ამწუხრებს თუ არა ჩვენი ცოდვები ღმერთს? ისიც იტანჯება როდესაც ჩვენ ვიტანჯებით? შეგვიძლია თუ არა ვუთხრათ ადამიანს, რომელიც იტანჯება: „თვით ღმერთი, სწორედ ამ წუთში იტანჯება იმით, რითაც შენ და ამარცხებს შენს ტანჯვას“?
პირველი საუკუნეების ეკლესიის მამები მტკიცედ იცავდნენ აზრს ღმერთის ტრანსცენდენტულობის, მისი „უვნებელობის“ შესახებ. ეს ნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც ღმერთის მიერ შექმნილი ადამიანი შეიძლება იტანჯებოდეს, თვით ღმერთი - არასოდეს. ხომ არ შეგვიძლია ვთქვათ ამ საკითხის შესახებ უფრო მეტი ისე, რომ არ უარვყოთ პატრისტიკულისწავლება? ძველ აღთქმაში, ქრისტეს განკაცებამდე დიდი ხნით ადრე, ღმერთის შესახებ წერია: „ვეღარ აიტანა მისმა სულმა ისრაელის ტანჯვა“ (მსაჯულნი 10:16). სხვაგან, ძველ აღთქმაში ღმერთი ამბობს: „განა ჩემი ძვირფასი შვილი არ არის ეფრემი? ჩემი ნებიერი ბავშვი არ არის? რამდენჯერ ვახსენებ, იმდენჯერ თვალწინ მიდგას, ამიტომაც შიგანი მეწვის მის გამო“ (იერემია 31:20). „როგორ გაგიმეტო, ეფრემ? როგორ გაგწირო ისრაელ?... გადამიბრუნდა გული, ერთიანად ამიტანა სიბრალულმა“ (ოსია 11:8). თუ ეს ციტატები საერთოდ რამეს ნიშნავს, უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ღმერთი განკაცებამდეც კი თავისი ქმნილების ტანჯვის უშუალო თანამონაწილეა. ჩვენი საცოდაობა ღმერთში მწუხარებას იწვევს, მისი ცრემლები ადამიანისას უერთდება. აპოფატიკური მიდგომისადმი პატივისცემა, რა თქმა უნდა, გვაიძულებს ფრთხილად ვიყოთ ღმერთისადმი ადამიანური გრძნობების უხეშად და არაკვალიფიციურად მიკუთვნებისას, მაგრამ იმის თქმის უფლება მაინც გვაქვს, რომ „სიყვარული სხვების ტანჯვას ითავისებს“, წერია წიგნში - „სულით გლახაკების შესახებ“. თუ ეს მართალია ადამიანური სიყვარულის შემთხვევაში, მაშინ რამდენად მართალი იქნება ეს საღმრთო სიყვარულის შესახებ. რადგან ღმერთი სიყვარულია და სამყაროს შექმნა სიყვარულის აქტია, რადგან ღმერთი პიროვნულია და ეს კი გაზიარებას გულისხმობს, ის არ არისინდიფერენტული დაცემული სამყაროს მწუხარებების მიმართ. თუ მე, ადამიანი, არ ვარ შეძრული სხვისი ტკივილების გამო, მაშინ რაში გამოიხატება ჩემი მისდამი სიყვარული? აქედან უეჭველად გამომდინარეობს, რომ ღმერთი ითავისებს ქმნილების ტკივილს.
ჭეშმარიტად ნათქვამია, რომ ღმერთის გულში ჯვარი მანამ იყო, სანამ ის იერუსალიმის გარეთ აღიმართებოდა და თუმცა ხის ჯვარი ჩამოხსნეს, ღმერთის გულში ჯვარი კვლავ რჩება. ეს არის ტკივილისა და გამარჯვების ჯვარი - ორივე ერთად. ისინი, ვისაც ამის დაჯერება შეუძლია, აღმოაჩენენ, რომ მათი სიხარული მწუხარებასთანაა შეზავებული და ადამიანურ დონეზე ეზიარებიან გამარჯვებული ტანჯვის საღმრთო გამოცდილებას.
No comments:
Post a Comment