Wednesday, August 13, 2014

გზა ბედნიერებისკენ - წმ. ნექტარიოს ეგინელი

არაფერია წმინდა გულზე უფრო სასურველი, რადგან ასეთი გული ღვთის საყდარი ხდება. არის კი რაიმე უფრო დიდებული, ვიდრე საყდარი ღვთისა? რა თქმა უნდა, არა. მათ შესახებ, ვისაც წმინდა გული აქვს, უფალი ამბობს: „დავიმკვიდრო და ვიქცეოდი მათ შორის და ვიყო მე მათა ღმერთ და იგინი იყვნენ ჩემდა ერად.“ (2 კორ. 6,16). ამგვარად, ვინაა ასეთ ხალხზე უფრო ბედნიერი? და რომელი სიკეთე აკლიათ მათ? განა სულიწმიდის ყველა ნიჭი მათ ნეტარ სულებში არ არის? რაღა შეიძლება აკლდეთ მათ? არაფერი, ჭეშმარიტად არაფერი! რადგან მათ გულში იმყოფება უდიდესი სიკეთე - თავად ღმერთი!

რამდენად ცდებიან ისინი, ვინც ბედნიერებას საკუთარი თავის გარეთ ეძებს - უცხო ქვეყნებსა და მოგზაურობაში, სიმდიდრესა და დიდებაში, დიდ სამფლობელოებსა და სიტკბოებაში, სიამოვნებაში, სიუხვესა და  უსარგებლო საგნებში, რომელთაც მწარე დასასრული აქვთ. საკუთარი გულის გარეთ ბედნიერების კოშკის აგება იგივეა, რაც სახლის აშენება იმ ადგილას, რომელიც მიწისძვრისგან მუდმივად ირყევა. ასეთი შენობა ძალიან მალე შეიმუსრება.


ბედნიერება ჩვენშია, და ნეტარია, ვინც მიხვდა ამას. გამოიკვლიეთ თქვენი გული და დაუკვირდით მის სულიერ მდგომარეობას. იქნებ ღვთის წინაშე კადნიერებაა დაკარგული? იქნებ სინდისი გვამხელს უფლის მცნებების დარღვევის გამო? იქნებ ის გვამხელს უსამართლობის, სიცრუის, ღვთისა და მოყვასის წინაშე მოვალეობის შეუსრულებლობის გამო? გამოიძიეთ, იქნებ ბოროტებამ და ვნებებმა აავსო თქვენი გული; იქნებ ის მრუდე და გაუვალი გზებისკენ მიიდრიკა.


სამწუხაროდ, ვინც საკუთარი გული უყურადღებოდ დატოვა, მან ყველა სიკეთე დაკარგა და მრავალ სიავეს ეწია; განაგდო სიხარული და აივსო სიმწარით, მწუხარებითა და  სულიერი სივიწროვით; განაგდო მშვიდობა და შეიძინა დათრგუნვილობა, მოუსვენრობა და ძრწოლა; განაგდო სიყვარული და შეიძინა სიძულვილი; და საბოლოოდ, განაგდო სულიწმიდის ყველა ნიჭი და ნაყოფი, რაც ნათლობისას შეიძინა, და დაუახლოვდა ყველა ბოროტმოქმედებას, რომლებიც ადამიანს საცოდავად და დაწყევლილად აქცევენ.


ყოვლადმოწყალე ღმერთს ჩვენთვის, ყველასთვის ბედნიერება სურს, ამ ცხოვრებაშიც და მომავალშიც. ამისთვის თავისი წმინდა ეკლესია დააარსა, რათა 
განგვწმინდოს მან ცოდვებისაგან, შეგვარიგოს ღმერთთან და მოგვანიჭოს ზეციური კურთხევა.

ეკლესია ყოველთვის მზადაა გულში ჩაგვიკრას. მივისწრაფოთ მისკენ ყველამ, ვისაც დამძიმებული გვაქვს სინდისი. მივისწრაფოთ - და ის იტვირთავს ჩვენი ტვირთის სიმძიმეს, გვიბოძებს ღვთის წინაშე კადნიერებას და აავსებს ჩვენს გულებს ბედნიერებითა და ნეტარებით.

No comments:

Post a Comment