Sunday, June 15, 2014

სიბნელე და სინათლე - მიტროპოლიტი კალისტე უეარი

ყოველგვარ ადამიანურ წარმოდგენაზე აღმატებულ "ენერგიებით ერთობის" შესახებ წმინდანები ძალაუნებურად პარადოქსისა და სიმბოლოების ენაზე საუბრობენ. რადგან ადამიანის მეტყველება ისეა მოწყობილი, რომ გამომსახველად მხოლოდ სივრცესა და დროში არსებულის აღწერა შეუძლია, ამიტომ ღმერთთან ენერგიებით ერთობას ამომწურავად ვერ აღწერს, ხოლო რაც შეეხება უსასრულოსა და მარადიულს, აქ ადამიანის მეტყველებას მითითების ან გადაკრულად მინიშნების მეტი არაფერი შეუძლია.

ორი უმთავრესი "ნიშანი" ან სიმბოლო, რომელსაც ეკლესიის მამები ღმერთთან მიმართებაში იყენებენ, სიბნელე და სინათლეა. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ღმერთი ან სინათლეა, ან სიბნელე, არამედ მხოლოდ იგავებითა და ანალოგიებით საუბარია. მისტიკოსი საეკლესიო მწერლები შეიძლება "ღამისა" და "მზის" მწერლებად დავყოთ იმის მიხედვით, თუ რომელ "სიმბოლოებს" ანიჭებენ უპირატესობას. წმ. კლიმენტი ალექსანდრიელი, წმ. გრიგოლ ნოსელი და წმ. დიონისე არეოპაგელი უპირატესობას სიბნელის "სიმბოლოს" ანიჭებენ, ხოლო ორიგენე, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, ევაგრე პონტოელი, წმ. მაკარი დიდი, წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი და წმ. გრიგოლ პალამა კი უმთავრესად სინათლის "სიმბოლოს" იყენებენ.

"სიბნელის" ენა, რომელიც ღმერთთან მიმართებაში გამოიყენება, სინას მთაზე მოსეს ყოფნის ბიბლიური თხრობიდან იღებს სათავეს, სადაც წერია, რომ ის შევიდა "წყუდიადში" სადაც იყო ღმერთი (გამოსვლათა 20:21). აღსანიშნავია, რომ ამ ციტატაში ის კი არ წერია, რომ ღმერთი სიბნელეა, არამედ რომ ის მყოფობს სიბნელეში, ანუ სიბნელე აღნიშნავს არა ღმერთის არყოფნას ან არარეალურობას, არამედ ადამიანის გონების უუნარობას, ჩასწვდეს ღმერთის შინაგან ბუნებას. სიბნელე ჩვენშია და არა ღმერთში.

"სინათლის" ენა ემყარება წმ. იოანე ღვთისმეტყველის ფრაზას "ღმერთი ნათელ არს და ბნელი არა არს მის თანა არცა ერთ" (1 იოანე 1:5). ღმერთი როგორც ნათელი, ყველაზე მეტად თაბორის მთაზე ქრისტეს ფერისცვალებისას ცხადდება, როდესაც "გაბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი" (მათე 17:2). საღმრთო ნათელი, რომელიც უფლის სამმა მოწაფემ და ასევე ლოცვის დროს მრავალმა წმინდანმაც იხილა, სხვა არაფერია, თუ არა ღმერთის შეუქმნელი ენერგიები. შეიძლება ითქვას, რომ თაბორის ნათელი არც ფიზიკური და შექმნილი ნათელია და არც წმინდად მეტაფორული "ინტელექტის ნათელი". მიუხედავად არამატერიალურობისა, ის მაინც ობიექტურად არსებული რეალობაა. შეუქმნელი ენერგიების აღწერა, მათი ღვთაებრივი წარმომავლობის გამო ჩვენს ადამიანურ ძალებს აღემატება და "ნიშნებისა" და სიმბოლოების ენის გამოყენებით მათ "ნათელს" ვუწოდებთ. ეს არ ნიშნავს, რომ თავისთავად ენერგიები სიმბოლურია. ისინი ნამდვილად არსებობენ, მაგრამ მათი სიტყვიერი აღწერა შეუძლებელია. მათთან მიმართებაში ტერმინ "ნათელის" გამოყენება ყველაზე ნაკლებ მცდარია, მაგრამ პირდაპირი მნიშვნელობით ის მაინც არ უნდა გავიგოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ღვთაებრივი ნათელი არაფიზიკურია, ადამიანს შეუძლია მისი ფიზიკური თვალებით დანახვა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი გრძნობები საღმრთო მადლითაა გარდაქმნილი. თვალები ნათელს აღქმის ბუნებრივი ძალებით კი არ ხედავს, არამედ ადამიანში მოქმედი სულიწმინდის ძალით.

