Sunday, June 15, 2014
განღებული სამარხი - წმ. იოანე ოქროპირი
იმათი ბაგეები, ვინც სამარცხვინო, ამაო სიტყვებს წარმოთქვამს, ვისი პირიც სიმყრალეს ანთხევს, კუბოდ, მკვდარი ძვლებისა და ხორცის სადგურად შექმნილა. ადამიანო, პირი კეთილსურნელებით აღივსე, და არა სიმყრალით. სამეფო საგანძურის სალაროდ აქციე, და არა სატანურ სამარხად. თუ უკვე სამარხად იქცა, დახურე მაინც, რომ მისგან სიმყრალე არ ამოდიოდეს. წამხდარი ზრახვები გაქვს? სიტყვების საშუალებით ნუ გამოამზეურებ; სიღრმეში დატოვე და მალე მოიშთობა. ჩვენ ადამიანები ვართ და ხშირად ჩვენში ბილწ, უშვერ და სამარცხვინო გულისთქმებს ვასაზრდოებთ. მათ საშუალებას ნუ მივცემთ სიტყვებად გადაიქცნენ, რათა სიღრმეში მოქცეულნი მოუძლურდნენ და მოკვდნენ. ვინც მძვინვარე ცხოველებს ორმოში მოამწყვდევს და მას ზემოდან დაახურავს, მათ ადვილად მოგუდავს, მაგრამ მცირე ხვრელი რომ დაუტოვოს და სუნთქვის საშუალება მისცეს, ამით დიდ შეღავათს გაუწევს და ისინი არათუ არ მოიგუდებიან, პირიქით, კიდევ უფრო გამძვინვარდებიან. ასევე ხდება ბილწი გულისთქმების შემთხვევაშიც, როდესაც ისინი ჩვენში იშვებიან. თუკი მათ გარეთ გამოსასვლელს დავუხშობთ, მსწრაფლ აღვხოცავთ, ხოლო თუკი სიტყვების მეშვეობით გარეთ გამოვუშვებთ, (ენით) სუნთქვის საშუალებას მივცემთ, კიდევ უფრო გავაძლიერებთ და სამარცხვინო სიტყვების წარმოთქმის შემდეგ უჯერო საქმეების უფსკრულში შთავვარდებით. ამიტომ წინასწარმეტყველმა ხორხს არა უბრალოდ კუბო, არამედ "განღებული სამარხი" უწოდა, და სწორედ ის განკიცხა, რაც უკვე მოგახსენეთ. ვინც სამარცხვინო სიტყვებს გამოთქვამს, ის არა მარტო თავს შეირცხვენს, არამედ დიდ ჭირს ავრცელებს მოყვასსა და იმ ადამიანებს შორის, ვისთანაც ურთიერთობა აქვს. როგორც სამარხების გახსნით ქალაქებს ათასგვარი სნეულება მოედებოდა, ასევე ბილწსიტყვაობის სენით შეპყრობილნიც, პირს ურცხვად ალაღებენ და მათთან მოსაუბრეს მძიმე სენს შეყრიან. ამიტომ სჭირდება პირს ბჭე, კლიტე და ლაგამი.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment