Thursday, August 14, 2014

ფარისევლობის შესახებ - წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

დავაკვირდეთ უფალ იესო ქრისტეს ხასიათს: დავინახავთ, რომ მისთვის მოყვასის ცოდვები, თუნდაც ძალიან მძიმე, არასოდეს ყოფილა დამაბრკოლებელი; ასევე, მთელ სახარებაში ვერსად შევხვდებით მოციქულთა დაბრკოლების მაგალითს. ფარისევლებისთვის კი ყველაფერი დამაბრკოლებელია, დამაბრკოლებელია თვით ყველაზე სრულყოფილი, განკაცებული ღმერთი; იმდენად დამაბრკოლებელია, რომ მსჯავრს დებენ მას, როგორც დამნაშავეს, სამარცხვინო სიკვდილით კლავენ, მაცხოვარს ორ ავაზაკს შორის კიდებენ ჯვარზე! აქედან თავისთავად გამოდის დასკვნა, რომ დაბრკოლებისაკენ მიდრეკილება არის სულის მძიმე სნეულება, ფარისევლობის ნიშანი.

ფარისევლობის სენით შეპყრობილი კარგავს სულიერ წარმატებას. მყარია მისი გულის ნიადაგი, არ მოაქვს მოსავალი. სულიერი ნაყოფიერებისათვის კი აუცილებელია სინანულით დამუშავებული გული: დარბილებული, ლმობიერებითა და ცრემლებით მორწყული. წარმატების დაკარგვა უკვე არსებითი დანაკარგია! მაგრამ ფარისევლობისგან შობილი ზიანი სულის უნაყოფობით როდი მთავრდება: მომაკვდინებელ სნეულებას ხშირად დამღუპველ შედეგებამდე მივყავართ. ფარისევლობა არა მარტო უნაყოფოს ხდის ადამიანის კეთილ საქმეებს, არამედ ბოროტებად აქცევს მათ სულისთვის და ხდება ღმრთის წინაშე მისი განსჯის მიზეზი. უფალმა ეს აღწერა იგავში მეზვერისა და ფარისევლის შესახებ, რომლებიც ერთად ლოცულობდნენ ტაძარში (ლუკ. 18). ფარისეველი თავის თავში ვერ ხედავდა სინანულის, გულის შემუსრვილების მიზეზს, პირიქით, ფიქრობდა, რომ შეეძლო თავიც მოეწონებინა და კმაყოფილიც ყოფილიყო. მან იცოდა, რომ მარხვას ინახავდა, მოწყალებას გასცემდა, მაგრამ ვერ ამჩნევდა იმ ნაკლოვანებებს, რომლებსაც სხვებში ხედავდა (ანდა ეგონა, რომ ხედავდა) და რომლებიც აბრკოლებდა. ვამბობ, ეგონა, რომ ხედავდა-მეთქი, რადგან დაბრკოლებას დიდი თვალები აქვს: იგი იმ ცოდვებსაც ხედავს მოყვასში, რომლებიც მას საერთოდ არ გააჩნია და რომლებიც ფარისევლის მზაკვრულმა წარმოსახვამ შექმნა.

ფარისეველი, იტყუებს რა თავს, მადლობას სწირავს ღმერთს თავისი სულიერი მდგომარეობისათვის. თავის ამპარტავნებას იგი ფარავს (და ისიც ემალება მას) ღმრთისადმი მადლიერების ნიღაბქვეშ. იმის გამო, რომ ზერელე წარმოდგენა აქვს სჯულზე, ფარისეველს ეჩვენება, რომ იგი სჯულის აღმასრულებელია და სათნოა ღმრთისათვის. მას ავიწყდება, რომ უფლის მცნება, მეფსალმუნის თქმით, „ფართო არს ფრიად“ და „ცაჲ არაწმიდა არს მის წინაშე“ (იობ. 15, 15), რომ ღმერთისთვის არ არის სათნო მსხვერპლი, თვით განსაკუთრებული მსხვერპლიც კი, თუ მას თან არ ახლავს და არ შეეწევა გული დამდაბლებული; რომ საღმრთო სჯული გულში უნდა ჩაინერგო, თუ გსურს, რომ ჭეშმარიტი, ნეტარი, სულიერი სიმართლე მოიპოვო. ამ სიმართლის განცდა კაცის გულში სულის სიგლახაკის განცდით იწყება.

თავმომწონე ფარისეველი ფიქრობს, რომ ღმერთს მადლობს და ადიდებს, როდესაც მიმართავს: „ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ ვითარცა სხვანი კაცნი მტაცებელ, ცრუ და მემრუშე“ (ლუკ. 18, 11). ფარისეველი ჩამოთვლის აშკარა ვნებებს, რომლებიც ყველასათვის თვალსაჩინო შეიძლება იყოს, მაგრამ სულიერ ვნებებზე: ამპარტავნებაზე, მზაკვრობაზე, სიძულვილზე, შურზე, პირმოთნეობაზე სიტყვასაც არ ამბობს. არადა, სწორედ მათგან შედგება ფარისეველი! მათ მოაქვთ სულისთვის სიბნელე და სიკვდილი, ისინი ართმევენ მას სინანულის უნარს! ისინი შრეტენ მოყვასისადმი სიყვარულს და შობენ დაბრკოლების განცდას გულგრილობით, ამპარტავნებითა და სიძულვილით აღსავსეს!

