მრევლის გარკვეული ნაწილის მიერ საეკლესიო წესჩვეულებათა და ეკლესიის სიწმიდეების (ხატების, წმ. ნაწილების და ა.შ.) გაკერპებისკენ მისწრაფება თანამედროვე საეკლესიო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. ეს ეკლესიის არასწორი აღქმის შედეგია, რომლის დროსაც საეკლესიო ცხოვრების ორი ძირითადი პრინციპის: ქრისტეცენტრულობის და სინერგიის იგნორირება ხდება. ქრისტიანობას ფასეულობათა გარკვეული იერარქია გააჩნია, და მასში მთავარი თავად ქრისტეა, მისი ღვთიური პერსონაა. ის არის „ალფა და ომეგა. დასაწყისი და დასასრული“ (გამოცხ. 1,8); ის არის „გზა, ჭეშმარიტება, სიცოცხლე და აღდგომა“ (იოან. 14,6; 11,25); მორწმუნეთათვის ქრისტე ყველაფერია (ღირსი მაქსიმე აღმსარებელი). ქრისტიანული ცხოვრების მიზანი - ქრისტესთან გაერთიანებაა, მისით და მასთან ცხოვრებაა, და მასში ცხონების, მშვიდობის, ბედნიერების და უკვდავების მოპოვებაა. მხოლოდ ამ მიზნისთვის აკურთხა ღმერთმა ეკლესია დედამიწაზე და მას არავითარი სხვა მიზანი არა აქვს. ეკლესია სულიწმიდის ძალით, საიდუმლოებათა მეშვეობით, ეხმარება მორწმუნე სულს ეზიაროს ქრისტეს. აქედან გამომდინარეობს სწორედ ქრისტეცენტრულობის პრინციპი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკლესიაში ყველაფერი ქრისტე მაცხოვრისკენ უნდა იყოს მიმართული. თავისი არსებობის 2000 წლის განმავლობაში ეკლესიამ მრავალი ფასეულობა დააგროვა - სულიერი, კულტურული, სოციალური და სხვა, რაც ადამიანის ყოფიერების ყველა სფეროში ფორმათა და მოვლენათა სიმრავლით გამოიხატა. ეს საეკლესიო ფორმები და მოვლენები მხოლოდ იმისთვის არსებობენ, რომ ამა თუ იმ სახით აზიარონ ადამიანი ქრისტეს. და თუ კი ჩვენ ამა თუ იმ მიზეზით ამ გარეგნულ საეკლესიო ფორმებს თვითმყოფადად, ქრისტეს კონტექსტის გარეშე აღვიქვამთ, მაშინ ჩვენ ვუშვებთ შეცდომას, ჩვენ ჩავანაცვლებთ მთავარს მეორეხარისხოვანით, არსებითს - ფორმალურით, რამეთუ ქრისტეს გარეშე ყველაფერი უაზროა, თვით ეკლესიაშიც კი.
ხატები და წმიდა ნაწილები უეჭველად ეკლესიის სიწმინდის და მადლის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ მათი გაკერპება და ფეტიშიზაცია ანტიქრისტიანული მოვლენებია. სიტყვა სინერგია „ერთდროულ მოქმედებას“ ნიშნავს, ადამიანისა და ღმერთის თანაშემოქმედებას. ეკლესიაში არსებული ღვთის მადლი არასოდეს მოქმედებს იძულებით, ავტომატურად; ღმერთი ყოველთვის პატივს სცემს ადამიანის თავისუფლებას და მისგან შეგნებულ და სრულიად თავისუფალ გულის მოძრაობებს და მოქმედებებს ელოდება. ეს პრინციპი რელიგიური ცხოვრების ყველა სფეროში ხორციელდება. ეკლესიაში ყველაფერი გათვლილია ქრისტიანის შეგნებულ, პასუხისმგებლობით სავსე ქმედებაზე. ეკლესიაში არ არის რაიმე ფორმალური, ბრმა, თავისთავად, ადამიანის თავისუფალი ნების გვერდის გავლით მოქმედი. ეკლესიური ცხოვრების ზემოთნახსენები ორი პრინციპი არსებობს არა მხოლოდ თეოლოგიური დისკუსიებისთვის, არამედ მისი განუხრელად ცხოვრებაში რეალიზაციისათვის. ქრისტეცენტრულობიდან და სინერგიიდან პირდაპირ გამომდინარეობს, რომ ქრისტესთან გაერთიანებისთვის საჭიროა საკუთარ თავზე ზნეობრივი და მორალური მუშაობა. მაგრამ ბევრს ასეთი ქრისტიანობა არ მოწონს. ამიტომ ე.წ. „მოსაგრეობრივი“ ქრისტიანობის გვერდით არსებობს უფრო ფართოდ გავრცელებული პრაქტიკული ქრისტიანობა, რომელიც ორი რამით ხასიათდება: ცრუმორწმუნეობით, ანუ ქრისტიანობით ქრისტეცენტრიზმის გარეშე; და მაგიურობით, ანუ ქრისტიანობით სინერგიისა და ზნეობრივი ღვაწლის გარეშე. ცრუმორწმუნეობა ნიშნავს ქრისტიანობიდან მხოლოდ საეკლესიო წესჩვეულებების აღებას, როცა ცხოვრების წესი რჩება წარმართული. ამასთან ის გამოიხატება არა მარტო ჭიაკოკონობაში და სხვა ცრურწმენების კულტივირებაში, არამედ ჩვენი ცხოვრების გარკვეულ ვექტორად იქცა. ის ჩვენი რელიგიიდან განაგდებს ქრისტეს და მის ადგილას ამქვეყნიურ რეალიებს აყენებს. ამ სისტემის მიზანი არის არა ქრისტე და მასში ცხოვრება, არამედ უფლისგან მიწიერ სიკეთეთა მიღება. თავად უფალი და მისი მცნებანი აქ არავის აინტერესებს. საინტერესოა, რომ ამ შემთხვევაში თვით საეკლესიო წეს-ჩვეულებები თავიანთ მთლიანობას კარგავენ და ნახევრადწარმართულ სახეს იძენენ. ყველაფერი ეკლესიური, რასაც წარმართობა შეეხება, უბრალოვდება და მიწიერი ხდება. ამიტომ, ბევრს ქრისტიანობა წარმოესახება არა როგორც ქრისტე და ქრისტიანული ცხოვრება, არამედ როგორც წმინდა რიტუალი, რომლის ზუსტი შესრულება მიიჩნევა ცხონების გარანტად; ასეთი „ქრისტიანისთვის“ მთავარია საეკლესიო წეს-ჩვეულებათა და კანონთა ზედმიწევნით შესრულება, ხოლო ქრისტეში სიყვარულის მოპოვება სულაც არ არის აუცილებელი; პირიქით, ასეთ „ქრისტიანებს“ მიაჩნიათ, რომ ყველა, ვინც მათ არ ბაძავს, სიძულვილის ღირსია.