"ადამიანის სხეული მის სულთან ერთად განიღმრთობა" (წმ. მაქსიმე აღმსარებელი). ის, ვინც საღმრთო ნათელს ხედავს, სულ უფრო მეტად იმსჭვალება მისით ისე, რომ სხეულიც კი ანათებს იმ დიდებით, რომელსაც ჭვრეტს. ადამიანი თვითონ ხდება ნათელი. ვლადიმირ ლოსკი მხოლოდ გადატანითი მნიშვნელობით არ წერდა შემდეგ სიტყვებს: "ქრისტიანები, მათ გულში სულიწმინდის მიერ ანთებული მადლის ცეცხლით ანათებენ ისე, როგორც სანთელი უფლის წინაშე". წმ. მაკარი დიდის ჰომილიებიც ადასტურებენ ადამიანის სხეულის ფერისცვალებას:

ზუსტად ისევე, როგორც უფლის სხეული განდიდდა მთაზე ასვლისას და ღმერთის დიდებასა და უსასრულო ნათელში ფერისცვალებისას, ასევე წმინდანების სხეულებიც განდიდდებიან და ელვასავით ანათებენ. . . "დიდებაი რომელი მომეც მე, მივეც მათ" (იოანე 17:22). ისევე, როგორც მრავალი კანდელი ერთი ალისაგან ინთება, ასევე წმინდანების სხეულები, რომლებიც ქრისტეს სხეულის წევრები არიან, უნდა გახდნენ ის, რაც ქრისტეა და სხვა არაფერი. . . ჩვენი ადამიანური ბუნება გარდაიქმნება ღმერთის ძალად და აინთება როგორც ცეცხლი და ნათელი."

ამგვარი სხეულებრივი განდიდების მრავალი მაგალითია როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთის ეკლესიის წმინდანების ცხოვრებაში. როდესაც მოსე სინას მთის წყვდიადიდან ჩამოვიდა, მისი სახე ისე ანათებდა, რომ მას თვალი ვერავინ გაუსწორა და იძულებული გახდა სხვებთან საუბრის დროს სახე დაეფარა (გამოსვლ. 34:2935). "უდაბნოს მამების გამონათქვამებში" წერია, თუ როგორ შეიხედა აბბა არსენის მოწაფემ მისი კელიის ფანჯარაში და დაინახა, რომ აბბა იყო "როგორც ცეცხლის ალი". აბბა პამბაზე კი წერია: "ღმერთმა ისე განადიდა იგი, რომ არავის შეეძლო მისი სახისათვის შეეხედა იმ დიდების გამო, რომელიც ჰქონდა." ორმოცი წლის შემდეგ ნიკოლოზ მოტოვილოვი წმ. სერაფიმე საროველთან თავისი საუბრის აღსაწერად იყენებს ამ სიტყვებს: "წარმოიდგინე, მზის შუაგულში, მისი შუადღის სხივების თვალისმომჭრელ ელვარებაში შენთან მოსაუბრე ადამიანის სახე."

ზოგიერთი საეკლესიო მწერალი სინათლისა და სიბნელის სიმბოლოებს აერთიანებს. ჰენრი ვოგანი წერს ღმერთში "თვალისმომჭრელი სიბნელის", ხოლო წმ. დიონისე არეოპაგელი კი "საღმრთო სიბნელის ბრწყინვალების" შესახებ. წმ. დიონისე ასევე წერს: "საღმრთო სიბნელე მიუწვდომელი ნათელია, რომლის შესახებაც ნათქვამია, რომ მასში ღმერთი მყოფობს." სიბნელისა და სინათლის სიმბოლოების ამგვარ გაერთიანებაში შინაგანი წინააღმდეგობა არ არის, რადგან ღმერთისათვის "სიბნელეცა და სინათლეც ერთი და იგივეა" (ვითარცა ბნელი მისი ეგრეცა ნათელი მისი) (ფს. 138:12). როგორც იაკობ ბიომე წერს: "სიბნელე სინათლის არმყოფობა კი არა, არამედ თვალისმომჭრელი სინათლის შიშია." როდესაც ამბობენ, რომ ღმერთი სიბნელეში მყოფობს, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მასში რაიმე უკმარისობა ან მოკლებაა, არამედ, რომ ის სრული დიდება და სიყვარულია, რომელსაც ვერასოდეს ჩავწვდებით.

No comments:

Post a Comment