Wednesday, October 29, 2014

ზიარების საიდუმლოსთან დაკავშირებით - დეკანოზი თამაზ ლომიძე

ცოტა ხნის წინ ერთმა მეგობარმა მომწერა:

ზიარებასთან დაკავშირებით მჭირდება დახმარება. მეტი ინფორმაცია მჭირდება ამ საიდუმლოსთან დაკავშირებით, რომ მეტად გულანთებული ვიყო და კარგად მქონდეს გააზრებული. ცალსახად გვასწავლის წმ. წერილი, რომ ზიარება არის აუცილებელი, რომ ეს უმთავრესია ცხონების გზაზე.. ვიცი ისიც, რომ ქრისტიანებად სწორედ ისინი იწოდებოდნენ პირველ საუკუნეებში, ვინც მაზიარებელი იყო და წესით ახლაც ასე უნდა იყოს, მაგრამ მხოლოდ ეს ხომ არაა... რაღაც მაკლია იმისათვის, რომ მყარად მესმოდეს და მაგიზმის განცდა არ მქონდეს. იქნებ ზიარების საიდუმლოზე დაწეროთ რაიმე, ან იქადაგოთ, ან მირჩიეთ რა წავიკითხო, სადაც კარგად იქნება ახსნილი ეს საკითხი.“

მინდა ვუპასუხო მასაც და ბევრ სხვა მორწმუნესაც, ვისაც იგივე კითხვა აწუხებს: 

ძირითადი შეცდომა არის ის, რომ მორწმუნენი მთავარ და ერთადერთ აქცენტს აკეთებენ  ზიარებაზე ვიწრო გაგებით ანუ იმ მომენტზე, როცა მღვდელი მათ ბარძიმიდან აწვდის  პურს და ღვინოს - ქრისტეს სისხლსა და ხორცს. „ზიარების საიდუმლო“ ერთ-ერთია ეკლესიის 7 საიდუმლოთაგან. მაგრამ, ზიარების საიდუმლო არ აღესრულება მხოლოდ  ზიარების მომენტში. ზიარების საიდუმლო არის მთლიანად წირვა, ევქარისტია ანუ  ლიტურგია. წირვა (ევქარისტია) კი შედგება: მორწმუნეთა დროულად შეკრებით ტაძარში, შესაწირი ძღვენის მომზადებით, ლოცვით და მოხსენიებით, სახარებისა და სამოციქულოს მობრძანებით, მოსმენით და განმარტებით, ძღვენის (პურის და ღვინის) შეწირვით, სულიწმინდის მოწვევით და ბოლოს, პურის და ღვინის  განაწილებით მორწმუნეთა შორის, ანუ ზიარებით, რაც არის ნიშანი ჩვენი ერთობისა უფალთან და ერთმანეთთან. 

ძალიან ძნელია მორწმუნე რწმენით განეწყოს მხოლოდ ზიარების მომენტის მიმართ, თუ სამრევლო სრულყოფილად ვერ ახორციელებს წირვის ყველა სხვა ელემენტს, თუ ხმაური და უყურადღებობაა ტაძარში და საკურთხეველში, თუ მორწმუნეები რწმენით და გულისყურით არ უსმენენ წირვის დანარჩენ ნაწილებს, უპირველესად, თუ მორწმუნეებს არ ესმით, რატომ იკრიბებიან ეკლესიად (ეკლესიის სახით) და არა ეკლესიაში, როგორც შენობაში.

ზიარების საიდუმლო არის მთლიანად წირვის (ევქარისტიის) საიდუმლო.   

ამასთან დაკავშირებით გითარგმნეთ და გთავაზობთ ნაწყვეტს პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის წიგნიდან „ევქარისტია - ღვთის სასუფევლის საიდუმლო“, სადაც  განხილულია წირვის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი - მორწმუნეთა შეკრება ეკლესიად. 

ევქარისტია (ბერძ. εὐχαριστέω, სამადლობელ) -  ნიშნავს წირვას, ლიტურგიას. ასევე ნიშნავს ზიარების საიდუმლოს. 




„შეკრების საიდუმლო“ - პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი

„შეკრებასა მას თქუენსა ეკლესიად ...“ (1 კორინთ. 11, 18)

„შეკრებასა მას თქუენსა ეკლესიად ...“, წერს მოციქული პავლე კორინთელებს. პავლესთვის, ისევე როგორც მთელი ადრეული ქრისტიანებისთვის, ეს სიტყვები გულისხმობს არა სალოცავ სახლს, არამედ მათი შეხვედრის სახეს და განზრახვას. ცნობილია, რომ სიტყვა „ეკლესია“ (Εκκλησία) ნიშნავს შეხვედრას ან შეკრებას და ამ გაგებით ძველი ქრისტიანებისთვის „ეკლესიად შეკრება“ ნიშნავდა შეკრებილიყვნენ ეკლესიის (Εκκλησία) განცხადების და განხორციელების განზრახვით.

