Tuesday, January 6, 2015

იქნებ, ქრისტე არც კი დაბადებულა შენთვის - წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი

„შენ ქრისტიანე ხარ, ძმაო ჩემო, და უეჭველია არა ერთგზის გიფიქრია იესო ქრისტეზე, ათასჯერ გილოცავს მის სახელზე, გარნა ნუ გაგიკვირდება, თუ გითხრა რომელ იესო ქრისტე, იქნება, ჯერ არც კი დაბადებულა შენთვის, ანუ შენს გულში. როდის დაიბადება, ანუ რა სახით დაიბადება ქრისტე კაცის გულში, გკითხავ მე შენ? მხოლოდ იმ წამს, ძმაო, როდესაც შენ იგრძენ ჭეშმარიტი და ნამდვილი სიყვარული იესო ქრისტესი. რა სიყვარული არის ეს, იფიქრებ შენ. მე მეგონა, რომ კიდეც მიყვარდა იესო ქრისტე? როგორ აგიხსნა მე, ძმაო, რა არის სიყვარული? სიყვარულს კაცი ვერ ახსნის სიტყვითა, თუმცა გულში კი გრძნობს. მაგრამ, იქმნება, რომლითამე მაგალითითა გაცნობო, რა არის სიყვარული: იქმნება შენ ვინმე გყავდეს ყოველთა უსაყვარლესი პირი, ანუ მეუღლე, ანუ შვილი, ანუ მეგობარი. წარმოიდგინე, რომ იგი დიდი ხანი არ გენახოს და მერმე უცებ დაინახო, რას გრძნობ მაშინ? გული დაიწყებს ძგერასა; სული გაგინათლდება; რაღაცას გამოუთქმელს სიხარულს იგრძნობ. სწორედ ეგრედვე უნდა იგრძნოს ერთხელ მაინც კაცმა, როდესაც იგი იფიქრებს იესო ქრისტესა ზედა, და მაშინ მხოლოდ დაიბადება ანუ გამოისახება ქრისტე მის გულში. უკეთუ ესრედი გრძნობა არ გაუჩნდა კაცს გულში, მისთვის ქრისტე არ არის დაბადებული.“