Thursday, July 7, 2016

ეკლესიისა და სასულიერო განათლების მდგომარეობა

ეტლი, რომელზეც მოკლეს ილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძე ჩვენი ერის უბედურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სულიერი ცხოვრებისა და თავად სასულიერო საქმის გაუკუღმართებას მიიჩნევდა. ჭეშმარიტი მართლმადიდებელი და წმიდა ეკლესიის ქომაგი მწერალი თავის პუბლიცისტურ წერილებსა და მხატვრულ შემოქმედებაში არაერთხელ შეხებია ამ მტკივნეულ პრობლემას. ისეთი თემები, როგორიცაა სასულიერო წოდების ღვაწლი, დანიშნულება და მოვალეობა, ეგზარქოსების საკითხი, ეკლესიური რეფორმები და სემინარიის მდგომარეობა, არაერთხელ გამხდარა ილიას კრიტიკული და გულმტკივნეული მსჯელობის საგანი.

„დიდი ყურადღების მიქცევა უნდა ჩვენს სასულიერო საქმეს... აქ უსათუოდ წამალი რამ უნდა დაედოს, თორემ ერს ლამის ქანცი გაუწყდესო“, – წერდა ის 1881 წელს „შინაურ მიმოხილვაში“ (88.506) და დიდ სიფრთხილესთან ერთად ტაქტიანობასაც იჩენდა ამ საკითხების მიმართ.

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, ქვეყნის ანექსიის შედეგად, საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია დაკარგა და „რწმენაში პირველწოდებული“ ქვეყანა რუსეთთან შეერთების შემდეგ მმართველი სინოდის „ახალი წამოწყებებისა“ და რეფორმების ტყვეობაში აღმოჩნდა.

საქართველოს ეკლესიის გამგებლად ეგზარქოსები დაინიშნა, რომლებსაც არც ძალა შესწევდათ და არც სურვილი მოსდგამდათ ქართველი პატრიარქების მსგავსად ერისათვის ეღვაწათ. პირიქით, ისინი ვერ ეგუებოდნენ ქართველი სამღვდელოების ხალხთან სიახლოვეს, ამიტომაც გააუქმეს საქართველოში 25 სამღვდელმთავრო კათედრა, უამრავი ეკლესია-მონასტერი დახურეს, ხოლო მოქმედ ტაძრებში აკრძალეს ქართულად ღვთისმსახურება.

ჩვენი სასულიერო წოდება მეტად გამოუვალ მდგომარეობაში მოექცა, ამის გამო სამღვდელოების უმრავლესობამ თანდათანობით შეწყვიტა მღვდელმთავრებისადმი მორჩილება, ეკლესიისადმი ერთგულება, თანდათანობით დასუსტდა და თავი დაანება მრევლზე ზრუნვას.

საქართველოში „რეფორმების“ შედეგად ისეთი სამღვდელო კადრები მზადდებოდა, რომელთა დიდი ნაწილიც თავიანთი უღირსი საქციელით აბრკოლებდა ხალხს.

ილია ჭავჭავაძე ერთ-ერთ თავის პუბლიცისტურ სტატიაში წერდა: „დღეს სამღვდელოებას თითქმის დავიწყებული აქვს ჩვენის უწინდელის სამღვდელოების ღვაწლი საქართველოს ეკლესიისა და ქვეყნისათვის. დღეს ყოველი საკუთარის სტომაქისთვისღა იღწვის და საკუთარი სარგებლობის დევნაშია გართული“ (88.171).

ჩვენი ტრადიციის მიხედვით, საქართველოში ყოველთვის დიდ პატივს სცემდნენ სასულიერო წოდებას, რომელიც თავის თავში მუდამ ადამიანის საუკეთესო სულიერ საწყისებს განასახიერებდა. ჩვენი მწყემსმთავრები და მამები ყოველთვის მზად იყვნენ ხალხისათვის მოთმინების, უბიწოების, სიკეთისა და თავგანწირვის მაგალითი ეჩვენებინათ. ამიტომაც იყო დიდი კრძალვა, მოწიწება და სიყვარული მათ მიმართ. სამღვდელოება ჭირსა თუ ლხინში გვერდით ედგა ხალხს, ომებში ლოცვა-კურთხევით მიუძღოდა წინ და ევნებოდა სამშობლოსა და რწმენისათვის.

მღვდლობა მოვალეობად უფრო აღიქმებოდა, ვიდრე უპირატესობად, მაგრამ მაინც ბევრი იყო მღვდლობის მსურველი.

ილია 1888 წელს გაზეთ „ივერიის“ №9-ში წერდა: „უწინ სასულიერო წოდებაში შესვლა და ყოფნა დიდ პატივად და დიდ ღირსებად მიაჩნდათ, დიდი გვარიშვილნი, მეფეთა ოჯახისანი და ძენიც - კი ბედნიერად რაცხდნენ თავს, თუკი ეღირსებოდნენ სასულიერო წოდების კაცად გახდომას, სასულიეროში შესვლას და სამსახურსა. ყველამ იცოდა, რა მძიმეა ჯვარი ქრისტესი, ჯვარი მამულისა და ეროვნებისა და სახელიც მოღვაწისა ამ სიმძიმეში იყო. ეს სიმძიმე აპატიოსნებდა ღვაწლსა, ეს ტვირთი ასხივოსნებდა სამსახურსა და ამ პატიოსნებასა და სხივოსნობაში იყო თავ-მოწონებაც და ჯილდოცა მოღვაწისა.“

1888 წლისათვის ძალზე დროული იყიო საზოგადოებისა და თავად სამღვდელოებისათვის ამის შეხსენება, რადგან ბევრს დავიწყებოდა წინაპართა ღვაწლი, დაჰკარგვოდა ერთგულება და სარწმუნოება და თავიანთი დანიშნულების განცდა ღვთისა და ერის წინაშე...