ეს შეკრება ევქარისტიულია (წირვისთვის, მთარგმ.) და მისი მიზანი და რეალიზება დევს განზრახვაში, რომ არსებობს კრებული, რომელშიც „საუფლო სერობა“ იდღესასწაულება და რომელშიც ევქარისტიული „პურის განტეხა“ ხორციელდება. იმავე წერილში პავლე ადანაშაულებს კორინთელებს, რომ შეკრების დროს „საუფლო სერობის“ მაგივრად სხვა სერობას მართავენ და ევქარისტიული პურის განტეხვის ნაცვლად სულ სხვა მიზნებისთვის იკრიბებიან (1 კორინთ. 11, 20). ეჭვგარეშეა და აშკარაა, რომ დასაწყისიდანვე სახეზეა შეკრების, ევქარისტიისა (წირვის, მთარგმ.) და ეკლესიის სამობა, რომელსაც როგორც მთელი ადრეული საეკლესიო ტრადიცია, ასევე პავლე მოციქულიც ერთხმად გვიდასტურებს. ამიტომაც, ლიტურგიული ღვთისმეტყველების მთავარი ამოცანაა ამ ერთობის აზრისა და არსის წარმოჩენა.

ეს ამოცანა განსაკუთრებით სასწრაფოა დღეს, რადგან სამი ელემენტის ერთიანობის გაგება, რაც ძველი ეკლესიისთვის თავისთავად ბუნებრივი იყო, ჩვენი დროის ქრისტიანულ აზროვნებაში აღარ არის ბუნებრივი. „სასკოლო ღვთისმეტყველება“ (Schultheologie), რომელიც პატრისტიკულ ტრადიციასთან კავშირის გაწყვეტის შემდეგ დამკვიდრდა, ყველაზე მეტად იგნორირებას უკეთებს ამ კავშირს შეკრებას, ევქარისტიას და ეკლესიას შორის. ხდება ევქარისტიის დამკვიდრება და გაგება როგორც ერთ-ერთი საიდუმლოსი და არა როგორც „შეკრების საიდუმლოსი“, როგორც ამას ჯერ კიდევ მე-5 საუკუნეში დიონისე არეოპაგელი განმარტავდა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ამ „სქოლასტიკურმა“ დოგმატიკამ ევქარისტიის ეკლესიოლოგიური მნიშვნელობა უბრალოდ ვერ დაინახა და ამით ეკლესიის სწავლებაც ეკლესიოლოგიის ევქარისტიული განზომილების შესახებ დაივიწყა.

მოგვიანებით შევეცდებით ღვთისმეტყველების და ევქარისტიის განცალკევებისა და მისი ტრაგიკული შედეგების შესახებ უფრო ამომწურავად ვისაუბროთ. ამჯერად კი აშკარაა, რომ წარმოდგენა ევქარისტიაზე (წირვაზე), როგორც „შეკრების საიდუმლო“-ზე მორწმუნეთა ცხოვრებიდან თანდათანობით გაქრა. ლიტურგიკული სახელმძღვანელოები გვასწავლიან, რომ ევქარისტია მიეკუთვნება „საზოგადო ღვთისმსახურებას“ და მიუთითებენ, რომ ლიტურგია ჩვეულებრივ „მორწმუნეთა კრებულის“ თანდასწრებით იდღესასწაულება. მაგრამ, ეს „მორწმუნეთა შეხვედრა“, ანუ კრებული, აღარ განიხილება, როგორც ევქარისტიის პირველადი სახე. ლიტურგია ვეღარ ხედავს და გრძნობს ევქარისტიაში ეკლესიის უძველეს ფორმას. ლიტურგიკული ღვთისმოშიშება სრულიად ინდივიდუალისტური გახდა. ამის უთვალსაჩინოესი მაგალითია ზიარების მიღების თანამედროვე პრაქტიკა, რომელიც სრულად ექვემდებარება ცალკეული მორწმუნეების „რელიგიურ მოთხოვნილებებს“. არავის, სასულიეროთაგან და საეროთაგან, აღარ ესმის ეს ევქარისტიული ლოცვის სულით: „ჩვენ, ერთი პურიდან და ერთი სასმისიდან მიმღებელნი შეგვაერთე ურთიერთას ძალითა სულითა შენისა წმიდისათა“.

ასე და ამგვარად, ღვთისმოშიშებაშიც და „ეკლესიურობაშიც“ მივიღეთ ევქარისტიის (წირვის) მნიშვნელობის მზარდი და აშკარა „დაკნინება“, სახეზეა ეკლესიის ცხოვრებაში ევქარისტიის თავდაპირველი და მთავარი აზრის უტრირება. შესაბამისად, საჭიროა, რომ ლიტურგიკული ღვთისმეტყველების მიერ ევქარისტიის ყველა განმარტება ამ დაკნინების გადალახვით დაიწყოს. საჭიროა, რომ ლიტურგიკული ღვთისმეტყველება დაუბრუნდეს ევქარისტიის თავდაპირველ გაგებას, როგორც „შეკრების საიდუმლოს“ და, შესაბამისად, „ეკლესიის საიდუმლოს“.

