Sunday, June 22, 2014

სამყარო შექმნილია ბედნიერებისათვის - პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი

რა დაკარგა ქრისტიანობამ ისეთი, რომ მსოფლიო, რომელიც მისითაა ნაკვები, უფრთხის მას და აკრიტიკებს ქრისტიანულ რწმენას? ქრისტიანობამ დაკარგა სიხარული, არა ბუნებრივი სიხარული, არა ოპტიმისტური სიხარული, არა მიწიერი ბედნიერებისაგან მომდინარე სიხარული, არამედ ღვთაებრივი სიხარული, რომლის შესახებაც ქრისტემ გვითხრა: „ვერავინ წაგართმევთ თქვენს სიხარულს“ (იოანე 16:22). მხოლოდ ამ სიხარულმა იცის, რომ ღმერთის სიყვარული ადამიანისადმი და სამყაროსადმი არ არის სასტიკი; იცის ეს, რადგან სიყვარული ნაწილია აბსოლუტური ბედნიერებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი ვართ შექმნილნი. ქრისტიანობამ (და არა ეკლესიამ თავისი მისტიკური სიღრმით) დაკარგა ესქატოლოგიური განზომილება, მოუბრუნდა სამყაროს როგორც კანონი, სამსჯავრო, სამაგიეროს მიგება, როგორც მომავალი ცხოვრების რელიგია და ბოლოს აკრძალა სიხარული და დაგმო ბედნიერება. აქ არ არის სხვაობა რომსა და კალვინს შორის; მსოფლიო აუჯანყდა ქრისტიანობას მიწიერი „ბედნიერების“ სახელით.

მთელი ამსოფლიური ოცნებები, უტოპიები და იდეოლოგიები ძირითადად მიწიერი ესქატოლოგიაა. ქრისტიანობის ისტორიის პარადოქსია ის, რომ მას შემდეგ, რაც ის აღარ არის ესქატოლოგიური, მსოფლიო გახდა ასეთი.

სამყარო შექმნილია ბედნიერებისათვის და მასში ყველაფერი წინასწარმეტყველებს ამ ბედნიერებას; დაცემული სამყაროსათვის, რომელმაც დაკარგა ეს ბედნიერება, მაგრამ მიისწრაფვის მისი მოპოვებისაკენ და მისით ცხოვრობს, ქრისტიანობამ მისაწვდომი გახადა ის, რომელიც განახორციელა ქრისტეში, როგორც სიხარული და შემდეგ მოიშორა. მსოფლიომ დაიწყო ქრისტიანობის (ქრისტიანული სამყაროს) სიძულვილი და დაუბრუნდა მიწიერ ბედნიერებას. მაგრამ მოწამლულმა აბსოლუტური ბედნიერების დაუჯერებელი დაპირებით, დაიწყო მისი აშენება, მისკენ სვლა, აწმყოს დაქვემდებარება ამ მომავალი ბედნიერებისათვის.

ახლა ქრისტიანობა, რათა დაიბრუნოს თავისი ადგილი მსოფლიოსა და მის ისტორიაში, იღებს მიწიერ ესქატოლოგიას და იწყებს საკუთარი თავისა და სხვების დარწმუნებას, რომ ყოველთვის ისწრაფვოდა ამ მიწიერი ბედნიერებისაკენ და არც ქრისტეს და არც ეკლესიას უსწავლებია ოდესმე სხვა რამე.

ქრისტიანობა გაყოფილია კონსერვატიულად (რომელთაც სურთ კანონისა და სამაგიეროს მიგების რელიგია) და პროგრესულად განწყობილებს შორის (რომლებიც დედამიწაზე მომავალ ბედნიერებას ემსახურებიან). საინტერესოა, რომ ორივე ჯგუფს არაფერი სძულს იმაზე მეტად, ვიდრე მოწოდება სიხარულისაკენ, როგორც შეხსენება იმ უდიდესი სიხარულისა, რომელიც გამოცხადებულია სახარების დასაწყისში („გიხაროდენ და კვალად გიხაროდენ“), რითაც ცოცხალია ქრისტიანობა და რისკენაც მიისწრაფვის. ზოგიერთები ამბობენ: „როგორ შეუძლია ადამიანს უხაროდეს, როდესაც მილიონობით ადამიანი იტანჯება? ადამიანი უნდა ემსახუროს მსოფლიოს“. სხვები ამბობენ: „როგორ შეუძლია ადამიანს უხაროდეს მსოფლიოში, რომელიც ბოროტებაშია ჩაფლული?“ მათ არ ესმით, რომ თუ ეკლესიამ მხოლოდ ერთი წუთით (რომელიც გრძელდება საიდუმლოდ და ფარულად წმინდანებში) სძლია სოფელს, გამარჯვება მოიპოვა ღვთიური სიხარულისა და ბედნიერების საშუალებით.

„ფრაგმენტები დღიურებიდან“ - ვნების სამშაბათი, 21 აპრილი, 1981 წ.

ინგლისურიდან თარგმნა ნანა ბაღათურიამ - ჟურნალი „ზღვარი“, N2(7), 2006 წ.

No comments:

Post a Comment