სარწმუნოება და რჯული, ეროვნებასთან შეერთებული და შესისხლხორცებული, მუდამ იყო შეულეწელი ფარი ქართველი ხალხისათვის. ეს კარგად იცოდნენ ძველ დროში და სამღვდელოება ქადაგებას იქითკენ მიმართავდა, რომ მამული და ეროვნება რჯულამდე გაეპატიოსნებინა და სარწმუნოებამდე აემაღლებინა. მწერალი აღნიშნავდა: „ამაში ჰპოულობდა უწინდელი სამღვდელოება თავის სულიერსა და ხორციელ ღონეს, თავის ძლიერებას; ამით გაამაგრა ამ პატარა ქვეყანაში სარწმუნოება ქრისტესი“, და ეს მაშინ, როცა გარშემო შემოხვეული ვეშაპი-მტრები ცდილობდნენ ქრისტიანობა ძირიანად ამოეგდოთ. „მამული და ეროვნება მიაშველა სამღვდელოებამ რჯულს, რჯული მამულსა და ეროვნობას და ეგრეთ მოძღვრებულმა ერმა ეს სამება წაიმძღვარა წინ, ათას ხუთასი წელიწადი ომითა და სისხლისღვრით გამოიარა და ქართველს ბინაც შეუნახა და ქართველობაცა.

ამ სამთა უწმინდესთა საგანთა შეერთებამ ასწია ჩვენი სამღვდელოება და დააყენა იმ მაღალ ხარისხზედ, სადაც ყოველი ბიჯი ღვაწლია და სამსახური ქვეყნის წინაშე“ (25).

ჩვენი მამა-პაპის სამღვდელოებაზე ითქმოდა, რომ ღვთის მსახური კაცი იყო ქვეყნისა და ერის მსახური, ჭირში მეშველი, უკეთესი მამა, გულშემატკივარი დამრიგებელი, მაღალი ზნეობის მაგალითი; გამკითხავი ყოველის ბოროტისა და უკეთურობისა, უშიშარი მქადაგებელი ჭეშმარიტებისა და სიმართლისა, თავდადებული და თავგამომეტებული სჯულისა და ერისათვის. „ჩვენი ისტორია სავსეა სახელოვანის მოღვაწეობითა იმ ნეტარხსენებული სამღვდელოებისა“, – წერდა ილია და თავის მხატვრულ ქმნილებაში, ისტორიულ პოემა „მეფე დიმიტრი თავდადებულში“ სწორედ ასეთი სასულიერო პირის სახე დაგვიხატა.

XVII საუკუნეში, ქართველთა მეფის, დიმიტრის გადაწყვეტილება, მონღოლთა ურდოში წასვლით მტრის აოხრებისაგან გადაერჩინა ქვეყანა, მხოლოდ მღვდელმთავარმა შეიწყნარა. იცოდა რა, რომ „მოყვასისთვის თავდადება ქრისტე ღმერთის ანდერძია“, სათათბირო კრებაზე, დარბაზის, სპასალარის, ხალხისა და თავისი დიდი პირადი ტკივილის მიუხედავად, მან ერთადერთმა აკურთხა ქართველთა მეფე თავდადებისა და თავგანწირვისათვის:

„ვსტირ და გირჩევ ღვთის სახელით,
ხორცი დასთმო სულისათვის,
უკვდავება არ დაკარგო
წუთის-სოფლის გულისათვის“. (84.238)

„წავიდნენ ის მამა-პაპანი და თან გაჰყვნენ ის სახელოვანი ღვთის მსახურნიცა, რომელთაც საქართველოს გაქრისტიანების დღიდან ამ საუკუნის დასაწყისამდე ხელთ ეპყრათ“ ქართველ მონარქებთან ერთად, ჩვენი ქვეყნის სიმტკიცე, სიწმინდე და ძლიერება (88.171), – ასე აფასებდა ილია ძველი დროის სამღვდელოების სამსახურს და შენატროდა წარსულს, გულშეძრული იმ რეალობით, რომელიც დასადგურებული იყო მის ქვეყანაში.

XIX საუკუნეში, ქართული ეკლესიის მწყემსმთავრებად დანიშნულ ეგზარქოსებს ასი წლის მანძილზე არაფერი უკეთებიათ სასიკეთო ქართული ეკლესიისა და ხალხისათვის, ისინი უცხონი იყვნენ, არ ესმოდათ მრევლის ენა, ზნე-ჩვეულება, საქართველოში ჩამოსვლამდე თითქმის არაფერი იცოდნენ ამ ქვეყანაზე. ილია გულისტკივილით შენიშნავდა: „ჩვენს ხსოვნაში ერთი მოხელე არ ვიცი, რომ აქაურობის ცოტაოდენი ცოდნა ჰქონოდეს და ამ ცოდნით აღჭურვილი შესდგომოდეს მისადმი მინდობილს თანამდებობის აღსრულებას. . . უმრავლესობა ყოვლად უცოდინარი არიან აქაურობისაო...“ (89.14)

ეგზარქოსების „მოღვაწეობა“ ჩვენს ქვეყანაში და მათი დაუღალავი „მუშაკობა“ ქართული ეკლესია-მონასტრების სიწმინდეების ძარცვა-რბევით გამოიხატებოდა. დოქტორი ერისთავ-შერვაშიძე თავის წიგნში „სამახსოვრო ჩანაწერები“ ქართველი ხალხის გასაჭირზე ამბობს: „ჩვენს წმინდათაწმინდა სალოცავებს, რომლებსაც ქართველი ხალხი გარდასულ დროთა განმავლობაში მთელი თავისი არსებით უფრთხილდებოდა და იცავდა, ამჟამად მოურიდებლად, დღისით, მზისით ურცხვად ძარცვავენ. ჩვენი ტაძრები, საუკუნეთა მსვლელობისას მხილველნი, დღეს მძარცველთა საკუთრებად ქცეულან; ხოლო გაუკაცრიელებულ მონასტრებში თანდათან წყვდიადი იმკვიდრებს. ისინი უბირი რუსი ბერებისაგან ხდებიან შებილწულნი. ვინ არიან დამტაცებელნი? რუსი ეგზარქოსები! ეგზარქოს ევსების დროს გაძარცვეს საქართველოს თითქმის ყველა მონასტერი. მონასტრებიდან, – ამბობს ქართული ეკლესიის ქომაგი, – გატაცებულია წმინდა საგანძური, რომელიც გადაურჩა თურქ-ოსმალოთა შემოსევას, თუმცა მარტო ამით როდი შემოიფარგლა შინაური მტრის მოქმედება. მან როგორც ურწმუნოების და ათეიზმის განსახიერებამ, ქართველი ხალხის ცნობიერებაში ეკლესიისადმი უპატივცემულობის ჩანერგვა იწყო. თავის აგრესიულად განწყობილ მოქმედებაში იგი ისეთი აგრესიული გახდა, რომ დაუფარავად აუკრძალა ხალხს წინაპართა ეკლესიებსა და მონასტრებში სიარული“ (15.9)

ცნობილია, რომ რუსი იერარქები დანიშვნის დღიდან დევნიდნენ ადგილობრივ მღვდელმთავრებს, ავიწროებდნენ მათ და აშორებდნენ ხალხს, ხშირად აქვეითებდნენ და ასახლებდნენ კიდეც... ქვეყანას კი ისე უყურებდნენ, როგორც მათთვის საძარცვავად მიცემულ ოლქს. საუკუნის დასაწყისიდანვე ეგზარქოსები თეოფილაქტე, ევგენი ბაჟენოვი, ისიდორე, ევსები ილინსკი, პავლე და სხვები დაკავებული იყვნენ მონასტერთა და სავანეთა გაპარტახებით, განძთსაცავების, შემოსავლების, ხატების, მიტრების ძარცვით, სამონასტრო მიწების გაყიდვით, ქართული ხელნაწერებისა და უძველესი წიგნების საქართველოდან გატანითა და განადგურებით.

შედარებით კეთილი სახელი დატოვეს იოანემ, მოსემ და იოანნიკემ, მაგრამ ეს მცირეოდენი გამონაკლისია.

მიუხედავად მათი „გულმოდგინე მუშაკობისა“, ეგზარქოსები ძალზე სწრაფად იცვლებოდნენ საქართველოში.

„რატომ ილტვიან ეგზარქოსები საქართველოდან?“ რა არის მიზეზი?“ –  უკითხავს ყოვლადსამღვდელო კირიონისათვის პრფ. ნ. ნ. გლუბოვსკის და მართალი პასუხიც მიუღია: იმიტომ რომ მათ არ ჰქონდათ კავშირი სამწყსოსთან, არ შეეძლოთ შეგუება მათთან, თანაც მათ მდიდარი რუსული ეპარქიებიც აცდუნებდნენ“ (15.50), –  ეს სრული სიმართლე იყო; არც ერთ მათგანს კეთილი კვალი საქართველოში არ დაუტოვებია და მათ ხშირ ცვლას ჩვენში სასიკეთო ძვრები არასოდეს მოჰყოლია.

მღვდელმთავრების ცვლილებას ილია ჭავჭავაძე პერიოდულ პრესაში ასე ეხმიანებოდა: „ძველის წასვლა იმიტომ გვიხარიან, რომ ერთგვარ განწყობილებაში, ძნელად, ძალიან ძნელად მოხდება ხოლმე, მოხელეს თავის სულიერ ძალ-ღონე ზედგამოჭრილი თანამდებობა ეჭიროს, თავის შესაფერის ადგილას იჯდეს: ტყუილად დედამიწას ამძიმებს და ადგილი დახაფრული აქვს. . . ამიტომაც მოხელეს, როცა ღვთის მადლით, აიბარგება, დიდის სიამოვნებით მივაძახებთ ხოლმე: „გზა მშვიდობისა! ღმერთმა აქეთ ნუ მოგახედოსო“. დავლოცავთ და მიდის კუდაკრეფილი! . . . სრულებითაც არ გვინახავს, რომ მოხელე ამ ლოცვა-კურთხევით არ გაეცილებინოთ“ (73.12).

1879 წელს გაზ. ივერიაში“ (№1) დაიბეჭდა ილიას ძალზე საინტერესო წერილი, რომელიც ახალი ეგზარქოსის იოანნიკეს დანიშვნას იუწყებოდა. ეგზარქოსმა იოანნიკემ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, შედარებით კეთილი სახელი დატოვა საქართველოში, რადგან თავი ეკლესია-მონასტრების ძარცვით არ გამოუჩენია.

წერილში ავტორი მიანიშნებდა, რომ ბოლო დროს სასულიერო წოდებაშიც მოხდა სანუგეშო ცვლილებები და რომ მათი მიზეზი იყო ახალი ეგზარქოსი ყოვლად სამღვდელო იოანნიკე. „სასულიერო წოდებასთან დაახლოებულმა პირებმა დაგვარწმუნა ჩვენ, რომ ამ რვა თვის განმავლობაშიც კი დაეტყო მაღალ წოდებას კეთილი გავლენა უფროსის მშვიდის და მაღალ-პატიოსანის ხასიათისა. იმ შურმა, უთანხმოებამ, ერთმანეთის ბეზღობამ, ჭორიკანობამ, რომელთაც ამ უკანასკნელ ოცი წლის განმავლობაში ღრმად მოიდგეს ფესვები, აშკარად თურმე იკლო. სამაგიეროდ უწინდებური ძმური პატივისცემა, ურთიერთობა და სიყვარული იღვიძებს თურმე სულიერ წოდებაში. ასეც უნდა იყოს. სამღვდელოების კეთილგანწყობა მეტად დიდი რამ არის იმ ღვაწლისათვის, რომელიც ვალად ჰდევს სამღვდელოებას ღვთისა და კაცის წინაშე“ (88.259).

ავტორის ეს იმედი და სიხარული მალევე შეიცვალა, ილიას სურვილი, იოანნიკე ჩვენს ხალხს მართლადა მწყემსად შექმნოდა – გაცრუვდა, ნაადრევი გამოდგა მისი შექება და „ტკბილმა იმედებმა ჩაილურის წყალი დალიეს!“

1881 წლის 1 იანვრის „შინაური მიმოხილვის მაგიერში“ თავის ამ განწყობაზე ილია ასე საუბრობს: „რა იმედით ვიყავით აღვსილნი, როცა. . . განათლების მოთავედ ახლადდანიშნული იყო ბატონი იანოვსკი და სამღვდელოების წინამძღვრად ყოვლადუსამღვდელოესი იოანნიკე. რა სიხარულით, რა იმედებით მივეგებენით ამ დანიშვნასა ჩვენ „ტვირთმძიმენი და დამაშვრალნი“. მადლობა ღმერთსაო, ვიძახდით გულში.

გვეგონა, რომ ბ-ნის ნევეროვისა და ნეტარხსენებულ ეგსარხოსის ევსევის სისტემები დაწუნებულ იქმნენ უმაღლეს მთავრობისაგანო და ახალნი კაცი მოიწვიესო. გვეგონა და გვიხაროდა, გვიხაროდა და გვეგონა! პირველ ხანში ჩვენს ადრეულ სიხარულს თითქო საბუთებიც მოეცა, ბოლოს კი, – ვაი, შენს მტერს!  ისევ შეჩვეული ჭირი გვანატრინეს. გამოვიდა, რომ სისტემა იგივეა და მარტო ხერხია სხვა. . . ღმერთო გვიხსენ!“ (88.422).

სისტემა, მართლაც, იგივე იყო, ხერხები იცვლებოდა შიგადაშიგ, ხან შემსუბუქდებოდა, ხანაც გაუსაძლისი ხდებოდა. ქვეყნისათვის, მისი მომავლისათვის სასიკეთოდ არაფერი იძროდა, პირიქით, თანდათანობით აიკრძალა ქართულად ღვთისმსახურება და სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება. ეს იყო ბევრი უბედურების, უკეთურებისა და ცოდვით დაცემის სათავე.

დაიხურა არაერთი ქართული მონასტერი, რომლებიც დროთა განმავლობაში გაპარტახდა და ნანგრევებად იქცა, თვით საქართველოს განმანათლებლის სავანე, ბოდბის მონასტერი რუსებმა დაიკავეს და ღვთის დიდება ქართულ ენაზე აკრძალეს. ამას თუ გულისხმობდა მწერალი, როცა ქართველებს წმიდა ნინოს მონასტრისადმი გულგრილობას საყვედურობდა და თვლიდა, რომ „ბევრი. . . რამ არის საკითხავი ჩვენში, მაგრამ პასუხს სირცხვილი გარეთ არ უშვებს...“ (89.276)

1882 წელს საქართველოში ეგზარქოსად დაინიშნა ყოვლადუსამღვდელოესი პავლე. ილია ამ დანიშვნას იმედებით არ შეხვედრია. ჟურნალ „ივერიის“ №10-ში დაბეჭდილი სტატია ახალი მწყემსთავრის დანიშვნას ეხება, უფრო კონკრეტულად, იმ მიზეზების გარკვევას, რამაც დააქვეითა ჩვენი სამღვდელოთა ყოდა და იმ საშუალებების ძიებას, რომელსაც შეეძლო მისი ამ მდგომარეობიდან თავდახსნა.

ილია ირონიულად შენიშნავდა: „ეს არის გასაკვირალი, – ახლის მოსვლა რაღად გვიხარიან. . . ამ სიხარულს არავითარი საბუთი არ მიუძღვის იმის მეტი, რომ ვფიქრობთ: „იქნება გვიბრალოს ღმერთმა და გამოსადეგი კაცი დაჯდეს უხეიროს მაგიერათო“ (89.13)

მან იცოდა, რომ ეს „იქნება“ მარტო დაჩაგრული გულის ძრახვა იყო, უფრო ნატვრასა ჰგავდა, ვიდრე საბუთსა და ასკვნიდა: „აი, ახლის მოსვლა, სწორედ იმიტომ გვიხარიან, რომ გზა ეხსნება მაგ ნატვრას, ნატვრის მიზეზი გვეძლევაო“.

წერილში ავტორი სარკაზმულ დამოკიდებულებას გამოხატავს უძლური, სხვის მაყურებლად გამხდარი, თვითმოქმედების უნარს მოკლებული ერისადმი: „ნატვრაცა და იმედიც ყოველთვის გაგვცრუებია, მაგრამ მაინც ჩვენ ჩვენსას არ ვიშლით. რას იზამ? ადამიანი ისეა შექმნილი, რომ ნატვრისა და იმედის მადა მით უფრო ეხსნება, რაც უფრო პირში ჩალაგამოვლებული რჩებაო“.

მწერალი ყურადღებით ადევნებდა გულისყურს მღვდელმთავარ პავლეს იმ სურვილით, რომ მის პირველ სიტყვასა თუ საქციელში დაენახა, თუ რა გეგმა ჰქონდა მას მოქმედებისათვის. ილიას სურდა, რომ ეს ეგზარქოსი მაინც ყოფილიყო „შორს ზოგიერთებზედ“ და მას ეზრუნა ერში სარწმუნოების ღრმად ჩანერგვაზე, მისი მადლის მოფენაზე ხალხში და არაფერი გაერია სარწმუნოების საქმეში თვინიერ სარწმუნოებისა.

ცნობილია, რომ ეგზარქოს პავლეს თავის მობრძანების დღეს, სვეტიცხოვლობისას, მცხეთის ტაძარში მიბრძანებით გამოუხატავს პატივისცემა ერის მიმართ და ტაძარში წარმოუთქვამს თავისი „გრძნობიერი, განათლებული, გულმტკივნეული და მშვენიერი სიტყვა: „რუსეთმა შემოიერთა ერნიო და იფარავს მათ სარწმუნოებას, მათ ჩვეულებასა და ენასაო“.

ილიას უნდოდა, რომ ეგზარქოსის სიტყვაში გამოხატული განწყობილება გულწრფელი და ნამდვილი ყოფილიყო, „ღმერთმა ქმნას აგრე იყოსო“. – წერდა ის „შინაურ მიმოხილვაში“ და ამ სიტყვით შეგულიანებულ იერარქს უნდა მიექცია ყურადღება, თუკი მის გულში ნამდვილად იდო განზრახვა რწმენის გაძლიერებისა და ქართული ეკლესიის აღორძინებისა.

სამღვდელოების სავალალო მდგომარეობა, მათი განათლებისა და ზნეობრივი ამაღლებისათვის ზრუნვა, სემინარიებში წესრიგი და სწავლების დონის ამაღლება, ქართული ენისა და ერის ზნე-ჩვეულებების პატივისცემა, სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის დანერგვა – ეს იყო ერთობლიობა ყველა იმ პრობლემური საკითხისა, რომლებიც თავმოყრილი იყო ამ წერილში და რომელთა იგნორირებამაც დასცა სარწმუნოება, ეკლესიის ავტორიტეტი და გააქრო ის მოწიწებული პატივისცემა სამღვდელოებისადმი, რომელიც ჩვენს ერს ოდესღაც გააჩნდა.

პირველი საკითხი, რომელშიც ილია ეგზარქოსს არ ეთანხმებოდა, იყო საკითხი მღვდელთა განათლების შესახებ.

ეგზარქოსი საეკლესიო საქმეში ზნეობას განათლებაზე უპირატესად თვლიდა და ასეც განმარტავდა: „თვითონ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ცხადად გვიჩვენა უპირატესობა კეთილის ცხოვრებისა მსოფლიო სიბრძნეზედა, აღირჩია რა თვისთა თანამშრომლად უმეცარნი, რომელთაც ჰსძლიეს მწიგნობარნი – ქრისტეს მეუფების მტერნი. ოღონდ მოძღვართა საქართველოს ეკლესიისათა იცხოვრონ ჭეშმარიტის ქრისტიანულის ცხოვრებითა და მცირედის ცოდნითაც სასარგებლონი იქნებიან თავიანთი ეკლესიისთვისაო“ (89.19).

ზნეობის უპირატესობაში, თავისთავად, საკამათო არაფერი იყო, მაგრამ ამ განაცხადით ახალი ეგზარქოსი გამოხატავდა თავის შემწყნარებლობას სამღვდელოების უვიცობისადმი, რაც სასულიერო ფენის წინსვლა-განვითარებას უთუოდ შეუშლიდა ხელს.

ილია ჭავჭავაძე მწერლობის მოვალეობიდან და „რწმენად გადაქცეული აზრიდან“ გამომდინარე ეკამათებოდა ეგზარქოსს: „მართალია, იესო ქრისტემ თავის მოწაფეებად აირჩივა მარტივნი და უმეცარნი, მაგრამ ვიდრე თვით არ გაანათლა, თავის დიდებულის მოძღვრებითა, იგინი არ გაგზავნა საქადაგებლად და ერის საწვრთნელად, ნურავინ იტყვის, რომ გაუნათლებელმა, განუვითარებელმა მოძღვარმა ჭეშმარიტი მოძღვრება გაუწიოს ერს... თუ ჩვენმა ეკლესიამ ჩვენამდე თავის სიწმიდით მოაღწია, ეგ იმის წყალობით მოხდა, რომ უწინდელი სამღვდელოება ჩვენი გაცილებით მაღლა იდგა ეხლანდელზედ განვითარებით, განათლებით და ცოდნითა, რაც იმ დროს შეეფერებოდა“.

სამღვდელოთა დაცემის პირველ მიზეზად ილია მათ გაუნათლებლობას მიიჩნევდა: „უცოდინრობა სამღვდელოებისა. . . სათავეა ყოველის უკეთურებისა, ავზნეობისა, ბოროტმოქმედებისა. ამ სენისაგან წარმომდგარია ჩვენი სამღვდელოების ყოველივე ნაკლოვანება და ის სამწუხარო გარემოება, რომ ჩვენი ერი მღვდელს უყურებს არა ისე, როგორც თავის ხელმძღვანელს, მოძღვარს ჭირსა თუ ლხინში, არა ისე, როგორც მწვრთნელსა და დამრიგებელს, ქრისტიანული ცხოვრების გზის მაჩვენებელს, არამედ როგორც უსარგებლო და მცონარე არსებას...“ (89.21).

მღვდელმთავარს, თავად „გონიერსა და განათლებულს“. უნდა სცოდნოდა, თუ რა მნიშვნელოვანი იყო ცოდნა და განათლება განსაკუთრებით მღვდელთათვის, ქრისტეს ჯვრის ერის წინაშე მზიდველთათვის. „უცოდინრობა გონების სიბრმავეა, თვალის სიბრმავეზედ უარესი და ბრმა სხვას თვალს ვერ აუხელს, წინ ვერ გაუძღვება“, – შენიშნავდა ილია და ამიტომაც ანამუსებდა ყოვლადუსამღვდელოეს პავლეს: „იმედი გვაქვს, რომ მის მიერ განძრახულს და აღნიშნულს მოქმედების გეგმაში უპირველესი ადგილი ეჭირება ჩვენი სამღვდელოების განათლებისათვის დაუძინარს და მედგარს მეცადინეობასო“.

მოვლენათა განვითარებამ გვიჩვენა, რომ ეგზარქოსის მიზნებში არ შედიოდა საქართველოში სარწმუნოების განმტკიცება და მღვდელთა განათლებისათვის ზრუნვა. თავისი მოღვაწეობის მანძილზე ის გაუგებარი რეფორმებითა და უძველესი ქართული საეკლესიო ხელნაწერების დაწვითა და განადგურებით იყო დაკავებული. ამ სიტყვით „წმინდა“, საქმით „გულმხურვალე“ და საეჭვო ზნეობის ადამიანმა ბოლოს დასწყევლა საქართველო და ამით დაასრულა თავისი „მოღვაწეობა“ ამ ქვეყანაში.

ამასობაში კი ქართულ სემინარიებში, ფაბრიკაციის მეთოდით, ისეთი სამღვდელო კადრები მზადდებოდა, რომელთა მსახურების მაგალითი დიდ საცდურად იქცა მოსახელობისათვის: ზოგიერთი მატერიალური გამორჩენისათვის იღვწოდა, ზოგი საეროზე უფრო დაცემული და მიწიერი მისწრაფებისა იყო, ზოგი საერთოდ ურწმუნოც კი...

ამგვარმა გარემოებამ ისედაც მისუსტებული სარწმუნოებრივი გრძნობა კიდევ უფრო დათრგუნა და შელახა.

ერთადერთ საწვრთნელად სამღვდელოებისა სასულიერო სასწავლებელი რჩებოდა, რომელიც, ილიასა და ქართველ მოღვაწეთა არაერთი მხილების მიუხედავად, კვლავ შურის, მტრობის, ბეზღობის, ათასგვარი ცილისწამებისა და გარუსების მცდელობის ატმოსფეროში ფუნქციონირებდა.

ილია წერდა: „ერთი სხვა უმთავრესი იარა სასულიერო წოდებისა და თავი მიზეზი მისი დაცემულობისა აქამდე ხელუხლებლად არის დარჩენილი – ტფილისის სასულიერო სემინარია და სასულიერო სასწავლებელი... ძველი ენები ისევ ისე ტვინს ულაყებენ და გონებას უხშობენ ყმაწვილებსა... ქართული ენა ისევ ისე იდევნება, როგორც იდევნებოდა გუშინ“ (88.262).

მწერლის მთავარი ტკივილი აუტანელ სასწავლო რეჟიმთან ერთად სასწავლებლიდან მშობლიური ენის განდევნა იყო.

როგორც ვითარება გვიჩვენებს, მდგომარეობა არც 1881 წლისათვის იყო შეცვლილი: „ჩვენი სამღვდელოება. . . იწვრთნება იმისთანა სემინარიაში, საცა დედა-ენას იმ ერისას, რომელ შორისაც ჩვენმა სემინარიელმა უნდა იმოძღვროს, სემინარიაში ისე ასწავლიან, რომ არ-სწავლება სჯობიან. . . ამისათვის ჩვენი უენო სამღვდელოება უქმია იქ, საცა დიდი შემწეობა ეგრე ადვილი შესაძლებელია. უქმია არამც თუ ერის სწავლა-განათლების საქმეში, არამედ ერის მოძღვრების საქმეშიც. დამუნჯდა ამის გამო ჩვენი ეკლესიის კათედრა, გაუქმდა ყოვლად ძლიერი ქადაგება, წაწყმდა სასოება სარწმუნოებისა და ამის გამკითხველი არავინ არის. თუ სემინარიის მმართველებმა ამ საგანს ასე ყური მოუყრუეს და სემინარიის პროგრამას არა უხერხეს-რა დედაენის სწავლების შესახებ, არამც თუ ჩვენს საქმეს სწავლა-განათლებისას გზა წარემართება, არამედ თვითონ მოძღვრობის საქმეც იქამდის მივა, რომ ჩვენი ერი იძულებული იქნება „პერევოჩიკის“ მეშვეობით გაენდოს ხოლმე თავის მოძღვარსა... „მოძღვრის ფარ-ხმალი ენაა, თუ ენა არ ეცოდინება, უქმია მისი თანამდებობა“ (88.480).

სამღვდელოების მმართველობა რასაც ფიქრობდა ამის შესახებ – ცხადზე ცხადია. თანდათანობით იძირკვებოდა ქართული ენის სახსენებელი საქართველოს სასულიერო სასწავლებლებიდან და სინოდის მიერ იმართებოდა ქართველთა გარუსების გეგმაზომიერი პოლიტიკა.

ილია, ისევ და ისევ, არ წყვეტდა ამ ტკივილიან საკითხზე მსჯელობას, ხედავდა რა, თუ როგორ ზიანს აყენებდა ქართველი ხალხის რწმენასა და საერთო მდგომარეობას ეკლესიიდან და სასწავლებლიდან მშობლიური ენის განდევნა. მონდომებით ახსენებდა სასულიერო იერარქებს, რომ ამით კვლავ სარწმუნოების საქმეს ადგებოდა ზიანი: „დედაენა, ჩვენი სამღვდელო და საეკლესიო ისტორია, ჩვენი გონებისა და გულის გამომეტყველი ლიტერატურა გამოდევნილია სემინარიიდან. ყოველივე ეს ერთად და განსაკუთრებით დედაენა, სხვადასხვა მიზეზით პატივაყრილი, მხოლოობითი, ერთადერთი ღონეა, რომ მოძღვარმა უმოძღვროს ერსა. სხვაგან ძალად ასწავლიან მოძღვარს იმ ენას, საცა უნდა იმოძღვროს და ჩვენში მცოდნესაც ცდილობენ დაავიწყონ. ენის უცოდინარი მოძღვარი უტყვია, მუნჯია ერისათვის და უტყვს, მუნჯს პირუტყვსაც არ ჩააბარებენ ხოლმე, არამც თუ მეტყველსა. . . სარწმუნოება მოძღვრებაა და, მაშასადამე, უენოდ, უსიტყვოდ ვერ დაითესება“ (89.22-23).

ამის ცხადი მაგალითი უკვე ქვეყანაში მრავლად იყო, სემინარიების კურსდამთავრებულებმა არ იცოდნენ საეკლესიო ტერმინები, რადგანაც საღვთისმეტყველო საგნები რუსულად ისწავლებოდა; უცოდინარ ქართველ მღვდლებს, რომელთა უმრავლესობასაც სემინარიაც არ ჰქონდა დამთავრებული, არ შეეძლოთ თავიანთი სამწყსოს განათლება. სამღვდელობა, თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, უძლური იყო ხალხამდე მიეტანა სიტყვა ღვთისა, ძლიერი ქადაგება მანუგეშებლად და მწვრთნელად ერისა. „დავმუნჯდით იმა სიტყვის გამოთქმისათვის, დავყრუვდით იმა სიტყვის სმენისათვის!“ – გოდებდა ილია. შედეგიც არ აყოვნებდა: წარყმდა სასოება სარწმუნოებისა და ამის გამკითხველი არ ჩანდა.

იმერეთის ეპისკოპოსმა, მეუფე გაბრიელმა, რომელიც ერთ-ერთი უგანათლებულესი იყო მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსმთავართა შორის, სცადა, ქუთაისში გაეხსნა ქართულენოვანი სემინარია მღვდლის შვილებისათვის, მაგრამ „რაპორტების“, ცილისწამებებისა თუ სხვა მიზეზთა გამო მან ეს ვერ შესძლო. სინოდის კანტორაში ბეზღობა ბეზღობაზე მიდიოდა ქართველი მღვდლებისაგან, ყოვლადსამღვდელომ ძალად გვაკისრებინა სემინარიის ხარჯიო. ირონიულად შენიშნავდა ილია: „ერთი სიტყვით, ყველაფერი გამოუვა ხელიდამ ეხლანდელს სამღვდელოებას. მქადაგებელნიც არიან, მწერალნიც, თავიანთი აზრების გამომთქმელნიც, თუ გაჭირდა მაბეზღარნიც. აბა, თუ ღმერთი გწამთ, რაღად ეჭირვებათ სემინარია?“ (88.601).

მწერალი განათლების საჭიროებას არათუ მოძღვრებისათვის, მათი მეუღლეებისათვისაც აუცილებლად მიიჩნევდა: „ქალების უმეცრებას აქვს მეტად ცუდი ზემოქმედება სასულიერო წოდების მამრობით სქესზეო“, – წერდა ის. მისი სიტყვებით, საქართველოში ვერ მოიძებნებოდა ორი-სამი მღვდელიც კი, ვისაც ნასწავლი ცოლები ეყოლებოდათ. „ფოფოდიებში“ ძნელად შეხვდებოდით ხეირიანად წერა-კითხვის მცოდნესაც კი. ეს უმეცრება მღვდელს გონებას უმდაბლებდა და ჩქარა ავიწყებდა სემინარიაში მიღებულ „ნაგლეჯებს განათლებისას“.

„მღვდლისათვის ოჯახი დიდი რამ არის, – წერდა ილია, – ოჯახი უნდა დღემუდამ საზრდოს აწვდიდეს მის სულსა და გულსა რათა გონებითის და ზნეობითის ახალის ძალით შემოსოს ბოროტთან, მაცდურებასთან, უსამართლობასთან საბრძოლველად. ამის მომქმედი ოჯახში ცოლია მღვდლისა, რომელიც მართლა-და მეუღლედ მოწვეულია იმ დიდის ღვაწლისათვის, რომლის მძიმე უღელიც მღვდელს აწევს კისრად. გონებადახშული ქალი ვერ გაუწევს მღვდელს ამ მძიმე უღელს და თუ დღეს ჩვენი სამღვდელოება დაცემულია, ამისი თუ არა პირველი, უმთავრესი მიზეზი მაინც ის არის, რომ სამღვდელოთა წოდების ქალნი განათლებას მოკლებულნი არიან“ (88.260).

ტკივილს ტკივილი ემატებოდა, სამღვდელოთა მდგომარეობა სულ უფრო უნუგეშო ხდებოდა. ყოველი საკუთარი სარგებლობის დევნაში იყო გართული, ყოველი საკუთარი სტომაქისთვისღა იღვწოდა.