... ლიტურგია (წირვა) არის „შეკრების საიდუმლო“. ქრისტე მოვიდა „იმისთვისაც, რომ ერთად შეეკრიბა ღმერთის გაფანტული შვილები“ (იოანე 11, 52) და დასაბამიდანვე ევქარისტია (წირვა) იყო ქრისტეში და ქრისტეს მიერ შეკრებილი ახალი, საღვთო ერის ერთიანობის ნიშანი და განხორციელება. ჩვენ ღრმად უნდა გავიაზროთ, რომ ეკლესიაში პირადი ლოცვებისთვის კი არ მივდივართ, არამედ რათა „ეკლესიად შევიკრიბოთ“. უნდა გვესმოდეს, რომ ეკლესიის ხილული შენობა სხვას არაფერს ნიშნავს თუ არა სახეს ხელთუქმნელი ტაძრისა. ამიტომაც, „ეკლესიად შეკრება“ სინამდვილეში არის პირველი ლიტურგიკული აქტი და მთელი წირვის საფუძველი. თუ ეს გაუგებარი დარჩა, გაუგებარი დარჩება ყველა დანარჩენიც. როცა მე ვამბობ: „ეკლესიაში მივდივარ“, ეს ნიშნავს, რომ მე მორწმუნეთა კრებულში მივდივარ, რათა მათთან ერთად შევადგინო ეკლესია, რათა ვიყო ის, რაც ჩემი ნათლობის დღეს გავხდი - ქრისტეს სხეულის ნაწილი, ამ სიტყვის სრული და ყოვლისმომცველი გაგებით.

Alexander Schmemann, „Eucharistie, Sakrament des Gottesreiches“ Johannes Verlag Einsiedein, Freiburg 2005

Wednesday, October 22, 2014

ადამიანის სიდიდე და ღირსება - წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე)

„ამ წუთისოფელში ადამიანს ბევრი და მრავალსახის საქმე აქვს საკეთებელი, როგორც კერძოდ თავისათვის, ისეც ზოგადად ყველასათვის. სათითაოდ ყველას ერთნაირი დანიშნულება არა აქვს. სათითაოდ ყველას რაიმე დანიშნულება კი უსათუოდ აქვს. მაღალ ზნეობის თვალის წინაშე სიდიდე ადამიანისა დანიშნულების სიდიდეზედ არ არის დამოკიდებული. მრავალგვარია ნიჭიერება, ღონე და მიდრეკილება ადამიანისა. სიდიდე და ღირსება ის არის, ვინ როგორ აურჩია საქმე თავის ნიჭსა და ღონესა, მიდრეკილებასა და ვინ როგორ უძღვება. თვითონ საქმის მეტ-ნაკლებობა აქ არაფერს შუაშია, დიდი და პატარა სულ ერთია, ოღონდ კაცმა იმას მიჰმართოს, იმას ჩაჰჭიდოს ხელი, რაზედაც გული მიუწევს და ნიჭი და უნარი მიუწვდება. უამისოდ ყოველი საქმე მცირეა და ამისით კი ყოველი პატარაც დიდია.“

25 თებერვალი, 1887 წ.

Monday, October 20, 2014

შეურაცხმყოფელია თუ არა ქალისთვის „ნეკნისგან“ შექმნა? - დეკანოზი თამაზ ლომიძე

შევეცდები, რაც შეიძლება მარტივად ავხსნა. „ნეკნისგან“ შექმნას უწოდო „მეორადი სოციალური დაკანონება“, მცდარი და სუბიექტური გაგებაა იმისა, რაც ბიბლიურ ევას შექმნაში იგულისხმება ადამის „ნეკნიდან“.

ჯერ ერთი: მცდარია აზრი, რომ ადამის გასართობად შექმნა ღმერთმა ევა. არა გასართობად, არამედ იმისთვის, რომ ბედნიერები ყოფილიყვნენ და ერთად უფრო საამური ყოფილიყო მათთვის ცხოვრება. დღესაც ასეა ეს: ქალთან ერთად ბედნიერია კაცი და პირიქით ქალიც ბედნიერია თავის კაცთან.

მეორე: „ნეკნი“ არის თარგმანი ძველებრაული სიტყვისა „zela“ რომელიც გვერდს, მთავარ ნაწილს, გულის-გულს ანუ ყველაზე მნიშვნელოვანს გულისხმობს ადამიანში. „ნეკნისგან“ ან „გვერდისგან“ შექმნა სიმბოლოა მხოლოდ იმისა, რომ სამყაროს შექმნის შემდეგ (რომელშიც ადამის მსგავსი არ იყო არცერთი სულდგმული) ღმერთს სურდა ბუნებით ზუსტად მისი მსგავსი არსება შეექმნა და ამიტომაც გვერდი - გულისგული აიღო ამისთვის მამაკაცისგან. ბუნებრივია, რომ იმ დროს, როცა ბიბლიის პირველი წიგნი დაიწერა ადამიანებს თითქმის არ ჰქონდათ წარმოდგენა ანატომიაზე და მწერალს უნდა გამოეყენებინა ისეთი სიტყვა, რაც ყველაზე მეტად ასახავდა ამ მსგავსებას. ანატომიური გაგებით „ნეკნი“ მოგვიანებით დამკვიდრდა თარგმანებშიც (ლათინურ Vulgata-ში) და ადამიანების გონებაშიც. ადრეულ ადამიანებს კი სხვა რამ ესმოდათ ამაში. შესაბამისად, ნეკნისგან შექმნა არ არის შეურცხმყოფელი ქალებისთვის. პირიქით, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მამაკაცს და დედაკაცს ერთნაირი ბუნება აქვთ და გენდერული თანასწორობის მომხრეებს ეს უნდა უხაროდეთ კიდეც.

მესამე: თუ ვინმე ეკლესიაში ან ერში ამას თავისი მახინჯი წარმოდგენებისთვის ბოროტად იყენებს, ეს არ ნიშნავს, რომ ეკლესიის სწავლებაა ასეთი. თქვენ უნდა იცოდეთ სწორად და ასწავლოთ სხვებსაც.

