Monday, June 16, 2014

კერპად შეიძლება თავად ეკლესია გადაიქცეს - პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი

რაც არ უნდა შემაძრწუნებელი იყოს ამის თქმა, "კერპად" შეიძლება თავად ეკლესია გადაიქცეს. ის კერპია, როცა მოგვიწოდებენ "ეკლესიის სასიკეთოდ" დავარქვათ შავს თეთრი, ტყუილს - სიმართლე, ბოროტებას - სიკეთე; კერპია, როცა "ეკლესიის სახელით" სულიწმინდას აკნინებენ, რადგან მხოლოდ და მხოლოდ მისთვის და მის მიერ არსებობს იგი. ეკლესია არ არის "უმაღლესი ღირებულება". იგი არსებობს, რათა სულიწმინდა მოდიოდეს და გვათავისუფლებდეს, "ტანჯულთ სამზეოზე გვიშვებდეს. "ეკლესიის სასიკეთოდ", გარკვეული აზრით, არასოდეს არაფერი უნდა აკეთო. სანაცვლოდ კი, საკმარისია, ვიცოდეთ, რომ თუკი ვცხოვრობთ ქრისტესთვის და ვიქცევით ქრისტეს მცნებათა მიხედვით, მაშინ ვართ ეკლესიაში და მაშინ ვართ ეკლესია... ამიტომ, ჩამოვიფერთხოთ მთელი ეს "ეკლესიოლატრია", მისი სიდიადისკენ სწრაფვა, თვით საეკლესიო კრებებსაც რომ იმორჩილებს "პრესტიჟის", "რანგის", "დიდების" მარწუხებით... რომელია პირველი ეკლესია, რომელი - მეორე? რომელია უფროსი? როგორ არ მიადგეს ეკლესიას ჩრდილი? როგორ აღვაზევოთ იგი? სამყარო შორდება ქრისტეს! ჩვენ კი, ისევ ვკამათობთ, "ვინ არის უპირატესი?" ეკლესია ხომ სწორედ ამაოების არად ჩათვლაა. ეკლესია სულიწმინდის ძღვენია, განმათავისუფლებელია, სიტყვის "დემოკრატიული" მნიშვნელობით კი არა, იმ თავისუფლებით, ძალას რომ გვანიჭებს, თითოეულ ადამიანში დავინახოთ ის, რასაც ხედავს მასში ღმერთი, დროის ყველა მონაკვეთში - ხსნის ჟამი, სივრცის ყოველ წერტილში - ღვთის სასუფეველი ამოვიცნოთ, რომელიც ნელ-ნელა ივრცობა.

მეტისმეტად ბევრი მზაკვარი სიტყვა ითქვა და ითქმება კიდეც მორჩილების თაობაზე. მართლაც, მორჩილება უმაღლესი ქრისტიანული სათნოებაა, მაგრამ მორჩილება ღვთის მიმართ! ეკლესია მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ უფლის მორჩილება - საბოლოო თავისუფლება - გვიძღვნას და შთაგვაგონოს, რათა მთელი გულით შევძლოთ ამოვთქვათ ის, რაც ყოველ ცისკარზე იგალობება: "ერთ ხარ შენ, უფალო!" იგი ერთია და სამყაროში ქრისტეს გარდა არავითარი სხვა მეუფება არ არსებობს. მას არც ეკლესიაში გადაუცია ვინმესთვის თავისი ძალაუფლება, არამედ თავად "მეფობს" სულიწმინდის - სიყვარულისა და თავისუფლების, მშვიდობისა და სიხარულის ძალით. ასე რომ, ეკლესია, როგორც "ინსტიტუტი", არსებობს, რათა დროულად "დაიმცროს" და გამჭვირვალე გახდეს ქრისტესთვის, სულიწმინდისთვის.

ამიტომ, ვიმეორებ, საქმე ის არაა, ეკლესიამ ადმინისტრაციის ისეთ ფორმას მიაგნოს, რომ ავტორიტეტის ხარისხმა იკლოს, თავისუფლებისამ კი მოიმატოს, ან პირიქით. არც ისაა განსჯის საგანი, მიესადაგება თუ არა ერთმანეთს ეკლესია და დემოკრატია. მთავარია, თვით ჩვენში აღდგეს ეკლესიის, როგორც სულიწმინდის, თავისუფლების, სიყვარულის სამეუფოს ხატი, რათა გაუქმდეს ავტორიტეტისა და თავისუფლების ეს საშინელი დიქოტომია. ნუთუ ვერ ვგრძნობთ, რომ ეკლესია შიშითაა სავსე; შიშით, რომელიც, მოციქულის თქმით, სიყვარულის გარეშეა. მორწმუნე სამყაროს უნდა წარუდგეს როგორც თავისუფალი და განუმეორებელი ადამიანი, ჭეშმარიტად და საბოლოოდ თავისუფალი, ერთადერთი, ვისაც შეუძლია თქვას: "ყველაფერი ძალმიძს იესოში"... ის კი დამფრთხალ მონას ჰგავს, რომელიც მარტო ხელისუფლების კი არა, საკუთარი ჩრდილის წინაშეც ძრწის და პანიკით მოცული ეძებს "ავტორიტეტს". ეკლესია ხელახლა უნდა დავინახოთ სულიწმინდაში და სულიწმინდა ეკლესიაში. ჩვენ გვჭირდება არა სქოლასტიკა მადლის გარეშე, რომელიც "აქ" მეტადაა, "იქ" კი - ნაკლებად, არამედ ეკლესია, როგორც "ზიარება სულისა წმინდისა". აი, მოდის ის და ყველაფერს აახლებს; აღარც მონაა და აზნაური, აღარც მამაკაცი და დედაკაცი. ყველას ნიჭი მიეცა, ყველა დარწყულებულია. საეკლესიო იერარქია სწორედ ამ ჭეშმარიტების, ამ თავისუფლების მსახურება, ამის დაცვაა... და მაშინ, როცა ეკლესიის ამ ხატს გავითავისებთ და თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის სიმძიმისგან დასახსნელად ("ჩემს ნაცვლად სხვა გადაწყვეტს") კი არა, ქრისტეში, ღმერთში სისავსის მოსაპოვებლად გავხდებით ეკლესიის თანამოზიარენი, გავაცნობიერებთ, რომ რაც ახლა ხდება ყველგან - მოსკოვსა თუ დასავლეთში, ჩვენს სამრევლოებსა თუ "იურისდიქციებში", მოუსვენარი ყმაწვილკაცების მორიგი კონფლიქტი კი არ არის განბრძნობილ "ავტორიტეტებთან", არამედ სულიწმინდისადმი ისევ იმ წყურვილის გამოვლენაა, ურომლისოდ უფრო და უფრო ცივი და რთული ხდება ცხოვრება...

No comments:

Post a Comment