Saturday, August 2, 2014
წინაპრების კეთილი საქმეებით ვერ გავმართლდებით - წმ. იოანე ოქროპირი
ქრისტე უნდა გაკვირვებდეს არა მხოლოდ იმით, რომ მან ხორცი შეისხა და განკაცდა, არამედ უმეტესად იმიტომ, რომ ცოდვილი ადამიანები ღირს-ჰყო, მისი ნათესავები ყოფილიყვნენ და ჩვენი ცოდვების გამო ოდნავადაც კი არ შერცხვენია. ამგვარად, იმთავითვე, როდესაც იშვა, მან გვაჩვენა, რომ ჩვენი არაფერი ეთაკილება და ამით გვასწავლა, არც ჩვენ გვრცხვენოდეს საკუთარი წინაპრების ავზნიანობა, არამედ მხოლოდ ერთი - სათნოებები ვეძიოთ. სათნომყოფელ ადამიანს, თუნდაც იგი უცხოტომელისაგან იყოს დაბადებული, თუნდაც მეძავისა ან სხვა სახის ცოდვილისგან იყოს შობილი, ამის გამო არაფერი ევნება. მაშინ, როცა თვით მეძავსაც კი, თუკი იგი შეიცვლება, წარსული ცხოვრება არანაირად არ შეარცხვენს, მაშ მითუმეტეს სათნომყოფელ კაცს, თუ იგი მეძავის ან მრუშის მიერ არის დაბადებული, ოდნავაც კი არ არცხვენს მშობლების უწმინდურობა. თუმცა, ქრისტე ამგვარად მხოლოდ ჩვენს განსასწავლად არ მოქცეულა, არამედ იუდეველთა ამპარტავნების შესამუსრავადაც. რამდენადაც ისინი, არად აგდებდნენ სულიერ სათნოებებს და ყველა ხელსაყრელ შემთხვევაში აბრაამით იწონებდნენ თავს და ეგონათ, რომ წინაპართა კეთილი საქმეებით გამართლდებოდნენ. ასე რომ, უფალი იმთავითვე აჩვენებს, რომ წარმოშობით კი არ უნდა განიდიდებდე თავს, არამედ საკუთარი დამსახურებებით. გარდა ამისა, მას იმის ჩვენებაც სურს, რომ ყველა, თვით მამამთავრებიც კი ცოდვილნი არიან. რომ თვით პატრიარქი, რომლის სახელიც იუდეველ ხალხს ეწოდა, არცთუ მცირედ მცოდველი აღმოჩნდა: თამარი ააშკარავებს მის სიძვის ცოდვას. დავითმაც მეძავი ქალისგან შვა სოლომონი. თუკი ასეთი დიდებული ადამიანები არ აღასრულებდნენ სჯულს, მითუმეტეს - ისინი, ვინც მათზე დაბლა იდგა. და თუკი არ აღასრულებდნენ, გამოდის, რომ ყველანი სცოდავდნენ და ქრისტეს მოსვლა აუცილებელი იყო. სწორედ იმისთვის მოიხსენია მახარებელმა თორმეტი პატრიარქი, რომ დაემდაბლებინა ის იუდეველები, სახელგანთქმული წინაპრებით რომ ქედმაღლობდნენ.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment