Wednesday, July 6, 2016

ჩემთვის და ჩემიანისათვის ცხოვრების წესად იკონომია გამხდარა...

ფეისბუქზე წმინდა და დიდი კრების ჯგუფში გამოვაქვეყნე დეკანოზ იაკობ ჩიჩილიძის სტატუსი შერეული ქორწინების შესახებ, რამაც გამოიწვია მწვავე დისკუსია. ფეისბუქის ერთმა მომხმარებელმა თავის მხრივ პირად გვერდზე გააკეთა კომენტარი, მე კი მასთან შეთანხმებით ჩემ ბლოგზე განვათავსე, რადგან სხვისთვისაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია მისი წაკითხვა.

ვისაც არ გინახავთ, ჯერ დისკუსიას გაეცანით, შემდეგ კი ლუკა თორელის კომენტარს.

დისკუსიის ნახვა

„მოგესალმებით, ფბ-მეგობრებო. წმინდა და დიდი კრების შემდეგ სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროში არ ჩამქრალა ვნებათაღელვა და პოლემიკა სხვადასხვა საკითხებზე, რაც იმის დასტურია, რომ კრების საჭიროება მართლაც ყოფილა. ქრისტე არის ლოდი თავსაკიდურისა და ამ ლოდზე ჩვენ ვაშენებთ სულიერ კედლებს. მართლმადიდებლობისათვის კრებსითობა სწორედ იმისათვისაა აუცილებელი, რათა კრებსითი სულით, სულიწმიდის მადლით („მე ვარ თქვენს შორისო“) შევხედოთ, ხომ არ გამრუდდა ჩვენი ამოყვანილი კედელი, თორემ ქრისტე გუშინ, დღეს და იგივე თავადია უკუნისამდე.

პოსტებს გადავავლე თვალი და რიგ შემთხვევებში ყრუსა და მუნჯის პოლემიკის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა ცალ-ცალკე თითოეულ პოსტს თავის წილ სიმართლეს ვერ დაუკარგავ. მომიტევეთ, და მე „ლომების პარადში“ ანუ საღვთისმეტყველო წიაღსვლებში ვერ შევალ, რადგან შესაბამისი განათლება არ გამაჩნია, მაგრამ მინდა ჩემი საკუთარი მართლმადიდებლური აზრი და ხედვა დავაფიქსირო.

პირველი და აუცილებელი დაკონკრეტება რაც მინდა გავაკეთო... მართლმადიდებლური წესითა და ტრადიციით, ეკლესიის ყოველი რიგითი წევრი რომელიმე საეკლესიო თემს განეკუთვნებოდა და იქ გადიოდა მისი ცხოვრება ნათლისღებიდან ანდერძის-წესის აგებამდე. ეს გამორიხავდა ფორმალურ-ნომინალურ ქრისტიანობას და არც იყო წესი საიდანღაც მოსული უცნობი წყვილისათვის ჯვრისწერა, რადგან, კაცმა რომ თქვას, რას გაიგებ ნათელღებულნი არიან თუ არა, ან მერამდენე ქორწინებაა და ა.შ. თემი, საკრებულო გამორიცხავდა შემთხვევითობას, თორემ სხვა მხრივ ჩვენ ვვარდებით იმ მოჩვენებით ქრისტიანობაში, რასაც რუსები „ობრიადოვერიეს“ ეძახიან... ამას შეიძლება გაპრავებული ფარისევლობაც დავარქვათ. მით უმეტეს, რომ დაკარგულია ჯვრისწერის ლიტურგიკული სახე, რომლის ნაწილსაც თავის დროზე ეს საიდუმლო წარმოადგენდა.
დღეისათვის საეკლესიო თემი მოშლილია და ჯვრისწერასაც ოდენ რიტუალურ-სელფურ-ფოტოსესიური სახე შერჩენია.

მსოფლიოს გლობალიზაცია და მართლმადიდებელთა განთესვა დედამიწის ზურგზე ახალ რეალობებს ქმნის და ახალ მიდგომებსაც საჭიროებს, რაც ეკლესიურმა კრებსითობამ უნდა გადაწყვიტოს და აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ, კრების აუცილებლობა. თუმცა არაა აუცილებელი მას მსოფლიო კრება დავარქვათ, რათა მავანმა აპრიორი მწყრალად განწყობილმა ნაღმი არ გვესროლოს. ეს მავანი კი მშვიდად იღებს ფორმალობას და ხშირად კარგავს სულს. სულის გარეშე კი ნებისმიერი სხეული, მათ შორის ეკლესიურიც  მკვდარია.

ეს ერთი.
ახლა მეორე და, ჩემი აზრით, უმთავრესი.

უფალი ბრძანებს, რომ იგია გზა და ჭეშმარიტება. ეს გზა საღმრთო მცნებების აღსრულებას მოითხოვს.

ქრისტიანული ანთროპოლოგიით, ტრიხოტომიური სწავლებით, ადამიანი შედგება სულის, სამშვინველისა და სხეულისაგან. თითოეულ მათგანს თავისი ფილოსოფია აქვს და, აქედან გამომდინარე, სიყვარულიც სამგვარია  ხორციელი, მშვინვიერი და სულიერი. საზღვრები ხშირად პირობითია. ბერძნულად ეროსი, ფილია და აღაპი. მართლმადიდებლისათვის არაფერია უცხო და მიუკარებელი, მაგრამ არსებობს ღირებულებათა იერარქია, მშვინვიერი და სულიერი ვექტორები. ჩვენ პოეზიაც გვესმის, ეთიკაც და ესთეტიკაც. გალაკტიონიც პოეზიაა, დავით მეფსალმუნეც და „ქება-ქებათაც“, მაგრამ, მომიტევეთ და პირველს უკანასკნელთა წინ ვერ დავაყენებ, მაგრამ ქრისტიანობა არც მშვინვიერ ხიბლად უნდა იქცეს და არც მშრალ ფორმალობად, ანუ არ უნდა დაკარგოს სუნთქვა, სიცოცხლის სული. ქრისტიანობის გვირგვინია „აღაპი“ და ყველა გზა მისკენ უნდა მიდიოდეს. ესაა ქრისტიანთა ყველა კრების ამოსავალი წერტილი  წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი (სახარება)!.. ამას ემსახურება საეკლესიო დოგმატიკისა და კანონიკის შექმნაც. თუკი ჩვენ რეალობას გავუსწორებთ თვალს, დღევანდელი მართლმადიდებლები დიდად არ განვსხვავდებით სხვათაგან, ამიტომაცაა გამქრალი საღმრთო შური, ანუ მიმბაძველობითი ლტოლვა მართლმადიდებლობისაკენ. ჩვენი რჯულისმიერი დისკურსიც უფრორე ფილოსოფიურ კამათს ჰგავს.

მაჩვენე შენი მართლმადიდებლობა, მაჩვენე შენი ქრისტიანობა, მაჩვენე შენი „აღაპი“ და შეუიარაღებელი თვალითაც გამოჩნდება ჭეშმარიტი გზა და სარწმუნოება. მე ვიქნები შენი – ქრისტეში, მართლმადიდებლობაში, სიყვარულში  ეტყვის პროტესტანტი საპატარძლო მართლმადიდებელ სასიძოს, რომელშიც მზრუნველსა და თავის მსხვერპლად მიტანის უნარიან მამაკაცს დაინახავს ქრისტეში... პროტესტანტიზმი არ არის განაჩენი, თუკი ჭეშმარიტებას ეძებ, ისევე როგორც მართლმადიდებლობა რჩება ნომინალურ ქრისტიანობად და ტრადიციად, სანამ ცოცხალ და პიროვნულ ღმერთს არ მიეახლები.

იყო ერთი გერმანელი თავადის ასული, ელისაბედ თეოდორეს ასული, პროტესტანტი, რომელსაც რუსეთში ვინმე რომანოვზე დასწერეს ჯვარი. გამოხდა ხანი და შეგნებული (და არა ზერელე) პროტესტანტი გახდა შეგნებული მართლმადიდებელი, აღმსარებელი და ეკლესიის წმინდანი. მისი წმინდა და უხრწნელი ნაწილები დღეს იერუსალიმში, ზეთისხილის მთაზე, რუსულ მონასტერში განისვენებენ.

კანონიკურ პლანში დღეისათვის ჩვენში იკონომია კანონის დონეზეა ასული, თუმცა თავებში ერთთავად აკრიბია თუხთუხებს. ამიტომ მრევლთაგანთა და მოძღვართა სულიერი ცხოვრების წესი და აზროვნება-ქადაგება ხშირად ორ უკიდურეს პოლუსს წარმოადგენს, რასაც მხოლოდ ეკლესიურნი ვერ ამჩნევენ. ამიტომაც გვიყვარს თავისუფლება-თავაშვებულობაც და „დიდი და ბრძენი სტალინიც“!(?) მაგრამ, როგორც ერთი ჭკვიანი კაცი ამბობდა, ჩვენ სტალინი გვინდა სხვისთვის, მეზობლისთვის და არა ჩვენთვის, ჩვენი ოჯახისათვის!..

ჩემთვის და ჩემიანისათვის ცხოვრების წესად იკონომია გამხდარა, ხოლო სხვისათვის აკრიბიას მოვითხოვ.

დასავლეთისათვის პრობლემების დანახვაა დამახასიათებელი, ჩვენთვის კი  მიჩქმალვა. 

ადრე ამდაგვარ ხედვას პოპულარული დეფინიციით გამოხატავდნენ  საქართველოში ყველა ქალი პატიოსანია და ყველა მამაკაცს საყვარელი ჰყავსო!.. ჰოდა კრებაზეც არ წავედით!..

დასავლეთი „გალაითდა“, პრინციპში  ჩვენც!.. მაგრამ ჩვენ იხტიბარს არ ვიტეხთ, ამიტომაც ჩვენს ამპარტავნულ „არას“ თან ქრისტიანული გულისტკივილი არ ახლავს. „გულის მტკივნეულობა“ ანუ რუსულად „ბოლეზნენნოსტ სერდცა“ მოყვასის შეცდომა-გადაცდომებზე. აი, რა გვაკლია მათაც და ჩვენც. წმ. ბარსანუფი დიდი და სხვა მამებიც ამბობდნენ, რომ გულის მტკივნეულობა არის მართლმადიდებელის გამომარჩეველი თვისება და ნიშანი. ეს არ ჩანს ზემოხსენებული მოძღვრის წერილში, ამიტომაც, დიახ, იგი მართალია, მაგრამ რამდენად აღემატება მისი სიმართლე მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, თავად განსაჯეთ.

შემინდეთ და მომიტევეთ მრავალსიტყვაობისათვის“.

ლუკა თორელი

No comments:

Post a Comment