წყარო

ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობა - პროტოპრესვიტერი მარკოზ ტყემალაძე

„აზნაურობითა მით, რომლითა ქრისტემან ჩვენ განგვააზნაურნა, მტკიცედ ჰსდეგით და ნუ კვალად უღელსა მას მონებისასა თავს იღებთ“. (გალ 5.1)

დღესდღეისობით გამწვავებულია საკითხი მდედრობითი სქესის ამაღლებაზე, რაც შეიძლება ქალთა უფლებათა გაფართოებაზე და მამაკაცთა უფლებებთან გათანასწორებაზე. ამ საკითხს დიდი მნიშვნელობა აქვს და მისი გონივრულად ახსნა, განმარტება ბევრს ნათელს მოჰფენს სხვა, ჩვენი ცხოვრების შესახებ დაყენებულ საკითხებსაც. რას თხოულობენ ჩვენი დედები და დანი?! ისინი თავგანწირულად იბრძვიან, რათა მიიღონ მოქალაქეობრივი უფლებანი ისეთივე, როგორიც ეძლევათ მამაკაცებს და ამ უფლებათა ღირსეულად ასრულებისათვის თხოულობენ, მისცენ მათ საშუალება განათლებისა.

ყოველ შეგნებულ ადამიანს აქვს შემჩნეული მამაკაცთა და დედაკაცთა შორის არსებული უთანასწორობა მოქალაქობრივ ცხოვრებაში. რა არის მიზეზი ქალთა ამნაირი დაქვეითებისა, რისთვის გამხდარა კაცი ბატონად ქალისა, რად დაუჩაგრავს იგი? აი საკითხი, რომლის ახსნას ცდილობენ; ცდილობენ გაითვალისწინონ კანონიერება, ან უკანონობა აღნიშნული წესწყობილებისა, ანუ უკეთ რომ ვსთქვათ, უწესობისა და ურიგობისა.

ზოგიერთნი ამტკიცებენ, რომ არ შეიძლება ქალს ისეთივე უფლებები მიენიჭოს, როგორიც კაცს აქვს, რადგან ფიზიკურად უფრო სუსტია და ვერ შეძლებს ერთნაირ მოვალეობის ასრულებას. მაგრამ განა ცოტა არიან ისეთი მამაკაცნი, რომლებიც ქალებზე უფრო სუსტნი არიან აგებულებით, ფიზიკური ძალღონით, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ უფლებებს არ ართმევენ. თუმცა ქალი კაცზე უფრო სუსტია აგებულებით, ფიზიკური ძალღონით, მაგრამ სამაგიეროდ უფრო მუყაითია, მომთმენი, ჯაფის ამტანი, ფხიზელი და მოხერხებული მუშაობაში. თუ კაცი მუშაობს დღეში რვა-ცხრა საათს, ქალი-მეოჯახე მთელი დღე ფეხზე ტრიალებს, ფუსფუსებს; თუმცა თითქო არა სჩანს მისი მუშაობა, მაგრამ იმდენი წვრილმანი საქმეებია გასაკეთებელი ოჯახში ყოველდღე, რომ ერთი საათის მოსვენებას, სულის მობრუნებას არ აძლევს დიაცს; ხშირად პურის საჭმელადაც ვერ პოულობს იგი თავისუფალ დროს. ხშირად ცალ ხელში ბავშვი ჰყავს აყვანილი და ცალი ხელით საქმიანობს. რომელი ჯაფა შეედრება შვილოსნობას და ბავშვის მოვლას? რა მოთმინებით არიან ხოლმე აღჭურვილნი დანი მოწყალებისა, როდესაც ისინი უვლიან დაჭრილებს, ავადმყოფებს? რამდენ წვალებას გამოივლიან ხოლმე და როგორ საშიშ მდგომარეობაში აყენებენ თავიანთ თავს, როდესაც უვლიან ათასნაირ გადამდებ სენით ავადმყოფებს? რამდენჯერ სჭირდებათ მათ დღე და ღამის გასწორება? გარდა ამისა, რამდენი კუთხეა დედამიწის ზურგზე, როდესაც მამაკაცები სტოვებენ და ფულის საშოვრად მიდიან ქალაქებში? მაგ: ჩვენში რაჭიდან განა ცოტანი მიდიან სხვა და სხვა ქალაქებში სამუშაოდ? მათ მაგივრობას ვინ ეწევა სოფლად? ვინ ხნავს, ვინ სთესავს, მკის და ლეწავს მოსავალს, თუ არა მათი დედები, ცოლები და დანი? მართალია, საზოგადოდ მამაკაცს მეტი ღონე აქვს, მაგრამ ვის რად უნდა, თუკი ერთსა და იგივე საქმეს კაცზე ნაკლებ ქალი არ გააკეთებს? მგონი, ჩვენ უნდა ვხელმძღვანელობდეთ თუ ვის როგორ და რამდენი საქმის გაკეთება შეუძლია და არა იმით, თუ ვინ მუშაობს, აკეთებს ამ საქმეს. მაგრამ ჩვენ რას ვხედავთ ცხოვრებაში? ერთსა და იმავე საქმისათვის, სამუშაოსათვის, თუ კაცია - მეტს საფასურს მიიღებს, თუ ქალია, ერთი-ორად ნაკლები ეძლევა. ამაზე მეტი უსამართლობა კიდევ იქნება? ახლა მაინც, რაც დრო გადის, უფრო და უფრო ძლიერდება და მატულობს მანქანებზე მუშაობა, რომელსაც ქალი უფრო მსწრაფლად შეასრულებს, ვიდრე კაცი და რისთვის ღებულობდეს პირველი მეორეზე გაცილებით ნაკლებ სასყიდელს?

ზოგნი ამბობენ, ქალი კაცზე უფრო სუსტია გონებით, ჭკუით და ამიტომ არ შეიძლება, ერთნაირი უფლებებით აღიჭურვოსო. იყო ისეთი დროც, როდესაც სჯა-ბაასი ჰქონდათ: ერთნაირი სული აქვთ მამაკაცებს და დედაკაცებს თუ არაო? ახლა სამარცხვინოთაც უნდა მიგვაჩნდეს ასეთი კითხვის დასმა. რას ვამჩნევთ, რას ვხედავთ ჩვენ ცხოვრებაში? ნუთუ ყველა მამაკაცი ჭკუიანები არიან? რამოდენი არიან მათში მოკლე ჭკუის პატრონნი, მაგრამ არავის მათთვის უფლებები არ წაურთმევია. ზოგიერთი სახელმწიფო კანონებით ქალები გათანასწორებულნი, ე.ი. დადარებულნი არიან მცირე წლოვანებთან და ჭკუაშერყეულ კაცებთან. ნუთუ მართლა მცირე წლოვანებზე და სულელებზე მეტი ჭკუა-გონება არა აქვთ დედაკაცებს? რა არის მიზეზი ასეთი დამცირებისა? ყოველი შეხედულება ქალზე წარმოსდგება იქიდგან, რომ ქალები აქამომდე ვერ იღებდნენ ისეთ განათლებას, როგორც კაცები განათლებული გაუნათლებელზე, რომ გონებით, აზროვნებით მაღლა იდგეს, ვის რად უნდა გაუკვირდეს? ვაჟი, წამოიზრდება თუ არა, მამა მაშინვე ცდას შეუდგება სწავლა-განათლება მიაღებინოს, ქალის შესახებ კი დიდად თავს არ იწუხებენ და არ იმტვრევენ. საჭიროდ მხოლოდ ქალისათვის მიაჩნიათ მხოლოდ ხელსაქმობა, ჭრა-კერვა და ოჯახობა. ახლა კი, როდესაც თანდათან შეიგნეს, რომ ქალისთვის სწავლა-განათლება ისევე საჭიროა, როგორც კაცისათვის, რას ვხედავთ? სასწავლებელში განა ნაკლებ სწავლობენ ქალები? სრულებითაც არა. რამდენი მათგანი ამთავრებს საშუალო სასწავლებელს საუკეთესო მოწაფედ და მაღალ სასწავლებელში წარჩინებულად ამთავრებს სწავლის დარგს? რამდენი გამოჩენილი მწერალი ქალი მოღვაწეობს ამ უკანასკნელ დროს, რამდენი ექიმი და ვექილი? რით ჩამორჩებიან ისინი ნასწავლ კაცებს? მასწავლებელი ქალი რამდენად გაცილებით უკეთ ასწავლის, ვიდრე კაცი მასწავლებელი? დედამიწის ზურგზე რამდენმა ქალმა გაითქვა სახელი, როგორც სახელმწიფოს მმართველმა და მქადაგებელმა? არა ერთი და ორი სახელგანთქმული და ნასწავლი მქადაგებლები მოწმობენ, რომ მათ მიაღწიეს თავიანთ მდგომარეობამდე განვითარებული დედების წყალობით. რასაკვირველია, განათლებულ, აღმზრდელ დედას შეუძლია, რიგიანად შვილის აღზრდა, თორემ გაუნათლებელმა რა უნდა ჰქნას? რაც არ მიგიბარებია, რა უნდა მოსთხოვო? ქალები რომ განათლებულები იყვნენ, მათ რომ გზა არ ჰქონდეთ შეკრული და კაცებსავით შეეძლოთ ყოველ ასპარეზზე მოქმედება და მუშაობა, რამდენად წინ წაიწევდა საზოგადოდ კაცობრიობა და კერძოდ, რამდენად დააღწევდა ქალი თავს იმ არასანუგეშო მდგომარეობას, რომელშიაც ის ახლა იმყოფება?

