Friday, June 27, 2014

გადავწყვიტე შემყვარებოდა ყველა - დეკანოზი სერაფიმე დანელია

ერთხელ წმიდა მამებთან ამოვიკითხე, რომ წინასწარი განზრახვა და განწყობა ბევრად განაპირობებს ადამიანის სულიერ განვითარებასა და მის მიმართულებას, ამიტომ მოვინდომე საკუთარ თავზე გამომეცადა იგი და... გადავწყვიტე შემყვარებოდა ყველა.
დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რა განუმეორებელი და საყვარელია თითოეული ადამიანი...

დრო გადიოდა და მე ნელა-ნელა ისე შევეჩვიე ასე ფიქრს, რომ შინ თუ გარეთ, ტრანსპორტსა თუ გაჩერებაზე, ოჯახში თუ მსახურებისას, ლხინში თუ ჭირში ვცდილობდი ყველასთვის შემეხედა სიყვარულით და იმ განწყობით, თუ რა კარგი და ძვირფასია თითოეული ადამიანი, თავისებურად როგორი განსაკუთრებული და მომხიბვლელი მისი შინაგანი სამყარო, მისი ცხოვრება, მისი საფიქრალ-საზრუნავი, როგორი ახლობელია მისი გრძნობები და ემოციები... როგორი საიდუმლო, რა საუნჯე, ღვთის როგორი ქმნილებაა იგი, წარმავალი ხორცისა და უკვდავი სულის როგორი საოცარი, ჰარმონიული ნაზავი, თავისუფალი ნებისა და გონიერი სულის მატარებელი... სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მისთვის ხომ ღმერთი განხორციელდა... 

ასე გადიოდა დღეები და მართალი გითხრათ, სულ სხვანაირი გახდა გარემომცველი სამყარო. თითქოს ყველაფერმა საოცარი ელფერი მიიღო, გამრავალფეროვანდა, გამდიდრდა, ღირსება შეიძინა. ყველა ადამიანი ერთბაშად საოცარი, განუმეორებელი, განსაკუთრებული, ძვირფასი და საყვარელი გახდა. თითქოს ყველას გავუგე, ყველასი მესმოდა, ყველას თანავუგრძნობდი და თუ აქამდე სამყარო უცხოდ და მტრულად მეჩვენებოდა, ახლა იგი ისეთი ახლობელი და მშობლიური გახდა, როგორც ბავშობაში აღვიქვამთ ხოლმე მას...

მე თითქოს ღვთის საუფლოში შემავალ საიდუმლო კარს მივაგენი. ღმერთო, რა კარგი იყო იქ, რა მშვიდობა, რა სიყვარული, რა თანხმიერება, რა წესრიგი...

და აი, ერთ დღეს, სახლში ვბრუნდებოდი სამარშუტო ტაქსით, სახეზე ალბათ ნეტარება გადამდიოდა, ბედნიერი ვიყავი ამდენ კეთილ ხალხში, ამდენ საყვარელ ადამიანებში...
ფანჯრის მხარეს ვიჯექი. რაღაც მომენტში ჩემს გვერდზე ადგილი განთავისუფლდა. გაჩერდა ჩვენი ტრანსპორტი და ვხედავ, ამოდის ნახევრად შიშველი და საოცრად გამხდარი, ტუჩზე, ცხვირზე, წარბზე პირსინგებით და ტატუებით აჭრელებული საყურეებიანი შავი არსება. ,,ნეტავ ჩემს გვერდით არ დაჯდეს“ - გამიელვა ფიქრმა, მან კი ერთი გაიხედ-გამოიხედა და თუმცა თავისუფალი ადგილები საკმაოდ იყო, მაინც ჩემს გვერდზე დასკუპდა. იძულებული გავხდი, თავი გვერდზე მიმებრუნებინა, რადგან არ ვიცი ეს რა იყო, მაგრამ ყველა ბედნიერებასთან ერთად საშინელად აუტანელი სუნი ასდიოდა, ისეთი, მარტო ადამიანს რომ ასდის... მალე ტელეფონმაც დაურეკა და დაიწყო პირსინგებისა და ტატუების მნიშვნელობებზე ხმამაღალი საუბარი, - თუ ვინ იყო კარგი სპეციალისტი, ვისთან ჯობდა მათი გაკეთება და რა ფასებში იყო ეს შესაძლებელი... ,,ღმერთო რა საშინელებაა, ნეტავ ახლა აქ არ ვიჯდე“- გავიფიქრე და უცებ გამახსენდა ჩემი რამდენიმე წუთის წინანდელი ნეტარი განწყობა, ვითომ ყველა რომ მიყვარდა და ყველას ტვირთვა შემეძლო... თითქოს გონება გამინათდა, მივხვდი, რომ ღვთისგან იყო ეს ყველაფერი და ჩემთვის იყო ეს ადამიანი აქ ამოსული... ,, - დიდება შენ უფალო, ორი წელია ამ პრანსპორტით დავდივარ და დღემდე ამისთანა მოვლენას არ შევხვედრივარ" გავიფიქრე... ,, - მიდი, ახლა შეიყვარე, გაუგე, თანაუგრძნე“ - მითხრა გულისთქმამ. მოვინდომე, ვეცადე, მაგრამ ვერა, ვერ შევძელი დამეძლია შინაგანი განზიდულობა და ამომევსო ჩვენ შორის არსებული სიცარიელე. არაფერი საერთო, ვერანაირი სიახლოვე, თანაგრძნობის უმცირესი სხივიც კი ვერ ვპოვე სულში... და ეს იყო რეალობა.
მაშინ ვუთხარი საკუთარ თავს: 

„ - გეყოფა, ჩამოდი ციდან. ..სხვა ადამიანის სიყვარულს მხოლოდ მექანიკური მეცადინეობით ვერ გაითავისებ - ამით მხოლოდ ხიბლს შეიძლება გამოჰკრა ხელი, - აჯობებს უპირველესად საკუთარი დაცემულობის სიღრმეს ჩასწვდე, საკუთარი უძლურობა გამოიტირო და მერე ის თავად გასწავლის სხვის სიყვარულსა და თანაგრძნობას-მეთქი“... 

ის დალოცვილი ტელევიზიასთან ჩამოვიდა, მე კი მანქანის ფანჯრიდან გავყურებდი ადამიანთა მქროლავ სილუეტებს და ღიმილს ვერ ვიკავებდი... 

და მაშინ პირველად ვიგრძენი მადლიერება იმ ადამიანის მიმართ, რომლის მეშვეობითაც იმ დღეს მე სამუდამოდ დასამახსოვრებელი გაკვეთილი მივიღე ჩემი კაცთმოყვარე უფლისგან, მას დიდება უკუნისამდე! ამინ!

25 თებერვალი, 2016 წ.

წყარო

No comments:

Post a Comment