ამაო დიდებით შეპყრობილ ფარისეველს ჰგონია, რომ მადლობას სწირავს ღმერთს თავისი კეთილი საქმეებისათვის, მაგრამ ღმერთი პირს იბრუნებს მისგან და საშინელი მსჯავრი გამოაქვს: „რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს“ (ლუკ. 18, 14). როდესაც ფარისევლობა გაძლიერდება და განმტკიცდება, მთლიანად მოიცავს სულს, მაშინ კი საშინელ ნაყოფს ისხამს. არ არსებობს უსჯულოება, რომლის წინაშეც ის უკან დაიხევს. ფარისევლებმა გაბედეს სული წმიდის გმობა, ფარისევლებმა გაბედეს ეშმაკეული ეწოდებინათ იესო ქრისტესთვის; ფარისევლებმა მისცეს თავს იმის მტკიცების უფლება, რომ სოფლად მოსული მაცხოვარი საშიშია იუდეველთა საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და სამოქალაქო ყოფისათვის. და რისთვის დასჭირდათ მთელი ეს ჩახლართული გამონაგონები? იმისთვის, რომ გარეგნული სამართლიანობის, კანონების, რელიგიის, საზოგადოების დაცვის ნიღაბქვეშ სისხლით დაერწყულებინათ თავიანთი უძღები გაბოროტება, სისხლი მიეტანათ შურისა და ცუდმედიდობის საკურთხეველზე, რათა ღმერთის მკვლელობა აღესრულებინათ. ფარისევლობა საზარელი სულიერი შხამია, საშინელი სულიერი სნეულებაა. ვცადოთ ფარისევლის კონტურების მოხაზვა სახარების მიხედვით, რათა ყოველმა, ვინც ამ საშინელ, საზარელ გამოსახულებას დაინახავს, გულმოდგინედ დაიცვას თავი უფლის ბრძანებისამებრ: „ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა“ (მათ. 16, 6), ანუ მათი აზროვნების წესისაგან, კანონებისაგან, მთელი ფარისევლური განწყობისაგან.

ფარისეველი, კმაყოფილდება რა რელიგიის გარეგნული წეს-ჩვეულებების შესრულებით და ზოგიერთი ხილული კეთილი საქმით, რომლებიც არც წარმართთათვის არის უცხო, მონურად ემსახურება ვნებებს, ოღონდ მუდმივად ცდილობს მათ დამალვას, უმეტესწილად თვითონაც ვერ ხედავს მათ საკუთარ თავში, და ეს ვნებები იწვევენ მასში სრულ სიბრმავეს ღმერთისა და მთელი საღმრთო სწავლების მიმართ. საკუთარ თავში სულიერი ვნებების მოქმედების შეცნობას ანუ ხედვას სინანული იძლევა, მაგრამ ფარისეველი მიუწვდომელია სინანულის გრძნობისათვის. როგორ უნდა შეიმუსროს, როგორ უნდა განიმსჭვალოს ლმობიერებით, როგორ უნდა დამდაბლდეს გული, რომელიც კმაყოფილია საკუთარი თავით? და რაკიღა სინანული არ ძალუძს, მას არც ღმრთის მცნებათა ნათლის ხედვა შეუძლია, რადგან სწორედ ისინი განანათლებენ გონების თვალს. ფარისეველი თუმცა კი კითხულობს წმ. წერილს, თუმცა კი ხედავს მასში ამ მცნებებს, მაგრამ იმდენად არის დაბრმავებული, რომ ვერც კი ამჩნევს მათ: ისინი ვერ ხვდებიან მისი თვალთახედვის არეში, და ფარისეველი მათ თავისი უაზრო, მახინჯი ნააზრევით ცვლის. რა შეიძლება იყოს უფრო უცნაური და შეუსაბამო, ვიდრე ფარისევლის ეს მსჯელობა, სახარებაში მოყვანილი? „რომელმან ფუცოს ტაძარსა ამას, არარაჲ არს, ხოლო რომელმან ფუცოს ოქროსა მას ტაძრისასა, ჯერარს“ (მათ. 23, 16).

ყველაზე დაფარული სულიერ ვნებებს შორის ცუდმედიდობაა. ეს ვნება ყველა სხვაზე მეტად ინიღბება ადამიანის გულის წინაშე, ისეთ სიამოვნებას გვრის მას, რომ კაცს ხშირად სინდისის სიმშვიდედ, საღმრთო ნუგეშინისცემად წარმოუდგება. სწორედ ცუდმედიდობის ცომით არის მოზელილი ფარისეველი. იგი ყველაფერს აკეთებს კაცთაგან დიდების მისაღებად. მას უყვარს, როდესაც მისი მოწყალებაც, მარხვაც, ლოცვაც მოწმეთა წინაშე ხდება, არ ძალუძს იყოს ქრისტეს მოწაფე, რომელიც თავის მიმდევრებს უბრძანებს, არად ჩააგდონ კაცთაგან მიღებული დიდება და შეურაცხყოფის, ნაკლულევანების, განსაცდელების გზით იარონ. ჯვარი ქრისტესი ფარისევლისათვის დაბრკოლებაა. მას სჭირდება ალექსანდრე მაკედონელის ან ნაპოლეონის მსგავსი მესია, დიდებით გარემოსილი, ნადავლით სავსე დამპყრობელი!

მსგავსი წერილი: ვინ იყვნენ ფარისევლები და მწიგნობრები?

No comments:

Post a Comment