ვიძახით, ქრისტიანები ვართო! ქრისტეს სწავლას კი არ გვინდა ვუგდოთ ყური. მაცხოვარი რას ამბობს? თანასწორად ხდის ის დედაკაცს და მამაკაცთან, თუ ჩვენსავით მის დანიშნულებას შვილების მოვლაში და მეოჯახეობაში ხედავს? არა. როგორც კი გამოცხადდა საქადაგებლად, ყველას განურჩევლად სქესისა, დაუსახა ერთი და იგივე მიზანი ცხოვრებისა: „იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამა თქვენი ზეცათა სრულ არს.“ „ეძიებდეთ პირველად სასუფეველსა ღრმთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ.“ თავის ქადაგებების დროს ის არავითარ უპირატესობას არ აძლევდა მამაკაცს დედაკაცზე, ერთნაირად მიაჩნდა ისინი და თუ მამაკაცს, ღვთის ნების აღმასრულებელს, უწოდებდა ძმათ თვისად, დედაკაცს სახავდა დედად და დად თვისად (მათ. 12,50). თუ იესო ქრისტემდინ ქალს, როგორც სუსტი აგებულებისას, დაბლა აყენებდნენ, მაცხოვარმა ეს უკანონოდ ჩათვალა და საზოგადოდ, მამაკაცია თუ დედაკაცი, მისი სხეული უძლურად გამოაცხადა და ადამიანში უპირატესობა სულიერ ძალას მიანიჭა, სულს მისცა. მხოლოდ სულიერი ძალით შეუძლია ადამიანს მიაღწიოს ზემოაღნიშნულ მიზანსო. „იღვიძებდით და ილოცვიდით, რათა არა შეხვიდეთ განსაცდელსა. სული გულს მოდგინე არს ხოლო ხორცი უძლურ“ (მარ.14,5). „ღმერთი სულ არს და თაყვანისმცემელი მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა აძს თაყვანისცემა,“ - სთქვა მაცხოვარმა. კერძოდ, უფრო გარკვევით გამოხატა მაცხოვარმა თავისი შეხედულება დედაკაცზე, მის უმთავრეს დანიშნულებაზე შემდეგი სიტყვებით: „მართა, მართა! ჰზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათვის, აქა ერთისა არს საკმარ, ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მოეღოს მას.“ რა გამოარჩია მარიამმა? მან უპირატესობა მისცა იესო ქრისტეს სწავლის, მოძღვრების მოსმენას, სულიერ საჭმლის მოპოვებას, მართა კი ზრუნავდა, როგორმე მოემზადებინა საჭმელი სხეულისათვის. მაცხოვარმა კი ამცნო ქალს, რომ ყოველდღიურ, წუთიერ და წვრილმანი საქმეებისათვის არ მოენდომებინა თვისი დღენი, არამედ უმეტესი მდგომარეობა მიექცია სულიერ განვითარებისათვის.

უფალმა მოსთხოვა მოწაფეებს, გამოეცვალათ შეხედულება დედაკაცზე, არ მიეჩნიათ იგი იარაღად მხოლოდ ერთ, კაცობრიობის გამრავლებისთვის და კაცთა ვნებათა დაკმაყოფილებისათვის. „ყოველი, რომელი ჰხედვიდეს დედაკაცსა გულისთქმად მას, მუნვე იმრუშა მისთანა გულსა შინა თვისსა“ (მათ. 5,28). ამნაირი შეხედულება დედაკაცზე იყო სრულებით ახალი და არ ეთანხმებოდა მაშინდელ საზოგადოებაში დამყარებულ აზრს, მიმართულებას, და თუ მოწაფეები წინ აღუდგნენ თავის მასწავლებელს დედაკაცთან საუბრებისა გამართვისათვის, ეს მოხდა მხოლოდ მისდამი პატივის გამო; არ უნდოდათ, მისთვის ეწყენინებიათ. როდესაც ცოლი გააჯავრებდა რითიმე ქმარს, მეორე პირველს ცემა-ტყეპით ისტუმრებდა სახლიდან და სულ უბრალო მიზეზი იყო ხოლმე საკმარისი, რომ სამუდამოდაც მოეშორებია თავიდან. მაცხოვარმა დაჰგმო ასეთი უსამართლობა და სთქვა: „რომელმან განუტევოს ცოლი თვისი, თვინიერ სიძვისა და სხვა შეირთოს, იმრუშებს და რომელმან განტევებული შეირთოს, იგიც იმრუშებს.“ ამ სიტყვებმა დააფიქრა მოწაფეები, პირველად ესმოდათ ასეთი დიდი მოვალეობა ქმრისა ცოლის შესახებ და უპასუხა: “უკეთუ ესოდენი ბრალი არს კაცისა დედაკაცისა თანა, არა შეჰგავს ქორწინება“ (მათ.19,10), ე.ი. თუ ასეთი დიდი მოვალეობა აწევს ქმარს თვისი ცოლის შესახებ, უმჯობესია, სულ არ შეირთოს იგი. მაშინ იესო ქრისტემ საბოლოოდ უარყო მაშინდელი კაცობრიობის შეხედულება დედაკაცზე, ვითომც იგი იყოს შექმნილი მისთვის, რომ უსათუოდ ვისიმე მეუღლე გახდეს, ვითომც მას სხვა არავითარი დანიშნულება არა ჰქონდეს და სთქვა: „არა ყოველთა დაიტიონ სიტყვა ეგე, არამედ რომელთა მიცემულ არს დატევნად, დაიტიენ“, ე.ი. მამაკაცმა და დედაკაცმა რომ თავიანთი უმთავრესი დანიშნულება აღასრულონ, სრულებითაც არ არის საჭირო უსათუოდ დაქორწინდნენ; ვისაც კი აქვს შეძლება დათმენისა, უკეთესია, იცხოვრონ ერთმანეთში, როგორც ძმანი და დანი; ამნაირ სულიერ კავშირს უფრო მაღლა აყენებდა და აფასებდა მაცხოვარი.

