხმობს არა ამა თუ იმ შეცოდებას, ნაკლოვანებას, და, შესაძლოა, არა თვით დაცემას, არა, ქრისტიანობა ცოდვაში გულისხმობს სწორედ იმ შინაგან განდგომას ღმერთისაგან, მისი ჭეშმარიტებისაგან და სულიერი კანონისაგან, რომელიც, პირველ რიგში, გამოიხატება ჩვენი ამ თვითკმაყოფილებით, ზნეობრივი მინიმალიზმით.
ცოდვა იმაში კი არაა, რომ ვეცემით და ვცოდავთ, არამედ იმაში, რომ უკვე ვეღარ ვამჩნევთ ნამდვილ დაცემას, ვერ ვამჩნევთ თვით ჩვენი „ნორმალური“, „ჩვეულებრივი“ ცხოვრების დაცემულობას. და საკმარისია შევადაროთ ეს ჩვენი მცირე თვითკმაყოფილება და ცოდვის ეს პატარა აღიარება ცოდვის იმ განცდას, სინანულისა და შენდობის იმ ღაღადს, რომელიც ბიბლიის თითქმის ყოველი ფურცლიდან იღვრება, რათა დავრწმუნდეთ ჩვენ შორის გამაოგნებელ, ძირეულ განსხვავებაში. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვგრძნობთ და არ ვაცნობიერებთ ცოდვისადმი ჩვენს მონობას, ცოდვის მიერ ჩვენს დამონებას, და ამიტომ არც მისგან გათავისუფლება გვსურს. როგორც გალიაში დაბადებული ფრინველი გალიიდან არ გაფრინდება თავისუფლებაში, თუნდაც გაიღოს გალიის კარი, ასევე უკვე ვეღარ ვგრძნობთ, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება დაჩეხილია, მოწამლული და დამახინჯებულია ცოდვით, რომ ჩვენ არ ვართ ისინი და ისეთნი, როგორებიც შეიძლება ვყოფილიყავით და როგორებიც უნდა ვიყოთ. და იგივე შეიძლება ითქვას სიკვდილისადმი ადამიანის დამონებაზე. როგორც არ უნდა გვეშინოდეს სიკვდილის, როგორადაც არ უნდა ვძრწოდეთ მის წინაშე, მას ვთვლით კანონიერ და ნორმალურ მოვლენად, ბუნების ერთ-ერთ ყბადაღებულ კანონად, რომელშიც სიბრძნის ძიებას გვასწავლიან კიდეც და რომლისადმი დამორჩილებისაკენ მოგვიწოდებენ ყოველთვის. ადამიანი მოკვდავია. მორჩა. უსიამოვნოა, მაგრამ ვერაფერს იზამ. დაემორჩილე და შეურიგდი, და, ამასთანავე, ილაპარაკე არავისთვის საჭირო სიტყვები სიმშვიდესა და დასვენებაზე. მაგრამ მაშინ როგორღა გავიგოთ სახარების კეთილუწყება იმის შესახებ, რომ „უკანაჲსკნელ მტერი იგი განქარდეს სიკუდილი“ (1 კორინთელთა, 15:26)? და რომ სწორედ ადამიანის ამ საშინელი მონობისაგან გასათავისუფლებლად მოვიდა ქრისტე? რა ვუყოთ მონებს, რომლებიც ისე შეეჩვივნენ თავიანთ მონობას, რომ უკვე აღარც კი გრძნობენ თავიანთ მდგომარეობას, როგორც მონობას, რომ მათ არც კი იციან, რანი უნდა ყოფილიყვნენ ისინი, და რომ ისინი თავისუფალნი იყვნენ? რა ვუყოთ მონებს, რომლებმაც დაივიწყეს რა ნამდვილი თავისუფლება, სათამაშოებით თამაშობენ და ამას თავისუფლებას უწოდებენ მსგავსად იმისა, ციხის ერთი კამერიდან მეორე კამერაში გადასვლას გათავისუფლება რომ უწოდო?
მაგრამ, აი, ქრისტიანობა ამბობს: სანამ ადამიანი დამონებულია ცოდვისა და სიკვდილის მიერ, სანამ ადამიანი ურიგდება ცოდვასა და სიკვდილს და ვერც კი განიცდის მათ როგორც საშინელ და წარუვალ მონობას, ილუზორული და უშინაარსოა ყოველგვარი ადამიანური მსჯელობანი ნებელობის შესახებ. და საქმე ეხება მხოლოდ უფრო გრძელ ან მოკლე ჯაჭვს, რომლითაც მიბმულნი ვართ იგივე ბოძს, იგივე მონობას. და ამიტომ მხოლოდ ამასთან მიმართებით, ამ მონობასთან მიმართებით შეიძლება შევიმუშავოთ თავისუფლების ცნება. რადგან ქრისტიანობისათვის ეს ცნება ნიშნავს არა დროებით გათავისუფლებას ამა თუ იმ დამოკიდებულებისაგან, არამედ, უწინარესად, ადამიანის ცნობიერების ძირეულ და შინაგან შეცვლას, და ამიტომ, ადამიანის მთელი სიცოცხლის შეცვლასაც. ქრისტიანობისთვის ამ გარეგან თავისუფლებას, უფრო სწორად, იმას, რასაც ჩვენ თავისუფლებას ვუწოდებთ და რაც ყოველთვის დროებითი და წარმავალია, არ აქვს არავითარი აზრი ადამიანის შინაგანი გათავისუფლების, თავისუფლებისაკენ სწრაფვის, მისი თანდაყოლილი თვისების დაბრუნების გარეშე. რადგან სწორედ თავისუფლების ამ უნარმა, ნამდვილი თავისუფლების წყურვილმა, ცოდვისა და სიკვდილისაგან თავისუფლებამ დაამსხვრია ადამიანში ის მონობა, რომელზედაც ეს-ესაა ვსაუბრობდით. ამიტომ, სანამ თავისუფლების ამ ქრისტიანულ ცნებას გამოვიყენებთ ჩვენი მიწიერი რეალობისა და საჭიროების მიმართ, საჭიროა მთელი სისრულით გავიგოთ სახარების კეთილუწყება იმის შესახებ, ვინც ავლენს თავისუფლებას.
No comments:
Post a Comment