ეკლესიისთვის კიდევ უფრო მეტი ზიანი მოაქვს მაგიზმის კულტივაციას, ეკლესიის წმიდა ელემენტებისთვის მაგიური ძალის მინიჭების მცდელობას. მაგიზმი ეკლესიაში ანადგურებს ქრისტეს მოძღვრების უმთავრეს პოსტულატს - ღმერთთან, როგორც მოყვარე მამასთან ურთიერთობის შესაძლებლობას. ამ ნეგატიურ მოვლენაზე ბევრს წერდა წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი, რომელიც აღნიშნავდა, რომ ქრისტიანული ცხოვრების მაგიზაციის შედეგია სასწაულთა და წინასწარმეტყველებათა გამოგონება, ქვეყნიერების დასასრულის თეორიების და მდარე აპოკალიპტიკის გავრცელება. ეს ავადმყოფობა ეკლესიას მუდამ სჭირდა, რაც დაფიქსირებულია მრავალრიცხოვან წერილობით წყაროებში. ამაზე წერს მოციქული პავლეც: „ხოლო უწმინდურთა და დედაბერთა ზღაპრებს ერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწაფე თავი“ (1 ტიმოთ. 4,7). სამწუხაროდ, ეკლესიის მსახურთა გარკვეული ნაწილი ხელს უწყობს მრევლში ცრუმორწმუნეობრივი და მაგიური სულის შენარჩუნებას. ისინი ქრისტეს სიყვარულის მოძღვრების ნაცვლად, ეკლესიის წესჩვეულებათა, ხატების და წმიდა ნაწილების მაგიური ძალის ქადაგებით, მრევლში ტოტალურ შიშს და ძრწოლას თესავენ. სიყვარულზე, სულის სილამაზეზე, და-ძმურ სიყვარულზე, მარადიულობასა და სიკვდილზე საუბრის ნაცვლად, ასეთ მრევლში გამუდმებით საუბარია ფსევდოსასწაულებზე, ხატების და წმიდა ნაწილების მაგიურ ძალაზე. მრევლის გარკვეულ ნაწილს აწყობს ეს: მაგია მათ ათავისულებს საკუთარ თავზე ზნეობრივი და მორალური მუშაობისგან: საკმარისია წმინდა ხატს ემთხვიონ, ან წმინდა ნაწილებს მიეკარონ, რომ ისინი უკვე ნამდვილ ქრისტიანებად გრძნობენ თავს; მრევლის მეორე ნაწილი კი იმედგაცრუებული ტოვებს ეკლესიას, რადგან ამ მაგიურ ისტერიაში ვერ პოულობს მთავარს - სიყვარულს. ქრისტეს მოძღვრების ქვაკუთხედი არის სიყვარული, და ამ მოძღვრების განუყრელი დაცვა და მისი ცხოვრებაში გატარება არის მართლმადიდებლობა. წმინდა ხატები, წმინდა ნაწილები და საეკლესიო წესჩვეულებანი ქრისტესმიერი სიყვარულის ცალკეული გამოვლინებებია და ყოვლად დაუშვებელია ქრისტიანულ სულიერ პრაქტიკაში ამ წმიდა გამოვლინებებით თავად ქრისტეს ჩანაცვლება, მისი მოძღვრების იგნორირება. თუ ეკლესია არ განიწმინდა წარმართული სულისკვეთებისაგან და მაგიზმისაგან, მას საბოლოო ჯამში კრახი ელოდება. ეკლესიის ერთადერთი ფუნქციაა ადამიანსა და ღმერთს შორის სიყვარულის დამყარება და ამ უზენაესი მისიის პროფანირება უდიდესი ცოდვაა.
ათონის მთაზე მოღვაწე ქართველი ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია)
წერილი მომზადებულია იღუმენ პეტრე მეშჩერინოვის სტატიის მიხედვით - „О ЛУБОЧНОМ ХРИСТИАНСТВЕ“ - Сибирская Православная газета, 2013 г.
წერილი მომზადებულია იღუმენ პეტრე მეშჩერინოვის სტატიის მიხედვით - „О ЛУБОЧНОМ ХРИСТИАНСТВЕ“ - Сибирская Православная газета, 2013 г.
No comments:
Post a Comment