„ვითარცა იგი თქვენ გნებავს, რათა გიყონ კაცთა, და თქვენცა ეგრეთვე მსგავსად უარყოფდით მათ“. „მითვე საწყაულით, რომლითა მიუწყოთ, კვალად მოგეწყოს თქვენ“ (ლუკ. 6, 31,38), სთქვა იესო ქრისტემ და ამით ამცნო კაცებს, რომ ისე მოპყრობოდნენ სხვებს აგრეთვე ქალებს, იმ საზომავით გაეზომათ მათი დანიშნულება, რა საზომითაც უნდოდათ მათი ყოფა-ქცევა სხვებს და აგრეთვე ქალებსაც გაეზომათ, დაეფასებინათ, აეწონ-დაეწონათ. მაცხოვრის აზრით, ქალია თუ კაცი, ერთნაირად ვალდებულნი არიან, ზნეობით მაღლა იდგნენ, კეთილ საქმეს მისდიონ და ბოროტებას ერიდონ. როგორც კაცისათვის, ისე ქალისათვის მოსაწონი არ არის, არამედ საძრახისია ყოველივე უკანონო მოქცევა და შესაფერისი სასჯელი მოელის მას. როდესაც მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მიიყვანეს იესო ქრისტესთან მემრუშე დედაკაცი და უნდოდათ, მას დაესაჯა იგი, მაცხოვარმა უთხრა: „ვინც თქვენთაგანი უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა“, ყველანი სათითაოდ გაიპარნენ, იგრძნეს რა, რომ არც ერთი მათგანი არ იყო უცოდველი. რომელიმე ცუდ ყოფაქცევისათვის დედაკაცებს დიდ სასჯელს აყენებდნენ, მამაკაცები კი თავისუფლანი იყვნენ და იგივე დანაშაულობა ცოდვად არ ეთვლებათ. აბა ქალები გაუთანასწორდნენ კაცებს, ცოლებმა მიიღონ ქმრებთან თანასწორი უფლებები, მაშინ ვნახავთ, როგორ ომს გამოუცხადებენ, როგორ წინააღმდეგობას გაუწევენ ქალები კაცებს და ბევრს მათგანს გადააჩვევენ ცუდ ჩვეულებას, რომელთა შედეგი მხოლოდ ერთადერთი წვა და დაგვაა ოჯახისა. ავიღოთ, მაგ: მემთვრალეობა. ვინ არ იცის, რომ ეს სენი ღუპავს ათასობით ოჯახებს. გამწარებული ცხოვრებაა იმ ოჯახში, სადაც მამა სახლისა ამ სენით არის შეპყრობილი. ბევრჯერ ცოლ-შვილნი მშიერ მწყურვალნი, დახეულ-დაგლეჯილნი, გულხელდაკრეფილნი, თვალცრემლიანნი დაეხეტებიან ქუჩა-ქუჩა, რადგან პატრონნი, მარჩენელნი უკანასკნელ გროშს აღარ უტოვებენ მათ და მთელ თავიანთ მონაგებს ლოთობაში აქრობენ. მაშინ ამ სენს ბოლო მოეღება. მრავალნი კიდევ სხვანი ნაკლნი მამაკაცთა აღმოიფხვრებიან.

როგორც სიცოცხლის დროს, ისე სიკვდილის შემდეგ, მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა ვინ გახადა ღირსი პირველად მოწამედ ამ საკვირველ მოქმედებისა - მკვდრეთით აღდგომისა, თუ არა დედები? პირველად, ყველაზე უადრეს, მანდილოსნებმა გაიგეს იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა; პირველად მათ გამოეცხადა მკვდრეთით აღდგომილი. შემდეგ, ქრისტეს სწავლის გავრცელებაში, პირველ ქრისტიანეთა საზოგადოებათა დაწესებაში და მოწყობაში დედაკაცებს არანაკლები ღვაწლი მიუძღვით კაცებთან შედარებით. ზოგნი ამათგანი წინასწარმეტყველნი იყვნენ, მაგ; დანი ფილიპესი, ზოგნი მქადაგებელნი, მოციქულად წოდებულნი, მაგ: პირველმოწამე თეკლე. არ არის ხალხი, რომლის სარწმუნოებისათვის წამებულთა რიცხვში არ იყვნენ ქალები. ვინ გაავრცელა ჩვენში ქრისტიანობა? ვინ განანათლა ჩვენი ქვეყანა? წმ. მოციქულთა სწორმა ნინომ, რომელსაც ეჭირა ხელში ვაზის ჯვარი, თმით შეკრულ-შემკობილი, და ისე შემოიარა ქართლ-კახეთი ქრისტეს სწავლის გასავრცელებლად და რომლის თაყვანისსაცემლად ჩვენ დღეს აქ შევკრებილვართ.

ამბობენ ზოგიერთნი, მაცხოვარს არავინ ქალთაგანი საქადაგებლად, მის სწავლა-მოძღვრების გასავრცელებლად არ გაუგზავნიაო. მართალია, იესო ქრისტესაგან გაგზავნილ მოციქულთა შორის არ ყოფილან დედები, მაგრამ ეს აიხსნება იმ გარემოებით, რომ საზოგადოება მაშინდელი არ მიიღებდა მათ. ებრაელები ისე ამცირებდნენ დედაკაცის ღირსებას, რომ ელიაზარმა წარმოსთქვა: „უმჯობესია დასწვას კაცმა სჯული, ვინემ იგი მისცეს დედაკაცსო.“ ამნაირ შეხედულებას უწევდა ანგარიშს მაცხოვარი, რომ დედაკაცები არ გაგზავნა საქადაგებლად. თუმცა, ვიცით ჩვენ, რომ სამარიტელმა ქალმა მთელი ქალაქი მოიყვანა მასთან და მენელსაცხებელნი გახდნენ მოციქულთა მოციქულებად.