ილია კვლავაც აფხიზლებდა მათ, ახსენებდა მივიწყებულ მოვალეობებსა და დანიშნულებას: „ჭირია თუ ლხინი, ვიბადებით თუ ვიხოცებით, მღვდელი იქ პირველი უნდა იყოს. პირველი იმით კი არა, რომ ტაბლას მიაძღეს, არამედ ნუგეშისცემითა, ლოცვითა, კურთხევითა, ბოროტის დევნითა, სიმართლის აღდგენითა, კეთილის მოფენითა...“

ძალიან მრავალფეროვანია სარწმუნოებრივ საკითხებთან დაკავშირებით ილიას შეხედულებების ამსახველი მასალები. პუბლიცისტურ წერილებში ავტორი გამოკვეთილად აყალიბებს თავის ნააზრევს; ცალსახაა და ნეგატიური მისი განწყობილება თავის თანამედროვე სასულიერო წოდებისა და მათი მსახურების ხარისხისადმი.

ურწმუნო, ზნეობით ღირსებას მოკლებული, უმოქმედო და უცოდინარი, საკუთარ და ერის წარსულთან გაუცხოებული და აზრით ღატაკი სასულიერო წოდება ერის ძალ-ღონეს ვერ შეძრავდა, ვერ აამაღლებდა, წინ ვერ გაუძღვებოდა. ამ მტკივნეულ თემას ილიამ ვერც მხატვრულ ნაწარმოებებში აუარა გვერდი.

პოემა „აჩრდილში“, სადაც ერის სულიერი და ხორციელი დაცემის სურათია აღწერილი, სასულიერო პირთა უმოქმედობასა და უღონობას ილია ასე გადმოგვცემს:

„აგერა მღვდელნიც – ერთა მამანი,
რომელთა ქრისტესგან ვალად სდებიათ
ამა ერისა სულის აღზრდანი,
რარიგ გულ-ხელი დაუკრეფიათ!
სად არის სიტყვა დიდის სწავლისა
სიყვარულის და სამართალისა,
რომ მათ ბაგეთგან არ მომდინარებს
და ერს დაცემულს არ აღამაღლებს?
სად არის იგი მღაღადებელი
ქვეყნის ხსნისათვის ჭეშმარიტება?
სად არის იგი ბიწის მდევნელი
ჯვარცმულის ღმერთის მაღალი მცნება?“ (84.190)

როგორც ვხედავთ, პოემის ამ მონაკვეთში ნათლად ჩანს, თუ როგორ განიცდის მწერალი ღვთისმსახურთა სულიერ მიძინებასა და მათ მიერ საღვთო მცნებათა დავიწყებას.

გაუდაბურების შემზარავი სურათია აღწერილი პოემა „განდეგილის“ ფინალშიც.

მაცდური, რყვნილი და წარწყმედილი დროისაგან სიწმინდით გამორჩეული ადამიანი, ღვთის ტაძარს შეკედლებული, ქვეყნის ხსნისა და გადარჩენისათვის მლოცველი ასკეტი ბერი მძაფრი სულიერი ბრძოლების შედეგად მარცხდება და იღუპება.

ქართველთა უწმინდესი სალოცავი, ბეთლემის მონასტერი, ადგილი, სადაც უძველესი დროიდან ჩვენს წმინდა მამებს
„ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . უდიდებიათ
ღმერთი მსჯავრის და ჭეშმარიტების.
იქ სად უწირავთ უფლისა მიმართ
მსხვერპლი ქებისა და ღაღადების“, – საბოლოოდ ცარიელდება.

მწერლის ჩანაფიქრით, ქარის ქშუილისა და გამომფრთხალი ნადირის ამარა დარჩენილი, გაუდაბურებული სალოცავის ჩვენებას უნდა შეეძრა მკითხველი და გამოეფხიზლებინა.

საუკუნის დასასრულს ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან ბრძოლა კიდევ უფრო გაძლიერდა და არათუ ბეთლემი გამოცოცხლდა, მწერლის გულისტკივილიც არავის შეუსმენია.

მოხდა პირიქით – სიმძლავრემ ავკაცობისამ დაადუმა პოეტის ენა და ტყვიით განგმირა ბრძოლით დაღლილი გული.

„ ... და ამით საცნაურ ვიყვნეთ“ (I იოვანე 3-19), – ვკითხულობთ იოვანე მოციქულთან და, მართლაც, ბევრი რამ გვეცნაურება...

.................................................................

„გზა მართლისა“ (ნატო სიჭინავა), გამომც. „უნივერსალი“, თბილისი, 2007 წ., გვ. 181-200.

რედაქტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარიამ ნინიძე

რეცენზენტები: საქართველოს საპატრიარქოს მანგლისისა და წალკის ეპარქიის მმართველი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრის გამგე, პროფესორი, მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე)

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მაია ჯალიაშვილი

დამოწმებული სამეცნიერო ლიტერატურა და წყაროები:

15. დურნოვო ნ.ნ., „ბედი ქართული ეკლესიისა“ (თარგმანი გ. ტოტოჩავასი გაზ. „რუსსკი სტიაგის“ 1907 წლის პუბლიკაციებიდან)
25. „ივერია“ (გაზ.), 1888 წ., №9.
73. წმინდა ალექსი ბერის მოძღვრებანი, თბ. 2002 წ.
84. ჭავჭავაძე ილია, თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად, ტ. I, თბ. 1987 წ.
88. ჭავჭავაძე ილია, თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად, ტ. VI, თბ. 1997 წ.
89. ჭავჭავაძე ილია, თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად, ტ. VII, თბ. 2005 წ.

.................................................................

 აი, ამიტომ ეწოდა ილია ჭავჭავაძეს მართალი
 იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი, როგორც პედაგოგი
 ჩვენ უნდა გავხდეთ ჭეშმარიტი მართლმადიდებლები

No comments:

Post a Comment