და თუ ახლა ჩვენ ვერ ვხედავთ ამნაირ ქალთა ღირსებათა დაფასებას, ვისი ბრალია? ჩვენი. ჩვენ არ გვინდა, გაუგონოთ იმას, ვინც საქადაგებლად გამოცხადებისთანავე მიმართა ყველას, განურჩევლად სქესისა, შემდეგი სიტყვებით: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი ტვირთ-მძიმენი და მე განგისვენო თქვენ,“ და არ გვსურს „მტკიცედ ვიდგეთ იმ აზნაურებითა, რომლითაც მან (ქრისტემან) განგვააზნაურა ჩვენ და კვალად თავს ვიდებთ უღელსა მას მონებისასა“ (გალ. 5,1). ამინ!

1859-1937 წ.

წყარო: ხმა მწყემსისა, დეკანოზი მარკოზ ტყემალაძე; 2012.

Friday, October 17, 2014

მამაკაცებმა გავიხსენოთ ვალდებულება ცოლის წინაშე! - დეკანოზი თამაზ ლომიძე

ახლა ეკლესიამ სასწრაფოდ, უფრო მეტი სიმკაცრით და კატეგორიულობით, ყოველდღიურად უნდა დაიწყოს მამაკაცების ქრისტიანული მოვალეობის ქადაგება ცოლისა და ოჯახის წინაშე. ახლა საჭიროა, რომ ეკლესიამ ძალიან ხმამაღლა, მკაცრად და კონკრეტულად შეახსენოს კაცებს თუ რას ნიშნავს, იყო ქმარი, რას ნიშნავს ოჯახის შექმნა, რას ნიშნავს იყო მამა, რას ნიშნავს იყო ოჯახის თავი, თუნდაც, როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი მამაკაცი თუ მეუღლეს აღარ უნდა მასთან ერთად ცხოვრება!
ჯვრისწერის დროს ყველა წყვილს ხმამაღლა უკითხავენ (სამწუხაროდ უმრავლესობა არ უსმენს და არ აინტერესებს) პავლე მოციქულის სიტყვებს: როგორც ქრისტეა ეკლესიის თავი, ისევეა კაცი ცოლის თავი. მაგრამ, დაფიქრდით: რატომ არის ქრისტე ეკლესიის თავი? იმიტომ, რომ მას კი არ ემსახურებოდა მისი ეკლესია, არამედ ქრისტე თვითონ ემსახურა თავის ეკლესიას და თვით სიკვდილამდე თავი გაწირა მისთვის. ასევე მამაკაციც მხოლოდ მაშინ არის ცოლის თავი თუ მთელი თავისი არსებით და ყველაფრით, რითაც შეუძლია, ემსახურება და თავს სწირავს მეუღლეს და მის ბედნიერებას.
„თითოეულმა თქვენთაგანმა ისე შეიყვარეთ ცოლი, როგორც საკუთარი თავი.“ (ეფესელთა 5, 32)

წყარო

Tuesday, October 14, 2014

კერპს გულში ადგილს ნუ მიუჩენთ - წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

სულიერი მოძღვარი ჯერ ზეციურ სიძეს უნდა ჰმსახურობდეს, ადამიანთა სულები მას უნდა დაუახლოვოს და არა საკუთარ თავს, უნდა აუწყოს ყველას ქრისტეს უსაზღვრო, ენით აუწერელი სილამაზე, სახიერება და სიკეთე, რათა მათ შეიყვარონ იესო ქრისტე, ჭეშმარიტად ღირსი სიყვარულისა, ხოლო მოძღვარმა დიდი და მდაბალი იოანე ნათლისმცემლის მსგავსად გზა იესო ქრისტეს უნდა დაუთმოს, თავი დაიმდაბლოს მოწაფეთა წინაშე, რათა ამგვარი თავისდამცირებით სრულყოს ისინი სულიერად. რამეთუ, ვიდრე მოწაფეებში ხორციელი გრძნობა სჭარბობს, მოძღვარს განადიდებენ. სულიერად ამაღლებულნი კი, უწინარეს ყოვლისა, განადიდებენ ქრისტეს, ხოლო მოძღვარში, მხოლოდ ღმრთის ერთგულ მსახურს ჭვრეტენ. მიკერძოებას ნუ გამოიჩენ მოძღვრის მიმართ, მრავალმა ეს გაფრთხილება ყურად არ იღო და მოძღვართან ერთად ეშმაკის მახეში გაება. მოძღვრის რჩევა-დარიგების აღსრულება და მორჩილება სათნოა ღვთისათვის, ვიდრე მიკერძოებაში არ გადაიზრდება. მიკერძოების გამო ზოგჯერ საყვარელ ადამიანს კერპად გაიხდიან, კერპისადმი შეწირული მსხვერპლი ღმერთს განარისხებს და ასე გადის ცხოვრების დღენი, წყალშია ჩაყრილი კეთილი საქმენი, მათი კეთილსურნელება ქარს მიაქვს და სიმყრალით ქარწყლდება. ამიტომ, კერპს გულში ადგილს ნუ მიუჩენთ.